თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ივნისი 2019 18:10

თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 16:35

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.

ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან  ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს და თანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებს.

ასევე, სი ძინპინი დაესწრება პეტერბურგის 23-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 6-8 ივნისს გაიმართება. ჩინეთის პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვითაც გამოვა.

მიმდინარე წელს ჩინეთი და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს აღნიშნავენ.

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვის ზოოპარკში პანდის სახლს გახსნის და დიდ თეატრში საბალეტო წარმოდგენას დაესწრება.

ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩადის, რათა, კრემლის ოფიციალური პირის განცხადებით, ამ ვიზიტით აღნიშნოს ახალი ეპოქის დასაწყისი მეგობრობასა და ეკონომიკურ კავშირებში.

სი ძინპინის ვიზიტი ხორციელდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებიდან ხუთი წლის შემდეგ - მოვლენის, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა მოსკოვის ურთიერთობა დასავლეთთან. იუწყებიან, რომ სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებს 6-8 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დანიშნულ ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც პუტინი უმასპინძლებს.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩეველი, იური უშაკოვი ამბობს, სი ძინპინის ვიზიტი "უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვისო". რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ უშაკოვის სიტყვებს - რომ სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი გააფორმებენ ახალ დეკლარაციას "გლობალურ პარტნიორობაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომლებიც ახალ ეპოქაში შედის".

 

 

 

საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 მაისი 2019 10:29

საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ძი იენჩიმ.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით, დინამიურად ვითარდება და შესაბამისად, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს“ - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ კალანდიას თქმით, აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს ჩინეთის ხელისუფლების დიდ ინტერესს საქართველოსა და ზოგადად, რეგიონის მიმართ. „ჩინეთი საქართველოს ერთ--ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ორ ქვეყანას შორის არსებობს მყარი სახელშეკრულებო ბაზა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლოდ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას“ - აღნიშნა არჩილ კალანდიამ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 10:18

23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

კონფუცის ინსტიტუტის სიტყვით გამოსვლის კონკურსი

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 07 მაისი 2019 17:06

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით კამპუსში გაიმართა ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი თემაზე "მე და ჩინეთი". საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენით დაინტერესებულმა 15-მდე სტუდენტმა ჟიურისა და მაყურებელს გაუზიარა თავისი დამოკიდებულება ჩინეთისადმი. ძლიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვება მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა რატი მდივანმა. მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერტიფიკატებითა და პრიზებით. თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთითა და ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევს სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას. მომავალშიც იგეგმება არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარება.

სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მაისი 2019 15:45

საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) მენეჯმენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა. საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ე. წ. შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებით. ჩინეთი ევროპასთან სავაჭრო მარშრუტში პრიორიტეტს „შუა დერეფანს“ მიანიჭებს.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში „აბრეშუმის გზის“ მესამე ფორუმს თბილისი უმასპინძლებს.

სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შეთანხმებას ხელი მოეწერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 აპრილი 2019 10:20

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდა. 

შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ისაუბრეს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმის და ამ ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების მიერ დაყენებული საკითხების მნიშვნელობაზე, ასევე - გაზრდილ სარკინიგზო გადაზიდვებზე, რაც ადასტურებს ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობას და ჩინეთის რესპუბლიკის ახალი ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საჭიროებას.

დიალოგის თემები იყო რეგულარული ავია-ფრენების მიმართულებით ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა, ორივე ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის გააქტიურება.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ჩინეთისა და „აბრეშუმის გზის“ სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარების სარგებელს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ე. წ. შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებით. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ევროპასთან სავაჭრო მარშრუტში „შუა დერეფანს“ პრიორიტეტს მიანიჭებს. 

შეხვედრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

„ამ ხელშეკრულების მომზადებისთვის დიდი სამუშაო გასწია ბევრმა ადამიანმა და მადლობა მათ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას, რაც წინგადადგმული დიდი ნაბიჯია "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. ე. წ. შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის ყველა ფორმატი ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები კი ხელს უწყობს ფასების კონკურენტუნარიანობას და დამატებითი შეღავათების დაწესებას გადამზიდავებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

მაია ცქიტიშვილმა ლი სიაოპენი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის ფორუმზე დაპატიჟა და მადლობა გადაუხადა 2015 და 2017 წლებში გამართულ ფორუმებში აქტიური მონაწილეობისათვის. 

თავის მხრივ, ლი სიოპენმა მაია ცქიტიშვილი დაპატიჟა მომავალ წელს ტრანსპორტის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

„საქართველოს რკინიგზამ წელს, პირველ კვარტალში, 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ტრანსპორტის  მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდების განხილვაზე იმუშავებს, რაც გვაიმედებს რომ ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ. 

 

მაია ცქიტიშვილმა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 26 აპრილი 2019 16:07

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) მენეჯმენტს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვანგ ვენფუნგმა ქართულ დელეგაციას კორპირაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით გამოთქვა დაინტერესება. 

“ეს კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სამეულში შედის და სასიხარულოა, რომ მას უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულია აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მომავალ პროექტებში, რაც ქართულ ბაზარს მიმზიდველს და მეტად კონკურენტუნარიანს ხდის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და საინვესტიციო გარემოს უკეთ შეფასების მიზნით, კორპორაციის ხელმძღვანელები თბილისში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, "აბრეშუმის გზის ფორუმზე" დაპატიჟა.

ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციასთან შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური შემადგენლობა.
 

ვიცე-პრემიერი პეკინში „ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 აპრილი 2019 12:03

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე პრემიერი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის  თემატურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა. 

მაია ცქიტიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, როგორც მისი მონაწილე ქვეყნებისთვის, ისე - საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენებისათვის. 

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მნიშვნელობაზე აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების და სამეწარმეო საქმიანობისთვის  ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით. 

„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივას და აქტიურადაა ჩართული მის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც 2015 წლის მარტში პირველებმა მოაწერეს ხელი  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარების თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამ ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების უპრეცენდენტო მექანიზმად. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის იანვარში  ძალაში შევიდა ჩინეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ. მე ვამაყობ, რომ დღეს საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობს როგორც ევროკავშირთან (DCFTA), ისე ჩინეთთან,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე რეგიონში. მან აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, ძლიერი გარე სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო მიისწრაფვის გახდეს უმოკლესი და უსაფრთხო მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების მიმოქცევისთვის.  

ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ფორუმის ყველა მონაწილეს 2019 წლის ოქტომბერში დაესწრონ აბრეშუმის დიდი გზის მესამე ფორუმს თბილისში. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს და განსაკუთრებით, სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს მოწვევისა და მასპინძლობისთის.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა.  მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. 

მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 აპრილი 2019 11:42

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში და  სიტყვით გამოვა „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენგი ხელს მოაწერენ 2019 წლის 5-6 მარტს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამშენებლო კორპორაციის თავმჯდომარესთან. 

ვიზიტისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ეკონომიკურ და სავაჭრო პოტენციალზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებსა და გეგმებზე. 

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური