“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული ცნობილია

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 10:08

დღეს, 12 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობდა 6 სტუდენტი, რომლებიც პირველ ნაწილში საზოგადოების წინაშე ჩინურ ენაზე სიტყვით წარსდგნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოავლინეს ცოდნა ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, მეორე ნაწილში კი წარადგინეს მხატვრული ნომრები.

“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლილიკო მოწონელიძე გახდა, ის გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე და წარადგენს საქართველოს.

მეორე ადგილი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ფაცურიამ დაიკავა, რომელიც გაემგზავრება გულშემატკივართა 2 კვირიან ბანაკში ჩინეთში და დაესწრება ფინალურ კონკურსს.

მესამე ადგილის მფლობელი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, შოთა გაფრინდაშვილი გახდა.

კონკურსის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იეროგლიფების კონკურსის პირველი ადგილი თბილისი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანი მაჩაიძემ მოიპოვა.

კონკურსს ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს მრჩეველი წუო ხუნგპო და სხვა წარმომადგენლები.

შეგახსენებთ რომ “ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჩინური ენისა და კულტურის მცოდნე საუკეთესო სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ფინალი იმართება ჩინეთში, სადაც საუკეთესო მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

 

 

ფოტოკონკურსი „მრავალფეროვანი ჩინეთი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 10:52

ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საელჩო საქართველოში და მულტიმედია ჯგუფი 4U წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს თემაზე „მრავალფეროვანი ჩინეთი“.

"მრავალფეროვანი ჩინეთი" ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული ნამუშევრები ჩინეთის შესახებ.

კონკურსი შედგება 5 კატეგორიისაგან და მას პროფესიონალი ფოტოგრაფები, ცნობადი პერსონები და ჩინეთის სახალწლო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ძი იანჩი შეაფასებენ. 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Huawei-ს ფირმის მობილური ტელეფონებით და აქსესუარებით. 

საუკეთესო ფოტოს ავტორს გადაეცემა მთავარი პრიზი - 2 ბილეთი ჩინეთში, ულამაზეს ქალაქ ხანჭოუში.

კონკურსის ვადები: 

პირველი ეტაპი: 25.01.2019 - 15.02.2019. ნამუშევრების მიღება.

მეორე ეტაპი: 15.02.2019 - 18.02.2019. ჟიურის წევრების მიერ საუკეთესო ნამუშევრების შერჩევა.

მესამე ეტაპი: 19.02.2019. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი.

ფოტოკონკურსის დეტალურად გასაცნობათ, ეწვიეთ ვებგვერდს.

კონკურსი ორგანიზებულია „4U მულტიმედია ჯგუფის“ მიერ და ტარდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს“ ინიციატივით.

 

4U წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, „შოკოლადიდა ქმნის საინტერესო და აქტუალურ კონტენტს პლატფორმისთვის 4U.ge.

სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 10:47

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა. ასევე, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ბუენოს-აირესში G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა ავრცელებს.

ესპანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში 27-29 ნოემბერს სი ძინფინგი შეხვდება ესპანეთის მეფეს ფილიპე VI-ს, გამართავს მოლაპარაკებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და ერთობლივ შეხვედრას ესპანეთს პარლამენტის სენატის სპიკერთან პიო გარსია ესკუდეროსთან და ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესის სპიკერთან ანა პასტორ ხულიანთან. ჩინეთის ლიდერი პარლამენტის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვან ჩაომ განაცხადა. ჩინეთი და ესპანეთი გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მესამე ბაზრები, მომსახურებით ვაჭრობა, გადასახადები, კულტურა, მეცნიერება, ტექნოლოგიები და ფინანსები.

ვან ჩაომ აღნიშნა, რომ 4-5 დეკემბერს სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით პორტუგალიას ეწვევა. ჩინეთის ლიდერი გამართავს მოლაპარაკებას პორტუგალიის პრეზიდენტთან მარსელუ რიბერუ დი სოზასთან და შეხვდება პორტუგალიის პარლამენტის სპიკერს ედუარდუ ფერრუ როდრიგეშს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს ანტონიუ კოშტას. მხარეები გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, წყლის რესურსების გამოყენება, ხარისხის კონტროლი, ენერგეტიკა და ფინანსები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგის ვიზიტები არგენტინაში და პანამაში 2-3 დეკემბერს შედგება.

ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგი გამართავს მოლაპარაკებას პანამის პრეზიდენტთან ხუან კარლოს ვარენასთან, რათა გაცვალოს აზრები ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე და დასახოს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. მხარეები მოაწერენ ხელს დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, მომსახურებით ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენები, საზღვაო გადაზიდვები, ფინანსები, ხარისხის კონტროლი, კულტურა და განათლება.

სი ძინფინგის მონაწილეობა G20-ის მეცამეტე სამიტში რიგით მეექვსე იქნება. ეს მოწმობს იმას, რომ G20-ის მექანიზმს ჩინეთი დიდ ყურადღებას უთმობს და აპირებს საკუთარი წვლილის შეტანას გლობალური მართვის განვითარებაში, დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ჯან ძიუნმა.

სამიტი მოიცავს სამ სესიას და დახურულ შეხვედრას, რომელზეც მოხდება ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა გლობალური ეკონომიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები, ელექტრონული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, ინფრასტრუქტურა და კლიმატური ცვლილებები, აღნიშნა ჩინოვნიკმა. სი ძინფინგი გააცნობს შეხვედრის მონაწილეებს ჩინეთის პოზიციას აღნიშნულ თემებზე. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაში.

G20-ის სამიტის მზადების კომენტირებისას, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ძოუ ძიაიმ აღნიშნა, რომ ფინანსების და ეკონომიკის საკითხებზე G20-ის მაღალი თანამდებობის პირებს შორის წელს გამართულმა შეხვედრების სერიამ ხელი შეუწყო კონსენსუსის და სასიკეთო შედეგების მიღწევას. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა. ჩინეთმა, როგორც G20-ის მნიშვნელოვანმა წევრმა, მხარეებისთვის საინტერესო საკითხებში კონსენსუსის მიღწევაში კონსტრუქციული როლი ითამაშა.

როგორც ჩინეთის სახალხო ბანკის დირექტორის მოადგილემ ჩენ იუილუმ დასძინა, ჩინეთს აქვს იმის მოლოდინი, რომ G20 ხელს შეუწყობს კოორდინაციის განვითარებას მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ფინანსების სისტემის და ეკონომიკური ზრდის განვითარებას. როგორც მოსალოდნელია, სამიტზე პრაქტიკული ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები იქნება მიღწეული.

დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018 11:36

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ძი იენჩისთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო პოლიტიკური და ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების დიდ მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს მონაწილეობას ა.წ. 30-31 აგვისტოს ჩინეთის ქ. ურუმჩიში დაგეგმილ ჩინეთ-ევრაზიის გამოფენაში და ა.წ. 5-10 ნოემბერს ჩინეთის ქ. შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ურყევი პოზიციის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარის ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი. 

ძი იენჩიმ დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.

საქართველო მონაწილეობას მიიღებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 აპრილი 2018 16:53

ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

„შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

თბილისში ნერგების ფესტივალი გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 11 მარტი 2018 16:22

12 მარტს თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება. გამწვანების აქცია 11:00- საათზე, ვარკეთილში (ვარკეთილის 3, მე-4 მიკრორაიონი. სესილია თაყაიშვილის ქუჩა. სკვერი) დაიწყება.

ფესტივალი,  GBTIMES Georgia-სა და ჩინეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ა.შ.

გამწვანების აქციის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიების ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის გასართობ/შემეცნებითი აქტივობა, მათ შორის, GBTIMES Georgia-ს წევრი მედია საშუალებების (რადიო შოკოლადი, JAKO FM, LIFE FM) პირდაპირი მაუწყებლობა, მედია ჰოლდინგის პარტნიორი ჟურნალის - National Geographic საქართველოს მოკლე ლექცია ტყის მოვლის და დაცვის შესახებ, ცნობილი ადამიანების ჩართულობა აქციაში, სერთიფიკატების და სპეციალური ჯილდოების გადაცემა და ა.შ.  

GBTIMES Georgia-ს შესახებ.

მედია-ჰოლდინგი GBTIMES Georgia წარმოადგენს ხიდს ჩინეთსა და საქართველოს შორის, არის კულტურათაშორის კავშირის და ინტერაქტიული კომუნიკაციის წყარო.

GBTIMES Georgia ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების 

ექსკლუზიური პარტნიორი და ორგანიზატორია.

ონლაინ კონკურსის „ჩინეთის ექსპერტი 2017“ დაჯილდოების ცერემონიალი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 18 ნოემბერი 2017 17:01

"ჩინეთის ექსპერტი 2017"-ის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება19 ნოემბერს, თბილისში სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ძი იენჩი და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიება საზეიმო ხასიათის იქნება და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ნომრებს წარუდგენს.

“ჩინეთის ექსპერტი 2017" ონლაინ კონკურსში გამარჯვებულ საქართველოს მოქალაქეს საჩუქრად გადაეცემა ჩინეთში საგზური, რომლის ხარჯებიც მთლიანად იქნება დაფარული. ამასთან, ონლაინ კონკურსის მონაწილეთა პირველ ოცეულს ელის სასიამოვნო საჩუქრები.

ქართულ-ჩინურმა მედია პლატფორმამ „სინომედია“ 11 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა ონლაინ კონკურსი "ჩინეთის ექსპერტი 2017". კონკურსში მონაწილეობა მიიღო 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ სხვადასხვა კუთხიდან. აღსანიშნავია, რომ კონკურსი იყო ქართულენოვანი და მონაწილეებს არ მოეთხოვებოდათ ჩინური ენის ცოდნა.

აღნიშნული კონკურსის ორგანიზებაში სინომედიასთან ერთად საქართველოს სინოლოგთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო. "ჩინეთის ექსპერტი 2017" მიეძღვნა საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.

სინომედია არის პირველი საინფორმაციო სააგენტო საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს ჩინეთის წამყვან საინფორმაციო სააგენტოებთან და ორიენტირებულია უშუალოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაშუქებაზე, აშუქებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ, ეკონომიკურ, კულტურულსა და სხვა სახის ურთიერთობებს, ასევე ორი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას სამ ენაზე: ჩინურად საქართველოზე და ქართულად ჩინეთზე, ინგლისურ ენაზე კი ორივე ქვეყნის შესახებ. ამასთან, მედია პლატფორმის მიზანია ხალხთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება და კულტურათა ურთიერთგაცვლა, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო აქტიურად არის ჩართული ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიერ წამოჭრილ მსოფლიო მასშტაბის პროექტში „სარტყელი და გზა“, იგივე „ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელი“.

 

სი ძინპინი მოუწოდებს სოციალიზმის შემდგომი განვითარებისაკენ ჩინური ახალი ეპოქის სპეციფიკიდან გამომდინარე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 18:19

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ხუთშაბათს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის დელეგატებს და ქვეყნის სხვადასხვა ერების წარმომადგენლებს მოუწოდა კიდევ უფრო განვითარონ სოციალიზმი ჩინური ახალი ეპოქის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

ეს მოწოდება გაჟღერდა სი ძინპინთან დისკუსიის დროს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის დელეგატებთან, რომლებიც ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუს წარმოადგენენ.

შეაფასა რა პროვინცია გუიჩჟოუს განვითარება გასული 5 წლის განმავლობაში, სი ძინპინმა განაცხადა, რომ  ჩინური სპეციპფიკის სოციალიზმი დღეისათვის სრულიად ახალ ეპოქაში შევიდა და ამიერიდან ჩინეთის განვითარების ისტორიაში ეს ეტაპი სრულიად ახალ ადგილს დაიკავებს.

„ჩვენ ახალი ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად უნდა დავხვეწოთ განვითარების სტრატეგია და სხვადასხვა პოლიტიკური დადგენილებები. ასევე დიდი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ პრობლემების მოსაგვარებლად და გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის მოსახლეობის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, ყოველმხრივი შიდაპარტიული მმართველობა წარმოადგენს ფუნდამენტალურ და გარანტირებულ შესაძლებლობას ჩინეთის „ნაციის“ დიდი აღზევებისთვის.

„პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებმა უნდა დაიცვან ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაღალი ავტორიტეტი და მხარი უნდა დაუჭირონ ქვეყნის ერთიან, ცენტრალიზირებულ ხელისუფლებას“, - დასძინა სი ძინპინმა.

პეკინში გაიმართა ჩინეთის კომპარტიის მე-19 ყრილობის პრეზიდიუმის მეორე სხდომა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017 19:14

20 ნოემბერს პეკინში, სახალხო სხდომათა დარბაზში გაიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის პრეზიდიუმის მეორე სხდომა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დელეგატებისთვის დაერიგებინათ გასაცნობად ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მოხსენების პროექტი მე-18 მოწვევის სესიასთან და ჩინეთის კომუნისტური პარტიის წესდებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

დელეგატებს ასევე გადაეცათ განსახილველად ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის და ცენტრალური კომისიის მე-19 მოწვევის შემადგენლობაში შესაყვანი კანდიდატების სია.

დღევანდელი სამუშაო დღის დასასრულს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის დელეგატებმა დაამტკიცეს ყრილობაზე ასარჩევი დეპუტატების წესი.

18 ოქტომბერს ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 17:25

18 ოქტომბერს ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიმართება და მასში მონაწილეობის მისაღებად პეკინში 38-ივე დელეგაცია სრული შემადგენლობით ჩავიდა. ამის შესახებ უდიდესი ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

ეს დელეგაციები წარმოადგენენ 31 ადმინისტრაციულ ერთეულს პროვინციების დონეზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უწყებებს, ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებს, ცენტრალურ ფინანსურ სისტემას, შეიარაღებულ პოლიციას, აგრეთვე ტაივანური წარმოშობის  ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს.

2200- ზე მეტი დელეგატი, რომლებიც არჩეულია  89 მილიონი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის მუშაობაში.

დელეგატები ყრილობაზე განიხილავენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-18 მოწვევის მოხსენებას, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომისიის ანგარიშს დისციპლინასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წესდებაში შესატან ცვლილებებს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობაზე ასევე მოსალოდნელია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალი ხელმძღვანელობის წარდგენა და სახელმწიფოს განვითარების შემდგომი 5 წლიანი გეგმის შემუშავება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური