შსს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017 12:54

საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. 

ამ დროისთვის უცნობია რა თემასთან დაკავშირებით იქნება საუბარი.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017 10:57

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 87 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,688692 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 18 ივლისი 2017 13:49

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობა შსს-მ გახსნა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული პირი ფოთში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ში ავტოსკოლების ლიცენზირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017 11:26

შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე - დავით ვარდიაშვილი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი - ნიკა გელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ავტოსკოლებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების და ამ პროცესში ავტოსკოლების ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს ავტოსკოლებში არსებულ სასწავლო პროგრამებზე და ის მიმართულებები განიხილეს, რომელთა განვითარების შედეგად, ავტოსკოლებში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ახალი, ერთიანი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც, ლიცენზირებული ავტოსკოლა კვალიფიციური მძღოლის მომზადებას შეძლებს.

შს სამინისტროს წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ავტოსკოლების წარმომადგენლების შეფასებებიც მოისმინეს. სტუმრები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მიმართულებით დანერგილ და დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ. შეხვედრაზე ავტოსკოლების ლიცენზირების და მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.

შსს-მ მობილური აპლიკაციისა და ინოვაციური სერვისების შესახებ პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017 12:33

მობილური აპლიკაცია „SAGENCY”-ისა და მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეები მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ

შსს-ს მომსახურების სააგენტომ, მართვის მოწმობის ქულათა სისტემის შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, ახალი ტექნოლოგიური და სოციალური პროექტები დანერგა.

პრეზენტაცია ინოვაციური სერვისებისა და ახალი პროექტების შესახებ დამსწრე საზოგადოებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა წარუდგინა.

ახალი მობილური აპლიკაცია „SAGENCY”-ის მეშვეობით, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ. ამავე აპლიკაციის დახმარებით, მათ საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში ისარგებლონ სააგენტოს სერვისებით, სხვადასხვა ცნობის ასაღებად შეავსონ განაცხადი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის მოემზადონ, ასევე, მოიძიონ და დაჯავშნონ ავტომობილის მათთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

ინფორმაცია მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ მძღოლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის „SA.GOV.GE”-ს მეშვეობით. განახლებული ვებ-გვერდით უახლოეს მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებული პირებიც ისარგებლებენ. ინოვაციური სერვისი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. დაგეგმილი სიახლის მიხედვით, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები, სახლიდან გაუსვლელად, ვიდეოზარის საშუალებით შეძლებენ, დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომელს, რომელიც მათ სააგენტოს სერვისების შესახებ კონსულტაციას გაუწევს.

პრეზენტაციას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, „სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარები, საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებმა მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებაზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა „სოლიდარობის ფონდთან“ თანამშრომლობის ორი წლის ანგარიშიც წარადგინა. მომსახურების სააგენტოს პროექტის - „გავერთიანდეთ, სიკეთე გადამდებია“ - მეშვეობით, ფონდში 100000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გადაირიცხა. ნიკა გელაშვილს „სოლიდარობის ფონდმა“ მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

 

 

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რებრენდინგი განხორციელდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017 12:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში უმასპინძლა და დეპარტამენტში განხორციელებული რებრენდინგის შედეგები გააცნო.

ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თანამშრომელთა უნიფორმის, ტექნიკისა და აღჭურვილობების რებრენდინგი განხორციელდა. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განახლებული უნიფორმებითა და ტექნიკით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური სამმართველოების პირადი შემადგენლობა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვართან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მართლწესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

განხორციელებული რეფორმის შედეგად, საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა საპოლიციო ძალებს მკვეთრად გამოხატული საპოლიციო ნიშნები გააჩნიათ.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ემსახურება.

აშშ-ს საელჩომ შსს-ს თანამშრომლები წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 10:38

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საელჩოს სახელით, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის ტრადიციული ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 11:8 ანგარიშით მოიგეს.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - მერაბ მალანია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ნიკოლას ბერლინერი, მთავარი პროკურორი - ირაკლი შოთაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ანზორ ჩუბინიძე, შს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„მადლობას ვუხდი აშშ-ს საელჩოს, რომ ასე დადებითად შეაფასეს ქართველი სამართალდამცველების საქმიანობა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენს ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას. დღევანდელი ამხანაგური მატჩიც საქართველოს შსს-სა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის 25 წლიანი წარმატებული დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გვაახლოვებს და ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ.

შს სამინისტროს და აშშ-ს საელჩოს ამხანაგური საფეხბურთო მატჩი თბილისში მესამე წელია იმართება.

შსს-ის ინფორმაციით, გორის მერის მოადგილის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება თავად გოგა რაზმაძის შვილების ძიძამ მოაწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ივნისი 2017 18:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება, რაზმაძის შვილების ძიძამ მოაწყო. 

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქმის დეტალებს აღწერს.

„შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში 2017 წლის 15 ივნისს, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა მ. ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში მოქალაქე გ. რ.-ს ოჯახში ძიძად მუშაობს, აღნიშნული ოჯახიდან, რამდენიმე თვის წინ, ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი - კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ.-მ ლომბარდში ჩააბარა. იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. 

2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახში და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანისამოსი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თოთქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ.

შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მ.ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უახლოეს პერიოდში, საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა შესაბამისი მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სპეცოპერაცია თბილისში - შსს განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 11:20

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 11:12

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი, ხოლო ნ.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 19 შეკვრად დაფასოებული 11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური