შსს-ს რეფორმაში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 16:37

„ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფა ხდება, დადებითი მოვლენაა, მაგრამ ჩვენი ძირითადი არგუმენტები და პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იყო შემდეგი: ეს გაყოფა უნდა ატარებდეს არა ტექნიკურ ხასიათს, არამედ უნდა იყოს ფუნქციური ხასიათის,“ - ამის შესახებ "სტარვიზიის" ეთერში  არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციია 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხაჩიძემ ისაუბრა.

„ყველა ფუნქციის ტექნიკური გაყოფა არ არის იმ გამოწვევაზე პასუხი და იმ რეფორმის შედეგი,  რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთოდ საზოგადოება ვითხოვდით. უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჰქონოდა ანალიტიკური ფუნქცია,“ - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“ დღეს 20 საათზე - ყოველკვირეულ გადაცემაში „აქტუალური თემა“.

საქართველოს პრემიერმა შს მინისტრად გიორგი მღებრიშვილის კანდიდატურა დაასახელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 01 აგვისტო 2015 14:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გიორგი მღებრიშვილი იყო ძალიან წარმატებული მინისტრი, რომლის დახმარებითა და თანადგომით სასჯელაღსრულების სფეროში საკმაოდ ნაყოფიერი რეფორმები განვახორციელეთ. იმედი მაქვს მისი საქმიანობა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეც ასეთივე წარმატებული იქნება“, - აღნიშნა გ. ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამისად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად მისი პირველი მოადგილე კახი კახიშვილი დანიშნა.

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 19 ივლისი 2015 11:07

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქე აკაკი კარტოზია დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აკაკი კარტოზია თურქეთის მოქალაქეს თურქეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა აკაკი კარტოზია თბილისში, მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3000 აშშ დოლარის აღების დროს დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

შსს რუსეთის მიერ ბანერების დამონტაჟების სიტუაციას სწავლობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 11 ივლისი 2015 16:26

შინაგან საქმეთა სამინისტოს შესაბამისი სამსახურები გორის რაიონში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის ბანერების დამონტაჟების შედეგად შექმნილ სიტუაციას ადგილზე სწავლობენ. 
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განაცხადა, შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს. 
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული ბანერების მონტაჟის საფუძველზე სოფლის კუთვნილი მიწების დაახლოებით 70% ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. 
შეგახსენებთ, რომ ხურვალეთის მაცხოვრებლებს ბანერის მიღმა დარჩენილ ტერიტორიაზე 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე ხორბალი და ქერი აქვთ დათესილი. 

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 ივლისი 2015 10:33

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე აფიკ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებულია 34,4141 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 17,2793 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 11:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ირაკლი მირუაშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი მირუაშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით იჯარით გადაცემაში დახმარებას სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 13 000 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

შსს-მ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 ივლისი 2015 11:48

შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დავით კ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაჩუკი თ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 6 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრნენ, გამყიდველს ძალადობის მუქარით საფულე, მობილური ტელეფონი, საქონელი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო მეოთხე განყოფილება აწარმოებს.

შსს-მ 32 კილოგრამი ტროტილი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 28 ივნისი 2015 15:11

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული თამაზ ჯ. საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას, 32 კგ ტროტილი, 18 კაფსულ-დეტონატორი და 30 მეტრის სიგრძის ცეცხლგამტარი ზონარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

შს მინისტრი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილეს დაესწრო

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 27 ივნისი 2015 16:43

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილეს დაესწრო. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა და წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყო. სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა მათ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სდსს-ს ხელმძღვანელს და თანამშრომლებს სამსახურის დაარსების 21-ე წლისთავი მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა: „მინდა დღევანდელი დღე მივულოცო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან, დამთავრებული ხელმძღვანელით. მე ბევრი წელი გავატარე ამ სამსახურში – 1994 წლიდან 2004 წლამდე და ძალიან ბევრი ვისწავლე. მინდა წარმატებები და წინსვლა ვუსურვო ყველა თანამშრომელს, ვინც სდსს-ში მუშაობს“.

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 07 ივნისი 2015 11:28

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ამავე სამმართველოს მე-6 და მე-7 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე: სასტუმრო „ანას“ დროებითი მფლობელი, 1966 წელს დაბადებული ზორბეგ დ. და სასტუმრო „სთარის“ დროებითი მფლობელი, 1979 წელს დაბადებული რომან ფ. დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულში ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს 5 პირი: სასტუმროს და დისკო-კლუბ „ლეგასის“ დროებითი მფლობელები, საქართველოს მოქალაქეები - 1970 წელს დაბადებული ემზარ მ. და 1991 წელს დაბადებული ვახტანგ მ,სასტუმრო „ელეგანტის“ დროებითი მფლობელი, 1962 წელს დაბადებული ნინა კ, სასტუმრო „ეფესის“ დროებით მფლობელები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. და 1983 წელს დაბადებული თამერ ი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემული პირები ბათუმში მდებარე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკო-კლუბების ფართებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებსა და დისკო-კლუბებში მომუშავე პირები და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. ყველა დაკავებული და მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური