საქართველოში, რეგიონში უნიკალური, აუტიზმის კომპლექსური ცენტრი აშენდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აპრილი 2019 13:17

საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს,- აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სიმბოლურია, რომ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს დღეს საქართველოში  ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ასევე  თბილისის მერიას წლების განმავლობაში პროგრამის მხარდაჭერისთვის.

პროექტის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე მთავრობის წევრებსა და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო.  

აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდი" ააშენებს. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი ცენტრი მოემსახურება 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება. 

საქართველოში ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა - „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 11:16

5 მარტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრებმა ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა დაათვალიერეს და მასში არსებულ სერვისებს გაეცნენ. ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსის“ არსებულ მისამართზე, თბილისის პრესტიჟულ უბანში - კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს და ჰოსპიტალის ახალაშენებულ კორპუსშია განთავსებული.

ახალ შენობაში, რომლის სრულად გახსნა 18 მარტს იგეგმება, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გარდა ამოქმედდება კარდიოქირურგიული განყოფილება, ნევროლოგიისა და  ნეირორეაბილიტაციის გაფართოებული განყოფილება და ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი განახლებული ფორმატით. აპრილიდან კი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას დაიწყებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურითა და სერვისების ხარისხით, პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას. ცენტრი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მას ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მრავალწლიანი გამოცდილების სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, დავით ციბაძე უხელმძღვანელებს. სრული პედიატრიული მომსახურების ფარგლებში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას იწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი; ასევე, ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასა და სამედიცინო მომსახურების სრულყოფაში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები მონაწილეობდნენ. ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის, „მეიოს კლინიკის“ დელეგაციამ სამუშაო სასწავლო შეხვედრების ციკლი ჩაუტარა „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს. საფუძველი ჩაეყარა გერმანიის „კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან“ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველმა ექიმებმა გერმანიაში გაიარეს სტაჟირება. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საფრანგეთის მოწინავე კლინიკასთან - „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალთან“, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრნენ, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალსს“ ეწვევიან. აღნიშნული თანამშრომლობების მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში დაინერგოს ევროპული და ამერიკული მედიცინის მიღწევები და შესაძლებელი გახდეს პაციენტებისთვის საუკეთესო პედიატრიული მომსახურების მიწოდება.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 11:58

გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

„ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისთვის ნატო-ში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის.

„2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე გერმანიამ ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შექმნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან. გერმანიისთვის SNGP კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისათვის მის მიერ დასახულ გზაზე.

აქედან გამომდინარე გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500.000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა.

2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500.000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია  საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის საპროთეზო წარმოებისათვის ახალი მანქანა-დანადგარების გადაცემა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018 15:24

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის საპროთეზო წარმოებისათვის ახალი მანქანა-დანადგარების გადაცემა

4 სექტემბერი 2018, სამშაბათი, 17:00

მისამართი: კედიას ქუჩა 7, თბილისი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომართვის საფუძველზე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის მხარდაჭერით ცენტრის საპროთეზო წარმოებისათვის ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში შეძენილი მანქანა-დანადგარების გადაცემას  დაესწრებიან საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფათმა ჯერენ იაზგან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნეჯლა დემირდაღ,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჭოხონელიძე, დაჭრილ სამხედრო მებრძოლთა ზრუნვის სამმართველოს უფროსი დავით დავლაშელიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

მ. ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 თებერვალი 2018 16:22

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა ამ მიმართულებით საინფორმაციო ცენტრის როლი და ძალისხმევა.
„საინფორმაციო ცენტრმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საგარეო პრიორიტეტების და განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების კომუნიკაციაში. ცენტრი წლების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას და ანტიდასავლურ პროპაგანდას უპირისპირებს ცოდნის და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. დღეს, ჩვენ ნადვილად გვაქვს საზოგადოების მხრიდან ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა მინისტრმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, რაზეც კონცენტრირდება საინფორმაციო ცენტრის სამომავლო საქმიანობა და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე  საზოგადოებასთან კომუნიკაცია. უმთავრეს პრიორიტეტად დასახელდა ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართულებით აქტიური ქმედებების გატარება.
„ჩვენი მიზანია მივაწოდოთ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია გვთავაზობს. საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო რთული ხდება ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებული ანტი-დასავლური პროპაგანდის გამო. როგორც ვხედავთ ანტი-დასავლური პროპაგანდა გააქტიურებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენი მიზანია, რომ უნდობლობა, რომელსაც ანტი-დასავლური პროპაგანდა თესავს საქართველოს მოსახლეობაში გავაქარწყლოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ამ პროცესისადმი“ -  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 
მისივე ინფორმაციით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიზალიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების წესების დარღვევისა და თავშესაფრის მოპოვების პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენციას. მინისტრის განცხადებით განსაკუთრებით გააქტიურდება მუშაობა საქართველოს რეგიონებში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ვრცლად ისაუბრა ჩატარებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებსა და 2018 წლის პრიორიტეტებზე. 
ღონისძიების დასასრულს ცენტრის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო - „საინფორმაციო ცენტრის ვერცხლის ფარი“ გადაეცათ ექსპერტებს: ირაკლი მენაღარიშვილს, მიხეილ მირზიაშვილს, გიორგი გოგუაძეს, გოგიტა ღვედაშვილს, ლევან მახაშვილს, თორნიკე შარაშენიძეს და ლევან დოლიძეს.

საქართველოს ისტორიული ქალაქები ერთმანეთს ურბანული კონსერვაციის გამოცდილებას უზიარებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:18

28-29 მარტს საქართველოს ეწვივნენ კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ურბანული კონსერვაციის ექსპერტები. ექსპერტებმა შეაფასეს საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ ქალაქში (თბილისი, სიღნაღი, თელავი, დუშეთი) უკვე განხორციელებული ურბანული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ჩაატარეს კონსულტაციები ურბანული რეაბილიტაციის მენეჯმენტის, პრაქტიკის და განათლების გაუმჯობესების საკითხებზე.
ამ ვიზიტმა შექმნა სხვადასხვა ისტორიულ ქალაქებს შორის გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა. მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივ წარმომადგენლებს და სპეციალისტებს თელავში, რათა განეხილათ გასული წლების განმავლობაში თელავში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დადებით და უარყოფითი მხარეები.
დუშეთის გუბერნატორთან შეხვედრის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ექსპერტმა, პროფესორმა იუკა იოკილეტომ ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დაგეგმვაში, რაც წარმატებული რეაბილიტაციის ძირითადი პირობაა. გარდა ამისა, თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიების (COMUS) ადგილობრივი გუნდმა წარმოადგინა საკუთარი მეთოდოლოგია და დაგეგმილი ღონისძიებები.

წყარო: http://www.euneighbours.eu

ლიბერთი ბანკის დაფინანსებით მუსთერაპიული ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 28 თებერვალი 2017 18:59
28 თებერვალს, პირველად საქართველოში, ა(ა)იპ „მშობელთა ხიდის” ორგანიზებითა და ლიბერთი ბანკის სრული დაფინანსებით მუსთერაპიული ცენტრი გაიხსნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება. ცენტრში პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მუსთერაპევტები, ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, არტთერაპევტები, აბა და ოკუპაციური თერაპევტები ყოველდღიურ დაეხმარებას გაუწევენ ბავშვებს სხვადასხვა ბარიერების გადალახვაში და საზოგადოებასთან ინტეგრირებაში. „ლიბერთი ბანკი“ მოხარულია, რომ ხელი შეუწყო უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას. ბანკის ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა, მუსთერაპიის ცენტრის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ადაპტირებას საზოგადოებაში. ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, მიმდინარე წელსაც გააგრძელებს განათლების, სპორტის, ჯანდაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მაქსიმალურ ხელშეწყობას.“ განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

სოჭში საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 18:00

27–29 სექტემბერს რუსეთის ქალაქ სოჭში საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი ჩატარდა თემაზე „თანამედროვე მედია: რეალობის ასახვა თუ ილუზიების შექმნა?“ მასში მონაწილეობა რუსეთის, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 30–ზე მეტმა მედიის წარმომადგენელმა და ექსპერტმა მიიღო. ფორუმი პოლიტოლოგიური ცენტრის „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ ორგანიზებით შედგა.

სამხრეთ კავკასიის 3 სახელმწიფოს და რუსეთის მედია–საშუალებების წარმომადგენლებს შორის მუდმივი დიალოგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიონალური თემების განსახილველად. გააჩნია რა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ძლიერი რესურსები, მედიას ძალუძს, მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს როგორც კონკრეტული დღის წესრიგის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის კუთხით, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.
სექტემბრის ბოლოს სოჭში გამართული მედიაფორუმი პოლიტოლოგიურმა ცენტრმა – „ჩრდილოეთი–სამხრეთი“ (ორიენტირებულია საზღვარგარეთის ქვეყნებთან საინფორმაციო და სამეცნიერო კავშირების განვითარებაზე) ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის და საერთაშორისო ორგანიზაცია „რუსეთის ახალგაზრდობის კავშირის“ მხარდაჭერით გამართა.
„მსგავსი ფორუმი სოჭში პირველად არ ტარდება. ამ დიალოგის ფარგლებში ჩვენ შევქმენით მყარი პროფესიონალური კავშირები რეგიონის ჟურნალისტებს შორის“, – აღნიშნა „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანჟელიკა ტრაპეზნიკოვამ. მედიაფორუმის საპატიო სტუმრებს შორის იყო ცნობილი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი ვლადიმერ გუბარევი.
„გამოჩენილი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ვიტალი გინზბურგი. რომლის 100 წლისთავს სულ მალე აღვნიშნავთ, თავის დროზე შიშობდა, რომ 21–ე საუკუნე გარკვეულწილად უმეცრების ხანად იქცეოდა და სამწუხაროდ, ამის საფუძველი დღეს მართლაც არსებობს. რამდენჯერმე ვმონაწილეობდი პოლიტოლოგიური ცენტრის „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ მიერ გამართულ მსგავს ფორუმებში და შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი დიალოგი – დიდი საქმეა. 99,9% ჩვენ ყველაფერი საერთო გვაქვს. სხვა დანარჩენი კი, გარდა ჩვენი ურთიერთობებისა, მეგობრობისა და ურთიერთგაგებისა, არაფრად არ ღირს’, – აღნიშნა გუბარევმა.
„რასია სევოდნიას“ ერთ–ერთმა დირექტორმა ანდრეი ბლაგოდირენკომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საერთაშორისო პროექტ ‘სპუტნიკის“ რეალიზაციის შესახებ ისაუბრა. „2 წლის განმავლობაში ეს პროექტი 10 ქვეყანაში ხორციელდება რუსულ და ნაციონალურ ენებზე. ჩვენი დევიზია „ვისაუბროთ იმაზე, რაზეც სხვები დუმან“. ვესწრაფვით იმას, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა, რომლებიც აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში მუშაობენ, ამ პრინციპზე დაყრდნობით მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდონ“, – განაცხადა ბლაგოდირენკომ.
„ეთნიკური ურთიერთობები და ეროვნული საკითხები ჟურნალისტიკაში“ – ეს თემა მიმოიხილა თავის გამოსვლაში ჟურნალისტური გილდიის თავმჯდომარემ, „რადიო რასიას“ წარმომადგენელმა მარგარიტა ლიაგნემ. ამავე თემას შეეხო ასევე ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი კირილ პრივალოვი.
დისკუსიას თემაზე – „ახალი საინფორმაციო ომები: მეთოდები და ტექნოლოგიები“ უძღვებოდა მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების კომპანიის „რისერჩ ბრენდინგ გრუპის“ დირექტორი ევგენი კოპატკო. დისკუსიის ფარგლებში ფორუმის მონაწილეები შეეცადნენ, პასუხი გაეცათ კითხვებისთვის – „რამდენად დამოუკიდებელნი არიან აწ უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები (ყოფილი საბჭოთა ქვეყნები) გადაწყვეტილებების მიღებისას?’ „რამდენად არიან ისინი დამოკიდებულნი ერთმანეთზე?“ „რამდენად ახდენენ მათზე გავლენას გარე ფაქტორები?“ და სხვა.
მედიაფორუმზე მიმოხილულ იქნა მედიისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თემების გაშუქებისას, „შემოქმედების თავისუფლების“ კრიტერიუმები, ობიექტური და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდების აქტუალურობა, ჟურნალისტური ეთიკის დაცვის საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
მედიაფორუმის „გრადუსის აწევას“ ხელი შეუწყო მტკივნეულმა საკითხებმა – ფორუმის მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების განხილვამ, რომლისთვის გვერდის ავლაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო გულახდილი დისკუსიების განმავლობაში.
წარმომადგენლობითი ფორუმის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მსგავსი შეხვედრები პროფესიონალური გამოცდილების გაზიარების და საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობის მიზნით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია და კვლავაც უნდა გაგრძელდეს ახალი ინიციატივებისა და პროექტების ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის ჟურნალისტების შემდგომ დაახლოებას და კოორდინირებულ მუშაობას, ისე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის დიალოგის გააქტიურებას და მათ შორის არსებული პრობლემების მოგვარებისთვის საფუძვლის შექმნას.

ვასო კაპანაძე

განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი აქტიურ მუშაობას იწყებს

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 12 ივნისი 2016 10:41

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდულ ცენტრში უკვე აქტიური მუშაობა დაიწყო სხვადასხვა პროექტებზე. ცენტრის ხელმძღვანელის, ნოდარ თათვიძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, როგორც ზოგად ასევე, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას. ცენტრი ასევე აქტიურად იმუშავებს ინკლუზიური განათლების და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი ვიწყებთ აქტიურ მუშაობას განათლების სფეროს მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით თითოეულ საფეხურზე მუშაობა და ნებისმიერი პრობლემის მოგვარების გზების მოძიება, შესაბამისად ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანით განათლების სფეროს უფრო მეტად განითარებაში, ახალი იდეების დანერგვითა და განხორციელებით. გარდა ამისა, მიზნად ვისახავთ თანამშრომლობის კუთხით, აქტიური კავშირის დამყარებას სხვადასხვა ქვეყნის განათლების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან.” – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ თათვიძემ.

ფაჩულიას 10 ქულა, 18 მოხსნა და სეზონის მე-15 ორმაგი დუბლი "მემფისთან" მოგებულ მატჩში

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 19 დეკემბერი 2015 12:24

ზაზა ფაჩულიას მორიგი დიდებული მატჩი. დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მუდმივ მეზობელ „მემფის გრიზლისთან“ მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 ქულასთან ერთად 18 მოხსნა მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვებაში ხომ დიდად დაეხმარა, პირად ანგარიშზე სეზონის მე-15 ორმაგი დუბლი ჩაიწერა და ლიდერთა შორის დაბრუნდა.
ბოლო მატჩებია „დალასი“ და „მემფისი“ ცხრილში თანაბრად მიდიან. დღევანდელ მატჩამდეც ორივე გუნდი ცხრილში გვერდი-გვერდ იყვნენ. პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში ფაჩულიამ თავი ისახელა და 18 მოხსნით ფარზე საკუთარი დომინირება დაადასტურა. ზაზას და ტეხასური გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშეების მეოხებით „დალასმა“ შეხვედრა 97:88 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილიდან „მემფისი“ ჩააჩოჩა.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 12-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრი შეუდარებელი იყო ფარქვეშ და აცილებულ ბურთებს იშვიათად თუ ვინმეს ანებებდა. მოპოვებულ 10 ქულას ზაზამ გამორჩეულად ბევრი - 18 მოხსნა მოხსნა მოაყოლა, რაც ამ მატჩში მემფისელთა საუკეთესო 2 მომხსნელის ერთად აღებულ მონაგარზე მეტია. „გრიზლისში“ ყველაზე მეტი მოხსნა მარკ გასოლმა და ზაკ რენდოლფმა მოაგროვეს. თითოეულმა 8 ბურთი მოხსნა.
რაკი ფარქვეშ ფაჩულიას სახით საიმედო ბურჯი ჰყავდათ, დალასელებმა მეტოქე პერიმეტრიდან „დაბომბეს“ და საბოლოოდ საქმე იოლად მოუთავეს. ქართველ ცენტრს 10 ქულასა და 18 მოხსნასთან ერთად თითო პასი და ჩაჭრა ჰქონდა.  დასალელთა სხვა ლიდერთაგან 20 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა, 16 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი ჩენდლერ პერსონსმა მიითვალა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
15 მოგებითა და 12 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გამყარდა. მომდევნო ჯახი კი ფაჩულიას გუნდს ჩვენი დროით 23 დეკემბრის გარიჟრაჟზე, ტორონტოში „რეპტორსთან“ ელის. სწორედ ტორონტოში უნდა გაიმართოს 14 თებერვალს ნბა-ს ოლ სტარი, სადაც თამაშის შანსი ზაზა ფაჩულიასაც აქვს.
„მემფისთან“ მატჩის წინ ოლ სტარის გამოკითხვაში დალასელი ლიდერებისთვის მხარდასაჭერი ბანერებით იყო გავსებული „ამერიქან აირლაინ ცენთერის“ სავარძლები. შეგახსენებთ ნბა-ს ოლ სტარში ხმის მიცემის პროცედურას:
შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას. თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://secure.nba.com/membership/user/register/
ხმის მიცემა შესაძლებელი ფეისბუქიდანაც. პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #NBAVote და ვაბამთ მხარდასაჭერი კალათბურთელის სახელს და გვარს - ამ შემთხვევაში ზაზა ფაჩულიას. ანუ ჩვენი სტატუსი შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: #NBAVote zaza pachulia
ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც.
ორმაგ დუბლებს რაც შეეხება, ფაჩულია კვლავ მე-3 ადგილზე იმყოფება. ქართველ ცენტრს 2 დღის წინ ნიუორლეანელმა სუპერვარსკვლავმა ენტონი დევისმა გადაასწრო, თუმცა დღევანდელი ორმაგით ზაზა დევისსს მე-3 ადგილზე გაუთანაბრდა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური