შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 11:52

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების ატაშეებთან გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას დღეს საერთაშორისო საზოგადოება და ხაზი გაესვა ტერორიზმთან ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და ინფორმაციული მიმოცვლის მექანიზმების დახვეწის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული რეფორმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი ასპექტები და განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ლაშა ცომაია, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ქვეყნების: აშშ-ის (გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერი), ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სომხეთის, უკრაინისა და უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლებმა, 
უსაფრთხოებისა და პოლიციის ატაშეებმა. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპოლის, საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის ოფისის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები.

თინა ხიდაშელი გერმანელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 12:29

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე, საქართველო-გერმანიისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე იმსჯელეს. 

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გერმანული მხარე საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩეველმა ქრისტოფ ჰოისგენმა უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემა  ვიზალიბერალიზაცია იყო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 17:21

საქართველო-შვეიცარიის მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩის, ლუკას ბეგლინგერის საუბრის მთავარი თემა.

შვეიცარიელ დიპლომატს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნით მოხარულია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ლუკას ბეგლინგერი შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ორი თვის წინ შეუდგა. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა. 

ბერნარდ კუშნერის ვიზიტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 10:00

საფრანგეთის ყოფილი პირველი დიპლომატი თბილისში ვიზიტს განაგრძობს. გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. საუბრის თემები ჯანდაცვის გლობალური გამოწვევები იყო. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა 2008 წლის ომიც გაიხსენა - მაშინ კუშნერი საქართველოში პირადად იმყოფებოდა.  

მოგვიანებით სტუმარი "საპარტნიორო ფონდში" მივიდა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდის ერთობლივ პროექტებს გაეცნო და რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 

დავით საგანელიძესთან შეხვედრაზე კუშნერმა ჰოსპიტალიზაციის, ფარმაცევტიკის, ინვესტიციების მოზიდვისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. 

კუშნერი ჯანდაცვის  სამინისტროშიც იმყოფებოდა, სადაც უწყებისა და გლობალური ალიანსის ერთობლივი პროექტების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტრო ალიანსთან აპრილის თვიდან თანამშრომლობს. 

ამერიკელი დიპლომატი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 18:43

ამერიკელი დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებს კურირებს დღეს დილიდან შეხვედრებს მართავს თბილისში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ შეხვედრა  ოპოზიციის წევრებთანაც გამართა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საუბარი არჩევნებსა და რუსთავი 2-ის საკითხზე მიმდინარეობდა და რომ არ ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ქვეყანა უზარმაზარი საერთაშორისო პრობლემის წინაშე იდგებოდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომელსაც სრულად იზიარებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები არის ის, რომ ეს ქვეყანა მშვიდად და წყნარად მივიყვანოთ საპარლამენტო არჩევნებამდე. რაც იქნება არჩევნების შედეგი ეს იყოს ნორმალური, თანაბარი კონკურენციის შედეგი, რომელიც იქნება მისაღები. მატ ძალიან აღელვებთ აქ მიმდინარე პროცესები, მათ შორის ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ასევე რუსთავი 2-ის საკითხი და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რამხელა პრობლემებს გადაგვარჩინა საკონსტიტუციო სასამართლომ.“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილის თქმით კი შეხვედრაზე საუბარი ვიზალიბერალიზაციაზე, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თემაზეც წარიმართა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს. ის შეხვედრას მართავს ოპოზიციასთანაც. მოლაპარაკებები გაიმართა თავისუფალ დემოკრატებთან და ახლა მიმდინარეობს შეხვედრა ნაციონალურ მოძრაობასთან.

ნინო ბურჯანაძე აბაშიძე-კარასინის შეხვედრას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 17:58

გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს. გამარტივებული ვიზები და ღია ბაზარი კი სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს და არა რუსეთს.ის  ხელისუფლებას მიმართავს ნუ ამადლის რუსეთს აბაშიძე-კარასინის ფორმატში ლაპარაკს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ ეტაპისთვის ეფექტური არ არის.

„მთელი მსოფლიო ელაპარაკება, მთელ მსოფლიოს სჭირდება ამ ქვეყანასთან დღეს ნორმალური ურთიერთობა. და თავის დამადლებას თავი დაანებეთ. ჩვენი ჯარი კი არ დგას კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ჯარი დგას საქართველოს ძირძველ მიწაზე, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. ჩვენ მოქალაქეებს სჭირდებათ რუსეთთან მოლაპარეაკება, სავიზო რეჟიმის გამარტივება, რუსეთის ბაზარი. გასაგებია, რომ ხელისუფლებას ეს არ გაწუხებთ, რადგან ძალიან თბილად და ძალიან კარგად მოეწყვეთ, მაგრამ საარჩევნო წელს მაინც თუ იფიქრებთ ხალხზე, ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:24

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრა დადებითად არის შეფასებული და ნათქვამია, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის დიალოგი იმ მიმართულებით გრძელდება, სადაც დიპლომატიურმა ურთიერთობებმა შესაძლოა პროგრესი განიცადოს. ესენია: ეკონომიკა და ვაჭრობა, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა. 

განცხადების მიხედვით, მაკროეკონომიკური კონიუნქტურის პრობლემების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, რაშიც დადებითი როლი საქართველოს პრაგმატულმა დამოკიდებულებამ ითამაშა, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს და ცდილობს, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების შემდეგ რუსეთმა დამცავი მექანიზმები არ გამოიყენოს. 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველი მძღოლებისთვის ვიზემის გაცემის არსებულ პროცედურაში ცვლილებები შევა. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ზემო ლარსისა და ყაზბეგის გამშვები პუნქტები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. 

რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა -საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების ლიბერალიზაციისთვის მუშაობა გააგრძელოს.   

პრაღაში დღეს კარასინი-აბაშიძის შეხვედრა შედგება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 11:56

საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მხრიდან სავიზო მიმოსვლის გამარტივებაზე კონკრეტულ წინადადებებს ელოდება დღეს პრაღაში ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინისგან.შესაძლოა ამ შეხვედრაზევე გაირკვეს რა კატეგორიას შეეხება უვიზო მიმოსვლა. ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა, თუმცა მხარეები ფორმატით გათვალისწინებულ ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ საკითხებზეც იმსჯელებენ. ასევე სატრანსპორტო მიმართულებით, მათ შორის საზღვაო საჰაერო მიმოსვლის კუთხით.

ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველო სლოვაკეთის სრულ მხარდაჭერას იღებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 10:27

ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველო ევროკავშირის კიდევ ერთი წევრის სრულ მხარდაჭერას იღებს. ოფიციალური ბრატისლავას პოზიცია ასეთია - ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება სამართლიანი იქნება. განცხადება სლოვაკეთის პრემიერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე გააკეთა.

განსაკუთრებული აქცენტი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე გაკეთდა, არ არის გამორიცხული, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისებიც დაინიშნოს. მედიისთვის მოწყობილ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი რობერტ ფიცომ საუბარი ცნობილი ქართულ-სლოვაკური ფილმით დაიწყო. 

ბრატისლავაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული საბჭოს სპიკერმაც მიიღო. 

მარგველაშვილის შეხვედრა ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 14:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაერო - ს განვითარების პროგრამის - UNDP-ის ინიციატივით გაიმართა.

„პირველ რიგში, ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის და გაერო-ს განვითარების პროგრამას, ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდეს საინტერესო დისკუსია. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში შევდივართ, რადგან ახლოვდება საარჩევნო წელიწადი. წელი, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს დემოკრატიის განვითარების შემდეგი ნაბიჯები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ღია ვარ და მივესალმები დისკუსიას და კონსულტაციებს თქვენთან ჩვენი პარტნიორობის მომავალზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას მისასალმებელ სიტყვაში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს და ამ მიმართულებით კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროებას. პრეზიდენტმა დიპლომატებთან შეხვედრისას განიხილა ქვეყანაში მედიისა და სასამართლოს მდგომარეობის საკითხი. საუბარი ასევე შეეხო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ელჩებმა ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვის პროცესში, საქართველოს პრეზიდენტის პოზიტიურ როლს გაუსვეს ხაზი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო და პროცესი დიალოგის რეჟიმში გადაიყვანა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური