შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 21 ივლისი 2018 12:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი "სუბოტექსის" 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის მასშტაბით 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ივლისი 2018 10:24

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 114 ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მერიის მხარდაჭერით, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა.

კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზე.

ავტო-საგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში, ბათუმში კიდევ 80 ზოგადი ხედვის კამერის ამოქმედებას გეგმავს.

რაც შეეხება გადახდის წესს. სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება. საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;

• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;

• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;

• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ივლისი 2018 12:33

მიმდინარე წლის 16 ივლისს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კახეთში ავარიული დაშვება განახორციელა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 12:11

მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.

ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ივლისი 2018 14:15

ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება"

შსს გუდაურში ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 29 ივნისი 2018 14:02

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 28 ივნისს ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სატრანსპორტო საშუალების - ე.წ . მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟი, რა დროსაც ამწეს დეტალი მოსწყდა და ერთ-ერთ მუშას - 1982 წელს დაბადებულ ხ.ტ.-ს დაეცა. იგი მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018 13:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა:

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიური, უკომპრომისო ბრძოლა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია 5 ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ქვემო ქართლის პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული 4 პირიდან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 5 შეკვრა „ჰეროინი“.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ფაქტია გამოვლენილი ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, დროებით თბილისში მცხოვრები პირი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 8 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა. დაკავებულმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებულ სამალავებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დებდა.

ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულმა 4 სხვადასხვა სამალავი მიუთითა, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა 4 შეკვრა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული 122,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი „სუბოტექსი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 1998 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 275,77 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას."- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018 14:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1956 წელს დაბადებულ ვ.თ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 09 ივნისი 2018 13:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შსს-შია დაბარებული

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 02 ივნისი 2018 00:33

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ინფორმაციას  შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. 

ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება. კუპრავამ მისი გამოკითხვა მოითხოვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური