"საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს"

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 12 თებერვალი 2019 12:12

"საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე - ‘'მიღწევები ელიმინაციის გზაზე'' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ მსგავსი სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარებაა.

„2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა ჯანდაცვაში და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომელიც დაგვხვდა და დღეს გვაქვს ძალიან სწორად გაანალიზებული ჯანდაცვის პრიორიტეტები. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა აქვს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე და ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი  მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ითხოვს როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

პრემიერმა 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაიხსენა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან რთული გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა მეგობრების - სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის" და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

„დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც, სულ ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება  წარმოუდგენელი იყი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს  C ჰეპატიტს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, პარტნიორებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ასევე ხაზი გაუსვა ჯანდაცვის საზოგადოების მიერ გაწეულ საქმიანობას და განაცხადა, რომ მიღწეული შედეგები ყველასთვის საამაყოა.

ორდღიან რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება, სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ევროკომისიისა და გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური და სათავო ოფისების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების გადახედვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

"2020 წელს საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 28 ივლისი 2018 14:32

2020 წელს, როდესაც ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში მსოფლიოს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

„სამწუხაროდ, საქართველოშიც ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ვირუსული ჰეპატიტი, ზოგადად, არის ისეთი ტიპის დაავადება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს. B ჰეპატიტთან ბრძოლაში ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია წარმატებას, მედიკამენტებიც არსებობდა, რომლებიც ამ დაავადებას ეფექტურად ებრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა ის დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა, ბევრი საზოგადოება დაუცველი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოც მათ რიცხვში მოხვდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და მასზე ზრუნვა იქნებოდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. ამ ზრდაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. C ჰეპატიტით, სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც კაცობრიობას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ სწორედ ამ ყველაზე მძიმე გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, ისევე, როგორც რეგიონში საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკელ მეგობრებს და კომპანია „გილეადს", რომელთა დახმარების გარეშე ამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა წარმოუდგენელი იქნებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატების ძალიან მაღალ კომერციულ ღირებულებას და აღნიშნა, რომ მოქალაქეს მკურნალობა 80-90 ათასი დოლარი დაუჯდებოდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე მისცემდა თავს იმის უფლებას, ემკურნალა ამ ძალიან ძვირიანი პრეპარატებით. ჩვენ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ეს პრეპარატები ყველასთვის ხელმისაწვდომია. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგია, რომლის მთავარი ამოცანაა, მოხდეს ამ დაავადების სრული ელიმინაცია საქართველოში. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა უკვე გაიარა სკრინინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ C ჰეპატიტთან ბრძოლაში. დაახლოებით 50 000 ადამიანია ჩართული დღეს სამკურნალო პროცესში. სკრინინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ერთმანეთის მიმართ გულწრფელები რომ ვიყოთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, ამ დაავადებამ გარკვეული სტიგმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, C ჰეპატიტი არ არის სტიგმა. ჩვენ, მთელი საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და იდეალური იქნება, ასივე პროცენტმა გაიაროს ეს სკრინინგის პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ამ უმძიმეს დაავადებას.

2020 წელს, როდესაც ჩვენ ამ სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით. ეს იქნება უნიკალური წარმატება და იმედის მიმცემი სხვა ერებისთვის, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დაავადება, თუ არსებობს სწორი სტრატეგია, საზოგადოების სრული მობილიზაცია, მისი დამარცხება აუცილებლად შესაძლებელი იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს, სერვისებით მოსარგებლე პაციენტებს, რომლებიც სახელმწიფოს ეხმარებიან, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს დაავადებასთან ბრძოლის აუცილებლობა და პრიორიტეტულობა, ასევე - განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ქართველ ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოებას.

„დარწმუნებული ვარ, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ეფექტური მუშაობით, საზოგადოების სრული მობილიზაციით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და 2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტი სრულიად ელიმინირებული იქნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 3-წლიანი შედეგებისა და მიღწევების პრეზენტაცია შედგა. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, ხოლო განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები და პროექტის საერთაშორისო პარტნიორები დაესწრნენ.

C ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით - ჰარვონით მკურნალობა შეუძლიათ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 13:23

C ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით - ჰარვონით მკურნალობა შეუძლიათ. ამ წამლის შემოტანას ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი.საქართველომ უკვე მიიღო პრეპარატის 2 ათასი ფლაკონი. ჰარვონით მკურნალობის გეგმის მიხედვით, წელიწადში ამ მედიკამენტს 20 ათასი პაციენტი გამოიყენებს. ჰარვონი ბოლო თაობის ორი პრეპარატის კომბინაციაა, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ნაკლებად საჭიროებს კომბინირებულ მკურნალობას, რაც გვერდითი მოვლენების რისკს ამცირებს.ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ფრონტ ოფისის გახსნასაც გეგმავს, სადაც C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს გამარტივებული ფორმით მოემსახურებიან.

C ჰეპატიტის გამოკვლევა ელიავას ბაზრობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 15:22

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ პროგრამა გრძელდება. პროგრმის პარგლებში გამოკვლევა ჩაუტარდათ ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულ პირებს, ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.უფასო აქციების შესახებ ინფორმაციის გაგება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე ან ცხელ ხაზზე.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური