ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 სექტემბერი 2019 13:29

2019 წლის 5 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, დავით დონდუამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებებზე. მათ შორის ისაუბრა სოფელ გუგუტიანთკარსა და სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე.
მისი განცხადებით უკანასკნელი თვეების მანძილზე რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა ხელოვნური დაბრკოლებებისა და ბარიერების აღმართვას, ზღუდავდა გადაადგილების თავისუფლებას, კვლავაც იტაცებდა და უკანონოდ აპატიმრებდა საქართველოს მოქალაქეებს. მათ შორის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები ოჯახები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.  სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, მათ შორის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, რუდოლფ მიხალკას პირადი ჩართულობას,  ვითარების დასტაბილურების  მიზნით.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დევნაზე. მან ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორისა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე. ასევე, საოკუპაციო ძალის მიერ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებასა და მის რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაცვალებაზე.
ელჩის განცხადებით 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციიდან 11 წლის შემდეგაც, რუსული მხარე კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, უკრაინისა და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.
დელეგაციებმა გამოხატეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ლიეტუვას დელეგაციამ, მეგობართა ჯგუფის (ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: აშშ, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, უკრაინა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, ირლანდია, რუმინეთი) სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 11 წლის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობა რჩება უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით. მან ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.
ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
დელეგაციებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და აღნიშნეს ქართული მხარის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება. მათი განცხადებით, ხელოვნური დაბრკოლებებისა და ბარიერების აღმართვა, ასევე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.
დელეგაციებმა დაგმეს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მათ ლეგიტიმურობასა და შედეგებს.
მეგობართა ჯგუფის წევრებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინციატივის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ - მიმართ და მიესალმნენ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან არსებული დაძაბულობის დე-ესკალაციისკენ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

ეუთო-ში აშშ-ს მისიის განცხადება
https://osce.usmission.gov/on-the-situation-in-georgia/ 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 აგვისტო 2019 17:51

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები,  წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

ამასთანავე,  ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(52).aspx?lang=ka-GE

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური