თამარ გუდავა- ოპოზიცია არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადებას ყველა ხერხით შეეცდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 17:20

საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის ხემძღვანელის,  თამარ გუდავას ინფორმაციით,  17  საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. მისი  თმით,  მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი ზოგადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რამდენიმე ინციდენტს ადგილი ჰქონდა  ბათუმის ორ საარჩვნო უბანზე.

„ერთ- ერთი  ამომრჩეველი აცხადებს, რომ მას  მოქალაქე ჯელალ ქიქავამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯელალ ქიქავა ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო, რომელიც  ბათუმის საარჩევნო უბნებში  ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად გადაადგილდება.  არ გამოვრიცხავთ ოპოზიციის მხრიდან კიდევ სხვა სახის პროვოკაციებს, რადგან ისინი ბოლო დღეების განმავლობაში უკვე წინასწარ ააანონსებდნენ აქციების მოწყობას, რაც იმაზე მიუთითებს რომ  გამარჯვების მოლოდინი არ აქვთ.“- განაცხადა თამარ გუდავამ

მისივე თქმით, ოპოზიციის  ბოლოდროინდელი განცხადებები მოსალოდნელი მარცხის წინასწარ გამართლება იყო.  როგორც სჩანს, ოპოზიცია არჩევნების შედეგების მიმართ  უნდობლობის გამოცხადებას ყველა ხერხით შეეცდება.

„საარჩევნო პროცესს ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდება. მათი შეფასებების გაცნობის შემდეგ დაიხატება სრული სურათი, როგორ წარიმართა საარჩევნო პროცესი. ამ დროისთვის, მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება. მეორე ტურთან დაკავშირებით კი  სხვადასხვა მოსაზრება არსებობს“- განაცხადა თამარ გუდავამ.

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 17:19

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30.98 %,(1 085 730 ამომრჩეველი). ანა მიქელძის თქმით, შედარებისთვის, 2013  წლის პრეზიდენტის არჩევნებზე  აქტივობამ 15:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 32.1%.

რაც შეეხება ინფორმაციას პროცედურული ხარვეზების შესახებ:

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის №94-ე საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები. კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია. ბოლნისის 4 საარჩევნო უბანზე, კერძოდ №27-ე, №34-ე, №35-ე და №36-ე  უბნებზე, სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ  საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში. მათ მიიღეს გაფრთხილება. 3 უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო №27-ე უბანზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ წარმომადგენელს დაატოვებინა უბანი.  ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის №46-ე უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარემ ტელეფონი გაუტეხა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. კომისიის წევრს ჰქონდა მცდელობა, რომ გადაეღო არასაჯარო ინფორმაცია. მცირე გაუგებრობის შემდეგ ვითარება გაირკვა და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბის №28-ე საარჩევნო უბანზე დაიკარგა ბიულეტენები.  აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ და არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 მისივე თქმით, ამომრჩევლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ საარჩევნო უბნის მისამართი გაიგონ ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც ისინი ონლაინ შეძლებენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ამომრჩეველს  ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც შეუძლია, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. 

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 15:59

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აკვირდებიან.

 ცენტრის 25 მონიტორი მუშაობს საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ - პანსკისის ხოებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. სტატიკური დამკვირვებლების გარდა, მონიტორინგი ხორციელდება მობილური ჯგუფების დახმარებით, რომლებშიც გაერთიანებული არიან ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის humanrights.ge-ს ჟურნალისტები და ოპერატორები.

 საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტგაზეთში - www.humanrights.ge ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

 14:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაარეგისტრირებული აქვთ 1 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

 ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის საჩივარი ეხება მარნეულის 22-ე ოლქში, თაზაკენდის მე-13 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა სხვის გრაფაში მოაწერა ხელი. დარღვევაზე დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამომრჩეველი უბნიდან გაიქცა და აღარ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რეგისტრატორმა კი უარი განაცხადა, ხელმოწერის გასწვრივ გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ ხელმოწერა არაუფლებამოსილ პირს ეკუთვნოდა.

 ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს. ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ - კონფლიქტებიც.

 საქართველოში ჩატარებული წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, კვლავ შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. „ამომრჩეველთა მთვლელები“ ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე და ამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობას, ითვლიან ვინ მივიდა და ვინ არა, არჩევნებზე. ისინი ასევე ესაუბრებიან საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ზოგჯერ ამ საუბარს პირდაპირი აგიტაციის ფორმა აქვს.

 ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა მოგვარდეს საარჩევნო კანონმდებლობით. დღეისათვის საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების/აგიტატორების ყოფნას, რაც ყოველ არჩევნებზე ხელს უშლის ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვას და ამავდროულად, იწვევს კონფლიქტებს.

 ადამიანის უფლებათა ცენტრი 2018 წლისსაპრეზიდენტო არჩევნების მონიტრორინგს  ახორციელებს პროექტით - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და სისხლისსამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მონიტორინგი საქართველოში“. პროექტს მხარსუჭერსნორვეგიისჰელსინკისკომიტეტი.

 ადამიანისუფლებათაცენტრი, მონიტორინგისგზით, შეაფასებსსაქართველოსსაარჩევნოპროცესისშესაბამისობასსაერთაშორისოდაადგილობრივსტანდარტებთან, ხელსშეუწყობსსაზოგადოებრივიცნობიერებისამაღლებასრეგიონებშიმიმდინარეპოლიტიკურპროცესებზედა  შერჩეულსაარჩევნოუბნებშიუზრუნველყოფსსაარჩევნოპროცესის  გამჭვირვალობას.

 არჩევნების შემდეგ, საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. მასში დასკვნის სახით შევა რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისადა შესაბამის უწყებების მიმართ.

 

 

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 13:28

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15.95%, (558 755 ამომრჩეველი).

„აღნიშნულ მონაცემს თუ შევადარებთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12:00 საათიან მონაცემს, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.15%. 12 საათიანი აქტივობის მონაცემის მიხედვით, დღეს ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურის ოლქში - 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი ყაზბეგის ოლქში - 12%“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა. ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზების შესახებ:

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს მოაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის №74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, რომელიც არ იყო ცესკოს მიერ დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. გადამოწმების შედეგად, აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი; ახმეტის ოლქში, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ჩვეულებრივ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. თუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არის რეგისტრირებული 28 ამომრჩეველი, კერძოდ სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები. მათგან 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან უამინდობისა და დაკეტილი გზების გამო ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში, 4 საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა და აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 08:54

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად თერჯოლისა და სამტრედიის 6 საარჩევნო უბანზე საკრებულოების  შუალედური არჩევნები იმართება. მონაწილეობას იღებს 8 კანდიდატი.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამასთან, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, დარიგდა ამომრჩევლის ბარათი, რომელიც ამომრჩეველს შეახსენებს მათი საარჩევნო უბნის ადგიმლდებაროებასა და მათ რიგითობას ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბანზე მისვლისას ბარათის თან არ ქონა არ იწვევს ხმის მიცემის უფლების დაკარგვას.

პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, შესაძლებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 22 904 წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 032 დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1163 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 1 957 ჟურნალისტი. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს 3 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 08:47

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 21 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თამარ ჟვანიამ დელეგაციებს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის განახორციელა. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია კანონმდებლობის შესაბამისად და მაღალი პროფესიული სტანდარტებით მოემსახუროს ამომრჩევლებს.

დელეგაციების წარმომადგენლები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან.

* * *

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბულგარეთის, ხორვატიის, ესტონეთის, იორდანიის , უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მალდივის, მექსიკის, მოლდოვას, პოლონეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, კორეის, რუმინეთის, სლოვენიის, თურქეთისა და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციების,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და „დელიან პროექტის“ (The Delian Project) წარმომადგენლები.

ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 27 ოქტომბერი 2018 16:28

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. 

არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის  55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.

ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები,  მათ შორის  14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე. საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს არაერთი სერვისი შესთავაზა ამ არჩევნებისთვის, რომლითაც საერთო ჯამში ამომრჩევლებმა მილიონზე (1 182 031) მეტჯერ გადაამოწმეს სიაში მონაცემები. ამომრჩეველთა სიები დაბეჭდილია და მათი საჯარო ვერსიები უკვე გამოკრულია საუბნო საარჩევნო კომისიებში. 

28 ოქტომბერს, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის (4) დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების უბნებზე გადაცემის პროცესი. უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

თითოეულ საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის, უბნების 1/3-ზე მეტი, 1264 საარჩევნო უბანია ადაპტირებული და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ხმის მიცემის სპეციალური კაბინები.

28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების  შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში). საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს, მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე, გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნოლოგიური სერვისებით 2018 წელს სარგებლობდნენ პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, რომლებიც ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის მეშვეობით ნიშნავდნენ საარჩევნო კომისიებში წევრებს, სუბიექტის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს. 

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.  საარჩევნო პროცესს გააშუქებს  125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს  კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია. მოვუწოდებთ საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, არ გამოცხადდნენ   პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით უბანზე.

28 ოქტომბერს ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.

ასევე, შევახსენებთ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. კანონმდებლობის თანახმად, ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი.

28 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა ხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ.

 

ამასთან, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად ესწრებიან ცესკოს სხდომებს,  ახორციელებენ ცესკოს საქმიანობის მონიტორინგს და მონაწილეობენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ შედეგების შეჯამების პროცესში, კონკრეტულად, მათი დამკვირვებლები ცესკოს ოპერატორებთან ერთად სურვილის შემთხვევაში განახორციელებენ საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა აქვს ჟესტურ ენაზე ვიდეო ზარით მიიღოს სასურველი ინფორმაცია.  სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან ამომრჩევლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

28 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმვალობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია კანონმდებლობის შესაბამისად და მაღალი პროფესიული სტანდარტებით მოემსახუროს ამომრჩევლებს; მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს საზოგადოებრივი ინტერესებისადმი პატივისცემით, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ  საარჩევნო პროცესს, იმოქმედონ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას.

ინფორმაცია კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 19:09

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

„28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შევახსენებთ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წესებს. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს  საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება. თუმცა  აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ამომრჩეველთა სამაგიდო სიის, ასევე ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ გადაიღონ კენჭისყრის პროცესი იმგვარად, რომ სტაციონარული ვიდეოგადამღები აპარატი დადგმული იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, რომელიც ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ შესაძლებელი იყოს საარჩევნო ყუთის გადაღება.

ამასთან, ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს უფლება აქვთ ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტო-ვიდეო გადაღება ერთხელ, გადაადგილების შეუზღუდავად, აწარმოონ არაუმეტეს 10 წუთისა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ.  თუ მედიის წარმომადგენლებს ექნებათ სურვილი აწარმოონ გადაღება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ შემთხვევაში ვალდებულნი არიან დაიკავონ კენჭისყრის შენობაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

„ასევე შეგახსენებთ, რომ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტისა თუ მედიის წარმომადგენლებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე დააკვირდნენ ნებისმიერ პროცედურას; მათ შორის,  დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემისა და მათი დამოწმების პროცესს.

ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საარჩევნო კოდექსში მიმდინარე წლის ივლისში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, დაუშვებელია   სამაგიდო სიის და მისი ასლის გატანა, მისი ფოტო-ვიდეო გადაღება, ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

25 ოქტომბერს გამართული შეხვედრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 13:13

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები 25 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრები გაიმართა ეუთო-ს (OSCE PA)  საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი დამკვირვებელთა მისიის  და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში  ჩასატარებლად ცესკო მზად არის.  მან საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის და მედია ორგანიზაციების აკრედიტაციის თაობაზე. თამარ ჟვანიამ, ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობების გაზრდის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ეს შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მათ ვაცნობთ იმ მომზადების ხარისხს და არსებულ სიტუაციას, რომელიც  ადმინისტრირების კუთხით გვაქვს.  მათ ვაწვდით ყველა ამ ინფორმაციას, რომ ეფექტურად შეძლონ საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. ცესკო ორგანიზების თვალსაზრისით არის აბსოლუტურად მზად -  დაბეჭდილია ბიულეტენები, იბეჭდება ამომრჩეველთა სიები, დღეს ასევე დასრულდება ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. შესაბამისად ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად, რომ არჩევნების დღეს მოვემსახუროთ ამომრჩეველს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გია აბაშიძე - ყველასთვის ნაცნობ პოლიტიკურ აქტორებს ვითარების უკიდურესად დაძაბვის მორიგი მცდელობა აქვთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 18:35

„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების  წინასაარჩევნო,  ზედმეტად კრიტიკული შეფასებები და მკვეთრი ტონალობა,    მათ მიმართ რამდენიმე მაღალჩინოსნის მიერ გამოთქმული   ხისტი შენიშვნებითა და კრიტიკითაა გამოწვეული“. - ამის შესახებ   ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით,  სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს დაძაბულმა პოლიტიზებულმა გარემომ მოიცვა   როგორც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედია.   საფუძვლიანი და არგუმენტირებული კრიტიკა კი  დემოკრატიის პირობებში, ყველასი და ყველაფრის შეიძლება, თუმცა  ყურადსაღებია ამ კრიტიკის ფორმა და შინაარსი. 

„ადგილობრივ დამკვირვებელთა მინიშნებებში ხარვეზები ცხადია   არის, რაც  გარდამავლი დემოკრატიის მქონე პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელია. თუმცა, ამ ხარვეზთა შინაარსითა და რაოდენობით არ იკვეთება მათი ამაღლების, მთლიანად საარჩევნო სისტემაზე განზოგადების სურათი„ - განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, არ უნდა ავყვეთ  ზოგიერთი დაბალრეიტინგიანი პოლიტიკური ძალის ნარატივს და ერთმნიშვნელოვნად არ უნდა შევხედოთ   ადგილობრივ დასკვნებს როგორც ტოტალურად ნეგატივს.

“ტრადიციულად,  ყველასთვის ნაცნობ პოლიტიკურ აქტიორებს ვითარების უკიდურესად დაძაბვის მორიგი მცდელობა აქვთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში მათთვის ეს ერთგვარ ‘სავიზიტო ბარათად“ იქცა. რეკომენდაციები, რომლებსაც დამკვირვებლები იძლევიან, არ არის  ბრალდება, განაჩენი და მიმართულია შეცდომის გამოსწორებისაკენ“- განაცხადა  გია აბაშიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური