ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 11:10

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018 17:59

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 15:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური  ანგარიში წარუდგინა. ანგარიში  საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ წელს. გვინდა ეს ყველაფერი გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენს ანგარიშში მოცემულია ის ღონისძიებები და ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას საარჩევნო პროცედურებში და რომლებმაც ძალიან წარმატებით  იმუშავა  საპილოტე რეჟიმში.  საბოლოო ჯამში დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენს მზაობას არჩევნების ჩასატარებლად და  ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს, არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანიამ ისაუბრა ქცევის კოდექსზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად 31 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი და შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება უსაფრთხო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ცესკოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე; დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ცესკოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ერთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.

2017 წელს ცესკომ და სწავლების ცენტრმა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის განახორციელეს 6 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 000-ზე მეტმა პირმა. აღსანიშნავია, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ სასწავლო პროექტების „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ კურსდამთავრებულები; ისინი, ასევე, მოხალისეებად ჩაერთნენ ცესკოს ახალი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განხორციელებაში.

მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემებისა და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადამოწმების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა პროექტის მეორე ეტაპი „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 166 აქცია გაიმართა, მათ შორის 20 – თბილისში. ინფორმირების შედეგად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმებისთვის ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით 27 სექტემბრის მდგომარეობით ისარგებლა – 319 079-მა ამომრჩეველმა.

საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგი არ აქვს. პარტიების ნაწილმა წარმომადგენელი ყველა დონის კომისიაში ელექტრონული წესით უკვე დანიშნა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

 

 

 

30 ოქტომბერს ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 11:37

30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიგაიმართება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 სექტემბერსგამართულ სხდომაზე მიიღო. ამავე სხდომაზე კომისიამ 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.

აღნიშნული განკარგულების თანახმად, შუალედური არჩევნები გაიმართება: №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის №15.15 ცოდნის კარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და №64 სენაკისსაარჩევნო ოლქის №64.07 თეკლათის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური