„ჩინელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ქართველი ვეტერანების თავდადებას და მუდამ აღფრთოვანებული იქნება მათი პატრიოტიზმით“, - ჩინეთის ელჩი, ბატონი ძი იენჩი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 11:00

„ბევრი ქართველი ჯარისკაცი შორეულ ჩინეთში, ჩინელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდა. მათ ერთად დაამარცხეს იაპონელი აგრესორი და დიდი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში“. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ, ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში მონაწილე ქართველი ვეტერანებისათვის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ქართველი ვეტერანების თავდადებას და მუდამ აღფრთოვანებული იქნება მათი პატრიოტიზმით, სამართლიანობითა და თავგანწირვით. „ჩინელი ხალხი ძლიერ აფასებს თქვენ მიერ გაღებულ სისხლსა და ჯაფას, რომლითაც გამოიბრძმედა ჩინელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ჩინელი ერი თქვენი მადლობელია“, - აღნიშნა ძი იენჩიმ. 
სულ საქართველოში 6 ვეტერანია და მათგან მხოლოდ 2-მა შესძლო ჩინეთის საელჩოში მისვლა და აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თუმცა, შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს დარჩენილი 4 ვეტერანის ოჯახის ახლობლებმა და წევრებმაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი ვეტერანის ნიკოლოზ თორაძის შვილმა გოგი თორაძემ ელჩს მამის ჯილდო აჩვენა, რომელიც მისივე თქმით, მამამისს გაწეული ღვაწლისათვის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილმა ლიდერმა მაო ძედუნმა პირადად გადასცა.
ჩინელმა დიპლომატმა ქართველ ვეტერანებს სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გარდა ამისა ელჩმა მათ ოფიციალური სიტყვითაც მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინეთის საელჩოში. გასული წლის სექტემბერში, ჩვენ ვეტერანთა კავშირში შევხვდით ერთმანეთს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და კიდევ ერთხელ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. პირველ რიგში, მინდა გულითადი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გამოვხატო აქ დამსწრე ვეტერანების მიმართ, რომლებიც ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას! 
დღეს ჩინელი ხალხის იაპონელ დამპყრობლებზე და მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მთელი მსოფლიოს ერებისთვის ღირსშესანიშნავი თარიღია. 72 წლის წინ, ამ ომმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა და 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩინელმა ხალხმა თოთხმეტწლიანი უმძიმესი ომის პერიოდი გამოიარა, რომლის დროსაც დაიღუპა და დაშავდა 35 მილიონი კაცი, ხოლო პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა 600 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მხოლოდ ასეთი მსხვერპლის ფასად შეძლო ჩინეთმა იაპონელი აგრესორების დამარცხება. დიდი სისხლის ღვრის ფასად აღმოსავლეთის ფრონტზე მოახდინა ისტორიული სასწაული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე საყოველთაო გამარჯვებასა და ომისშემდგომ სამშვიდობო წესრიგის დამყარებაში.
საქართველომ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/5წავიდა ფრონტზე, მათგან 350 ათასმა კაცმა საკუთარი სიცოცხლეც გასწირა.

წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება. 25 წლის მანძილზე ორმხრივი ურთიერთობა სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდებოდა. პოლიტიკაში ვინარჩუნებთ ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობას, ეკონომიკაში - თანამშრომლობასა და ერთობლივ განვითარებას; რაც შეეხება ჰუმანიტარულ სფეროს, მუდამ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას, ვაძლიერებთ კონტაქტებსა და მიმოსვლას; საერთაშორისო საკითხებშიც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. მან სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი გახდა. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის მხრივ თანამშრომლობაც კარგად დაიწყო. ამ პროექტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მომავალში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენ გვაქვს მიზეზი გვჯეროდეს, რომ ორმხრივი ძალისხმევის შედეგად სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო ნაყოფიერი და რეალური სარგებლის მომტანი იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისთვის. ჩინეთის საელჩოს თითოეული თანამშრომელი მზადაა თავისი წვლილი გაიღოს ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის შემდგომი გამტკიცებისთვის. 
ჩვენი საელჩო ვეტერანებისადმი პატივის მისაგებ ღონისძიებას ყოველ წელს მართავს. ამით გვსურს გამოვხატოთ ჩინელი ერის მადლიერება. თქვენთან შეხვედრა ყოველთვის უზომოდ მიხარია და თან განცდებით მავსებს. დრო არავის ინდობს, ვეტერანები ერთმანეთის მიყოლებით სამუდამოდ გვტოვებენ. წელს ჩვენ გვერდით აღარ არიან ანა ფიცხელაური და მატევოსან აუმენაკი. მინდა მოვიხსენიო ისინი და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. აქ მყოფ ვეტერანებს კი ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. „თქვენ ჩაუყარეთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას საფუძველი და ჩვენ აუცილებლად მოვუფრთხილდებით ამ ძვირფას მეგობრობას, გადავცემთ მომავალ თაობებს და კიდევ უფრო გავაღრმავებთ მას“, - დასძინა ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური