საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევაა დადასტურებული

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 30 მარტი 2020 11:02

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 პირი.

შეგახსენებთ, რომ 97 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 722 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 34 000-მდე ადამიანი.

Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 142 070 ადამიანი, იტალიაში - 97 689, ჩინეთში - 81 470, ესპანეთში - 80 110 და გერმანიაში - 62 435 ადამიანი.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 779 ლეტალური შემთხვევაა რეგისტრირებული იტალიაში, 6 803 - ესპანეთში, 3 304 - ჩინეთში, 2 640 - ირანში, 2 606 საფრანგეთში და 2 484- აშშ-ში.

გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 151 766-ია, ყველაზე მეტი ინფიცირებული - 75 700 ადამიანი, ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 27 მარტი 2020 13:13

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 11 მარტი 2020 11:49

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამისშესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 41 ადამიანი წევს.

„გუშინ ორ ეტაპად ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა, 28-სთან მივიღეთ უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ერთის მივიღეთ დადებითი. დღეს დილისთვის ექვსი პაციენტის ტესტირება არის ჩასატარებელი. ეს ერთი პაციენტი დაემატა 14-ს და გახდა 15. მოგვიანებით შემოყვანილია დადასტურებული ხუთი შემთხვევა, ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. მათზე გვაქვს ოთხი წყარო. ერთი არის ირანის ისტორია და გვყავს ორი პაციენტი. მეორე პაციენტი არის იტალია და გვყავდა ერთი პაციენტი, რომელსაც შემოემატა ხუთი პაციენტი და ამ წყაროდან გახდა ექვსი პაციენტი. შემდეგი წყარო არის იტალიის ერთ-ერთი ქალაქი, ჩვენთან შემოსული ექვსი პაციენტი, ორი ოჯახი და ამათთან კონტაქტში მყოფი ხუთი ადამიანი. 11 ადამიანი არის ერთი წყარო. ერთი პაციენტია ესპანეთის ისტორია. ჯერ რჩება უცვლელი სიტუაცია, ერთი მძიმე პაციენტი გვყავს. მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ არ უარესდება. სტაბილური სიტუაციაა. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს სამი პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა მეოთხე პნევმონია და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქად გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით. მათი მდგომარეობა არ პროგრესირებს და არ უარესდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებული ბავშვის მდგომარეობას, ეზუგბაია აცხადებს, რომ ეს დაავადება ბავშვებში მსუბუქად ვითარდება და შესაბამისად, დაავადებული ბავშვის მდგომარეობაც მსუბუქია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.

ცნობისთვის, ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა იყო დადასტურებული. შესაბამისად, შემთხვევების რიცხვი 8-ით არის გაზრდილი.

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 29 თებერვალი 2020 14:22

შაბათს საქართველოში ახალი კორონავირუსის /COVID-19/ კიდევ ერთი (მესამე) შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს, დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. იგი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა ირანში. მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, და გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში. საზღვარზე მას დაუფიქსირდა ტემპერატურა და იგი გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. გამოკვლევის შედეგად დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, - აღნიშნა ა. გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაავადებულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, იგი აგრძელებს მკურნალობას, დაკვირვების ქვეშ ყოფნას და მონიტორინგს ბოქსირებულ განყოფილებაში.

„მათი საერთო კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – დაამატა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 წლის ქალს დაუდასტურდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 11:16

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ე. ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

"მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ცალკე სივრცეში, და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ეპიდემია არ გავრცელდეს.

„მინდა მოგახსენოთ, რომ სასაზღვრო ზოლზე მოქალაქე შემოწმებული იქნა ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იმყოფებოდნენ. ვინაიდან, მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას, ეს მათი დასნებოვნების რისკს ამცირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილები იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემქურება არანაირი საფრთხე. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან , ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია“, - განაცხადა ე. ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, იტალიაში, დანიაში.

 

 

ინფორმაცია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018 10:37

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

განცხადება ყაზახეთის რესპუბლიკაში მომხდარ ავტო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 17:07

18.01.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 18 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს თანადგომას უცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს.  

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში, სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე ავტობუსს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ყაზინფორმი“ იუწყება. „წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 52 ადამიანი, 5-მა კი ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო. ავტობუსს ცეცხლი სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე, ქალაქ აქტობედან 320 კილომეტრში გაუჩნდა“, - წერს სააგენტო.

რაჭაში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 14:15

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა, დაანგრია ავტოფარეხის შენობა და სახლის აივანს დაეჯახა. სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან. 

დაღუპულები ტრაილერში მყოფი პირები არიან.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით იძიებს. 

,,წამებში მივხვდი, რომ ვერ გაჩერდებოდა" - რა შეემთხვა ინგა გრიგოლიას?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 25 თებერვალი 2017 23:31

ჟურნალისტი და  ტელე-წამყვანი ინგა გრიგოლია ავარიას გადაურჩა. ამის შესახებ ტელე-წამყვანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს:

ინგა გრიგოლია: "ეხლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში. გამოვედი სამსახურიდან...გადმოვდივარ გადასასვლელზე. ჩემი გზაა, მწვანე ანთია, მოვდივარ და ვფიქრობ გადაცემის ინტერაქტივის გაფორმებაზე... არსაიდან უეცრად გამოვარდა აწყვეტილი მანქანა, წამებში მივხვდი, რომ ვერ გაჩერდებოდა. კივილი, მუხრუჭების საშინელი ხმა და ინსტიქტურად სადღაც გადავხტი. მოკლედ გადავრჩი. მას არც კი გაუჩერებია. მერე რა, რომ ჩემი გზა იყო და არა მისი, ხმამაღლა შემაგინა და გავარდა. ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, ყველაზე დაუცველები, ამ თავხედი ტიპების ხელში, ფეხით მოსიარულე ადამიანები ვართ. მეგონა ვიცოდი, რა იყო შიში. თურმე არ მცოდნია და დღეს აღმოვაჩინე, რაც ყოფილა სინამდვილეში". წერს ინგა გრიგოლია.

ფიქსირდება ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:16

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მედია ცენტრში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფიქსირდება რამდენიმე შემთხვევა ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის. მათ შორის მარნეულის 48-ე უბანზე, სადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილის ყრის პროცედურები ისე ჩაატარა, რომ ამას არ დაასწრო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე თელვის მე-13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ  საიას დამკვირვებელს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, მას არ მისცეს შესაძლებლობა, გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, პრობლემა აღმოიფხვრა მას შემდეგ, რაც მათი თხოვნით პროცესში ჩაერია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 

მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში მითითება აქვთ მიცემული საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომ მათ გააკეთონ არჩევანი განსხვავებული ფორმით, კერძოდ, ოთხკუთხედი ფორმით შემოხაზონ სიებში მათთვის მისაღები პარტია. თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი ეს იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო დავალება.

მათთვის ასევე არის ცნობილი კიდევ ერთი მითითების შესახებ, რომ ფოტო და ვიდე გადაღება მოეხდინათ მათ მიერ შემოხაზული ბიულეტინების.

ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ასეთ მითითებას ადგილი არ ქონია. თუმცა ანა ნაცვლიშვილი ამომრჩეველს მიმართავს, რომ მსგავსი ზეწოლის და მუქარის შემთხვევაში, ორგანიზაცი მზად არის სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს მათ.

ორგანიზაცია ასევე მიმართავს პოლიტიკურ სუბიექტებს ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და ნუ განახორციელებენ რაიმე ფორმით ზემოქმედებას ამომრჩევლის ნებაზე.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური