საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადება გადადგომის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 18:53
პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების  მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.
ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება. 
დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.
ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.
აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. 
ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. 

პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ივნისი 2017 09:01

საქართველოს პარლამენტმა დადგენილების პროექტს - „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ რატიფიცირების თაობაზე“, 98 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. ევროპოლსა და საქართველოს შორის აღნიშნული შეთანხმება, საკანონმდებლო ორგანოს მიერ რატიფიცირების შედეგად, ძალაში შევიდა.

საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მიმდინარე წლის 4 აპრილს მოაწერეს ხელი. ევროპოლის დირექტორი საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურად ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად ეწვია.

შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.

მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა.

 

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური