საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 11:35

2019 წლის 13 თებერვალს, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსთვის გამოყოფს უსასყიდლო დახმარებას 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც მიიმართება საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის საინსპექციო სისტემების შესაძენად. 
უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი ტექნიკის მიმღები იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა უზრუნველყოფს საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, შეამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი. 
აღნიშნული უსასყიდლო დახმარებებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის (ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობა სენაკსა და თელავში) ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისა და სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით. ამასთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის განხორციელება.

დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 იანვარი 2019 16:52

დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ძი იანჩის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. ძი იანჩიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს გასული წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით თანამდებობებზე ჩინეთის კანდიდატურების მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (FTA) დადებით შედეგებზე და სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2019 წელს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მიზანშეწონილობაზე. ამავე კონტექსტში განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესაძლებლობა და გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მომავალში.

ჩინეთის ელჩი პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს გაეცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 17:26

აპარატის უფროსმა ჩინელ დიპლომატთან პარლამენტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ახალ ფუნქციებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების მიმართულებებზე და ამ პროცესში პარლამენტის აპარატის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აპარატში მიმდინარე რეფორმირების პროცესი, რაც სასწავლო და კვლევითი ცენტრების გაძლიერებას, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან ინტენსიურ კომუნიკაციას გულისხმობს, პარლამენტის საქმიანობას კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტურს გახდის.

შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა ჩინეთის ელჩს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ბიბლიოთეკას უახლოეს პერიოდში საჩუქრად გადაეცემა, ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისი ურთიერთობები მიმოიხილეს და აღინიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები.

ძი იანჩიმ 2019 წელს საპარლამენტო დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების გამართვის ინიციატივა გამოთქვა და აღნიშნა, რომ გაცვლითი ვიზიტებით ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობა კიდევ უფრო საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გახდება.

ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, გივი მიქანაძემ ჩინეთის საელჩოს მიერ დაფინანსებულ საჯარო მოხელეთა საერთაშორისო სწავლების პროგრამებში, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ტარდება ყოველწლიურად, პარლამენტის აპარატისთვის ერთი კვოტის გამოყოფის ინიციატივა გამოთქვა. ინიციატივის პასუხად ჩინელმა დიპლომატმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ორი ადგილის გამოყოფის მზაობა დაადასტურა. ძი იანჩიმ, ასევე, პარლამენტის აპარატის სტამბის მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საკითხს დეტალურად გაეცნობა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018 16:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ძი იენჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობას და ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში მიმდინარე მზარდ დინამიკას შეეხო. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩინეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო წლების განმავლობაში ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას საქართველოს ეკონომიკაში.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩინური კომპანიები საქართველოში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დამატებით სტიმულს ქმნიან. ყურადღება გამახვილდა ასევე ჩინეთის ტექნოლოგიურ მიღწევებზე და ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჩინელმა დიპლომატმა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში იგეგმება.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ჩინელმა დიპლომატმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ხალხთა შორის ურთიერთობებზე და ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის ელჩს ჩინეთის კულტურული ცენტრის საქართველოში გახსნა შესთავაზა.

 

გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ჩინეთის ელჩთან ძი ეინჩთან და მის მეუღლესთან ჯანგ ხონგთან სამუშაო სადილი გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ივნისი 2018 17:25

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩინეთის ელჩთან ძი ეინჩთან და მის მეუღლესთან ჯანგ ხონგთან სამუშაო სადილი გამართეს
სასტუმრო "ხუალინგ თბილისში" გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ჩინეთის ურთიერთობების გააქტიურებასა და გაფართოებაზე ისაუბრეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ნერგების ფესტივალი-2018-ის ფარგლებში თბილისში 108 ნერგი დაირგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 მარტი 2018 16:09

დღეს, 12 მარტს, თბილისში, ვარკეთილის მე–4 მიკრორაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში ნერგების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ჩინეთის სავაჭრო პალატის და GBTIMES Georgia-ს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

გამწვანების აქციის ფარგლებში დაირგო 108 ნერგი, რომელიც თბილისს საჩუქრად ჩინეთის სავაჭრო პალატისა და ჩინური კომპანიებისგან გადაეცა. ფესტივალში სულ 18 ჩინური კომპანია იღებდა მონაწილეობას. საქართველოში ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ მის სამშობლოში ნერგების დარგვის დღეს ყოველწლიურად, 12 მარტს აღნიშნავენ და უკვე მეორე წელია, რაც ეს ღონისძიება თბილისშიც იმართება.

„ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შარშან, 12 მარტს, ჩინეთ–საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად ჩავატარეთ ნერგების პირველი ფესტივალი და დედაქალაქს ფიჭვის 112 ნერგი ვაჩუქეთ. რამდენიმე დღის წინ, საქმიანობის 100 დღის შეჯამებისას, თბილისის მერმა კახა კალაძემ ხაზი გაუსვა თბილისის გამწვანების მნიშვნელობას.

ამდენად, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად წელსაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში. ჩინური ანდაზის მიხედვით, წინაპრების მიერ დარგული ხეების ჩრდილს მომავალი თაობები ეფარებიან. იმედი მაქვს, რომ ეს ხეები კიდევ უფრო გაალამაზებს თბილისს და ჩინურ-ქართული მარადიული ურთიერთობების სიმბოლო იქნება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

გამწავანების აქციის საინფორმაციო მხარდამჭერა უზრუნველყვეს რადიოებმა „შოკოლადი“, „JAKO FM” და “LIFE FM”, ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული ჟურნალი „National Geographic საქართველო“. თბილისის მერიის წარმომადგენელმა გიგა გიგაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის საელჩოს, GBTIMES Georgia–ს, გარემოს დაცვის სამინისტროს ფესტივალში აქტიური მონაწილეობისთვის.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, თორნიკე გვაზავას თქმით, იგი მოხარულია, რომ მეორედ იღებს მონაწილეობას თბილისის გამწვანების აქციაში და ეროვნული სატყეო სააგენტო მზად არის, მომავალშიც დადგეს ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც გარემოზე ზრუნვის შესანიშნავ მაგალითს იძლევა. ნერგების ფესტივალი-2018 ვარკეთილის სკვერში ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტით დასრულდა.   

ვასო კაპანაძე

თბილისში ნერგების ფესტივალი გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 11 მარტი 2018 16:22

12 მარტს თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება. გამწვანების აქცია 11:00- საათზე, ვარკეთილში (ვარკეთილის 3, მე-4 მიკრორაიონი. სესილია თაყაიშვილის ქუჩა. სკვერი) დაიწყება.

ფესტივალი,  GBTIMES Georgia-სა და ჩინეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ა.შ.

გამწვანების აქციის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიების ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის გასართობ/შემეცნებითი აქტივობა, მათ შორის, GBTIMES Georgia-ს წევრი მედია საშუალებების (რადიო შოკოლადი, JAKO FM, LIFE FM) პირდაპირი მაუწყებლობა, მედია ჰოლდინგის პარტნიორი ჟურნალის - National Geographic საქართველოს მოკლე ლექცია ტყის მოვლის და დაცვის შესახებ, ცნობილი ადამიანების ჩართულობა აქციაში, სერთიფიკატების და სპეციალური ჯილდოების გადაცემა და ა.შ.  

GBTIMES Georgia-ს შესახებ.

მედია-ჰოლდინგი GBTIMES Georgia წარმოადგენს ხიდს ჩინეთსა და საქართველოს შორის, არის კულტურათაშორის კავშირის და ინტერაქტიული კომუნიკაციის წყარო.

GBTIMES Georgia ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების 

ექსკლუზიური პარტნიორი და ორგანიზატორია.

თბილისში ჩინური ახალი წლის დადგომა საზეიმოდ აღინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 22 იანვარი 2018 12:28

თბილისში, სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოში მოღვაწე ჩინელებმა და ქართველმა მეგობრებმა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს ჩინური ახალი წლის დადგომა

„დღეს ჩინური ახალი წელია. საქართველოში მცხოვრები ჩინელები აქ, სასტუმრო „ჰუალინგში“ აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს. მინდა ყველას მივულოცო. ჩინეთსა და საქართველოს შორის დიდი ხნის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები არსებობს. ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვაწერეთ ხელი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ. 

აღსანიშნავია, რომ 4716 (2018) წლის დადგომას ჩინელები 16 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით აღნიშნავენ, თუმცა, 21 იანვარს საქართველოში მოღვაწე ჩინელებმა ახალი წელი ოფიციალური ღონისძიებით, დრაკონის და ლომის ცეკვებით იზეიმეს. ჩინური ახალი წელი ცნობილია, როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი. ის დღესასწაულთა მთელ სერიას მოიცავს.

„ეს გაზაფხულის დადგომის ფესტივალია, რომელიც დღეს დაიწყება და 7 დღე გაგრძელდება. ამ ღონისძებით ჩვენ შევეცდებით გავუზიაროთ ჩვენი ტრადიციები ქართველ მეგობრებს. როგორც იცით, ოფიციალურად 16 თებერვალს ვზაიმობთ ახალი წლის დადგომას, თუმცა, საქართველოშიც ტრადიციისამებრ ავღნიშნავთ ახალ წელს. ვინაიდან საქართველოში მოღვაწე ჩინელები სამშობლოში მიემგზავრებიან ახალი წლის ახსანიშნავად, გადავწყვიტეთ დღეს აგვეღნიშნა ჩინური ახალი წლის დადგომა საქართველოში“, - აღნიშნა საღამოს ორგანიზატორმა, სტივ იუმ.

საზეიმო ღონისძიების შემდეგ სტუმრებისთვის ოფიციალური საახალწლო ვახშამიც გაიმართა. ღონისძიებას ჩინელი ბიზნესმენები, ჩინეთის ელჩი საქართველოში, ძი იანჩი, დიპლომატები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნოემბერში საქართველო "აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 ივნისი 2017 16:23

28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის დეტალები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის ძირითად თემას  საქართველოში დაგეგმილი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და მისი მოსამზადებელი სამუშოები წარმოადგენდა.

ჩინეთის ელჩთან საუბრისას, გიორგი გახარიამ, ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა, რომელიც „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პეკინში ვიზიტის დროს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ელჩთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთახმება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაბზე გადაიყვანს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ვიზიტის დროს მინისტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვედრა გაიმართა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინური მხარე თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვას მხარს დაუჭერს.

"აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ გაიმართება, რომელიც ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და  გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

"ბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში პირველად  2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.

თბილისში ჩატარდა მეორე სიმპოზიუმი "საქართველო და ერთი სარტყელი, ერთი გზა"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2017 06:33

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში 24 იანვარს ჩატარდა მეორე სიმპოზიუმი "საქართველო და ერთი სარტყელი, ერთი გზა".
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა: საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა და გაღრმავება. სიმპოზიუმზე განიხილეს ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ტენდენციები, გამოცდილების გაცვლა; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ახალი სტრატეგიული გეგმის ქვეშ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები.
სიმპოზიუმს დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იენჩი. ასევე მასში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ექსპერტები ეკონომიკის დარგში, ს.ს. საპარტნიორო ფონდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, საქართველოში მოღვაწე მსხვილი ჩინური კორპორაციები, ჩინელი და ქართველი ექსპერტები ეკონომიკის დარგში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.
სპეციალური მოწვევით სიმპოზიუმს დაესწრო ლანჭოუს უნივერსიტეტის პროფესორი ვანგ სიაოვენი, რომელიც 24 იანვარს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური