"ნარუშილოვკები" გაუქმდა- შს მინისტრის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 16:06

ე.წ. "ნარუშილოვკებთან" დაკავშირებით 2009 წლის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა და აღნიშნული საშვები ჩამორთმევას და განადგურებას ექვემდებარება.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

"მივიღე გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმად 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, ჩემი დავალებით აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება. ახალი საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს საშვების გაცემის, გამოყენების, კონტროლის და მათი ჩამორთმევის წესს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ “ნარუშილოვკა” სპეციალური საშვია რომლის მქონე პირის შემთხვევაში არც პოლიციას და არც სხვა დანაყოფს არაქვს უფლება მის მქონე პირს ჰკითხოს სახელი ან გვარი, გაუჩხრიკოს მანქანა და ან საერთოდ გაჩეროს.

 

სკანდალური ვიდომასალებში საპატრულო პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა გაავრცელა, კადრების მიხედვით ჩანს რომ “ნარუშილოვკები” მაღალჩინოსნებმა ნათესავებსა და მეგობრებს დაურიგეს.

ყოფილი პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 09:57

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ბექა ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 სთ-ზე, თავის მართვის ქვეშ მყოფი, „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით, თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, სახლში მიაკითხა ყოფილ პოლიციელ ბექა აბულაძეს და ქუჩაში გასვლა სთხოვა. ბექა ა-მ, შურისძიების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილ ბექა აბულაძეს 5 წლის წინ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ბექა აბულაძის პოლიციურ საქმიანობას არ უკავშირდება - ბექა აბულაძემ ბექა ა-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავის რაიონის სოფელ ოჟიოში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

ყოფილი პოლიციელის სკანდალური აღიარება - შსს განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 19:04

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულის ყოფილი თანამშრომლის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2015 წლის 28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა ერთ-ერთი სკანდალური ჩანაწერის შემდეგ საქართველო დატოვა და ახლა ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

გამგზავრებამდე მან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღდეგ კომპრომატები ჟურნალისეტებს დაუტოვა და მისი გავრცელება სთხოვა.

ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა.

 სკანდალურ ვიდეოინტერვიუში პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ყვება, როგორ იყენებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატრულო პოლიციას პირადი მიზნებისთვის და ნათესავების ქორწილიდან გამოსული ნასვამი მძღოლების სახლამდე საპატრულო ეკიპაჟებით მიციელბას აიძულებდნენ.

რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 10:27

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლევან ა. და 1999 წელს დაბადებული ირაკლი ე. რასობრივ დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მოქალაქე მაკა ბ-ს და მის თანმხლებ ორ პირს, ნიგერიის მოქალაქეებს - ონუკა ვიქტორ ჩ-ს და ონუკა დანიელ ჩ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 142-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 10:15

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი - 1988 წელს დაბადებული გიორგი თ, 1988 წელს დაბადებული გიორგი ც, 1990 წელს დაბადებული ლევან ჭ, 1993 წელს დაბადებული ლევან დ. და 1986 წელს დაბადებული ირაკლი კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი თ, გიორგი ც. და ლევან ჭ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ თბილისში, წულუკიძის ქუჩის მეორე შესახვევის N2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და 38 500 ლარი მოიპარეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი თ, გიორგი ც. და ლევან ჭ. აღნიშნული აპარატიდან „აჭარაბეთის“ არავერიფიცირებულ ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხებს რიცხავდნენ, ლევან დ. და ირაკლი კ. კი ამ ანგარიშიდან ჩარიცხული თანხების გადათამაშებას ახდენდნენ „აჭარაბეთის“ ვერიფიცირებულ ანგარიშზე, რომელიც თავიანთი დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით ჰქონდათ შექმნილი. ბრალდებულებს გადათამაშებული თანხა „აჭარაბეთის“ ვერიფიცირებული ანგარიშიდან გამოქონდათ, გამოტანილ თანხას კვლავ იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატში რიცხავდნენ და დანაშაულებრივ საქმიანობას აგრძელებდნენ. როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატში გარკვეული თანხა დაგროვდა, გიორგი თ-მ, გიორგი ც-მ და ლევან ჭ-მ გატეხეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა სრულად ამოიღეს. ხუთივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

ონის რაიონში ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 11:28

ონის რაიონში, სოფელ გლოლაში, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების მობილიზება. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 45-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, ქუთაისისა და ცაგერის დანაყოფებიდან. თბილისიდან, ხანძრის ქრობის განყოფილებიდან, დამატებით 7 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და თაღლითობის ფაქტზე 43 პირი პასუხისგებაში მისცეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 10:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე, 43 პირი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ფასდაკლებების ერთ-ერთ ვებ-საიტზე სხვადასხვა დროს შეიძინეს სხვადასხვა კატეგორიის მომსახურება და პროდუქცია. მათ გადახდის დროს, ფასდაკლებების ვებ-საიტის ელექტრონული საგადახდო დავალების ვებ-გვერდში ხელოვნური ჩარევის გზით, თანხის ველში უკანონოდ შეიტანეს ცვლილება და პროდუქციის რეალური ღირებულების ნაცვლად 0,01 თეთრი მიუთითეს, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, მიზერულ ფასად შეძენილ მომსახურეობას და პროდუქციას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, ფასდაკლებების კომპანიამ დიდი ოდენობით - 95047 ლარის მატერიალური ზიანი მიიღო. ყველა ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი, 180-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით).

შსს-ს თანამშრომელმა მსოფლიო ჩემპიონატში 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 14:01

მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატლსა და ბიატლში, რომელმაც სტარტი ბათუმში აიღო, დასრულდა. საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა ჩემპიონატის მესამე დღეს, ინდივიდუალურ გამოსვლაში ბიატლში ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებულმა სპორტსმენმა საქართველოს ნაკრებს ჯამში სამი - 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი შემატა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად, თანამედროვე ხუთჭიდისა საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 11:47

შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ნიკა ბ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკა ბ-მ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - ირაკლი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა.

გამოძიება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით).

ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი პოლიციელის მდგომარება კრიტიკულია

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 10:08

ახმეტელის მეტროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. პოლიციელს  გადაუდებელი ოპერაცია ქირურგიის ინტიტიტში გაუკეთდა, თუმცა მისი  მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულიაპატრულის თანამშრომელს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

გვიან ღამით  საავადმყოფოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა და დაშავებულის მდგომარეობას გაეცნო.  

 

 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური