ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 13:07

2017 წლის 30 აგვისტოს დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი. 73 საარჩევნო ოლქის 3635 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 810 ვაკანტურ ადგილზე სულ შევიდა 28 666 კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება/დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე ჯამში შეადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის 25 445 წევრს.

საუბნო  საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და მედიას. 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც კოლეგიალური ორგანო, ხელმძღვანელობს და  გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობის საფუძველზე.

ამასთან, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გაიცა რეკომენდაციები საოლქო საარჩევნო კომისიებზე, რომ უბნის კომისიების დაკომპლექტების პროცესში დამატებით გაითვალისწინონ:

-        კარგი პროფესიული გამოცდილება;

-        საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;

-        საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა.

ცესკო მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად, გამჭვირვალედ და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგი წარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი.

ცესკოს დამკვირვებელმა ლევან ბეჟაშვილი ხალხის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 17:07

ცესკოს დამკვირვებელმა უწყებათაშორისი კომისიის წევრმა დენის დავითაშვილმა ლევან ბეჟაშვილის ბრიფინგს „გაკოტრებული პოლიტიკოსის წინასაარჩევნო ხრიკები“ უწოდა, რომელსაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა უდევს სარჩულად. ამის შესახებ, უწყებათაშორისი კომისიის წევრმა საუბარში აღნიშნა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ბეჟაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც დიღმის მასივში 67 არარსებული კორპუსია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ლევანს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი რომელი პარტიის წამომადგენელიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. თავის დროზე, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო და რომელმაც ეს წესები შეადგინა, მაშინ ხმა არ ამოუღია. რასაც ქვია, დაუდგენელი მისამართები, არარსებული ამომრჩევლები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ორი სიპი მუშაობს და ყველაფერი წესრიგშია. მოსახლეობისკენაა მიმართული მცდარი განცხადებების გაკეთება. მაშინ როდესაც დადასტურებული არ არის ეს ყველაფერი, უბრალოდ,  სასაცილოა. და საერთოდ, ხარატიშვილები და ეს პარტიები შეხმატკბილებულად მოქმედებენ. მე როგორც ამ დარგში 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ადამიანი, ამ ყველაფერს გაკოტრებული პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ხრიკებს ვუწოდებ, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეყვანა მოხდეს“ - განაცხადა დენის დავითაშვილმა.

 

დენის დავითაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 16:55

ცესკოს დამკვირებელსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრის დენის დავითაშვილის განცხადებით, არასაპარლემენტო ოპოზიციის წევრების გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანა უდევს საფუძვლად.

დავითაშვილის თქმით, ცესკოს ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი სკანერების შეძენის, რადგან პირველ რიგში, ეს ყველაფერი საკანომდებლო თვალსაზრისით დღის წესრიგით ვერ დადგება.

„პირველი სულ ახლახანს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო.  ვადა კონკრეტული საკითხების განხილვის  დასრულებულია. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ პრეტენზიების წამოყენება ხდება ხდება მაშინ, როდესაც გამოცხადებულია არჩევნების თარიღი, დაწყებულია საარჩევნო ციებ-ცხელება. ხარატიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული. საინტერესოა, როცა თავის დროზე, თავმჯდომარე იყო ამდაგვარი კითხვები რატომ არ დააყენა? და ეს, შეცდომაში შეყვანაა მოსახლეობის. ახლა კანონი ძალაშია, მოკლედ, პოპულისტული განცხადებაა და რაც მთავარია, მოსახლებოის შეცდომაში შეყვანას  ემსახურება. ეს არის არ ნახული უსინდისობა!“- განაცხადა დავითაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძისა ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკომ სკანერი უნდა შეიძინოს,  რომლის მეშვეობითაც აიტვირთება ბიულეტენი და ამით ყოველგვარი საარჩვენო გაყალბება თავიდან აცილებული იქნება.

 

ცესკოს მიმართვა ჩართულ მხარეებს საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსთან დაკავშირებულ კამპანიაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 11:17

რამდენიმე დღეა  მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც  საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ, საუბნო კომისიის წევრთა კონკურსის შესახებ მედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია, კონკრეტულად, კონკურსანტის ვიდეოკადრები და სატელეფონო საუბრების ვიდეოჩანაწერები არ წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს და შესაბამის მტკიცებულებებს; თუმცა, უსაფუძვლოდ გამოყენებულია სწორედ ამ პროცესის დისკრედიტაციისთვის და ამავდროულად, შეიცავს ადამიანების პერსონალური ინფორმაციის უკანონო გადაღება/გამჟღავნების ნიშნებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია და ფაქტები საარჩევნო კანონის მოთხოვნების დარღვევის კატეგორიაში  საერთოდ არ ხვდება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ წინასწარ, კამპანიური ხასიათის სიუჟეტების გავრცელება, მსგავს დაუზუსტებელ, გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ჩანაწერებზე დაყრდნობით,  რეალურ საფუძველს მოკლებულია და მიზნად ისახავს ჩართული მხარეებისა და საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენას.

საზოგადოებისა და ჩართული მხარეებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ იყო საჯარო და ნებისმიერ პირს (რომელიც კანონმდებლობით გაწერილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს) შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და შეიტანოს განცხადება 30 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჯარო დაწესებულებაა და საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცესები არის ღია უფლებამოსილი პირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების საქმიანობისა და ოლქში მიმდინარე პროცესების  დაკვირვება შეუძლიათ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, აკრედიტებულ დამკვირვებლებს და მედიას.

რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, კრიტერიუმები გაწერილია საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის დასრულების შემდეგ, ხოლო არჩევის პროცესში საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც დამოუკიდებელი კოლეგიალური ორგანო, სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედებს და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით პროცესის გამჭვირვალობას. თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენებს ყველა შესაძლო ფორმას საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესის ღიაობის, კანონშესაბამისობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად.  

 ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ, რომ არჩევნები არის კომპლექსური, მრავალმხრივად მნიშვნელოვანი პროცესი პირველ რიგში მოქალაქეებისთვის და ვთხოვთ, რომ მიზანმიმართულად, დაუზუსტებელი საბაბით არ შექმნან პრობლემა და არ დააზიანონ საარჩევნო გარემო.

ასევე, მოვუწოდებთ თითოეულ საარჩევნო მოხელეს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავიანთი ქმედებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, პატივი სცენ პირადი და პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობას, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციების ფუნქცია-მოვალეობების სწორად წარმართვას და საქართველოს მოქალაქეების კანონიერ უფლებას - თავისუფლად და შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა ჩართულ მხარესთან და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობის განხორციელებაში. 

ცესკო ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 16:16

„მრავალეროვანი საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორის ირმა ბასილაშვილის განცხადებით, მათ მთავარ მიზანს, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სუბიექტებს თანაბარი პირობები უნდა შექმნათ, ცესკო, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს. „მრავალეროვანი საქართველოს“ პროგრამის დირექტორის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ თხოვნაზე ოპერატიური რეაგირება მოახდინა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ცესკომ ბოლო ვადებში არ განიხილა მათი მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება კანონით ჰქონდათ.

„თავიდან უნდა დავიწყო, რომ მიმდინარე წლის 28 აგვისტოს საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმის თაობაზე, რომ ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებისათვის არჩევნებში მონაწილეობისათვის, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრის შესახებ ამომრჩევლთა დროულ ინფორმირებულობას. აღნიშნულის მიზნით ორგანიზაციამ ცესკო-ს თხოვა, რომ მას შემდეგ რაც დასრულდება საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესი ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მოახდინოს წილისყრის გამართვა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში და ამით ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კამპანიის თანაბარ გარემოში წარმართვაში“, - განაცხადა „მრავალეროვანი საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორმა ირმა ბასილაშვილმა.

პროგრამის კოორდინატორის თქმით, წინასწარ დასკვნებს ამ ეტაზე ვერ გააკეთებს, თუმცა მოლოდინი დადებითია.

„შემიძლია გითხრათ, რომ ცესკოს წარმომადგენლები ოპერატიულად ახდებენ რეაგირებას ნებისმიერ განცხადებაზე.  წინასწარ ვერ გეტყვით, რა მოხდება, თუმცა შესაძლოა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო ვადეში არ განიხილა ჩვენი მოთხოვნა. მოკლედ, შესაძლოა ვივარაუდოდ, რომ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება ყველაფერი“, - აღნიშნა ბასილაშვილმა.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და საარჩევნო დღეზე დაკვირვებას თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში.

ოცდასამი პოლიტიკური პარტია ცესკოს ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამაში ჩაერთო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 11:21

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ცესკოს თავმჯდომარემ იმ ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა არჩევნებში ჩართულ მხარეებს გაუმარტივებს რეგისტრაციის პროცესს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს დროულად და ეფექტურად დაამუშაოს და გადაამოწმოს წარდგენილი დოკუმენტაცია. პროექტს ამ ეტაპზე 23 პოლიტიკური პარტია შეუერთდა.

შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე მათ შეკითხვებს უპასუხეს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა - ელისაბედ ველიძემ და საარჩევნო სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. ინოვაციური პროგრამის მეშვეობით, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ეძლევათ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) წარმომადგენლების დანიშვნა ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში მოახდინონ.  მომხმარებლებისთვის გაიხსნება  ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები, მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, ჩამოტვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და სამართლებრივი აქტები.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის პროგრამა საპილოტე რეჟიმში იმუშავებს, სამომავლოდ კი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ელექტრონული რეგისტრაცია საშუალებას მისცემს პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე მედიასაშუალებებს მათთვის საჭირო საჭირო რეგისტრაციის პროცედურები ონლაინ რეჟიმში გაიარონ. 

პროექტი ცესკოს ინიციატივით და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

 

 

ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 27 აგვისტო 2017 15:12

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პროცესს აკვირდებოდნენ 4 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე უშუალოდ  ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. ინფორმაცია დროებითი წევრების არჩევისა და სახელობითი კენჭისყრის შედეგების შესახებ ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით ცესკომ, არჩევნების დანიშვნისთანავე, 22 აგვისტოს გამოაცხადა 2 დღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება კონკურსის შესახებ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ცესკოს ვებგვერდზე .  73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 134 განაცხადი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 38 (52%) საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდა მხოლოდ თითო კანდიდატი, 19 საარჩევნო ოლქში - ორ-ორი (26%), ხოლო დანარჩენ 16 (22%) საარჩევნო ოლქში - სამი და მეტი კანდიდატი.

კონკურსში 88 (66%) ქალი და 46 (34%) კაცი მონაწილეობდა, ხოლო არჩეულ იქნა - 39 (53%) ქალი და 34 (47%) კაცი.

აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 72-ს (99%) აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, ხოლო მათ შორის 3 (4%) პირს -  ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებში.

მხოლოდ ერთი არჩეული წევრია ისეთი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო სფეროში გამოცდილება, თუმცა ფლობს საარჩევნო მოხელის სერტიფიკატს, პროფესიით არის სამართალმცოდნე და 2017 წელს გაიარა ცესკოს ”საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები”.

აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 43 (59%) მათგანს აქვს მხოლოდ პროფესიული ნიშნით არჩეული საარჩევნო ადმინისტრატორის გამოცდილება, ხოლო 30 (41%) არჩეული წევრი სხვადასხვა არჩევნებზე წარმოდგენილი იყო როგორც პარტიის მიერ ნომინირებული საარჩევნო მოხელე (იხილეთ პარტიების ჩამონათვალი[1]). ამასთან, აღნიშნული 30 წევრიდან, 19 წევრს ასევე აქვს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე პროფესიული ნიშნით არჩეულ საარჩევნო მოხელედ მუშაობის გამოცდილებაც.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (13 წევრიდან 7 ან/და მეტი ხმა),  ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით 1 წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით. დანარჩენ 7 წევრს კი საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული  პარტიები ნიშნავენ.   შესაბამისად, სულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 949 წევრიდან პროფესიული ნიშნით 438 (46%) ცესკოს მიერ არჩეული, ხოლო 511 (54%)  პარტიების მიერ დანიშნული წევრია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი A-WEB-თან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 27 აგვისტო 2017 13:55

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციასთან (A-WEB) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელს აწერენ თამარ ჟვანია და А-WEB-ის გენერალური მდივანი კიმ იონგ-ჰი. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების მიმართულებით.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში А-WEB-ის წარმომადგენლებთან რამდენიმედღიანი შეხვედრები მიმდინარეობს. ცესკოს წევრები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ხმის დათვლის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ასევე ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციის პროექტების დირექტორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა და პროექტების მენეჯერმა უბნებზე ხმის დათვლის ოპტიკური სკანერის შესახებ (Precinct Count Optical Scanner) პრეზენტაციაც გამართეს. დელეგაციის წევრებმა ოპტიკური სკანირების მეშვეობით ხმის დათვლის უპირატესობებზე ისაუბრეს. მათ შეხვედრის მონაწილეებს აჩვენეს ყველა ის ფუნქცია, რომელიც სკანირების აპარატს გააჩნია.  ხმის დათვლის აპარატი შედგება სკანერისა და საარჩევნო ყუთისგან, სადაც ბიულეტენები თავსდება, რის შემდეგაც ხდება მონაცემების სკანირება და ხმების ავტომატურად დათვლა.

სამუშაო შეხვედრები დღეს დასრულდება.

 

საინფორმაციო ბრიფინგი მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 18:41

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესახებ ისაუბრა, რომლებიც კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დადგენილებით მიიღო და აღნიშნა, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის პროცედურული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის. შესაბამისად, ეს მასალები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია 73 საარჩევნო ოლქში დროებითი წევრების არჩევის შესახებ - „ცესკომ 73-ვე საარჩევნო ოლქში აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი, მეექვსე წევრები. საერთო ჯამში, 73 ვაკანტურ ადგილზე სულ 134 განაცხადი იყო შემოსული და კონკურსში მონაწილეობას 134 კანდიდატი იღებდა. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე, უშუალოდ,  ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. სტატისტიკურად დამუშავებული ინფორმაცია არჩეული წევრებისა და მათი გამოცდილების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ცესკომ უმოკლეს ვადებში რეგისტრაციაში გაატარა  5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რათა მათ პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონოდათ,“-აღნიშნა ანა მიქელაძემ.  

მან არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და საინიციატივო ჯგუფებს შეახსენა, რომ დღეს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციისადმი მომართვის ბოლო ვადაა. „ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში მიმართავს მათ, დროულად განახორციელონ კანონით გათვალისწინებული პროცედურები,“ - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

 

ცესკოს საინფორმაციო, სარეკომენდაციო განცხადება პოლიტიკური პარტიებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 15:13

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

შეგახსენებთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის თანახმად,  პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო და მონაწილეობდა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა).

კოდექსში შესული ცვლილებების  თანახმად,  პარტიებისთვის გამარტივდა საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო  პროცედურები. კერძოდ, პარტიას აღარ ესაჭიროება მისი წესდებისა და სარეგისტრაციო მოწმობის დედნების ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლების ცესკოში წარმოდგენა. ცესკოს თავმჯდომარისთვის კანონმდებლობით დადგენილი  წესით წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს  მხოლოდ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანეტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

ვინაიდან საჯაროდ განცხადებულია, რომ ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოსთვის იგეგმება არჩევნების ჩატარება და მოახლოვდა არჩევნების დანიშვნის თარიღი, რომელიც გულისხმობს არჩევნების დანიშვნას 60 დღით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია რეკომენდაციას უწევს შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებზეც ვრცელდება 142-ე მუხლის მოქმედება, მიმდინარე კვირიდან, ან პრეზიდენტის მიერ განკარგულების გამოცემის დღიდან, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამონაწერის მოთხოვნის მიზნით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური