უკანონო სათვალთვალო მოწყობილობა "დინამო არენასთან" - შსს ოფიციალურ განმარტებას აკეთებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 20 მარტი 2018 14:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში გუშინ, 21:06 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ „დინამო არენას“ ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ უცხო ნივთი შენიშნა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები.

ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდება. პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 17 თებერვალი 2018 14:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “კალაშნიკოვი”, 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 6 პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით -ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარუდგინეს პოლიციას. სულ ჩაბარებულია: 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 19 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 258 ვაზნა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 თებერვალი 2018 14:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადად წარუდგინა.

თემურ კეკელიძე 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ის იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 2016-2017 წლებში. 2012-2016 წლებში თემურ კეკელიძე იყო ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. 2007-2012 წლებში იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2006 წლის აპრილიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იგი ამავე დეპარტემენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. 2006 წლის იანვრიდან 2006 წლის მარტამდე თემურ კეკელიძე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2005-2006 წლებში იგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე იყო, ხოლო 2004-2005 წლებში თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2003 წლის აპრილიდან 2003 წლის აგვისტომდე თემურ კეკელიძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, 2002 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის აპრილამდე ის ამავე დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსი, ხოლო 2001-2002 წლებში ნატოს განყოფილების სპეციალისტი იყო.

2004 წლიდან თემურ კეკელიძე მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯის, კრენფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) გლობალური უსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრია. მან 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სპეციალიზაციით - საქართველოს ისტორია; 1997 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

შსს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 13:59

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. მათივე ცნობით, გუგეშაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული მისი შვილი კი გარდაიცვალა. 

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრიფინგი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 14:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი.

"პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გავხსენით.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236 -ე მუხლით. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დაახლოებით, ორი კვირის წინ სამართალდამცველებმა, ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისათვის დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.

ამჯერად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი არის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, კრიმინალური ავტორიტეტი - მეტსახელად „დობო“. პოლიციამ იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დააკავა. მეორე კრიმინალური ავტორიტეტი კი, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ზონაში იმ დროს დააკავეს, როცა იგი ქვეყნის დატოვებას და მიმალვას აპირებდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს, დიდი ოდენობით თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც ბრალდებულების ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“: „ნოდარ გლდანსკისთან“, „მაღალოსთან“, „პეწოსთან“, „დათო სურგუცკისთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

როგორც უკვე ცნობილია, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს, კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა დასჯადი გახდება. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში შევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი მიზანია დროულად აღიკვეთოს მისი გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული.

დღეს, რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა "კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის" ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატი „ლირიკას“ 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი, მათ შორის, 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აგრძელებს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მონიტორინგს. ერთობლივი მუშაობის შედეგად, დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს".

იაპონიის მთავრობამ შსს-ს 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი გადასცა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 02 თებერვალი 2018 16:29

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპს იწყებს.

დღეს იაპონიის მთავრობის მიერ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადმოცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

ავტომანქანების გადმოცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები, კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშის“ ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

არსებული საერთაშორისო ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ქვეყნის პოლიცია ეტაპობრივად გადადის გარემოსთან უფრო თავსებად ავტომანქანებზე, როგორიცაა ჰიბრიდები და ელექტრომობილები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლისთვის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა საპატრულო პოლიციის რეფორმა, სისტემაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება.

2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება (Non-Project Grant Aid), რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა (JICS) კორპორაცია „მიცუბიშისთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 96 ავტომობილი (45 „Mitsrubishi Outlander Plug-in Hybrid“ და 51 „Mitsubishi I-Miev electric vehicle“), რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, კერძოდ, 45 ჰიბრიდული ავტომანქანა - თბილისის საპატრულო პოლიციას, ხოლო დანარჩენი 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, იაპონიის მხარის მიერ ავტომანქანების გადმოცემა არის პირველი ნაბიჯი ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლების საქმეში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს.

საპატრულო პოლიციის მიერ ახალი, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ავტომობილების გამოყენება საზოგადოებისათვის არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზეც ზრუნავს.

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 16 იანვარი 2018 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ასპინძის, ახალქალაქის და ახალციხის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - 1990 წელს დაბადებულმა რ.ო.-მ, 1967 წელს დაბადებულმა გ.ტ.-მ, 1980 წელს დაბადებულმა ო.კ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა ს.ვ.-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

სულ ჩაბარებულია: „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 3 პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის 427 საბრძოლო ვაზნა, 20 ხელყუმბარა, 4 ყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ტროტილის 2 კოჭა და ტყვიის მაგვარი 4 საგანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი კიდევ ათ რაიონში დანერგა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 30 დეკემბერი 2017 13:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდი საქართველოს კიდევ 10 რაიონში დანერგა. დღეიდან მსმენელებს უკვე ახმეტის, მარნეულის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ქედის, ხელვაჩაურის, ხაშურის, კასპის, დმანისისა და ქობულეთის ელექტრონული სწავლების ცენტრებშიც შეეძლებათ, დისტანციურ კურსში მონაწილეობა მიიღონ.

პირველ ლექციაზე, ოჯახში ძალადობის თემაზე, მსმენელები საქართველოს ათი ქალაქიდან ჩაერთნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ლექციას მარნეულში დაესწრო, ხოლო შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე მსმენელებს ახმეტიდან ესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.

დისტანციური სწავლების კურსი ადამიანის უფლებებს, არასრულწლოვანთა დაკავების რეგულაციებს, ჯანდაცვას და დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

ელექტრონული სწავლების მიზანია სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. მსგავსი ტიპის სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებას.

სწავლების პირველი ეტაპი ზესტაფონის, სამტრედიის, თელავის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის და ბორჯომის სასწავლო ცენტრებში განხორციელდა. ელექტრონული კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 70-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მიმართულებით კი 20-ზე მეტი პოლიციელი გადამზადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ელექტრონულ სწავლებას საქართველოს სულ 20 რაიონში ახორციელებს. უახლოეს მომავალში აღნიშნული სერვისის განვითარება და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.

შსს-ს ინფორმაცია მესტიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017 17:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით.

 

შსს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე პირის ჩაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017 18:43

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე პირის პოლიციისთვის ჩაბარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მეორე არასრულწლოვანი - გ.ჯ. გამოძიებას ჩაბარდა. აღსანიშნავია, რომ დღეს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, არასრულწლოვან გ.ბ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორე არასრულწლოვანს - გ.ჯ.-ს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გამოძიების ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოვლენილი და დაკავებული ჰყავს მკვლელობის 2 ძირითადი ფიგურანტი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები. საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა/გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოძიების პროცესში თითოეული სამართალდამცველის მიერ გათვალისწინებული იყო საქმის სენსიტიურობა, მასში არასრულწლოვნების მონაწილეობის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, რომელთა 24-საათიანმა, ინტენსიურმა მუშაობამ უზრუნველყო საქმის გამოძიება და ბრალდებულების დაკავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად იმუშავებს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის გატარებაზე, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური