ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები ტვირთების მონიტორინგის პროცესს გაეცნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 05 ნოემბერი 2019 10:54

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისთვის,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ვანგ ქსიაოტაო ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის ტექნიკური დახმარების ერთ-ერთი მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვასა და საინსპექციო სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს. 

დღეს სტუმრებმა ერთ-ერთი ასეთი აღჭურვილობა - სატვირთო საავტომობილო სტაციონალური რენტგენო სკანერი და ტვირთების მონიტორინგის პროცესი  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს.

ინსპექტირების სისტემის გაცნობის შემდეგ, საუბარი სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ქალბატონი ლი იანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცების მექანიზმები. 

შეხვედრის მსვლელობისას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ სტუმრებს საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

მისი თქმით, თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყოფს მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

„საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას სჭირდება საშუალოდ 5 საათზე მეტი დრო. საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დათვალიერება შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. ტვირთის ამდენი ხნით, დაყოვნება წარმოუდგენლ ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას და მასში ჩართულ ყველა სატრანსპორტო კომპანიას. დათვალიერების თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა  მნიშვნელოვნად შემცირდეს საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო, საშუალოდ 4 წუთიდან - 7 წუთამდე, ნაცვლად 2 საათისა ან რამდენიმე დღისა. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამცირებს დათვალიერბისთვის საჭირო ადამიანურ რესურსს და ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,  - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილია ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, 5 საბაჟო გამშვები პუნქტის  უახლესი სტაციონარული რენტგენის სკანერით აღჭურვისთვის ითვალისწინებს 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას.

ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, ვალე, ნინოწმინდა, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ფოთის პორტი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე სარკინიგზო ინსპექტირების სისტემები ფოთის პორტსა და გარდაბანში) 46 სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური სკანერი ფუნქციონირებს. ამასთან, 5 წლიანი გრანტის ფარგლებში, იგეგმება კიდევ 9 ერთეული ახალი რენტგენო სკანერის გადმოცემა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

აზარტული თამაშის მოყვარულებს შემოსავლების სამსახური აღრიცხავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 20:31

2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, რეგისტრირებულად ჩაითვლება ის მოთამაშე, რომელსაც შემოსავლების სამსახური აღრიცხავს. შემოსავლების სამსახური მოთამაშეთა რეესტრსაც გაუწევს კოორდინირებას. ონლაინ კაზინოებში თამაშის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ, როგორც ელექტრონულად, ისე - შემოსავლების სამსახურში გამოცხადებით.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ონლაინ კაზინოში იმ პირების დაშვება, რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ, ან დამოკიდებულების მქონე პირთა სტატუსით სარგებლობენ, დასჯადი იქნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სპეციალური სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეებისთვის ახალ რეგულაციებზე რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდა. ცვლილებათა პაკეტი უკვე მომზადებულია.

საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის ვადა იწურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 17:50

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე,  რეზიდენტი/არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარუდგენენ.
ამდენად, თუ გადასახადის გადამხდელს, 2016 წლის განმავლობაში, რაიმე ფორმით, მიღებული აქვს შემოსავალი ან სარგებელი (მაგალითად: ქონების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი, ქონების იჯარით/ქირით გაცემით  მიღებული შემოსავალი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ქონების ჩუქებით მიღებული სარგებელი და სხვა), რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადის გადახდა. შესაბამისად, გადამხდელმა 2017 წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას,  საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ასევე წარადგენენ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების ანაზღაურებაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები  და რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს მიერ  გადახდილ ხელფასს იღებენ. 
ამასთან, დეკლარირების მიზნით, პირი რეგისტრირებული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელად.
ასევე, სსკ-ის 93-ე მუხლის შესაბამისად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები 2016 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენენ 2017 წლის 1 აპრილამდე.

დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდიდან (www.rs.ge), რომლის მომხმარებლად რეგისტრაცია ან პაროლის აღდგენა შესაძლებელია განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი სერვისცენტრის ან საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის (2 299-299) დახმარებით.

  

შემოსავლების სამსახური „ყველაზე ფართოდ გავრცელებული ელექტრონული სერვისები“-ს გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 16:27

სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენენს ჰუალინგ თბილისი“, საქართველოს IT ინოვაციების მე-9 რეგიონული კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ კონფერენციაში შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა  სამი პროექტი (IT) წარადგინა:

•         სადემონსტრაციო სასწავლო გვერდი - Demo-eservices.rs.ge

•         ერთიანი სახაზინო კოდი

•         მობილური აპლიკაცია - RS.GE

მობილური აპლიკაციის - RS.GE - პროექტმა “ყველაზე ფართოდ გავრცელებული ელექტრონული სერვისების“ ნომინაციაში ჯილდო მოიპოვა.

ამჟამად ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის RS.GE - version 2, ხოლო უახლოეს მომავალში კი იგეგმება აპლიკაციის ახალი ვერსიის (version – 3) გაშვება შემდეგი ახალი ფუნქციებით:

•         სერვისცენტრებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების შესახებ ინფორმაცია;

•         ახალი ზედნადების გამოწერა/გაგზავნა;

•         შედარების აქტის დათვალიერება (ნარჩენი, საურავი, ზედმეტობა);

•         ობიექტის ბარათის დათვალიერება/რედაქტირება;

•         Online - გადახდა.

წელს ღონისძიებამ რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა. ღონისძიება ტრადიციულად წლის საუკეთესო IT პროექტების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა, სადაც 15 ნომინაციაში საჯარო და კერძო სექტორის 50-მდე IT პროექტი იყო წარმოდგენილი.

შემოსავლების სამსახურის უფროსი სლოვაკელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 10:43

,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი სლოვაკეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახურის უფროსს დანიელა კლუჩკოვას შეხვდა. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის საგადასახადო თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, მხარეებმა ერთმანეთს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საგადასახადო ადმინიდსტრირების სპეციფიკის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 11:53

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად (გამოქვეყნდა 2016 წლის 1 ივნისს)  309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე  გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;   
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.  
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი).
ცვლილების ამოქმედებიდან, 02.06.2016 -21.09.2016  პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, 24,546 გადასახადის გადამხდელს უკვე ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1,013,179,986-00 ლარი, მათ შორის:  
ა) ნაწილით - 24,318 გადამხდელს  1,012,477,408-80 ლარი, 
ბ) ნაწილით - 218  გადამხდელს 697,885-80 ლარი, 
გ) ნაწილით - 10 გადამხდელს 4, 691-40 ლარი.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში.
ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

საგადასახადო სამართალდარღვევის 768 ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 16:19

11-17 ივლისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 768 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7579 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 49 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 127 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 592 შემთხვევა.

„ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრება,საქართველოს სტაბილურ შემოსავალს მისცემს“-ლევან კალანდაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 13:31

ეკონომისტ ლევან კალანდაძის თქმით, 2015 წლის პირველ 9 თვეში ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა ქართული ბიზნესისათვის ამ ბაზარზე შეღწევისა და დამკვიდრების რეალური შესაძლებლობების არსებობას ნიშნავს.საქართველოდან ჩინეთში 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 35,2%-ით (23 მლნაშშ დოლარი) გაიზარდა და 87,3 მლნ აშშ დოლარიშეადგინა, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 5,3%-ია.„ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრება ბიზნესს და ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, გრძელვადი ან პერსპექტივაში სტაბილური შემოსავალი მიიღოს.ჩინეთი ძალიან დიდი და საინტერესო ბაზარია. აქ ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობები გარკვეული მიმართულებებით და სწორედ მათ რეალიზაციაზე უნდა გაკეთდეს ძირითადი აქცენტები. მთავარია,სწორი პრიორიტეტების შერჩევა“,-განაცხადა„სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ლევან კალანდაძემ.მისივე თქმით, საქართველოს ჩინეთთან მიმართებაში,არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკა, რომ ყველაფრის გატანა შეიძლება.

ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის განახლებული სერვისცენტრები გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 15:59

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამტრედიასა და ზესტაფონში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული სერვისცენტრები გახსნა. ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი.

შემოსავლების სამსახურმა მოქმედი სერვისცენტრები, გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესების, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გამარტივებისა და, ასევე, მაქსიმალურად ინფორმაციული და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, განაახლა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვა.

განახლებულ სერვისცენტრებში მოწყობილია კომფორტული მოსაცდელი დარბაზები. ინფრასტრუქტურა მორგებულია თითოეული გადასახადის გადამხდელის, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მომსახურებაზე. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელებს საშუალება აქვთ, გამოიყენონ სერვისცენტრის თავისუფალი ინტერნეტსივრცე და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ.

სერვისცენტრები ფუნქციონირებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელთა ხარიასხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას.

სერვისცენტრებში განთავსებულია საბანკო დაწესებულების წარმომადგენლობა, სადაც შესაძლებელია გადასახადის გადახდა და სხვა საბანკო მომსახურების ადგილზე მიღება. ამასთან, მომსახურების სერვისცენტრებში გადამხდელს საშუალება აქვს, წარადგინოს და პასუხი მიიღოს 200-ზე მეტ ელექტრონულ განაცხადზე. მათ შორის, განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის პროცედურები; მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საგადასახადო საკითხებზე; მოითხოვოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეღავათები; მიიღოს სხვადასხვა სახის ცნობები; მოითხოვოს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ფორმები (მათ შორის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, აგგს ლუქები, tax free-ს სტიკერები და სხვ.).

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური