სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 მაისი 2018 10:54

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტული სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა. 

აეროპორტში, კორეელი ტურისტების დახვედრის ცერემონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობდნენ. მათ კორეელ სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საბაჟო კონტროლის გავლისას სიმბოლური ღვინის ბოთლები გადასცეს.

„საქართველო და კორეის რესპუბლიკა წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე. აღნიშნული რეისების განხორციელება გაზრდის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“ განაცხადა გიორგი შარვაშიძემ დახვედრის ცერემონიის შემდეგ.

კორეა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები 24 და 31 მაისს განხორციელდება და ჯამში საქართველოს 600-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეისების განხორციელება საფუძველს ჩაუყრის კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სამომავლოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდას და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ბიზნეს წრეების დაახლოებასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.37%-ით არის გაზრდილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 10:41

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 2 129 121 მგზავრი, რაც 48.37%-ით (694 153 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 434 968 მგზავრი). 2015 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 81.89%-ს (958 577 მგზავრით მეტი) შეადგენს.
 
მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

  • 2017 წლის 7 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 503 636  მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 1 658 366 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 154 730 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 43,62% შეადგინა;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი;
  • გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 233 992 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 52.32% ით (80 369 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი). 

 
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში 3 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 199 მგზავრით, შესაბამისად 122.92%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 7 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (1 789). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე 802 მგზავრს მოემსახურა.
 
მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 299-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 11 218, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 056, ხოლო ჩარტერების 2 162. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.66%-ს შეადგენს.
 
15.25%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 7 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 69 863,  მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 80 514 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
 
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 19 715.983 ტონა შეადგინა, რაც 4 832.60 ტონით, შესაბამისად 32.47%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 46,96%-ით გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 224 010 მგზავრი, რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი). 

ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

  •  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 5 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 005 605 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 703 405 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 42,96% შეადგინა;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 5 თვეში აეროპორტი მოემსახურა 54 432 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 143 546 მგზავრი შეადგინა;
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი  მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 72 516 მგზავრს მოემსახურა, რაც 33,22%-ით (18 084 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული 5 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს:

მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 2 343 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 145 მგზავრით, შესაბამისად 95,58%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 5 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 

ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე 324 მგზავრს მოემსახურა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი (5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული), რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 53 567  ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად - 48,47%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური