შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 23 მაისი 2017 19:25

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩინურ-ქართული კომპეტენციის ცენტრის დაარსება. აღნიშნული ცენტრის მიზანია საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება, სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, ცენტრის საქმიანობა მიმართული იქნება განათლების, კვლევითი, საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისაკენ, ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ინოვაცია, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, ფინანსები, ინვესტიციები და ა.შ. გარდა ამისა, თანამშრომლობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს ახალი აკადემიური სასწავლო კურსების შემუშავებასა და დანერგვას, მაგ: „ბიზნესის წარმოება ჩინეთში ქართული კომპანებისათვის“, „ბიზნესის წარმოება საქართველოში ჩინური კომპანებისათვის“ და „ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“.

 

 

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 მაისი 2017 15:52

13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ჟონგ შანი.

ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. 13 მაისიდან მათ სიას საქართველოც დაემატება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი,  ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.

 

"ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" ევროპის მიმართულებით ფრენებს გეგმავს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 11 მაისი 2017 16:11

"ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" წარმომადგენლებმა სასტუმრო HUALING HOTELS & PREFERENCE-ში საქართველოს ბაზარზე დღემდე არსებული წარმატებები შეაჯამეს და "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" უპირატესობებზე ისაუბრეს. "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" სინძიანის პროვინციის მარკეტინგის მენეჯერ ჭანგ ძუნის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა თბილისიდან ევროპის მიმართულებით (ლონდონი, პარიზი, ბუდაპეშტი) ფრენები დაინიშნოს. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციაში მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" სინძიანის პროვინციის მარკეტინგის მენეჯერ ის შეფასებით, ეს იქნება ახალი ნაბიჯი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის. მან აღნიშნა, რომ კომპანია უკვე 6 წელია, საქართველოს ბაზარზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის. "ჩინეთის ავიახაზებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე. ვუსურვებ კომპანიას წარმატებას და ვიმედოვნებ, უფრო მეტი ადამიანი წავა ჩინეთში საქართველოდან და ასევე საქართველოში ჩამოვა უფრო მეტი ადამიანი ჩინეთიდან“, - განაცხადა ვან ძინგმა. ჩინეთის ავიახაზების წარმატებაზე ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამაც. მისი თქმით, "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიაა მსოფლიოში და რაც მთავარია მგზავრებისთვის უსაფრთხო. "ავიაკომპანია საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს დიდი წარმატებით. დღესდღეობით, მათი წილი საქართველოს ბაზარზე 1%-ია და ტენდენცია ზრდისკენ მიმდინარეობს. კომპანია არის უსაფრთხო მგზავრებისთვის. ამას ხელს უწყობს როგორც კომპანიის მუშაობა, ისე ხელისუფლებაც. მივესალმებით ამ კომპანიის მიამრთულებებში ახალი ქალაქების შემატებას, რასაც ხელს შევუწყობთ", - განაცხადა გურამ ჯალაღონიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის ავიახაზების სათაო ოფისის, საქართველოში ჩინეთის საელჩოს, სამოქალაქო ავიაციის, "ტავ ჯორჯიას", საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სხვადასხვა ჩინური კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს გათამაშდა ლატარეა, რომელშიც ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა სახის პრიზები და პეკინის მიმართულებით ბილეთი მიიღეს.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პეკინში გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 04 მაისი 2017 14:44

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტ - სი ძინფინის მიერ წამოყენებული თანამშრომლობის ინიციატივა - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, განვითარების სტრატეგიების გაერთიანებისა და ერთმანეთის უპირატესობების გამოყენებით, ყველა მხარისათვის სასარგებლო განვითარების მიღწევას. სამი წელია, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წარმატებით ხორციელდება. მიღწეულ იქნა საყოველთაო კონსენსუსი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხზე, სახეზეა ადრეული შედეგები, იგი უკვე იქცა საერთაშორისო და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მნიშვნელოვან პროდუქტად.
იმისათვის, რომ ქვეყნებმა კიდევ უფრო დააკავშირონ ერთმანეთის განვითარების სტრატეგიები და გააღრმავონ საქმიანი თანამშრომლობა, 2017 წლის 14-15 მაისს ქ. პეკინში ჩინური მხარის ორგანიზებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გაიმართება. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და თანამშრომლობის შედეგების ურთიერთგაზიარებისათვის. ფორუმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ფორუმი ღია, ინკლუზიურ და ურთიერთსარგებლობის კონცეფციაზე დაყრდნობით იმართება. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან მივესალმებით წარმომადგენლების დასწრებას. ამ დროისთვის, ასზე მეტ ქვეყანამ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა ფორუმის მიმართ მხარდაჭერა და მონაწილეობის სურვილი. მონაწილეთა რაოდენობა უკვე გაცდა ამ ინიციატივის ტრადიციულ საზღვრებს; დასავლეთით - დასავლეთ ევროპასა და აფრიკას მიაღწია, სამხრეთით - ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, აღმოსავლეთით კი - ოკეანეთსა და ლათინურ ამერიკას. სინამდვილეში, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც იზიარებს აბრეშუმის გზის სულისკვეთებას, კერძოდ, მშვიდობასა და თანამშრომლობას, გახსნილობასა და ინკლუზიურობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთსარგებლის მიღწევას, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში.
ჩინეთის მთავრობის მოწვევით, 28 ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა და 110 ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, საფინანსო ინსტიტუტების, მედიისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს მონაწილეობა. მათ შორის არიან 92 ქვეყნიდან ვიცე პრემიერი - 9, საგარეო საქმეთა მინისტრი - 7, სამინისტროების ოფიციალური პირი - 190. გარდა ამისა, ფორუმს დაესწრება 61 საერთაშორისო ორგანიზაციის 89 ხელმძღვანელი და წარმომადგენელი. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1200-ზე მეტია.
ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მიმართულებით კარგად დაიწყო. ამ მხრივ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. მას დიდი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების საქმეში. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებენ საეთაშორისო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებში. მაღალი დონის შეხვედრები ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი მიზანია ხელისუფლების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეებს შორის კავშირების გაღრმავება და შესაბამის სფეროში საქმინი თანამშრომლობის ხელშეწყობა. ჩინური მხარე დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ პირველი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და მინისტრი გახარია მხარეებთან განიხილავენ საერთო ინტერესის საკითხებსა და თანამშრომლობის გეგმებს, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს საქმიანი თანამშრომლობის მიმართულებით.

 

ჩინეთის მთავრობა ქართველი მეცნიერების კვლევებს დააფინანსებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:31

აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი (Science – Talent-Future)” სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და როლის თაობაზეც დღეს, სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციასთან გაიმართა.

ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მზადაა, აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივად ორგანიზება გაუწიოს მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას, პარტნიორ ფონდებთან ერთობლივად შეარჩიოს და დააფინანსოს აბრეშუმის გზის ქვეყნების საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეული კვლევითი ჯგუფები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის დარგებში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის ჩინეთის ფონდი ასევე აპირებს შექმნას ეფექტური საერთაშორისო კოლაბორაციული საინფორმაციო პლატფორმა და გააზიაროს სტრატეგიული კონსულტაციების, მეცნიერების პოლიტიკისა და განათლების სიახლეები.

აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება ქ. პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს დაგეგმილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო ფონდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოები და რომლის მუშაობაში მონაწილეობის მოსაღებად მიწვეულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი, შეირჩევა კომიტეტის წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ გამორჩეულ სამეცნიერო ჯგუფებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 06 იანვარი 2017 11:33

საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა. 2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა. შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის „ვეისინის“ მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.

ხსენებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ჩინეთ-აშშ-ს კომერციისა და ვაჭრობის გაერთიანებულმა კომისიამ, რომლის 27-ე სხდომა 2016 წელს ვაშინგტონში გაიმართა, ათეულში ასევე მოხდა „ჩინეთის იმპორტ-ექსპორტის“ 120-ე გამოფენა, თავისუფალი სავაჭრო ზონების გახსნა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში წლის ათი მთავარი ეკონომიკური მოვლენის გამოსავლენად გამოკითხვა ყოველ წელს ტარდება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ხელი მოეწერა 2015 წლის 9 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს. გადაწყვეტილება აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, 2015 წელს ჩინეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრისას მიიღეს. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე მემორანდუმი თბილისში 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული, მისი ამოქმედების შემდეგ კი საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჩინეთის თვადაცვის ატაშეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:21

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალ თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა. პოლკოვნიკი ჰუ დეიუნგი თავდაცვის სამინისტროში ყოფილ კოლეგასთან, პოლკოვნიკ ლიუ ვენდოუსთან ერთად იმყოფებოდა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ლიუ ვენდოუს, რომელიც საქართველოში თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე 2013-2016 წლებში მუშაობდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილე მ ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის საელჩოს მრჩეველს სიგელი გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 10:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, ლიუ ბოს, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მიესალმება, რომ ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია და, ამავდროულად, არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას, საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების რეკორდულად მოკლე დროში დასრულებაც ადასტურებს. საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეხვედრაზე ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და ახალი აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობასაც დაეთმო. ჩინეთის საელჩოს მრჩეველს, რომელსაც მისიის ვადა ამოეწურა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 16:34

15 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მისასალმებელია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.

აღინიშნა, რომ საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა და მზადაა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბანკო და ეკონომიკის რეალურ სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ყურადღება გამახვილდა ჩინური მხარის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.

ჩინეთის 70-მილიონიანი ჰუნანის პროვინციის ბაზარი ქართული ღვინისთვის იხსნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 12:37

 ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 მილიონიანი მოსახლეობის ჰუნანის პროვინციაში იწყება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 გიორგი სამანიშვილი ჰუნანის პროვინციის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ჩანშაში სავაჭრო ცენტრის გახსნაზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. აღნიშნულ ცენტრში ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი.

 „70 მილიონიანი ჰუნანის პროვინციის დედაქალაქ ჩანშაში, ჩინეთში სიდიდით მესამე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, სადაც ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი. ჩანშაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გავმართეთ პროვინციის ვიცე-გუბერნატორთან, ასევე სავაჭრო ცენტრის კომერციულ დირექტორთან, სადაც განხილული იყო ქართული ღვინის პერსპექტივები აღნიშნულ პროვინციაში. ჰუნანის პროვინციის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინის იმპორტით და ამ მიზნით, მომავალი წლის დასაწყისში ვიზიტით ეწვევიან საქართველოს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში მდებარე ღვინის ცენტრში (ბირჟა) ასევე გაიხსნა ქართული ღვინის სივრცე, სადაც ამ ეტაპზე წარმოდგენილია 10 ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია. სამანიშვილის განცხადებით,  იგეგმება სამომავლო ღონისძიებები, რათა აღნიშნულ ცენტრში კიდევ უფრო მეტი ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი.

„შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების,  კერძოდ, ჩინეთში ქართული ღვინის გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მიმდინარე წლის 27 ივლისს, შანხაიში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „Silk Road Chamber of International Commerce”-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ცენტრში (Shanghai Free Trade Zone Wine Exchange Center) ქართული ღვინის ეროვნული კუთხის მოწყობას. 

ქართული ღვინო გასულ კვირას ასევე წარმოდგენილი იყო შანხაიში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე - „Prowein China 2016“. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში  საქართველოდან ღვინის მწარმოებელი 30კომპანია მონაწილეობდა.  გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაცია ღვინის იმპორტიორებისა და მედია წარმომადგენლებისთვის, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. დებრა მეიბურგის ორგანიზებით შანხაიში  „Wine In China Conference”-ის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური