ყველა გზა ჩინეთში მიდის!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 27 აგვისტო 2016 00:28

29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაცია. მათ შორის: სააგენტო „ნისუდეი საქართველოს“ დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი, ტელეკომპანია „სტარვიზია“ - გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი, მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, „ჯიბი თაიმსის“ დირექტორი - მიხეილ ტარახჩოვი, „ბიზნესთაიმ ჯორჯიას“ დირექტორი - ლევან ჭითანავა , ,„რუსთავი 2“ -პროდიუსერი მაკა ფანქველაშვილი, „იმედის“ პროდიუსერი - შორენა ცხოვრებაშვილი, „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი და ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი - აკაკი გვიმრაძე, ტელეკომპანია„მაესტროს“ წამყვანი და ჟურნალისტი - ნანუკა იროდანიშვილი.
აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ და ჩვენთან ერთად იმყოფებოდა საელჩოს მდივანი თამუნა მუჯირი, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია დელეგაციის წევრებს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩინეთის საელჩოს, ბატონ ელჩს ძი იანჩის ასეთი შთამბეჭდავი მედიატურის ორგანიზებისათვის.

დელეგაციის წევრები პეკინში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორმა გუეი ცონგიუომ (Gui Congyou) მიიღო, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრამ (დალიანის ეკონომიკური ფორუმი), განამტკიცა და ასევე დასაბამი მისცა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.“ ჩინეთს საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მომავალ წელს გახდება 25 წელი, რაც ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ“, - დასძინა მან. 
როგორც ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება ურთიერთობები ეკონომიკის და განათლების სფეროებში. „მიმდინარე წელს გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელთანაც ასეთი სახის ხელშეკრულება გაფორმდება“, - ამბობს გუეი ცონგიუო.
მისივე თქმით, ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით და ამის ნათელი მაგალითია საერთაშორისო კორპორაცია „ხუალინგ ჯგუფი“, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობს. მხარეებს შორის თავისუალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებისთანავე საქართველოსთვის უფრო ფართოდ გაიღება ჩინეთის უზარ-მაზარი ეკონომიკური ბაზრის კარები“, - განაცხადა გუეი ცონგიუომ. ასევე საინტერესო იქნებოდა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებაც, რაც ჩინელი დიპლომატის აზრით, ხელს შეუწყობს ჩინთისა და საქართველოს მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების პროცესს. „ჩინელ ტურისტებს უყვართ მოგზაურობა და სავიზო პროცესის გამარტივების შემთხვევაში, ისინი სიამოვნებით ჩამოვლენ საქართველოშიც, მიაჩნია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს.
რაც შეეხება განათლებას, ჩინელი დიპლომატის აზრით, ორ ქვეყანას შორის ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს ამ სფეროს შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ყოველ წელს ჩინეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფს სტიპენდიას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მათთვის სასურველ სპეციალობაზე ისწავლონ ჩინეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. „ამჟამად ჩინეთში 100-მდე ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას, საქართველოში კი 5 ჩინელი სტუდენტი სწავლობს. მომავალში ჩვენ შევეცდებით გავზარდოთ ქართველი სტუდენტების რიცხვი ჩინეთში, რათა უფრო მეტ ქართველ წარმატებულ სტუდენტს მივცეთ საშუალება ჩინეთში გააგრძელოს სწავლა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თავის მხრივ დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ჩინელ დიპლომატს მიღებისა და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ამის შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის ფარგლებშიც საუბარი წარიმართა ისეთ საინტერესო თემების გარშემო, როგორიც არის ჩინეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობები. მედიის წარმომადგენლები ასევე შეეხნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას.
პეკინში მედიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ჩინეთის საერთაშორისო სამოგზაურო სააგენტო „დიაოიუთაი“-ს გენერალურ დირექტორს მა თიენშუს, (Ma Tianshu), შანხაიში - შანხაის ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილეს ფუ ძიხონგს (Fu Jihong) და პროვინცია შან სი-ს (ქალაქი სი’ანი, ჩინეთის უძველესი დედაქალაქი) ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის ხელმძღვანელს ჭანგ ბაოვენს. (Zhang Baowen) შეხვდნენ.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციისთვის მომზადებული იყო კულტურული ტურები, ხოლო ჩინური უაღრესად გემრიელი სამზარეულოს გაცნობის მიზნით, შერჩეული იყო თითქმის ყველა მხარის სამზარეულო, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართველ ჟურნალისტებზე.
კულტურული პროგრამის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა პეკინში დაათვალიერეს ეროვნული მუზეუმი, მოინახულეს ზაფხულის სასახლე, გაისეირნეს ნავებით, ასევე მოინახულეს „აკრძალული ქალაქი“(ჩინელი იმპერატორების მთავარი სასახლე კომპლექსი, დაწყებული მინის და დამთავრებული ცინის დინასტიით), ჩინეთის დიდი კედელი, ესტუმრნენ გამომცემლობა „People’s Daily“-ს რედაქციას და შანხაიში ჩქაროსნული მატარებლით გაემგზავრნენ, სადაც შანხაის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა, დღის მეორე ნახევარში კი შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერეს.
ასევე, მოინახულეს კომპანია "ხუავეის" ოფისი, სადაც "ხუავეის" წარმომადგენელმა ქართველ ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რომლის განხორციელებასაც კომპანია ახლო მომავალში გეგმავს. ამის შემდეგ დაათვალიერეს შანხაის სანაპირო, „იუ იუენის“ პარკი, შოპინგისა და გართობის უბანი (Xintaindi), შემდეგ კი ქალაქ სი’ანში გაემგზავრნენ, სადაც ქართველი ჟურნალისტები ასევე შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. სი’ანი რადიკალურად განსხვავდება შანხაისაგან, აქ ყველაფერს სიძველის, გარკვეულწილად ხელუხლებლობის და ნამდვილი ჩინურის იერსახე აქვს. აქ ნაკლებად შეხვდებით ინგლისურ წარწერებს, ისევე, როგორც ინგლისურად მოსაუბრე მოსახლეობას. ამის მიუხედავად სი’ანი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული მიმართულებაა, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ეს არის ლეგენდებით მოსილი მხარე, რომელიც აბრეშუმის გზაზე მიმავალი ქარავნებისათვის მთავარი დანიშნულების წერტილი იყო. სწორედ სი’ანშია აღმართული ნულოვანი კილომეტრის აღმნიშვნელი მონუმენტი, როგორც საწყისი წერტილი დიდი აბრეშუმის გზისა. ამის შესახებ ინფორმაციის მიღება აბრეშუმის გზის მუზეუმში შეიძლება, რომელიც სწორედ ამ მონაკვეთშია განლაგებული.
გარდა ამისა დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სი’ანის მუზეუმი. მოინახულეს იმპერატორ ცინ ში ხუანგის ე.წ. „ტერაკოტების არმია“ და აბრეშუმის გზის საწყისი, ქალაქის ისტორიული გალავანი და ზარების კოშკი. ბოლოს კი ქალაქ ლანჭოუდან ურუმჩუში გადავიდნენ, საიდანაც თბილისში ჩამოფრინდნენ. 

დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა, ჩინეთი საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად მიიჩნევს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

  ავთანდილ ოთინაშვილი,

თბილისი-პეკინი-თბილისი

საქართველოში ჩინეთის საელჩოსა და „სტარვიზიას“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2016 16:04

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საელჩოს საქართველოში და მედია-ჯგუფ „სტარვიზიას“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი ძი იანჩი, „სტარვიზიის“ ხელმძღვანელობა და მისი დამფუძნებელი გია ალიხანაშვილი დაესწრნენ. ღონისძიება შეეხო ერთობლივი პროექტის “გზა ჩინეთისკენ“ განხორციელების ფარგლებში თანამშრომლობის დაწყებას. პროექტი ხორციელდება საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერით.

„გზა ჩინეთისკენ“ - ეს არის პირველი მულტიმედია პროექტი საქართველოში, რომელიც ჩინეთის შესახებ მინის-ერიალის გადაღებას გულისხმობს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების პოპულარიზაციასა და გაღრმავებას. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ შეხვედრაზე აღნიშნა, „ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დღევანდელი ტემპის ფონზე, ჩინელ და ქართველ ხალხს შორის კულტურული კავშირის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია.“

პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 17:33

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, იენჩი ძისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მხარე, როგორც საქართველო, ასევე ჩინეთი დიდი ინტერესით აგრძელებს იმ ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და რაც ორივე ქვეყნისთვის მეტი პოზიტივის და სარგებლის მომტანია. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დელეგაციების ოფიციალური ვიზიტების მნიშვნელობას, რომლებიც გასულ წლებში შედგა. ამ მხრივ კი ყურადღება  ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენლობათა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის საქართველოში სტუმრობაზე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში გამართულ შეხვედრებზე გამახვილდა.
ჩინელმა დიპლომატმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წარმოადგენდეს მის ქვეყანას საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.  მისი განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან და ევროპის ბაზართან დაახლოებას მისი ქვეყანა დიდი ინტერესით განიხილავს, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
დავით უსუფაშვილმა ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩინეთის მხარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ ახორციელებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო არენაზე ჩინეთის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას საქართველო შესაბამის შეფასებებს აძლევს და მოხარულია, რომ ამ ქვეყნის სახით ქართულ სახელმწიფოს კარგი მეგობარი ჰყავს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე - უსაფრთხოების და ტერორიზმის საფრთხეებზეც ისაუბრეს.
იენჩი ძი საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას 2015 წლის ბოლოდან შეუდგა. მანამდე კი, იგი სამი წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 18:10

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იენჩის შეხვდა.
მინისტრმა  საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ჩინეთი საქართველოსთვის  სტრატეგიული პარტნიორია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკას  და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ქართული ცენტრის გახსნის საკითხს. მხარეემა განიხილეს ჩინეთში ქართული პროდუქციის (ჩაი, მინერალური წყალი და თხილი) ექსპორტის შესაძლებლობების, ასევე საქართველოში სათბურების და აბრეშუმის წარმოების განვითარების საკითხები.
ჩინეთის ელჩმა, ძი იენჩიმ  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო  ჩინეთის სანდო პარტნიორია. ელჩმა  ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე მოთხოვნა  მზარდია.  
ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და  იმედი გამოთქვა, რომ  სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

ჩინეთის მთავრობამ ვაჭრობა დროებით შეაჩერა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 16:54

 ორშაბათს შანჰაის ინდექსის 7%-იანი, შენჟენის ინდექსის კი 8%-იანი ვარდნის გამო ჩინეთის მთავრობამ ვაჭრობა დროებით შეაჩერა. ბირჟების ვარდნის მიზეზი წარმოების ინდექსის გამოქვეყნება გახდა, რომელიც გასული ექვსი წლის მინიმუმზე 48-მდე შემცირდა.

ორშაბათს ბირჟები სხვა აზიურ ბაზრებზეც შემცირდა, იაპონიის მთავარი ინდექსი Nikkei 225 დღეს 3.1%-ით შემცირდა, ჰენგ სენის ინდექსი კი 2.7%-ით შემცირდა.
საერთაშორისო ბაზარზე არასტაბილურობა საუდის არაბეთის მიერ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასაც უკავშირდება. სპარსეთის ყურის ორ უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანას შორის კონფლიქტის რისკი ნავთობის ფასების ზრდის შესაძლებლობას ზრდის.

ევროპულ ბაზარზეც ვაჭრობა ვარდნით დაიწყო, გერმანული Dax-ის ინდექსი 3.2%-ით შემცირდა. ფრანგული CAC 40 2.5%-ით შემცირდა, ლონდონის მთავარი საფონდო ინდექსი FTSE 100 კი 2%-ით შემცირდა.

ჩინეთის ელჩი თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ეწვია

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 18:09

16 ნოემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუე პინი.

ელჩი დაესწრო კონფუცის ინსტიტუტის ყველა ჯგუფის, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეების ჯგუფის ღია გაკვეთილს და კმაყოფილება გამოთქვა ჩინური ენის სწავლების ხარისხით.

იუე პინმა ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა კონფუცის ინსტიტუტისის დირექტორსა და ლექტორებს და აღნიშნა მისი აქტიური როლი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში

ელჩმა კონფუცის ინსტიტუტს გადასცა საჩუქარი, ასევე გადასცა საჩუქარი კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს, მარინე ჯიბლაძეს მისი სინოლოგიაში და ჩინური ენის ხარისხიან სწავლებაში შეტანილი წვლილისთვის, ორი ქვეყნის ხალხების ერთმანეთის შეცნობაში აქტიური მონაწილეობისთვის

დავით უსუფაშვილმა ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 15:57

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იუე ბინთან მისი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

დავით უსუფაშვილმა გაიხსენა მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტი და აღნიშნა, რომ მთელი დელეგაცია შთაბეჭდილებების ქვეშაა იმ ყურადღების გამო, რაც საქართველომ ჩინეთის უმაღლესი ლიდერების მხრიდან მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დიდწილად ელჩის და საქართველოში ჩინეთის საელჩოს თანამშრომლების დამსახურებაა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია ეს ურთიერთობები ყველა დონეზე გაგრძელდეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, იუე ბინმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფუნდამენტი ძალიან მყარია, თანამშრომლობა ჩქარი ტემპებით ვითარდება და ასევე გაგრძელდება.

შეხვედრაზე საუბარის შეეხო ასევე აბრეშუმის გზის ინიციატივას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივაში მონაწილეობენ, პოტენციურად ძალიან წარმატებული გზის დასაწყისში დგანან და საქართველო ამ პროექტის აქტიური წევრი იქნება, რაც ოქტომბრის თვეში, თბილისში გამართულმა აბრეშუმის გზის ფორუმმა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტისას აზიური პოლიტიკური პარტიების კონფერენციაზე დასწრებამაც დაადასტურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს პროდუქტიული და წარმატებული მუშაობისათვის და მის მომდევნო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, იუე ბინმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტს, საჩუქრად 50 პერსონალური კომპიუტერი გადმოეცა, როგორც ეს მიმიდნარე წლის ივნისში, ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ჩენგ ჩანგჭის საქართველოში ვიზიტის დროს იყო გაცხადებული.

აბრეშუმის გზის ფორუმი "აქტუალურ თემაში" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 14:59

დიდი აბრეშუმის გზის ახალი პერსპექტივები. იქცევა თუ არა საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ერთ-ერთ საკვაძო ქვეყანად. რა ინვესტიციების განხორციელებაა მოსალოდნელი და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ახალ გლობალურ პროექტში ჩართვა. „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ჩინეთის ელჩი საქართველოში იუე ბინი, მისი ეკონომიკური მრჩეველი ლიუ ბო და აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეები პასუხობენ. პროგნოზები და ანალიზი ჩვენს ეთერში. უყურეთ „ სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე". 

ბათუმი კიდევ ერთ ქალაქთან დამეგობრდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 18:32

თბილისში გამართული ფორუმის  „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უიღურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმჩის შორის დამეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.

გადაწყვეტილება მეგობრული კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში კონტაქტების გაღრმავებას, მეგობრობის განმტკიცებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მხარეები ითანამშრომლებენ ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის  მიმართულებით, რათა ხელი შეუწყოს საერთო კეთილდღეობასა და განვითარებას. შენარჩუნდება ხშირი კონტაქტები ლიდერებსა და სხვადასხვა  მიმართულებით ხელმძღვანელ პირებს შორის, რათა ხელი შეეწყოს კონსულტაციების გამართვასა და თანამშრომლობას საერთო საკითხებზე.

მემორანდუმს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ურუმჩის მერმა ილჰამ საბირმა მოაწერეს ხელი. ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სინძიანის პროვინციის ხელმძღვანელი ქსეკერატ ზაკირი დაესწრნენ.

 

თბილისში საზეიმოდ აღინიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 66-ე წლისთავი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 10:46

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 66-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა გუშინ სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილიც დაესწრო.

საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოსა და ჩინეთის სახელმწიფოების ჰიმნის შესრულების შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.
ელჩის თქმით, 66 წლის წინ გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელმაც დასაბამი მისცა ჩინეთის ისტორიაში ახალი ცხოვრების დაწყებას. „მას შემდეგ რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა, 30 წლიანი რეფორმების განმავლობაში, ჩინელი ხალხის ცხოვრების დონე მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთი გახდა მსოფლიოში მეორე ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანა და მესამე უდიდესი უცხოური ინვესტორი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა „ჩინური საოცრების“ განხორციელება, - აღნიშნა იუ ბინმა.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, მის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველო-ჩინეთის დღევანდელ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დღეს უფრო ინტენსიურია, ვიდრე ოდესმე, რასაც ადასტურებს ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნა საელჩო თბილისში და  ძლიერი სტიმული მისცა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც ის იცავდა და დღესაც მტკიცედ იცავს“, - დასძინა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა.

პარლამენტის თავმჯდომარე მისასალმებელ სიტყვაში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივასაც შეეხო, რომელიც თანამედროვე რეალობაში ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას ეხება და რომლის თაობაზეც საერთაშორისო კონფერენცია თბილისში ორიოდ კვირაში გაიმართება. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ეს ინიციატივა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს შექმნის, რაც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, საქართველოს ამ პროექტის მნიშვნელოვან მონაწილედ აქცევს და სატრანზიტო ხიდის ისტორიული ფუნქციის შესრულებას დაუბრუნებს.

„მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვითარდება ყველა სფეროში. კერძოდ, დღეისათვის ჩინეთი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოში და დღითიდღე იზრდება ჩინური კომპანიების დაინტერესება ამ მიმართულებით; სწრაფად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, მათ შორის ჩინურ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის ხარჯზე; ჩინეთი დღეს არის საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის; იზრდება საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი; ასევე ვითარდება ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებშიც“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნების 66-ეწლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერიის და საკრებულოს პირველი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური