ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და რეკორდსმენია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017 16:25

ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მძიმე წონოსანმა ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. 

ტალახაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა, ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 220 კგ. იყო, რაც ასევე ახალი მსოფლიო რეკორდია ამ დისციპლინაში, აკვრაში კი ტალახაძემ 257 კგ. დაიმორჩილა, რაც მსოფლიო ჩემპიონობისთვის და ასევე ორჭიდის ახალი რეკორდის დასამყარებლად საკმარისი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ლაშა ტალახაძესთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) მოიპოვა, შოთა მიშველძე (62 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მცირე მედლების (ატაცი, აკვრა) ჩათვლით, საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა.

ქართველი ძალოსნები მწვრთნელებთან და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში 9 დეკემბერს 01:20 წუთზე ჩამოფრინდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში
ანაჰაიმი (აშშ) 6 დეკემბერი

კაცები

+105 კგ

1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) 477 კგ (220+257)
2. საიდ ალიჰოსეინი (ირანი) 454 კგ (203+251)
3. ბეჰდად სალიმი კორდასიაბი (ირანი) 453 კგ (211+242)

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 10 ივლისი 2017 16:40

საფეხბურთო კლუბი “PSP” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წწ. სეზონის სუპერლიგა A-ს გათამაშების ჩემპიონია. PSP-მ გადამწყვეტ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ვარსკვლავური შემადგენლობით“ დაკომპლექტებული გუნდი (კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი, დემეტრაძე,კვარაცხელია, ამისულაშვილი...) ანგარიშით 7:2 დაამარცხა და ლიგის უმთავრესს ტიტულს მეორედ დაუფლა.

PSP-ს ფეხბურთელები სეზონის გამორჩეულ მოთამაშეთა შორისაც მოხვდნენ: საუკეთესო უნივერსალის პრიზი ნიკოლოზ კურტანიძეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელად კი გიორგი აფციაური დასახელდა. სეზონის ორიგინალური პრიზი - საუკეთესო მენეჯერის წოდება PSP-ს გუნდის მენეჯერმა კოტე ჯავახიშვილმა მიიღო. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე გახდა, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, სფფ-ს ლიდერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი დასახელდა.

ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი გამარჯვებულ გუნდს სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ გადასცეს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში PSP-ს გუნდის მონაწილეობა უკვე მეცხრე სეზონს ითვლის. სადებიუტო წარმატებას გუნდმა 2014-15 წწ. სეზონში მიაღწია, როდესაც სუპერლიგა A-ს ჩემპიონობა პირველად იზეიმა და ამ წარმატებას მომდევნო 2015-16 წწ. სეზონის სტარტზე სუპერთასის მოგებაც მიაყოლა. PSP-ს გუნდმა მოიგო 2014 წელს საქართველოს ჩემპიონატი სამოყვარულო მინი-ფეხბურთში, რომლის ფინალური ეტაპი ქ. ბათუმში გაიმართა.

“იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო საჭიროა გუნდურობა, გუნდში უნდა იყო და მათი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე; ცხრა წელია PSP-ს გუნდი არსებობს და ერთი განწყობით ვუდგებით ყველა ჩემპიონატს. წლევანდელი გათამაშება კი იყო განსაკუთრებული, განსხვავებული, კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ. ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან ტიტულოვან ფეხბურთელებს, ჩვენი გუნდის მეტოქეები იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს, ის ფეხბურთელები რომელთა საგულშემატკივროდ დავდიოდით მოედანზე და კალას, იაშკას, კობის  და სხვების სახელებს გავიძახოდით. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ახალი განწყობით და შემართებით დავიწყებთ ფიქრს ახალ სეზონზე"- განაცხადა PSP-ს გუნდის მენეჯერმა კოტე ჯავახიშვილმა.  

გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017 12:26

გივი მაჭარაშვილი გერმანულ ევროპირველობაზე ახალგაზრდებს შორის ვერცხლის პრიზიორის რანგში ჩავიდა. ამჯერად კი პირველიდან ბოლო შეხვედრამდე ბრწყინვალედ იჭიდავა და უმაღლეს ტიტულსაც  დაეუფლა.
დორტმუნდში, ფინალის გზაზე მაჭარაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიცილა: ბერძენი დიმიტრიოს აკრიტიდისიორწუთნახევარში აშკარა უპირატესობით (14:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი დაამარცხა (14:5).
დღესვე, საქართველოს სახელით ევროპირველობაზე ედემ ბოლქვაძე (60 კგ) და ნიკა კენჭაძეც (74 კგ) ჩაებნენ და ორივემ მედალი მოიპოვა.
კენჭაძე ევროპირველობის მეორე საფეხურზე ავიდა, ბოლქვაძემ კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. შედეგად, ქართული გუნდის პირველი დღის მონაგარი სამივე სინჯის თითო მედალია.
ხვალ დორტმუნდში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: თეიმურაზ ვანიშვილი (55 კგ), მირზა სხულუხია (66 კგ), ზაურ ბერაძე (84 კგ) და ზურაბ ურთაშვილი (120 კგ).

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 11:56

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა. -57კგ წონით კატეგორიაში მან ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც იტალიელი ნიკოლე დისანტო დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანი შარშან ამავე წონაში თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა სოფიო სომხიშვილმა (+70კგ). ბოლო ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ გიორგი ჩიქოვანი (-90კგ) და ნიკა დონღვანი (+90კგ).

 

ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 22:25

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალური დაპირისპირება იაპონიის ახალგაზრდულ ნაკრებთან 0:5 დათმეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ტრავმის მიზეზით ვერ იჭიდავეს ნაკრების ლიდერებმა ბექა ღვინიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა, რომელთა არყოფნა ოქროს მედლისათვის დაპირისპირებაში გუნდს განსაკუთრებულად დაეტყო.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ეგვიპტე, ხოლო მეოთხედფინალში ბელარუსი დაამარცხა. გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატში სულ 14 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
ჯამში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრების მონაგარი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაო მედალია. 
ინდივიდუალურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გახდა, ვერცხლის პრიზიორები თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) გახდნენ, ბრინჯაო კი ირაკლი კუპატაძემ (55 კგ) მოიპოვა.

ჩემპიონ მოჭადრაკეებს სპორტის მინისტრმა უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 10:00

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში, ჩემპიონის ტიტული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა "ნონამ" მოიპოვა. 

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ,  საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ნაკრების წევრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, 26 ოქტომბერს სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტიზურაბ აზმაიფარაშვილი და საჭადრაკო ოლიმპიადებისა და მსოფლიო ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ.

ქართველმა მოჭადრაკეებმა შვეიცარიული სისტემით გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც 12 კლუბი მონაწილეობდა, 7 ტურში ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს და ქულათა მაქსიმუმი - 14 ქულა მოაგროვეს.

ბოლო, მე-7 ტურში "ნონამ" ბელარუსის კლუბი "ბოსა ნოვა" 3:1 დაამარცხა, მანამდე კი ქართველმა ქალებმა იტალიის, რუსეთის (3), მაკედონიისა და ჰოლანდიის კლუბები დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი მაკედონიის გუნდმა "გამბიტმა" დაიკავა, მე-3 ადგილზე კი რუსეთის წარმომადგენელი "უგრა" გავიდა.

აღსანიშნავია, რომ "ნონა" ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ამ გამარჯვებით, ჩვენმა "ოქროს" გუნდმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო, თუ მსოფლიო ჩემპიონატში მოგებულ შეხვედებსაც გავითვალისწინებთ. 

"ნონა" ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა - ბელა ხოტენაშვილი, ნინობაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და მირანდა მიქაძე (მწვრთნელი - დავით ჯოჯუა,კაპიტანი - მარიკა ჯაფარიძე).

საქართველო-გერმანია:დღეს ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრას გამართავენ

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 11 ოქტომბერი 2015 16:08

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი სტუმრად, ქალაქ ლეიფციგში გერმანიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება და პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. 
გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა.  ცხადაძე არნემის "ვიტესის კაპიტან, გურამ კაშიასთან ერთად მივიდა. ცხადაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონებთან რთული მატჩი ელის, თუმცა ამის მიუხედავად მისი გუნდი სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
"სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალინდელი მატჩი გერმანიის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონებთან და იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიამ ბოლო თამაში წააგო, მძიმე მატჩი გველის. ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე გერმანიის ნაკრები, რადგან ჩემი ფეხბურთელები წნეხის გარეშე ითამაშებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, შედარება გავაკეთოთ იმ მატჩთან, რომელიც მარტში გერმანიის ნაკრებთან წავაგეთ. მაინტერესებს, რა მდგომარეობაში ვართ ახლა, იგივე დონის გუნდთან. ვეცდებით, ხვალინდელ მატჩში დადებით შედეგზე ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, შანსი ყველა გუნდს აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მძიმე მატჩი გველის, მაგრამ თუ სწორად ვითამაშებთ, შანსი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს წინა მატჩში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, ირლანდიის ნაკრებმა აჩვენა, რომ სწორი თამაშის ხარჯზე წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ეს ფეხბურთია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.

ესპანეთი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 11:27

ესპანეთი კალათბურთში ევროპის ჩემპიონია. სერჟიო სკორიოლოს გაწვრთნილმა ნაკრებმა ფინალურ მატჩში ლიტვას სძლია და კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტულს დაეპატრონა.  ესპანელებმა საჩემპიონო მატჩში ლიტვა უშანსოდ 80:63 დაამარცხეს. ბალტიისპირელები მთელი მატჩის განამვლობაში მდევრის როლში იყვნენ და თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაუ გასოლი გახლდათ (25 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი). რაც შეეხებათ ლიტველებს, 13-13 ქულით კალნიეტისი და სეიბუტისი გამოირჩნენ.

არსებობის ისტორიაში ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი მე-3 მოიგო და ამ მაჩვენებლით ლიტველებს გაუთანაბრდნენ. ბალტიისპირლეები, როგორც 2013 წლის ევრობასკეტზე წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზეც ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე ესპანელი ცენტრი პაუ გასოლი გახდა. რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საოცრად ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონობა სწორედ მან განაპირობა. გამოსარჩევია ნახევაფრინალურ მატჩი, ესპანეთი –საფრანგეთი 80:75, სადაც გასოლმა 40 ქულა ჩააგდო. პაუ ტურნირს მანძილზე საშუალოდ ერთ მატჩში 25.6 ქულას, 8.8 მოხსნას და 2.9 პასს აკეთებდა.

დასახელდა ევრობასკეტის სიმბოლური ხუთეული, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ნანადო დეკოლო (საფრანგეთი), სერხიო როდრიგესი (ესპანეთი), პაუგასოლი (ესპანეთი), იონას მაჩიულისი (ლიტვა), იონას ვალანჩუნასი (ლიტვა)

ესპანეთი – ლიტვა 80:63 
19:8, 22:25, 19:10, 20:20
 

ესპანეთი: გასოლი (25 ქ. 12 მ. 4 პ.), ლული (12 ქ. 6 მ. 5 პ.), ფერნანდესი (11 ქ.), მიროტიჩი (8 ქ.), რეიესი (8 ქ.), კლავერი (7 ქ.), რიბასი (5 ქ.), როდრიგესი (4 ქ.)

ლიტვა: კალნიეტისი (13 ქ.), სეიბუტისი (13 ქ.), ვალანჩუნასი (10 ქ. 9 მ.), მაჩიულისი (8 ქ.), კუზმინსკასი (8 ქ.), იანკუნასი (3 ქ.), მილაკნისი (3 ქ.), გაილიუსი (1 ქ.)

 

ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი - ევროპის ჩემპიონები ახალგაზრდებს შორის

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 20 სექტემბერი 2015 10:57

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული შედეგით - 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თამაზ კირაკოზაშვილის (73 კგ) წარმატების შემდეგ, ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100) მოიპოვეს.

ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 19 წლის ძიუდოისტმა, რომელიც უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, ობერვარტში ოქროს გზაზე ხუთი მეტოქე ჩამოიშორა და ხუთივე იპონით, თან ისე, რომ არც ერთთან უმცირესშეფასებიანი ქულაც კი არ დაუკარგავს. ფინალურ შეხვედრაში ღვინიაშვილმა გერმანელი დავიდ ტეკიჩი დაამარცხა.

ასევე ეფექტურად იჭიდავა გურამ თუშიშვილმაც, რომელმაც ასევე 5 შეხვედრა მოიგო და ხუთივე იპონით. ფინალურ დაპირისპირებაში ახალგაზრდა ქართველმა ძუდოისტმა, რომელიც ამჯერად მძიმე წონაში გამოვიდა, რუსეთის წარმომადგენელ რუსლან შახბაზოვს სძლია. თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის მეორედ გახდა. პირველ წარმატებას მან 2013 წელს მიაღწია 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

20 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეა - ობერვარტში ევროპის გუნდური პირველობა გაიმართება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები  ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდება.

 

 

ადამ ოქრუაშვილი ევროპის პირველი თამაშების და კონტინენტის 2015 წლის ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 28 ივნისი 2015 15:03

ბაქოს ევროპის თამაშებზე ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა ოქრო მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა საჩემპიონო ბრძოლაში ებრაელი ორ სასონი 2 წუთსა და 40 წამში შებოჭა და ბაქო 2015-ის ოქროს მედალთან ერთად ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ოქროსაც დაეუფლა. ამასთან, პირადი რეიტინგი ოქრუაშვილმა 400 ქულით გაიუმჯობესა.

ფინალამდე ოქრუაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა. შეჯიბრებაში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და პოლონელი მაციეჟ სარნაცკი მე-5 წუთზე დასცა ბეჭებზე. მეოთხედფინალში წილისყრამ თანაგუნდელ ლევან მატიაშვილის დაუპირისპირა და ქართული ბრძოლის ბედი ერთმა იუკომ გადაწყვიტა. ფინალის საგზური კი ადამმა ლიტველი მარიუს პასკევიჩუსის იპონით ძლევით მოიპოვა.

დღესვე, ევროკონკურენციაში სულ 4 ქართველი ჩაერთო და დილის პროგრამა ჩვენმა ნაკრებმა მაქსიმალური შედეგით დაასრულა - ორი ფინალში გავიდა, ორიც რეპეშაჟის ფინალში. გულდასაწყვეტი მხოლოდ ის იყო, რომ 90 და +100 კილოგრამებში საქართველოს ნაკრების წევრები სატურნირო ბადეში ერთ მხარეს მოხვდნენ.

ოქრუაშვილისა და მატიაშვილის დაპირისპირება მეოთხედფინალში შედგა. ვარლამ ლიპარტელიანისა და ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) გზები კი ნახევარფინალში გადაიკვეთა და ლიპარტელიანმა ორი ვაზარით იმარჯვა. ამ შეხვედრის შედეგით ევროპის 2-გზის (2012 2014) ჩემპიონმა ზედიზედ მე-7 ევროპირველობის მედალი გაინაღდა, რაც თანამედროვე ძიუდოში სარეკორდო მაჩვენებელია. მესამედ გაჩემპიონებამდე კი ლიპარტელიანს რუსი კირილ დენისოვის ძლევა დააკლდა. ამ უკანასკნელმა დაუსრულებელი შებოჭვით მოპოვებული იუკოთი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თამაშებზე 2-2 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები სულ 5 წონით კატეგორიაში გამოვიდნენ და ხუთივეში საპრიზო სამეულში მოხვდნენ.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური