შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020 16:54

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან, ოფიციალური შეხვედრა გამართა.

 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვრის ინტეგრირებული მართვის, არალეგალური მიგრაციის და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რასაც იგი ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებით ახორციელებს.
მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ვახტანგ გომელაურმა, ასევე, აღნიშნა დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობა, რომელთა ფარგლებში განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება და დამატებით საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 14:15
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩთან, კელი დეგნანთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების და სამართალდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
 
„შეხვედრა შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელისთან, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, ჩამობრძანდა საქართველოში. მას მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატებები ვუსურვეთ. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები, რეფორმები - თუ რა რეფორმები გატარდა, მომავალში რას ვგეგმავთ, რა რეფორმების გატარებას. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე ამერიკულ ოფისებთან, რომ გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. შევეხეთ ჩვენთვის მტკივნეულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, დაკარგული ტერიტორიები, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, რა მდგომარეობაა და როგორ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი“, - განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
 
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, სადაც საშუალება მოგვეცა, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განგვეხილა საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომლებიც უკვე წლებია, არსებობს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია სასაზღვრო მიმართულებით მუშაობა. ბოლო რამდენიმე წელიწადში აშშ-მ 600 მილიონ დოლარამდე გამოყო საქართველოს სასაზღვრო სექტორის აღჭურვისა და კადრების გადამზადებაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველო ყურადღებას ამახვილებს საზღვაო და სახმელეთო საზღვრების დაცვაზე. აშშ კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, დაეხმარება საზღვრის დაცვის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019 07:56

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს - დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შესახებ აზერბაიჯანელი კოლეგის ოფიციალური მისალოცი წერილი გადასცა.

ვახტანგ გომელაურმა მეზობელი ქვეყნის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს ოფიციალური მისალოცი წერილის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში ვიზიტის დაგეგმვის მზაობა გამოთქვა.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ავსტრიის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 სექტემბერი 2019 11:38

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს - არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშე, კარლჰაინც გორტანო.

ავსტრიის ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის, ვოლფგანგ პეშორნის ოფიციალური მისალოცი წერილი გადმოსცა.
 
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
 
მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.
 
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიის ელჩს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 12:32

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა. გატიკერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

მარიო გატიკერმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა და ევროპოლთან, ასევე, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება.

ვახტანგ გომელაურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პოზიტიურად აისახება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანმა დეტალურად განიხილეს უვიზო მიმოსვლის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

გიორგი გახარია კატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 15:03

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს დელეგაცია კატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სამინისტროს დელეგაციას კატარის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა - შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანმა უმასპინძლა.

 ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიზიტის ფარგლებში კატარის მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, ამასთანავე ხაზი გაუსვა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში.
 
ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ განზრახულობათა დოკუმენტს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მოაწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები კატარის ეროვნული მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივლისი 2016 11:08

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებულ ესეებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებულები საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

კონკურსი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა, თემაზე - „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.

გიორგი მღებრიშვილმა სკოლის მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა: "იცით, რატომ იყო ეს კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ასეულობით ბავშვმა დაიწყო ფიქრი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ეს ჩემთვის და ჩემი უწყებისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება პირდაპირ კავშირშია ბავშვებისა და მოზარდების შესაბამის განათლებასთან. ამ მიზნით, ჩვენ ბევრ პროექტს ვახორციელებთ. მალე საქართველოში პატარებისთვის „უსაფრთხო სოფელი“ შეიქმნება, სადაც ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე, შემეცნებით-გასართობი მეთოდებით, უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს აზიარებენ. გმადლობთ ყველას, რომ ერთად გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხო საგზაო მოძრაობისკენ".

კონკურსისთვის სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრებმა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი, ფინალურ ეტაპზე გასული 500-მდე ესედან და ნახატიდან 9 გამარჯვებული და 21 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები გამოავლინეს და დააჯილდოვეს. ასევე დაჯილდოვდა კონკურსში მონაწილე მაკეტის ავტორიც.

ნახატების კონკურსში გამარჯვებული უმცროსკლასელები:

1.ქრისტინე ხითარიშვილი - ქ. ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-6კლასის მოსწავლე;

2.ანა კურტანიძე - ქ. თბილისის N39 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე;

3.მარიამ ზირაქიშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსაწავლე.

ნახატების კონკურსში გამარჯვებული უფროსკლასელები:

1.თამთა ნაცვლიშვილი - ქ. თბილისის N180 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;

2.მარიამ ტოგონიძე - ქ. რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე;

3.ვალერია მელიქიანი - ქ. თბილისის N96 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე.

ესეების კონკურსში გამარჯვებულები:

1.ოლანი ბიწაძე - ქ. ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;

2.მარიამ აბაშიძე - ქ. რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე;

3.გვანცა ბარბაქაძე - ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

 

მაკეტის ავტორი: გიორგი ხაჟალია - ქ. სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.

 ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფიქრია მიქაბერიძე, ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ია ვახტანგიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი გუგა თევდორაძე და ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 10:15

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს კინოლოგიის ცენტრის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მონაწილეობდნენ. კაფსულაში მათ სიმბოლურად შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მედალიონები მოათავსეს.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში იწყება ახალი პროექტი, რომელიც ქვეყნის დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ეტაპზე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო იწყებს სასაზღვრო პოლიციის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის განვითარების პროცესში, რაც ამ უწყებებს შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. პროექტის ფარგლებში, დღეს საფუძველი ჩაეყრება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.

პროექტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ხორციელდება და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებასა და სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის, სექტორების მშენებლობა, ვოლიერების რეკონსტრუქცია, დაკვირვების სისტემების მოწყობა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვის უზრუნველყოფა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ტექნიკური აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებებიც გადმოეცემა.

მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ეს პირველი პროექტია, რომელსაც DTRA საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის განვითარების მიზნით ახორციელებს.

გიორგი მღებრიშვილი გერმანიაში შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 14:32

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იოაჰიმ ბერტელეს და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ფრანც ნოიედერს შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

გერმანულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია. იოაჰიმ ბერტელესა და ფრანც ნოიედერის თქმით, ვიზალიბერალიზაციის კუთხით, გერმანულ საზოგადოებაში არსებობს შიში ქვეყანაში არალეგალ მიგრანტთა დიდი ნაკადის შემოსვლის გამო, თუმცა, ეს საფრთხე არსებითად საფუძველსმოკლებულია.

საქართველოს შს მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს და განაცხადა, რომ ეს გზა შეუქცევადია. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის ის სიფრთხილე, რაც გერმანიაში უსაფრთხოების კუთხით არსებობს. „სწორედ ამიტომ შევხვდი ყველა იმ ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს დანაშაული აქვთ ჩადენილი. ჩემს კოლეგებთან საუბრისას, შევთანხმდით პრევენციული ზომების გამკაცრებაზე, ინფორმაციის ინტენსიურ რეჟიმში გაცვლაზე, შევიმუშავეთ კონკრეტული და დეტალური სამოქმედო გეგმა. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ მთავარ გამოწვევას - ორგანიზებულ დანაშაულს“, - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ გერმანულ მხარეს განვითარების 4 პუნქტიანი სამთავრობო გეგმა გააცნო, რომელიც ქვეყანაში ძირეული ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრასა და წინსვლაზეა ორიენტირებული. გერმანელ კოლეგებს მან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს შს მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 13:24

შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა.შეხვედრა ბერლინში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. 

გიორგი მღებრიშვილმა გერმანელ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

გერმანიის შს ფედერალური მინისტრის თქმით, რამდენიმე ათასმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა, რომლებიც გერმანიაში „თავშესაფრის მაძიებელთა“ სტატუსის მიღების გახანგრძლივებულ პროცედურას ბოროტად იყენებენ, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ საუკეთესო ურთიერთობებს ჩრდილი არ უნდა მიაყენონ.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური