ევროპოლის და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობით, კრიმინალური ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული
ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია- 2BaGoldMule ჩატარდა. ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულ იქნა კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.
ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.
გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.
დადგინდა, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იგი ევროპოლის, ინტერპოლისა და სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა სახის ოპერატიული დახმარების აღმოჩენას.
შსს-ს პრეს-სამსახური
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.
პოლიციამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.
გაეროს განვითარების პროგრამამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს
გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს პოლიცია მომხმარებელზე ორიენტირებული და შშმ პირებზე მორგებული სერვისების მიწოდებაში გადამზადდება
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლები სერვისების მიწოდების ახალ უნარ-ჩვევებს შეიძენენ
თბილისი. 6 მაისი 2020 – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებენ ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის,ყოფილი „მე-12 ოთახის“ თანამშრომლების შესაძლებლობებისა და სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოაგილემ, კახა საბანძემ 5 მაისს გამართულ ონლაინ შედხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
“შინანგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მომსახურების ცენტრის რეფორმას, რომლის მიზანია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ. „მიმდინარე რეფორმის პროცესში ცენტრის თანამშრომლების ტრენინგი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“.
„პოლიციის საქმიანობა ყოველთვის სტრესს უკავშირდება, რაც განსაკუთრებით კრიზისის დროს ვლინდება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი გადამზადების პროგრამის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიმუშავებს ახალ მიდგომებს და აღიჭურვება შესაბამისი უნარ-ჩვევებით, რათა ეფექტიანი მომსახურება გაუწიოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს“.
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 2018 წელს ჩამოყალიბდა და მოქალაქეებს 50-ზე მეტი სერვისით უზრუნველყოფს. მათ შორისაა ჯარიმები, მართვის მოწმობის შეჩერება, დაკარგული სანომრე ნიშნების აღდგენა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანასთან დაკავშირებული თანხმობა. UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების ტრენინგს გაივლიან.
გარდა ამისა, UNDP ხელს შეუწყობს მომსახურების ცენტრს, დანერგოს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმი, შეფასების ერთიანი სისტემა (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4,500-მდე საჯარო უწყება იყენებს.
საქართველოში CAF სისტემის დანერგვა პირველად იუსტიციის სახლმა დაიწყო. UNDP-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ეს წარმატებული პრაქტიკა სხა უწყებებშიც დაინერგება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას ეხმიანება: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
გიორგი მღებრიშვილი შიდა ქართლში სამართალდამცველებს შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გორში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გასვლითი თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილი დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა. შს მინისტრმა, ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად, პრობლემური საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ ახალი დავალებები მისცა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას.დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრმა სამართალდამცველებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აჭარის მთავრობა შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთო. მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა ავტოპარკის ყველა სატრანსპორტო საშუალებას პრესსამსახურების თანამშრომლებმა უსაფრთხოების მანიშნებელი სტიკერები განათავსეს.შსს-ს კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება. კამპანიის სლოგანია – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლთან შეთანხმების გაფორმებისთვის ემზადება
ჰააგაში, ევროპოლის შტაბ–ბინაში „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა.
მოლაპარაკებებში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.
2015 წლის დეკემბერში ევროპოლის ერთობლივმა სამეთვალყურეო ორგანომ მოიწონა და დაამტკიცა საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში, რამაც მხარეებს შესაძლებლობა მისცა, დაეწყოთ მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის შტაბ–ბინაში თავის მეკავშირე ოფიცერს მიავლენს და ევროპოლთან, როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე ითანამშრომლებს. შეთანხმების დადება, ასევე, მნიშვნელოვნად გააფართოვებს საქართველოს შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა მიმდინარე წელს იგეგმება.
25 ახალი ავტომანქანა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტებს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს რეგიონის პოლიციის დეპარტამენტებს სამინისტროს კუთვნილი 25 ახალი ავტომანქანა გადაეცათ. რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მაღალი გამავლობის „ფორდ რეინჯერის“ მოდელის ავტომანქანებით შეივსო.
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა ავტომანქანები რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს პირადად გადასცა. ბესიკ ამირანაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სმართლდამცველების სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო.
ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს, მათ ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას.