საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 12 ნოემბერი 2017 13:33

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის მიმდინარეობისა და 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, 12:00 საათის მდგომარეობით 6-ვე საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში ამომრჩეველთა აქტივობა 11.55 %-ს შეადგენს (37 917 ამომრჩეველი).

ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:

  • ყაზბეგი - 17.4%
  • ხაშური - 11.5%
  • ბორჯომი -18.2%
  • ქუთაისი - 6.2%
  • ოზურგეთი - 21.5%
  • მარტვილი - 11.5%

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებთან დაკავშირებით შესულია 7 საჩივარი. საჩივრები დაწერილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, 2-2 საჩივარია შესული ბორჯომის, ქუთაისისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში, ხოლო ერთი საჩივარი - ხაშურში.

„#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა და კენჭისყრის წინა პროცედურებში მიიღო მონაწილეობა პარტია „ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრმა, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მიერვე ჰქონდა შეწყვეტილი. კომისიის თავმჯდომარემ, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისთანავე მას საარჩევნო უბანი დაუყოვნებლივ დაატოვებინა. ასევე #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეცდომით იყო შეყვანილი ამომრჩეველი, რომელიც იყო საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი. გადასატანი ყუთის სიის შედგენისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ამომრჩევლისა შეყვანილი იყო განმცხადებელი”, - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ბრიფინგის ბოლოს.

12 ნოემბერს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017 10:26

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დანიშნა. როგორც დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე განისაზღვრა, - არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება.

საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.

დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. მასში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. აგრეთვე, ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურები უნდა გაიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების დღის ჩათვლით. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებს მეორე ტურისთვის კომისიის უფლებამოსილებებს განახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა იმ საარჩევნო კომისიებში, სადაც მეორე ტური იმართება, გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (9 ნოემბერი) წარმოადგინონ მათი დამკვირვებლებისა და მედია წარმომადგენლების დამატებითი სიები.

ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა სამაგიდო სიების კანონშეუსაბამო მოთხოვნასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017 15:13

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს ამომრჩეველთა სამაგიდო სიის საჯარო ვერსია და ის არ გაიცემა საჯარო წესით. სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების დღეს, დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის. შესაბამისად, ეს პროცესი არჩევნების დღეს ხელმისაწვდომი იყო როგორც დამკვირვებლებისთვის, ისე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის აკრედიტებული წარმომადგენლისთვის.

ამასთან, არჩევნების დღის შემდეგ, სამაგიდო სიები იმყოფება დალუქულ მდგომარეობაში და მასში არსებული ინფორმაციის დამუშავება და ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ კომისიისთვის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ბრიფინგზე გაჟღერებული მოთხოვნა საერთოდ აცდენილია კანონმდებლობას, თუმცაღა წესით, აღნიშნული რეგულაციები კარგად უნდა იყოს ცნობილი პოლიტიკური მხარეებისთვის.

ამდენად, საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტავთ, რომ ეს მოთხოვნა აბსოლუტურად შეუსაბამოა კანონთან და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა სამაგიდო სია საჯარო წესით არ გაიცემა.

რაც შეეხება ცაგერის # 21 საარჩევნო უბანს, ამ უბანზე არის სულ 35 ამომრჩეველი რეგისტრირებული (33 ერთიან და 2 სპეციალურ სიაში) და როგორც საუბნო შემაჯამებელი ოქმიდან ჩანს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა ამომრჩეველმა (4-ს არ მიუღია მონაწილეობა). ამ უბანზე კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ დამკვირვებლები და სუბიექტების წარმომადგენლები, უბანზე  არ დაფიქსირებულა არანაირი პრეტენზია და ცაგერის მთლიან ოლქში არ შესულა არანაირი საჩივარი. უფრო მეტიც, კომისიის ყველა - 13-ვე წევრის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნულ და ნაციონალური მოძრაობის ბლოკში შემავალი ქრისტიან-კონსერვატიული პარტიიდან დანიშნული წევრების ხელმოწერაც ახლავს შემაჯამებელ ოქმს და არ ფიქსირდება არანაირი განსხვავებული აზრი, რაც ცხადია კომისიის ყველა წევრის მიერ ადასტურებს პროცესის კანონშესაბამისობას.

შესაბამისად, ამ უბანთან დაკავშირებული პრეტენზიები ან გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ზარები არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ხასიათის, საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მიზნით და მას რეალური სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

ცესკოს თავმჯდომარემ თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ოქტომბერი 2017 07:20

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას 21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. თამარ ჟვანიამ მედიას 03:30 საათის მდგომარეობით არსებული წინასწარი შედეგები წარუდგინა, - „მინდა გაგაცნოთ ხმის დათვლის ის წინასწარი შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. როგორც მოგეხსენებათ, ხმები ითვლება საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც დგება შემაჯამებელი ოქმები, შემდეგ ისინი იგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც თავის მხრივ ამ მონაცემებს ტვირთავენ ელექტრონულ სისტემაში, საიდანაც დაუყოვნებლივ მოგვეწოდება ოქმები და იტვირთება ვებგვერდზე results.cec.gov.ge; რა თქმა უნდა წინასწარი შედეგები მუშავდება ჩვენი ოპერატორების მიერ; მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია უბნების გარკვეული რაოდენობა, ჯერ-ჯერობით არ არის სრული სურათი, როგორც მოგეხსენებათ სამი საარჩევნო ბიულეტენია თითოეულ უბანზე და დათვლის პროცესს სჭირდება გარკვეული დრო. აქვე აღვნიშნავ, რომ შემოსული ოქმები, რომლებიც ამ შედეგებს ასახავს, როგორც კი შემოვიდა ცესკოში, დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებგვერდზე და თითოეული ოქმის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა.

წარმოგიდგენთ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მერის არჩევნების წინასწარ შედეგებს. ეს წინასწარი შედეგები დათვლილია მხოლოდ გარკვეული უბნების მიხედვით, ცხადია მონაცემები შეიცვლება და აუცილებლად განახლდება ჩვენს მიერ. რაც შეეხება მერის არჩევნების ნაწილს, რომელიც ტარდება არამხოლოდ თვითმმართველი ქალაქის, არამედ თვითმმართველი თემის არჩევნებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში გავუშვებთ წინასწარ მონაცემებს დანარჩენი მუნიციპალიტეტების მიხედვით, რაც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასევე უახლოეს საათებში იქნება მონაცემები ხელმისაწვდომი როგორც არჩევნების საერთო, პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში. ცესკო განაგრძობს შემოსული ოქმების ატვირთვას ვებ-გვერდზე და წინასწარი შედეგების განახლებას“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევნების წინასწარი შედეგები 03: 30 სთ-ს მდგომარეობით:

 

 

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 22:15

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43.4%. საღამოს 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

როგორც ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 43.31%.

„დღეს, ცესკოს სატალეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მთელი დღის განამვლოაბში, დილის 07:00 საათიდან საღამოს 8:00 საათამდე შემოვიდა 1 468 ზარი და 134 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.

20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს; ისინი მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაითვალონ სამი სახის ბიულეტენები და შესაბამისად შეადგინონ 3 შემაჯამებელი ოქმი.შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა მოხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ.

ამასთან, შეგახსენებთ ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით არის შესაძლებელი ცესკოს ოფოციალურ ვებ-გვერდზე, facebook-გვერდზე და Youtube-ზე“ - განაცხადა ცესკოს პრეს სპიკერმა.

მან საზოგადოებას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ: საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი. (ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში). საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის  საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროცედურული ხარვეზების შესახებ:  

ჭიათურის ოლქის N45-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ასეთი ფაქტი: გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირებული იყო 16 ამომრჩეველი. წილისყრით გამოვლენილი კომისიის ორმა წევრმა ყველა ამომრჩეველს მისცა ხმის მიცემის საშუალება, თუმცა, ამის შესახებ ხელმოწერები არ დაუფიქსირებიათ სიის შესაბამის გრაფაში. აღნიშნულის გამო ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

მარნეულის 31-ე უბანზე შესულია 3 საჩივარი, ერთ-ერთი შეეხება შემდეგ საკითხს - მდივანი დროულად არ ატარებდა რეგისტრაციაში წარმომადგენლების შესვლა-გასვლას ჩანაწერთა წიგნში; მეორე საჩივარი მარკირების პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო მესამე საჩივარი - აღნიშნულ უბანზე ამომრჩევლების მხრიდან აგიტაციას, - რაც არ დასტურდება.

მარნეულის 51-ე უბანზე ერთი საჩივარი შეეხებოდა გადასატანი ყუთის ლუქის დაზიანებას, ეს ხარვეზი ადგილზევე აღმოიფხვრა.

74-ე უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორმა პირადობა არ მოსთხოვა.

18-ე უბანზე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა და ასევე ერთ-ერთ ამომრჩეველს ფარანი არ დაანათეს. ასევე არ დასტურდება ინფორმაცია ისნის მე-60 უბანზე ბიულეტენების გადამალვის შესახებ და საბურთალოს 86-ე უბანზე არ დაკარგულა ბიულეტენები.

 

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 18:35

საარჩევნო ადმინისტრაციამ 17:00 სთ-ის მდგომარეობითამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. აღნიშნული დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა (1 262 809). ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, კერძოდ - 53.4%, ხოლო ყველაზე დაბალი - შიდა ქართლში 31.5%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 34.7%-ია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ზემოაღნიშნული მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას შეადარა, - 2014 წელს 17:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 34.64% იყო.

„საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 სთ-ზე. რის შემდეგაც, საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება“, განაცხადა ანა მიქელაძემ.  

მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მცირე პროცედურულ ხარვეზებზე:

კერძოდ, მოთხოვნილია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის #46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილება; გადასატან ყუთში 35 ხელმოწერა დაფიქსირდა, მათ შორის, იმ ამომრჩევლების, რომელთაც ხმა საარჩევნო უბანზეც მისცეს. საჩივარი უკვე შევიდა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა წალენჯიხის #10 საარჩევნო უბანზეც და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მოახდენენ რეაგირებას კანონმდებლობის შესაბამისად.

მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 15:03

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

„ამ დროისთვის 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 16.5% (567 699 ამომრჩეველი). 12:00 საათისთვის ყველზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში 27.9%, ყველზე დაბალი შიდა ქართლში - 13.9%, თბილისში კი აქტივობა 14.8%-ს შეადგენს.

შედარებისთვის გაცნობებთ, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.6% შეადგინა“, -განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების შესახებ: დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე სულ შემოსულია 473 ზარი. მათი უმრავლესობა სიაში ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმებას შეეხება.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ:

„დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები. დანარჩენი ორი სახის ბიულეტენი მერისა და პროპორციული არჩევნებისთვის იყო უბანში. საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული სახის ბიულეტენები უკვე მიეწოდა. ამასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი და საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს. მარტვილის 34-ე უბანზე არ აღმოჩდა მარკირების შემოწმების ფარანი და ის დაუყოვნებლივ მიეწოდა კომისიას; ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზე „პრესს მედიის“ წარმომადგენელის მიმართ შედგა გაძევების ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის არაერთხელ ხელის შეშლის გამო“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 10:55

დღეს, 21 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.

კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანში მათ  გადაეცემათ სამი სახის ბიულეტენი: ერთი - ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად, მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად, მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.     

აღსანიშნავია, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-სომხურ და ასევე, სამენოვანი ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე ბიულეტენები ეთნიკური უმცირესობის ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამის უბნებზე.

საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლები ისარგებლებენ გამადიდებელი ლინზით, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილია ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ სპეციალური პოსტერის მეშვეობით, ხოლო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულ 1153 საარჩევნო უბანზე განთავსებულია სპეციალური ხმის მიცემის კაბინები.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4 820 ჟურნალისტი.

20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

„აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

სპიკერის განცხადებით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი.

„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

მისივე თქმით, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მიაწოდებს მედიას ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება 6 საინფორმაციო ბრიფინგი.

ცესკო არჩევნების დღეს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 14:14

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 21 ოქტომბერს დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

 

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

8:30 სთ

10:30 სთ

12:30 სთ

15:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 10:38

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ეს არის ის ღონისძიებები და საქმიანობები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ანგარიშს წარვუდგენთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის, საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ჩართულობა, მონაწილეობა და ჩვენი მხრიდან მათთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესებისთვის. წელს ბევრი ინოვაცია დაინერგა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათ შორის ადამიანის უფლებების უკეთ რეალიზების თვალსაზრისით. ვგულისხმობ შშმ პირებს, ასევე ამომრჩევლებს, რომლებიც სხვადასხვა  მომსახურებით სარგებლობენ. ასევე ჩვენ დავნერგეთ მნიშვნელოვანი სერვისები პოლიტიკური პარტიებისთვის - მათ წარმომადგენლების დანიშვნა უკვე ონლაინ სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით  შეუძლიათ, და ეს საპილოტე პროექტი უკვე წარმატებულად მიმდინარეობს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ემზადება არჩევნების პროფესიულ, გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამას ემსახურება, საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგვიდგენს შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელშიც აღწერილია ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული აქტივობები და საქმიანობები. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მხოლოდ მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ტექნიკური თვალსაზრისით ორგანიზებაში“,- განაცხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ.

საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური