საქართველოს პარლამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 03 ნოემბერი 2017 17:54

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარს დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ. გარდა ამისა, შეთანხმება მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

დოკუმენტში, რომელიც მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობებია განსაზღვრული. ამასთან, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების ზრდას. გარდა ამისა, დოკუმენტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას.

შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში, ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

"ჩვენს ექსპორტში ჩინეთის ბაზრის წილი მნიშვნელოვნად იზრდება“ - გიორგი გახარია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 14:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის ვიცე-მერს, ჭოუ ბოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ და შანხაის ვიცე-მერმა ასევე თბილისში ნოემბერში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.

,,ჩინეთის მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით რამდენიმე დღის წინ უმსხვილეს კომპანია CEFC-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. ჩვენ შანხაიში თავისუფალი ვაჭრობის ზონა დავათვალიერეთ, რომელიც ძალზედ შთამბეჭდავი იყო და ვფიქრობთ, რომ მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მისაღებია. ჩინეთის მზარდი ბაზარი ჩვენს ექსპორტში, მათი შემადგენელი ნაწილი იზრდება და უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ასეთი გაცვლითი შეხვედრები, რა დროსაც, როგორც დღეს გადავწყვიტეთ, იქმნება კონკრეტული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ციფრებზე იმსჯელებენ, რაც ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დავით აფციაური ესწრებოდნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 16:47

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო პერსპექტივები. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასამოქმედებლად აუცილებელია ორივე ქვეყანაში დასრულდეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და მოხდეს ორი ქვეყნის საკანონმდელო ორგანოთა მიერ შეთანხმების რატიფიკაცია. მისი განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ტურიზმი, რომლის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. აგრეთვე ინდუსტრიული მიმართულება. პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ფოთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას. 

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთაანამრომლობას და ხელს შუწყობს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ შეხვედრის შემდეგ. 

მა ფეიჰუას განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია, საქართველოს მთავრობა ეფექტურად მუშაობს და არსებული ბიზნეს გარემო ქმნის კარგ პირობებს უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად. „ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ოცზე მეტი ჩინური ბიზნესი და მე მჯერა, რომ ორმხრივი პოლიტიკური ნდობით და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაღრმავებით, მომავალში ჩვენ გვექნება ბუმი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით. მე მართლა მჯერა, რომ საქართველოს ლამაზი ბუნების, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ტრადიციებს გასაცნობად საქართველოში მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა,“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 10:48

საქართველოს ვიცე-პრემიერისაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთისტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლიძინ ჭაოს შეხვდა

ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის სახელით ვიცე-პრემიერს მიულოცა გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატის არჩევა, რაც როგორც შეხვედრაზე აღინიშნა არა მხოლოდ საქართველოს არამედ ორგანიზაციის გამარჯვებაა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ჩინეთს მხარდაჭერისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, იგი ბედნიერია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორედ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში - ჩინეთში და მის ულამაზეს  ქალაქ ჩენგდუში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან წარმატებულ თანამშრომლობას მრავალ სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით და აღნიშნა რომ საქართველო გააგრძელებს როგორც ორმხრივად, ასევე UNWTO-ს ფარგლებში შემდგომ თანამშრომლობას. მიხეილ ჯანელიძე  მიესალმა UNWTO-ს  გენერალური ასამბლეისას ჩინეთის ინიციატივით  ტურიზმის მსოფლიო ალიანსის დაფუძნებას და აღნიშნა რომ საქართველო, როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ითანამშრომლებს ალიანსთან და ჩაერთვება მის საქმიანობაში.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა  ჩინეთის ინიციატივაში  "გზა და სარტყელი" საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა. როგორც ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჩინეთი დიდად აფასებს იმ როლს რაც საქართველოს აქვს აბრეშუმის გზის პროექტში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების, აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკში საქართველოს ჩართულობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ინტერესს - გააღრმავონ და განავითარონ თანამშრომლობა .

პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარება. აღინიშნა რომ საქართველო, თავისი კულტურული და ისტორიული ძეგლებით ასევე ზამთრის და საზაფხულო კურორტებით საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩინეთისთვის. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას დიდად უწყობს ხელს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული პირდაპირი ფრენები. ასევე ხაზი გაესვა ჩინეთის ბიზნეს წრეების  მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მზარდ ინტერესს და მათ წარმატებულ საქმიანობას მრავალ სექტორში.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია. ლი ძინ ჭაომ გამოხატა დაინტერესება ეწვიოს საქართველოს და აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას.

ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დ სრულუფლებიანი ელჩი, დავით აფციაური.   

საქართველოს ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ეწვია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017 16:24

ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ჩინეთიდან ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები ღვინის მარნებსა და კომპანიებს ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოინახულებენ. ღვინის პროფესიონალები ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს, გაეცნობიან ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და  რთველის პროცესს.  

13-კაციან ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტარქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი ხელმძღვანელობს. ღვინის იმპორტიორები ვიზიტის პირველ დღეს თბილისში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარედგინათ საკუთარი პროდუქცია იმპორტიორებისთვის.

დებრა მეიბურგის თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში შედიან იმპორტიორები და ჟურნალისტები ჰონგ-კონგიდან და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან.

 „მე ისევ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ქვეყანაში ვიმყოფები, რადგან ძალიან მინდა წარვუდგინო ეს ღვინოები აზიის ბაზარს. მინდა კარგად გაიგონ ის კულტურა, რომელიც ამ ღვინოების უკან დგას, ასევე საკვები, ადამიანები, სტუმართმოყვარეობა, თვისებები და ისტორია, რაც ამ ღვინოებს განსაკუთრებულობას სძენს. ჩემთვის ამაღელვებელია რთველის პერიოდში აქ ყოფნა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ყურძენი პირდაპირ ვენახიდან დაგვეგემოვნებინა და შეგვეგრძნო თითოეული კომპონენტი, რომელიც ამ ღვინოებს განსაკუთრებულს ხდის“, - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მარკეტინგულ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნლოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი, ღვინით დაინტერესებული სტუმარი გაეცნოს ადგილზე უძველეს ქართულ ღვინის კულტურას.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინის პროფესიონალი ჩამოვიდეს საქართველოში. ეს ჯგუფიც სწორედ ასეთი პროფესიონალი ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტებისგან შედგება. მათ მიერ დაწერილი სტატიები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის შესაბამის ბაზრებზე“,- აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ  ამ ვიზიტების შედეგად, ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება აზიის ბაზარზე მომუშავე იმპორტიორებსა და ქართულ ღვინის კომპანიებს შორის. 

ვიზიტის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები მოინახულებენ შემდეგ ღვინის მარნებსა და კომპანიებს: „შატო მუხრანი“, „ბადაგონი“, „ვაზიანი კომპანი“, GWS,  „შალაურის ღვინის მარანი“, „კახური“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ფაფარი ველი“, „მარანი ჩუბინი“, „მეღვინეობა ხარება“, „კახური ღვინის მარანი“, „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი“, „ვარციხის მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, „ბაიას ღვინო“, „საოჯახო მარანი - ოდა“.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 23 მაისი 2017 19:25

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩინურ-ქართული კომპეტენციის ცენტრის დაარსება. აღნიშნული ცენტრის მიზანია საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება, სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, ცენტრის საქმიანობა მიმართული იქნება განათლების, კვლევითი, საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისაკენ, ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ინოვაცია, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, ფინანსები, ინვესტიციები და ა.შ. გარდა ამისა, თანამშრომლობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს ახალი აკადემიური სასწავლო კურსების შემუშავებასა და დანერგვას, მაგ: „ბიზნესის წარმოება ჩინეთში ქართული კომპანებისათვის“, „ბიზნესის წარმოება საქართველოში ჩინური კომპანებისათვის“ და „ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“.

 

 

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 მაისი 2017 15:52

13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ჟონგ შანი.

ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. 13 მაისიდან მათ სიას საქართველოც დაემატება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი,  ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.

 

"ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" ევროპის მიმართულებით ფრენებს გეგმავს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 11 მაისი 2017 16:11

"ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" წარმომადგენლებმა სასტუმრო HUALING HOTELS & PREFERENCE-ში საქართველოს ბაზარზე დღემდე არსებული წარმატებები შეაჯამეს და "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" უპირატესობებზე ისაუბრეს. "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" სინძიანის პროვინციის მარკეტინგის მენეჯერ ჭანგ ძუნის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა თბილისიდან ევროპის მიმართულებით (ლონდონი, პარიზი, ბუდაპეშტი) ფრენები დაინიშნოს. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციაში მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" სინძიანის პროვინციის მარკეტინგის მენეჯერ ის შეფასებით, ეს იქნება ახალი ნაბიჯი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის. მან აღნიშნა, რომ კომპანია უკვე 6 წელია, საქართველოს ბაზარზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის. "ჩინეთის ავიახაზებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე. ვუსურვებ კომპანიას წარმატებას და ვიმედოვნებ, უფრო მეტი ადამიანი წავა ჩინეთში საქართველოდან და ასევე საქართველოში ჩამოვა უფრო მეტი ადამიანი ჩინეთიდან“, - განაცხადა ვან ძინგმა. ჩინეთის ავიახაზების წარმატებაზე ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამაც. მისი თქმით, "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიაა მსოფლიოში და რაც მთავარია მგზავრებისთვის უსაფრთხო. "ავიაკომპანია საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს დიდი წარმატებით. დღესდღეობით, მათი წილი საქართველოს ბაზარზე 1%-ია და ტენდენცია ზრდისკენ მიმდინარეობს. კომპანია არის უსაფრთხო მგზავრებისთვის. ამას ხელს უწყობს როგორც კომპანიის მუშაობა, ისე ხელისუფლებაც. მივესალმებით ამ კომპანიის მიამრთულებებში ახალი ქალაქების შემატებას, რასაც ხელს შევუწყობთ", - განაცხადა გურამ ჯალაღონიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის ავიახაზების სათაო ოფისის, საქართველოში ჩინეთის საელჩოს, სამოქალაქო ავიაციის, "ტავ ჯორჯიას", საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სხვადასხვა ჩინური კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს გათამაშდა ლატარეა, რომელშიც ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა სახის პრიზები და პეკინის მიმართულებით ბილეთი მიიღეს.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პეკინში გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 04 მაისი 2017 14:44

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტ - სი ძინფინის მიერ წამოყენებული თანამშრომლობის ინიციატივა - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, განვითარების სტრატეგიების გაერთიანებისა და ერთმანეთის უპირატესობების გამოყენებით, ყველა მხარისათვის სასარგებლო განვითარების მიღწევას. სამი წელია, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წარმატებით ხორციელდება. მიღწეულ იქნა საყოველთაო კონსენსუსი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხზე, სახეზეა ადრეული შედეგები, იგი უკვე იქცა საერთაშორისო და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მნიშვნელოვან პროდუქტად.
იმისათვის, რომ ქვეყნებმა კიდევ უფრო დააკავშირონ ერთმანეთის განვითარების სტრატეგიები და გააღრმავონ საქმიანი თანამშრომლობა, 2017 წლის 14-15 მაისს ქ. პეკინში ჩინური მხარის ორგანიზებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გაიმართება. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და თანამშრომლობის შედეგების ურთიერთგაზიარებისათვის. ფორუმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ფორუმი ღია, ინკლუზიურ და ურთიერთსარგებლობის კონცეფციაზე დაყრდნობით იმართება. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან მივესალმებით წარმომადგენლების დასწრებას. ამ დროისთვის, ასზე მეტ ქვეყანამ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა ფორუმის მიმართ მხარდაჭერა და მონაწილეობის სურვილი. მონაწილეთა რაოდენობა უკვე გაცდა ამ ინიციატივის ტრადიციულ საზღვრებს; დასავლეთით - დასავლეთ ევროპასა და აფრიკას მიაღწია, სამხრეთით - ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, აღმოსავლეთით კი - ოკეანეთსა და ლათინურ ამერიკას. სინამდვილეში, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც იზიარებს აბრეშუმის გზის სულისკვეთებას, კერძოდ, მშვიდობასა და თანამშრომლობას, გახსნილობასა და ინკლუზიურობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთსარგებლის მიღწევას, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში.
ჩინეთის მთავრობის მოწვევით, 28 ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა და 110 ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, საფინანსო ინსტიტუტების, მედიისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს მონაწილეობა. მათ შორის არიან 92 ქვეყნიდან ვიცე პრემიერი - 9, საგარეო საქმეთა მინისტრი - 7, სამინისტროების ოფიციალური პირი - 190. გარდა ამისა, ფორუმს დაესწრება 61 საერთაშორისო ორგანიზაციის 89 ხელმძღვანელი და წარმომადგენელი. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1200-ზე მეტია.
ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მიმართულებით კარგად დაიწყო. ამ მხრივ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. მას დიდი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების საქმეში. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებენ საეთაშორისო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებში. მაღალი დონის შეხვედრები ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი მიზანია ხელისუფლების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეებს შორის კავშირების გაღრმავება და შესაბამის სფეროში საქმინი თანამშრომლობის ხელშეწყობა. ჩინური მხარე დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ პირველი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და მინისტრი გახარია მხარეებთან განიხილავენ საერთო ინტერესის საკითხებსა და თანამშრომლობის გეგმებს, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს საქმიანი თანამშრომლობის მიმართულებით.

 

ჩინეთის მთავრობა ქართველი მეცნიერების კვლევებს დააფინანსებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:31

აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი (Science – Talent-Future)” სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და როლის თაობაზეც დღეს, სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციასთან გაიმართა.

ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მზადაა, აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივად ორგანიზება გაუწიოს მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას, პარტნიორ ფონდებთან ერთობლივად შეარჩიოს და დააფინანსოს აბრეშუმის გზის ქვეყნების საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეული კვლევითი ჯგუფები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის დარგებში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის ჩინეთის ფონდი ასევე აპირებს შექმნას ეფექტური საერთაშორისო კოლაბორაციული საინფორმაციო პლატფორმა და გააზიაროს სტრატეგიული კონსულტაციების, მეცნიერების პოლიტიკისა და განათლების სიახლეები.

აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება ქ. პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს დაგეგმილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო ფონდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოები და რომლის მუშაობაში მონაწილეობის მოსაღებად მიწვეულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი, შეირჩევა კომიტეტის წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ გამორჩეულ სამეცნიერო ჯგუფებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური