პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 12:59

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიორგი წ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი ჩ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო 1982 წელს დაბადებული გიორგი ც, 1986 წელს დაბადებული დავით ნ. და 1968 წელს დაბადებული ხათუნა ც. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა ორ კლიენტს - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.

გამოძიება გიორგი წ-ს და გიორგი ჩ-ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე და 178-ე მუხლებით), ხოლო გიორგი ც-ს, დავით ნ-ს და ხათუნა ც-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

შსს-მ იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 10:28

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი სპარტაკ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა სპარტაკ ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ მოდელის 2 პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

შსს-სმომსახურების სააგენტოს ავღანეთის კომერციისა და მრეწველობის მინისტრი ეწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 15:04

ავღანეთის რესპუბლიკის კომერციისა და მრეწველობის მინისტრი მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. 

სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიზანდარმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. 

დელეგაციის წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს, მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას დაესწრნენ და სააგენტოში არსებული ელექტრონული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი სარეგისტრაციო პროცედურებმა გამოიწვია. მათ ამ სფეროში ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის სურვილიგამოთქვეს.

საქართველოს და ბელარუსის შსს-ს აკადემიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 11:03

საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორმა, ნუკრი გელაშვილმა და ბელარუსის შსს-ს აკადემიის რექტორმა, ვლადიმერ ბაჩილამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე კობრუსევი დაესწრნენ.
საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია კადრების მომზადებისა და კვალიფიციის ამაღლების სფეროში ორი ქვეყნის აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის კვალიფიციური კადრების სრულყოფილ მომზადებასა და სასწავლო სემინარებში მონაწილეობას. 
"მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საერთო ინტერესის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ. ასევე მოხდება საგანმანათლებლო და მეთოდური მასალების, პუბლიკაციების გაცვლა", - აცხადებენ შსს-ში. 
მათივე განმარტებით, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს, ბელარუსის შს მინისტრის სახელით, სამკერდე მედალი გადასცა. 

შს მინისტრის მოადგილე ტრენინგის გახსნას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 18:13

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ნიკოლას ბერლინერთან ერთად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამის – „ქალთა ლიდერობის განვითარება“ – გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც “ნიუსდეის” შს სამინისტროდან აცნობეს, პროგრამაში, რომელიც 26-30 ოქტომბერს ჩატარდება, სხვადასხვა რეგიონიდან შს სამინისტროს რამდენიმე დანაყოფის 15 ქალი პოლიციელი მონაწილეობს. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციის, სწავლებისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას.

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე თურქეთის დროშით მცურავი გემი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 11:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „MUHAMMET GUMUSTAS-4“ დააკავეს.

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

 

შსს-მ ჰეროინი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 11:43

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მანუჩარ გ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,003452 გრ ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

კახა კალაძე შსს-ს მიერ აღძრულ საქმეზე განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:30

ვიცეპრემიერი კახა კალაძე შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება , მისი განცხადებით , უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა მოწოდებების შემცველი განცხადებები ტელეკომპანია რუსთავი 2-დანაც ისმის.

"ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც რუსთავი 2 -ში მუშაობს და ასევე ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ მოწოდებებს ტელეკომპანია რუსთავი 2-დან, რაც შეიძლება გარკვეული ჯგუფების მიერ აღქმული იყოს დაპირისპირებასთან და რომ ეს ყველაფერი აცილებული იქნას თავიდან ზუსტად მაგის გამო არის ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა სახელწმიფომ, როგორც ჩვენთან მოხდა, ანალოგიურად უნდა დაიწყოს კონკრეტული ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და ყველა იმ ადამიანის დაკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს და ვისაც შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით", - აცხადებს კახა კალაძე.

საუბარია , გამოძიებაზე რომელიც უკრაინული "ვიკილიქსის " სტატიას "სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს" - მოჰყვა. 

ჩერგოლეიშვილი სტამბოლის აეროპორტში გამართულ საუბრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 315- მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც ხელისუფლების შესაცვლელად შეთქმულებას გულისხმობს ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი სოციალურ ქსელში ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი ე.წ "უკრაინული ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული მასალა გახდა, სადაც სტამბოლის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას შეხვედრა და საუბარია აღწერილი. თამარ ჩერგოლეიშვილი სწორედ სტამბოლის აეროპორტში მისი და მის მეუღლის- გიგა ბოკერიას გადაადგილებას და იქ გამართული საუბრის შესახებ წერს:

 

"საქართველოს მთავრობა საჯაროდ ვიძლევი ჩვენებას:

20 ოქტომბერს მე, გიგა და გიორგი კანდელაკი გავემგზავრეთ მადრიდში. 22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში. 25 ოქტომბერს ვბრუნდებოდით თბილისში .

გიგა და კანდელაკი EPP-ის სამიტს უნდა დასწრებოდნენ. მე თან მადრიდში უნდა გამესეირნა და თან ევროპელი პოლიტიკოსები მენახა და ჩვენი კამპანიის "დაიცავი თავისუფლებას" მხარდაჭერა მეთხოვა.

21 ოქტომბერს მადრიდში ჩამოვიდა მიშაც. გიგაც, გიორგი კანდელაკიც, მიშა სააკაშვილიც, დათო ბაქრაძეც და მგონი გიგი წერეთელიც იქ იყვნენ, სამიტს ესწრებოდნენ.

22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში, 25 ოქტომბრამდე. გარდა იმისა, რომ კატო უნდა გვენახა შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი პიტერ პომერანცევთან, ედვარდ ლუკასთან და ბილ ბროუდერთან.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ შანტაჟის თაობაზე, გიგამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით.

მე გადავდე ლონდონის შეხვედრები. დავუკავშირდი ჩვენ ტურისტულ კომპანიას, რომელმაც აგვიღო ახალი ბილეთები - მადრიდი - სტამბული - თბილისი.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30-ზე გავემართეთ აეროპორტისკენ. ჩვენი რეისი 23:55-ზე მიფრინავდა.

გზაში შევიტყვე რომ მიშაც ჩვენი რეისით მოფრინავს სტამბულამდე და მერე ოდესაში მიდის.

ჩვენ ადრე მივედით - კაფეში დავჯექით და წყალი, კოკაკოლა და ფორთოხლის ფრეში დავლიეთ.

ამასობაში მიშაც მოვიდა, Duty Free-სთან შევხვდით და ეგრევე მივედით გასასვლელთან. მადრიდი სტამბულის რეისით ბევრი უკრაინელი მგზავრობდა, დაესიენ მიშას და ფოტოებს იღებდნენ. ფაქტობრივად ვერც ვილაპარაკეთ.

მიშა ბიზნეს კლასით მგზავრობდა. ჩვენ ეკონომით. შესაბამისად, თვითმფრინავში არ გვისაუბრია.

სტამბულში რომ ჩავფრინდით, მიშა თვითმფრინავიდან უკვე გასული იყო. მე და გიგა, ორი მწეველი, მეორე სართულისკენ წავედით - მოსაწევად და იქვე კაფეში "დავბანაკდით".

6:05 წუთზე გავემართეთ გეითისკენ. გზაში შევიარეთ მაღაზიაში - კესოს ვუყიდეთ ყურსასმენები (დაგვაბარა) და მე ჩემთვის ვიყიდე სახის კრემი.

გეითთან როდესაც მივედით, ტელეფონებს დავხედეთ და მიშას missed call-ები გვქონდა. ხმა დაწეული იყო და ვერ გავიგეთ. გიგამ გადაურეკა და სანამ ზარი გავიდოდა, დავინახეთ რომ მიშა მოვიდა თბილისის რეისის გასასვლელთან პასპორტით ხელში.

ჩასხდომა უკვე დაწყებული იყო.

სამივენი ვიდექით ზედ გასასვლელთან, ხალხი თვითმფრინავში სხდებოდა, ნაწილი მიშასთან მოდიოდა და ფოტოს იღებდა. ხალხშივე ვლაპარაკობდით - როგორც უკვე ვთქვი ვიცინოდით ჩემს დაჭერაზე. ვიცინოდით ხმამაღლა.

მერე დავიშალეთ - არათუ არ დამემშვიდობა, არამედ გადავკოცნე კიდეც, აბა შენ იცი, ჭკუით მეთქი ვუთხარი და ბოლოები შევედით თვითმფრინავში.

თქვე მაგარო ლენჩებო!

P.S. ლონდონის შეხვედრები გადავდე და ედვარდ ლუკას ხვალ ვხვდებით ვახშამზე (ამაღამ მივდივართ), პიტერ პომერანცევს და სხვებს ორშაბათს-სამშაბათს."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე.

"რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმში მონიტორინგი წესდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 12:04

შსს "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებას და საპატრულო პოლიციის მუდმივ მორიგეობას გეგმავს , - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა.
"ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის კამერები, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის 24-საათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორზე დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა ვუზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაცები", - განაცხადა პერტაიამ. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური