ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:41

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეს მონაცემების ელექტრონული ვერსია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ  და თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემ გადასცეს.

სააგენტომ ცესკოს 3 577 375 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა. ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა ერთიან სიას.

მონაცემების ხელახალი დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).

 სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა.  

„ჩვენი სამშობლო“ ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 17:46

ბლოკ თოფაძე მრეწველებში გაერთიანებული პარტია ჩვენი სამშობლო ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას უნდობლობას უცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს. ისინი ამ მოთხოვნით უახლოეს პერიოდში აქციების დაწყებას გეგმავენ.პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილება კონკრეტული პირების ინტერესში შედიოდა.„ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ აქციებს, მოვითხოვთ ქალბატონი თამარ ჟვანიას გადადგომას. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე, იმიტომ, რომ გვაინტერესებს სიმართლე. თუ მართლა ვიყავით დამნაშავეები, მაშინ რატომ არ გააგრძელა ცესკომ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა,“- განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.

ტრენინგი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 18:21

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აგრძელებს სასწავლო-საინფორმაციო პროგრამების განხორციელებას.

13-დან 15 სექტემბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტების (პოლიტიკური პარტიები, საარჩვენო ბლოკები, საინიციატივო ჯგუფები) წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები ტრენინგებს გაივლიან. საკანონმდებლო სიახლეები, საარჩევნო სუბიექტების და დამკვირვებლების უფლებები, კენჭისყრის დღის პროცედურები, საარჩევნო დავები - ეს იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომელსაც მონაწილეები გაეცნობიან. ღონისძიება დღეს, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს.

„ჩვენი შეთავაზება საგანმანათლებლო თვალსაზრისით არის ძალიან მასშტაბური, ჩვენ ვთავაზობთ განათლებას და საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციას, როგორც პარტიებს ასევე არასამთვრობო ორგანიზაციებს. ჩვენი შეთავაზება სამომავლოდ წაადგება როგორც არჩევნებს, ისე ქვეყნის განვითარებას“. -განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამი დღის განმავლობაში ტრენინგში მონაწილეობას 25-მდე საარჩევნო სუბიექტებისა და 15-მდე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს. ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სახელმძღვანელოები გადაეცემათ.

„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - საინფორმაციო აქცია ამომრჩევლებისთვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 17:13

„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - ამ სახელწოდების აქცია გამართა დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“. ცესკოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ცენტრში მყოფ ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის აპარატში არსებული აპლიკაციის მოხმარების წესი გააცნეს, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. აღნიშნული აპლიკაცია სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალში 20 აგვისტოს გააქტიურდა; ამ დრომდე, სერვისით 10 801-მა მომხმარებელმა ისარგებლა.

სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული აპლიკაციის გარდა ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ. სიაში მონაცემების გადამოწმებისას მომხმარებელი ასევე იღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 757605-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

30 ოქტომბერს ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 11:37

30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიგაიმართება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 სექტემბერსგამართულ სხდომაზე მიიღო. ამავე სხდომაზე კომისიამ 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.

აღნიშნული განკარგულების თანახმად, შუალედური არჩევნები გაიმართება: №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის №15.15 ცოდნის კარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და №64 სენაკისსაარჩევნო ოლქის №64.07 თეკლათის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

თოფაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 10:47

გოგი თოფაძის  პარტია  არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.   „მრეწველების“ მიერ ცესკო-ში წარდგენის დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ახლდა, სწორედ ამიტომ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდა.  

 

ცესკო- ში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების წარდგენა დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 10:39

ცესკო- ში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების წარდგენა დასრულდა. 29 საარჩევნო სუბიექტიდან ცესკო-ს შესაბამისი დოკუმენტაცია 28-მ წარუდგინა.  რეგისტრაცია ,,ეროვნულ-დემოკრატიულმა" პარტიამ არ გაიარა. 

შეხვედრა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 16:51

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ცესკოს თავმჯდომარემ მათ ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო პროცედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თამარ ჟვანიამ საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად განხორციელებული აქტივობების და სიახლეების შესახებაც ისაუბრა.

დღევანდელ შეხვედრას ასევე დაესწრნენ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები და შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის წესები და ვადები გააცნეს.

„დღეს მორიგი, მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან; მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საარჩევნო პროცედურების, ვალდებულებებისა და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ცესკო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია აუცილებელია,“ განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულებისას.

ცესკოში გამართულ შეხვედრას დღეს 19 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრა ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 16:49

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის განხორციელებულ საქმიანობებსა და შეთავაზებულ სერვისებზე იმსჯელეს.  მორიგი შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციაში, ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაიმართა. მონაწილეებმა 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე მიიღეს ინფორმაცია, რაც საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ; მათ დადებითად შეაფასეს ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობები.  

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით, მათთვის გასაგებ ენაზე (სომხური, აზერბაიჯანული) გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამორმჩეველთა ერთიან სიაში და იპოვონ საარჩევნო უბანი; ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ვიდეო რგოლები ითარგმნა როგორც სომხურ ისე აზერბაიჯანულ ენებზე და განხორციელდა არაერთი საგანმანათლებლო პროექტი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.

საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 16:25

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს. 8 სექტემბრიდან, ამომრჩევლებისთვის ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიები დაარიგებენ. აღნიშნულის შესახებ, დღეს მედიას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მიაწოდა ინფორმაცია. „ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია 8 სექტემბრიდან  ყველა საარჩევნო უბანზე იქნება გამოკრული და ამომრჩევლებს ადგილზე შეეძლებათ მონაცემების გადამოწმება.

„ამასთან შეგახსენებთ, რომ ცესკომ ამომრჩევლებს, მონაცემების გადამოწმების მიზნით, არაერთი სიახლე შესთავაზა - მოქალაქეებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ვებ-გვერდზე -voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან და პლანშეტის გამოყენებით, ასევე, საქართველოს მასშტაბით განთავსებული სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალის საშუალებით. მნიშვნელოვანია რომ, სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძის განცხადებით, 12 აგვისტოს მდგომარეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან დღემდე 719 499-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. „დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ მედიის წარმოამდგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, - 8 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის  ვადა იწურება, - „8 სექტემბერი საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესის ბოლო ვადაა. არჩევნებში ჩართულ მხარეებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს მინდა შევახსენო, რომ 8 სექტემბრის 18:00 საათზე სრულდება საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა“-განაცხადა ანა მიქელაძემ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური