ჩერნოვეცკი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 16:47

სამთავრობო ცვლილებებს პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ეხმაურება. 

ის უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი გადადგომის მიზეზები არ განმარტა.

„პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. რა უნდა მომხდარიყო: პრემიერი ავად გახდა, ჩაიდინა გაუგებარი საქციელი, არ ეთანხმება პარლამენტის უმრავლესობას, ვერ ატარებს საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, თუ არის რამე სხვა მიზეზები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს? ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა, გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში... რა გახდა ასეთი ნაჩქარევი გადადგომის მიზეზი?!

ამავე დროს, როგორც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, ვთვლი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ კონსტიტუციურ ვადაში, რათა დარჩენილი 10 თვის განმავლობაში,საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაარკვიონ, თუ ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს მომავალ მთავრობასა და პარლამენტში. არჩევნების დაჩქარებამ შესაძლოა საქართველოს მოსახლეობისთვის, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„სპორტის შესახებ კანონში“ ცვლილებები შევა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 15:45

„სპორტის შესახებ კანონში“ ცვლილებები შევა, რომლებიც საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების სამართლებრივ ფორმას შესაბამისობაში მოიყვანს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან. ამის შესახებ იმსჯელეს დღეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა ისაუბრა წარმოდგენილი ცვლილებების მიზეზსა და არსზე. მისი თქმით, ამ კანონის მიღების შემდეგ ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს მეტი დამოუკიდებლობის გარანტია შეექმნებათ, ასევე ჩამოყალიბდება სწორი მმართველობის სისტემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც სპორტული ფედერაციები ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ინიციატივის თანახმად განისაზღვრება სპორტული ფედერაციების სამართლებრივი ფორმა და ისინი ჩამოყალიბდებიან როგორც (აიპ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სპორტული ფედერაციების უმაღლეს ორგანოდ განისაზღვრება ყრილობა, რომლის შემადგენლობაში წევრთა არანაკლებ სამ მეოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ. ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სარგებლობს მაღალი რეპუტაციით. 

კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მიეცეს რეგლამენტით გათვალისწინებული მსვლელობა და დარეგისტრირდეს როგორც კანონპროექტი.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება. შეთანხმების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეშვეობით მოხდეს საქონლის და მომსახურების გაცვლის, ასევე კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების ხელშეწყობა, რაც გააფართოებს ეკონომიკურ კავშირებს და გააუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვას. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირების საკითხს.

ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას უჩა ნანუაშვილიც დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 10:31

ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. სხდომა დახურული იყო. შეხვედრას უჩა ნანუაშვილი დაესწრო.

საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა. კომიტეტი კიდევ ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას, რომელიც ასევე ომბუდსმენთან კონსულტაციების შესაბამისად დამუშავდა.

ის სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებას ისახავს მიზნად.

სერგი კაპანაძე საკადრო ცვლილებებსა და ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 18:06

საქართველოს რეფორმაბის ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსა და ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობაზე წერს.

"ნიუსდეი" Facebook-ზე გავცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
1. ნამდვილად არაფერია ცუდი იმაში, რომ ეკონომიკური დიპლომატია იყოს პრიორიტეტი. პირიქით, 2008-2012 წლებში ასეც იყო: ეკონომიკური დიპლომატია მუდმივად იყო პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკისთვის. უფრო მეტად, ვიდრე 2008 წლამდე. 2012-2015 წლებში, ჩემი აზრით, ეს მიმართულება არ იყო მთავარი, ამიტომ ამოწევა სულაც არაა პრობლემატური. რამდენად ამოწევს, ეს სხვა საკითხია... 
2. პრობლემა, როგორც წესი, ის არის, რომ საელჩო მხოლოდ თავისით ვერ იზიდავს ინვესტორს. ამას ვინც ასე თვლის - მიამიტია. საელჩომ შეიძლება პირველ ეტაპზე დააინტერესოს ინვესტორი, მაგრამ მერე უნდა ჩაერთოს ეკონომიკის სამინისტრო, სხვა შესაბამისი უწყებები და ა.შ. ჩვენი პრობლემა ამ ბოლო წლებში სწორედ ეს სხვა უწყებები უფრო იყო, ვიდრე საელჩოები. 
3. თავისი არსით, საელჩოები არ არიან ეკონომიკურ დიპლომატიაზე ორიენტირებულნი. რამდენიმე ელჩის გარდა, ამისი არც გამოცდილება, არც ცოდნა და არც მოტივაცია გააჩნიათ. ამ უკანასკნელს შეიძლება უშველოს მინისტრის პრირიტეტებმა, მაგრამ პირველ ორს ვერ უშველის. ამიტომ, გამოსავალი, როგორც წესი არის სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნა და ბიზნესი-ბიზნესზე ურთიერთობების წახალისება და აწყობა. ასევე ქვეყნის შიგნით ხელსაყრელი გარემო. როცა ინვესტორები "რიგში დგანან" და გართულებულ რეგულაციებს და ბიუროკრატიას უყურებენ, როცა სავიზო რეგულაციები ხელს უშლის ყველას, როცა მიწა არ იყიდება და ა.შ. მიამიტურია დიპლომატებს მიანდო ინვესტიციების მოზიდვა. 
4. როცა ახალი პრიორიტეტი ჩნდება საგარეო უწყებაში, ასევე ჩნდება საფრთხე, რომ რამდენიმე არსებული, მაგრამ "გაცვეთილი" პრიორიტეტი იქნას მივიწყებული. კვირიკავშილის დილემა ის იქნება, რომ არ მოადუნოს ყურადღება არ-აღიარების, დეოკუპაციის, ევროინტეგრაციის, ნატოს და ა.შ. მიმართულებით. ამის ცდუნება იქნება. თუ ეს მოხდა, მაშინ უნდა სერიოზულად "ავყვირდეთ"! 
5. ევრაზიული კავშირი, მე მგონია, რომ ამ კაცს არ უგულისხმია. მე გავიგე, როგორც ევრაზიაში მიმდინარე პროცესები და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩინეთი, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ირანში და ასე შემდეგ მიმდინარე პროცესები იგულისხმა. შთაბეჭდილება სწორედ ასეთი დამრჩა. თუ საგარეო იქნება ირანთან ვიზების გაუქმების ინიციატორი, მხოლოდ მივესალმები! ევრაზიაზე აქცენტი, ჩემი აზრით, გამოუცდელობა უფრო იყო, ვიდრე ევრაზიული კავშირზე აქცენტი. თან ნატოს და ევროკავშირის მერე თქვა. :) ამ მიმართულებით თუ რამე ცუდად ქნეს, მერწმუნეთ, ერთ-ერთი პირველი დავიწყებ ყვირილს :)
6. კადრები წყვეტენ ყველაფერს, მათ შორის, საგარეოში. მე მგონი, ეს უნდა გაითვალისწინოს. ბოლო წლებში საგარეო ძალიან დასუსტებულია კადრების მუდმივი გადინების გამო, მათ შორის, და განსაკუთრებით პოლიტიკური მოტივით. 
7. გამოცდილება არ აქვს კვირიკაშვილს და ეს მისი უდავოდ დიდი მინუსია. გამოსწორებადი არის, მაგრამ საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება კოლეგა მინისტრებში, თუ ლიდერობის, ეშხის, პროფესიონალიზმის და ა.შ. დეფიციტი გაქვს. მოახერხებს თუ არა ამას, მალე ვნახავთ. წინ გაეროს მაღალი დონის დებატებია და ეუთოს და ნატოს მინისტერიალები. 
8. კარგ მინისტრს, ჩემი აზრით უნდა ჰქონდეს სამი თვისება: უნდა იყოს კარგი მენეჯერი, კარგი მომლაპარაკებელი და ჰქონდეს ქარიზმა. აქედან რომელი აქვს და რომელი არა, სულ მალე გამოჩნდება. 
9. ცვლილებების დრო: მე მგონი, ამბასადორიალამდე ცვლილება სწორია. ძალიან უცნაური და ამ მთავრობისთვისაც კი არაპროფესიონალური იქნებოდა, ჯერ ამბასადორიალი ჩაეტარებინათ და მერე ორ დღეში ახალი მინისტრი დაენიშნათ. 
10. ბერუჩაშვილს ცუდად მოექცნენ. მაგრამ, არა მგონია ვინმეს გაგვკვირვებოდა ეს ამბავი. what goes around, comes around.

პ.ს. ჯობს.გე-ზე რომ ოცნებამ გამოაცხადა მიუკერძოებელი ექსპერტების, მათი ანალიზი მაინტერესებს ამ საკადრო ცვლილებების. მინდა დავეტოლო :) - წერს სერგი კაპანაძე საკუთარ გვერდზე.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური