ზაალ ანჯაფარიძე - „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ცალკეული ექსპერტები, ს. ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, წინასწარ აცხადებენ არჩევნებს გაყალბებულად

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 16:53

ზაალ ანჯაფარიძე- „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ცალკეული ექსპერტები, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, წინასწარ აცხადებენ არჩევნებს გაყალბებულად და საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაჩენას ცდილობენ

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, არასამთავრობო ორიგანიზაციები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. რა დარღვევებზე ამახვილებს მესამე სექტორი ყურადღებას და როგორია წინასაარჩვენო ფონი- ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ერთობლივად წარადგინეს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების შუალედური ანგარიშები, რომლებიც წინა არჩევნებზე გამოქვეყნებულ ანგარიშების ფონზე საკმაოდ კრიტიკულია, თქვენ როგორ შეაფასებდით მათ მიერ მოყვანილ ფაქტებს წაინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და ცესკოს ან, ზოგადად ხელისუფლების რეაქციას?
როგორც წინა შუალედური ანგარიშებში ისე ამჟამინდელში, უარყოფითის გარდა დადებითი შეფასებებიც არის. ვიდრე შუალედური ანგარიშების შეფასებაზე გადავალ, მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რათა პროცესს არა ვიწრო, არამედ ფართო კუთხით შევხედოთ.გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ კიდევ განეკუთვნება საქართველო, რომელიც დემოკრატიის განვითარების კუთხით, იმყოფება ევროსაბჭოს მონიტორინგის ქვეშ და რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული არჩევნების ხანგრძლივი ტრადიცია, არჩევნებზე ხარვეზები მოსალოდნელია.
მთავარია, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე დემოკრატიის ხარისხის ზრდის ხარჯზე ამ ხარვეზების რაოდენობა მცირდებოდეს. პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ანგარიშებში დაფიქსირებულია, რომ საქართველოში საარჩევნო სტანდარტები უმჯობესდება და ცესკო ამ კუთხით პროგრესირებს. შესაძლოა ეს იმაზე ნელა ხდება, ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ პროცესი წინ მიდის. მე ამას ვამბობ არა ემოციებზე, არამედ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.
სამწუხაროა, რომ ცალკეული ექსპერტები, რომლებიც არ მუშაობენ საარჩევნო თემებზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო განაწყენებული არიან „ქართულ ოცნებაზე“,სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, დღეს სრულიად უაპელაციოდ, წინასწარ აცხადებენ არჩევნებს გაყალბებულად და ამით ცდილობენ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი გააჩინონ. ეს ყველაფერი შორს დგას ექსპერტული შეფასებისგან. წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ფიქსირდებოდეს დარღვევები და ისინი არის, მაგრამ მოდით ეს დარღვევები ექსპერტულად და არა ემოციების და პირადი სიმპათია-ანტიპათიების დონეზე შევაფასოთ. კერძოდ, რა სიხშირის, რა ხასიათის და რა მასშტაბის არის ეს დარღვევები და შეუძლია თუ არა იმოქმედოს ხალხის ნების თავისუფალ გამოვლინებაზე
რაც შეეხება უშუალოდ შუალედურ ანგარიშებს..
ავიღოთ მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წინასაარჩევნო გარემოს შუალედური შეფასება, სადაც ყველა ტიპის დამტკიცებული თუ სავარაუდო დარღვევების ჯამური რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტში არის მხოლოდ 17. „სამართლიანი არჩევნები“ ამ მხრივ უფრო „გულუხვი“ აღმოჩნდა და 94 დარღვევა დააფიქსირა, თუმცა ცესკოს მხოლოდ 32 განცხადებით ან საჩივრით მიმართა.
თვალში მომხვდა ცალკეული დარღვევების აღწერის ზოგადი ხასიათი, მაგალითად სავარაუდო მოსყიდვად არის შეფასებული პროდუქტების დარიგება და მატერიალური დახმარების სიტყვიერი დაპირება. არ არის ახსნილი, ეს არჩევნების კონტექსტში მოხდა თუ სხვა კონტექსტში.
დარღვევებს ჯერ კიდევ დადასტურება სჭირდება. გარდა ამისა, დარღვევები ერთგვაროვანი არ არის. ზოგი შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლად, ზოგი კი არა. მაგ. ფიზიკური შეხლა -შემოხლა სხვადასხვა პარტიების წევრებს შორის, ან პლაკატებზე საღებავის შესხმა, რამდენად ჩაითვლება ამომრჩევლის ნებაზე და არჩევანზე ზემოქმედებად.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის მცირე „გამონათებებიც.“ მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა როგორც დადებით ტენდენციას, ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალადობრივ ინციდენტებს თითქმის არ ჰქონია ადგილი, მაშინ როდესაც საია-ს ანგარიშში ამის ფაქტებია მოყვანილი. დარღვევების ლომის წილი ე.წ. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მოდის. საიას ანგარიშისგან განსხვავებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში სამწუხაროდ არ არის მოყვანილი რაოდენობრივი მონაცემები. კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებში მოხდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და რა ინტენსივობით. „საერთაშორისი გამჭვირვალობა“ რეკომენდაციებში აღნიშნავს უწყებათაშორისი კომისიის არაეფექტურობას, მაგრამ პრობლემის გადასაწყვეტად დისკუსიების დაწყებას გვთავაზობს. ორგანიზაციას საკმაო რესურსები აქვს იმისათვის, რომ თავად წარმოადგინოს საბჭოს რეფორმირების გეგმა, რომელიც შეიძლება გახდეს დისკუსიის საგანი. რაც თვალში მომხვდა, საერთაშორისო გამჭვირვალობის რეკომენდაციებში პრეტენზიების დიდი ნაწილი მოდის არა ცესკოზე, არამედ ხელისუფლების ადგილობრივ და ცენტრალურ სხვა სტრუქტურებზე
ხაზგასმით ვამბობ, რომ თვითოეული დარღვევა, თუკი ის რეალურად ფიქსირდება, ცესკოს მიერ უნდა გადამოწმდეს და დროული რეაგირება მოხდეს.
ანგარიშებში თითქმის არაფერია ნათქვამი წინასაარჩევნო გარემოს ისეთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმზე, როგორიც არის მედია გარემო, რომლის მეშვეობითაც საარჩევნო სუბიექტები ახდენენ ფართო აუდიტორიაზე წვდომას. ევროკავშირის ელჩი, რომელიც ბუნებრივია არცერთი პარტიის და კანდიდატის მომხრე არ გახლავთ, აღნიშნავს რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დადებითი ტრენდი არის ის, რომ ინფორმაციის მიწოდების კუთხით ბალანსი ქართულ მედიაში მაღლა იწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. თუმცა რა თქმა უნდა მედიის პროფესიონალიზმი ჯერ კიდევ გაცილებით უკეთესის სურვილს ტოვებს. სრულიად ვიზიარებ ელჩის პოზიციას, სიძულვილის ენით გაჟღენთილ რეპორტაჟებზე და განცხადებებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით სცოდავს ერთ -ერთ ოპოზიციურ პარტიასთან აფილირებული ყველასათვის ცნობილი ტელეკომპანია და მისი ხელმძღვანელობა

თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შუალედური ანგარიში წარუდგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 19:11

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.  ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო პროცესის ორგანიზების,  საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობების გაზრდის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

პრეზიდენტის არჩევნებამდე 5 დღით ადრე ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის,  რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების და აკრედიტებული მედია ორგანიზაციების თაობაზე. „ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვინაიდან ყველა შეკითხვა რომელიც დაისვა და ინფორმაცია, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული. ამავდროულად ჩვენ არასდროს ვივიწყებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გვაქვს და ცხადია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არჩევნების დღისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საარჩევნო პროცესში“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ზაალ ანჯაფარიძე - ცესკოს კრიტიკა აქტუალური აღარ არის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018 19:24

ე.წ. ჩანაწერების სკანდალებს  და კომპომატების ომს,   საარჩევნო პროცესსა  და  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაზე რაიმე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირაა დარჩენილი და რჩება შთაბეჭდილება, რომ ცესკოს მიერ არჩევნებისთვის მზადება, კანდიდატთა საარჩევნო კამპანია და ჩანაწერებით ომი,   ორ პარალელურ, ერთმანეთისგან განყენებულ სიბრტყეში მიმდინარეობს.

„მედიიდან თითქმის გაქრა დამკვირვებელი  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების  პრეტენზიები და ბრალდებები ცესკოს მიმართ, რითაც უხვად იყო დატვირთული გასული თვენახევარი. ცესკოს კრიტიკა აღარ არის აქტუალური.  მითუმეტეს, როცა  სერიოზული ხელჩასაჭიდიც არ არსებობს. თუმცა, ეს შეიძლება ქარიშხლის წინ არსებული სიჩუმე იყოს და დამკვირვებლები შესაფერის  მომენტს ელოდებიან. რას შეიძლება შეეხოს კრიტიკა? ბიულეტენის ბეჭდვას და დროულად მიწოდებას საარჩევნო უბნებზე, პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში ხმების მიცემას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

 მისივე თქმით, რადგან პოლიტიკური ტემპერატურა არჩევნების წინ საკმაოდ აწეულია და დესტრუქციული ქმედებების ალბათობაც შედარებით მაღალი, ცესკოს მხრიდან ნებისმიერი, თუნდა მცირე პროცედურული დარღვევა, მაშინვე გაბუქებული და  გამოყენებული იქნება ცნობილი ჯგუფების მიერ. 

პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 21 ოქტომბერი 2018 19:16

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი.

„საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.  ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890  ამომრჩეველი.

28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018 17:59

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018 20:54

დღეს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ. კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შემოსულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, - 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი.

დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ზემოაღნიშნულთან ერთად კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესახებ; როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამოიწურა ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.

„ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა სიის გადამოწმების ელექტრონული სერვისებით, 10 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლა და სიები გადაამოწმა 900 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, ხოლო სიებში მონაცემებთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს წერილობით მიმართა 988 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა სიის საბოლოო ვერსიის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიები  ამომრჩევლებს დაურიგებენ ამომრჩევლის ბარათს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 07 ოქტომბერი 2018 03:10

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატები  ეთიკის პრინციპებზე თანხმდებიან. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია და შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი მიესალმნენ.

დოკუმენზე ხელმომწერი პირები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს. ეთიკის პრინციპები საფუძვლად დაედება პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას.  დოკუმენტზე ხელმომწერი პირები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ და არ გამოიყენებენ  ადმინისტრაციულ  რესურსებს.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა მედიისა და საზოგადოების წინაშე. ეს გახლავთ ეთიკის პრინციპებზე შეთანხმების დოკუმენტი. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი და მათი წარმომადგენლები ჩართული იყვნენ ეთიკის პრინციპების შემუშავების პროცესში და ისინი აცხადებენ თანხმობას ამ დოკუმენტზე შემოერთების. დოკუმენტს უკვე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და ველოდებით ყველა კანდიდატის ხელმოწერას, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მათი წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა დოკუმენტის შინაარსთან და შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საარჩევნო კულტურის განვითარება, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა ასევე არის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი. ის ეთიკის პრინციპები, რომლებიც გახლავთ საზოგადოების ინტერესების დაცვა ძალადობაზე უარის თქმა, მუქარისა და შანტაჟის გამოუყენებლობა, სიძულვილის ენის გამოუყენებლობა, ცხადია, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლების პატივისცემა, როდესაც კანდიდატები ამ ეთიკის პრინციპებით განახორციელებენ კამპანიას“, განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა შესაძლებლობა შეიცვალოს პოლიტიკური კულტურა, რომელიც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს და ორიენტირებული იქნება წინასაარჩევნოდ უფრო მეტად არსებითი საკითხების შესახებ დისკუსიასა და ობიექტურ დებატებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის ნაცვლად. პოლიტიკური კულტურის ცვლილება საჭიროა იმდენად, რამდენადაც არ არის საკმარისი გვქონდეს მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტები ან საარჩევნო კოდექსი. დემოკრატია საბოლოო ჯამში გულისხმობს სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პრინციპს ამა თუ იმ იდეისა თუ პოლიტიკური პროგრამის შესახებ; სწორედ ამიტომ, შვეიცარიისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას საქართველოში; მხოლოდ მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და პრაქტიკულად ყველა კანდიდატმა მოაწერა დოკუმენტს ხელი“, განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.

შეთანხმების პროცესს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით გაუწია ფასილიტაცია. პრეზენტაციას, კანდიდატებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018 16:09

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის აგრძელებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. 28 სექტემბრიდან 3 637-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაიწყო ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგება. ბარათის მეშვეობით თითოეულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია და საჭიროებისას გადაამოწმოს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემები.

ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ცესკოს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდა ამომრჩევლებს შესთავაზა - „ახალგაზრდების საარჩევნო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ინიციატივა შესთავაზა ახალგაზრდა ამომრჩევლებს. 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 45 000-ზე მეტი ახალგაზრდა, ისინი, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში, უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან, ამომრჩევლის ბარათთან ერთად, ასევე მიიღებენ წერილობით მიმართვას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი მონაწილეობის შესახებ. რაც შეეხება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათს, თუ 8 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს, მას შეუძლია დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ან საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს ცესკოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისის საშუალებით. თუ ამომრჩეველი აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს“ - განუცხადა მედიას ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს: საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, რომ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები - „მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია  ქართულ და ასევე, შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე“ - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

დღევანდელი დღის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 503 113 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 1-ლი აგვისტოდან 1-ელ ოქტომბრამდე 700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 

2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 10:49

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი კანდიდატად რეგისტრაციაზე; აქედან, ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში, ხოლო ერთ პოლიტიკურ პარტიას, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს - მათ, დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის უარის შესახებ განკარგულებები უფლებამოსილი პირების მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 სექტემბერი 2018 16:39

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში.

ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში,  ქეთევან მაისურაძემ გახსნეს.

საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსები და პირადი სოციალური საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის, სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკული საკითხები და ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება - ეს ის თემებია, რომლებზეც სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო სამართლის ოფიცრის ჩართულობით მონაწილეები მსჯელობენ.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო სემინარი იმართება, რომელსაც ესწრება საერთო სასამართლოების ყველა ის მოსამართლე, რომელიც საარჩევნო საკითხებს და საარჩევნო დავებს იხილავს. ეს სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ერთგვაროვანი განხილვისა და იმ საკანონმდებლო განახლებული მოცემულობის თვალსაზრისით იყოს განხილული ყველა საარჩევნო საკითხი დავების ეფექტიანობასთან მიმართებაში. მინდა ცალსახად მადლობა გადავუხადო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამ თანამშრომლობისა და ხელშეწყობისთვის. ასევე ჩვენს ხელშემწყობ დონორ ორგანიზაციას და პარტნიორს საარჩევნო სისტემების საერთშორისო ფონდს და USAID-ს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერისთვის” - აღნიშნა თამარ ჟვანიამ მედიასთან საუბრისას.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან აღნიშნა, უკვე ტრადიციად იქცა გამოცდილების გაზიარება და ძალიან სასარგებლოა სასამართლო სისტემისთვის წინასაარჩევნოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, იმისათვის, რომ პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. „მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო დავები ძალიან შემჭიდროვებულ ვადაში იხილება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კონცენტრირებული იყოს სასამართლოს სისტემა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ხარვეზი ამ პროცესში“ - განაცხადა გიორგი მიქაუტიძემ.

ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვლმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ნორმაშეფარდებითი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას უწყობს ხელს და მისივე თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია მოსამართლეები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში.

სამუშაო შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია უზენაეს სასამართლოსთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით მართავს.  შეხვედრა ორდღიანია და ბორჯომში 22-23 სექტემბერს გაიმართება.

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური