საქართვველოს თავდაცვის მინისტრმა შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:31

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია კატარღით გონიოს საზღვაო აკვატორიაში შევიდნენ და წვრთნების დროს დაკარგული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების სამხედრო მოსამსახურეები, I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა და კაპრალმა იაგო შარაძემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. 

დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მოსაძებნად გატარდა ინტენსიური ღონისძიებები, რომელშიც ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის ავიაცია. ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში ასევე, ჩართული იყო თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა. დაზვერვით და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა სათანადო პერსონალით, ტექნიკით, აპარატურითა და რადარებით აღჭურვილი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაღმმძებნი ხომალდი. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, პირველივე დღიდან მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. 

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა კურსანტების იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა.

"შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში"

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 12:58

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში „შეიარაღებული ძალები დემოკრატიულ საზოგადოებაში“ სემინარი გაიხსნა. სემინარის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სემინარს ორი გერმანელი ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი მარტინ გერსტერი და კაპიტანი ფრანკ მაგინსკი წარმართავენ. 

სემინარის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული სამხედრო ოფიცრებისა და სამოქალაქო პირების ინფორმირება გერმანიის ბუნდესვერში არსებული შიდა მართვის კონცეფციისა და მისი ცალკეული ელემენტების შესახებ.

კურსი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება. სამდღიან ტრენინგს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა „წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დაასრულეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 13:59

"წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დასრულდა.  კურსის  დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები მონაწილეებს თავდაცვის მინისტრისა და  გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილეებმა გადასცეს. ლელა ჩიქოვანმა და პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ  სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს, კანადურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და  კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოში კანადის თავდაცვის ატაშე, კაპიტანი ივან ალაინი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ (EPPC)  სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის დირექტორატის (DMTC) ინიციატივით, სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, კანადის ეროვნულ თავდაცვის დეპარტამენტთან  კოორდინაციით  ჩატარდა.

ათდღიანი თეორიული სწავლების განმავლობაში, მსმენელებმა  საერთაშორისო წვრთნების დაგეგმვის პროცესში, მრავალეროვნული და რეგიონული სწავლების დონეზე,  შტაბის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები შეისწავლეს.

კურსში  ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მონაწილეობა კანადის,  უკრაინისა და  მაკედონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ 28 ნომებრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით  თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

 

17 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:05

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა. იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე  საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია,  აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები დაესწრნენ.

ცერემონიალი სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებმა  საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებს იუბილე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა.

„გილოცავთ იუბილეს! თქვენი დანაყოფი არის ერთ-ერთი ელიტური დანაყოფი. დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ეს დღე ახალ გენშტაბის უფროსთან ერთად მოგილოცოთ და დაგპირდეთ, რომ ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად შეგიქმნათ საუკეთესო პირობები სარისკო წვრთნების წარმატებულად ჩატარებისთვის. რათა ჩვენი ქვეყანა უფრო დაცული და მომზადებული იყოს იმისთვის, რომ  ყველანაირ საფრთხეს გასცეს დროული და ადეკვატური პასუხი. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ამ 17 წლის განმავლობაში მათ ჩვენთან ერთად ჩამოაყალიბეს თქვენი დანაყოფი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ს გაწეული მხარდაჭერისთვის. სიმბოლურია, რომ ამ იუბილეს მათი წარმომადგენლებიც ესწრებიან. ჩვენი ინსტრუქტორები ორი თვეა წარმატებით ახორციელებენ და კიდევ განახორციელებენ წვრთნებს, ეს სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, რაც თავიდანვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და წარმატებებს  პარტნიორებთან ერთად ვიზეიმებთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ესტონეთის დელეგაციას მივესალმო, რომელიც თქვენთან განსაკუთრებით ამ მიმართულებით თანამშრომლობს. მინდა მივესალმო პოლონეთის და იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ იშურებენ ენერგიას და  ძალისხმევას, რათა ჩვენ ვიყოთ იმ სტანდარტების შესაბამისი, რასაც ჰქვია თანამედროვე, ნატოს სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობ ელიტურ დანაყოფზე, მხედველობაში მაქვს წვრთნების ის სარისკო ხასიათი, რომელსაც თქვენ გადიხართ. საზოგადოება ამის მოწმენი გავხდით ახლო წარსულში, როდესაც ერთ-ერთი წვრთნების დროს  დავკარგეთ ჩვენი ძმები, თქვენი თანამებრძოლნი და ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი შემთხვევები არ გვქონდეს, რომ უსაფრთხოების მაქსიმალური სტანდარტები დავიცვათ. იმ დღეებში და იმ დღეების შემდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის ის, რომ თქვენ აჩვენეთ, თუ რა არის ერთი ოჯახი, თანაგუნდელის ოჯახის თანაგრძნობა, გვერდით დგომა. ეს არის რაც ყველაზე ელიტურს და განსაკუთრებულს ხდის თქვენს დანაყოფს. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა, რომ ასეთი ღირსეული ქართველები გაზარდეს.

აქ მხოლოდ ფიზიკური მომზადება კი არა, ქართული მებრძოლი სულის გაწვრთნაც ხდება. თქვენ ხართ სამჭედლო ქართული მებრძოლი სულისა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ვისურვებდი, ეს ტრადიციები მომავალშიც გააგრძელოთ“,- მიმართა თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს ღირსეული მეთაურობისთვის მადლობა გადაუხადა.

გენერალური შტაბის უფროსმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სპეცდანიშნულების დანაყოფის ისტორიაზე გაამახვილა და სამხედროებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. დიდ ბრიტანეთში სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და  სწავლებაზე საპატიო მეორე ადგილის დაკავებისთვის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცა. გენერალური შტაბის უფროსმა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ კი მადლობა და სიგელები დაიმსახურა.

სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილეს ფარგლებში სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გამართეს. ტაქტიკური სწავლება  სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გადმოსხმას, ობიექტის მიმართულებით  გადაადგილებასა  და  საბრძოლო მასალის გამოყენებით ობიექტის განადგურებას ითვალისწინებდა.

დღესვე, სპეცდანიშნულების ბატალიონის ფოიეში  სამხედრო აღჭურვილობა და სპეციალური შეიარაღება გამოიფინა. იუბილე სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.

1992 წლის 22 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა დახმარებით ჩატარებული „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“ წარმატებით დაასრულა 12-მა სამხედრო მოსამსახურემ. ასე შეიქმნა პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  საფუძველი ჩაეყარა სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების ტაქტიკურ ქვედანაყოფს.

ლევან იზორია: “გონივრული პოლიტიკით შევძლებთ აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას”

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:13

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ქედს ვიხრი იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე ვინც საქართველოს ტერრიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. სოხუმი, აფხაზეთი არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი გულის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული პოლიტიკით შევძლებთ ჩვენს აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას და ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის ერთად უზრუნველყოფას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზეც „გმირთა სავანე“ მივიდა. გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ლევან იზორიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო. 

სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 179 ოფიცერი შეემატა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 16:32

დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 179 ოფიცერი შეემატა. იუნკერთა ბატალიონისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსდამთავრებულების ფიცის დადების ცერემონიალი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

„ყოველთვის, როდესაც აქ თქვენთან ერთად ვარ, განსაკუთრებულად მიხარია და ვღელავ, რადგან ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის სიამაყის, თავდაცვისუნარიანობის, ჩვენი არმიის ინტელექტუალურ სამჭედლოში. იქ, სადაც მზადდებიან მომავალი ოფიცრები და სამშობლოს დამცველები.
მადლობა იმისთვის, რომ აირჩიეთ ეს პროფესია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადადგით ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურს და თითოეული მოქალაქის დაცვას ემსახურება. 
თქვენ დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლებელში ხართ, თქვენ იუნკერების სახელს ატარებთ, თქვენ აგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ტრადიციას, რომელიც საუკუნეების წინ მცირე, მაგრამ ამაყმა და მამაცმა ერმა დაიწყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

აკადემიის კურსდამთავრებულებს დღევანდელი დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და მათ ქართული არმიისთვის უდიდესი შენაძენი უწოდა. სიტყვით მიმართვისას  ლევან იზორიამ იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მათ, როგორც ოფიცრებს, დღეიდან დაეკისრებათ: „ეს დღე უდიდესი შენაძენია ქართული არმიისთვის. იყო ოფიცერი - უდიდესი პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენ კიდევ უფრო დიდი ენერგიით იტვირთეთ. თქვენ ეს პასუხისმგებლობა გაწევთ არა მხოლოდ თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების წინაშე, არამედ სრულიად საქართველოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად აიღებთ იმ კვალიფიკაციით, რაც აქ შეიძინეთ და ღირსეულად გაართმევთ თავს იმ ანთებული გულით და დიდი სიყვარულით, რომელიც თქვენ სამშობლოს მიმართ გაქვთ. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი განვითარება ინსტიტუციურ გზაზე  გადის, ხოლო თავდაცვითი განვითარება - სწორედ თავდაცვითი ინსტიტუტების განვითარებაზე. ამ ინსტიტუტებს კი  სწორედ თქვენსავით კვალიფიციური, გულანთებული ოფიცრები ქმნიან“.   

აკადემიის დასრულება კურსდამთავრებულებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმაც მიულოცეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს განვითარებაში ახალგაზრდა ოფიცერთა კორსპუსმა დიდი წვლილი უნდა შეიტანოს.  

ღონისძიება დიპლომების გადაცემის ცერემონიალით გაგრძელდა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, უწყების სხვა ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

დღეიდან კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. იუნკერთა ბატალიონის IV კურსის კურსდამთავრებულებმა ასევე, მიიღეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიური ხარისხს,  ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება მიიღეს.

 

„აქ საუბარია უფრო ეფექტური და თავსებადი შეიარაღებული ძალების შექმნაზე“ - ვახტანგ კაპანაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 ივლისი 2016 13:11

„დღევანდელ პირობებში, როცა მაღალტექნოლოგიური შეარაღებული სისტემებია, რომელსაც სჭირდება კარგი ცოდნა აღნიშნული მიმართულებების, როცა საჭიროა პროფესიული მიდგომა, ამისთვის ერთწლიანი ჯარისკაცის ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოთხი და მეტწლიანი საბრძოლო მოსამსახურის. ასევე ჩვენ არა გვაქვს უფლება და არც სურვილი, რომ ახალწვეული გავუშვათ საერთაშორისო ოპერაციებში. ის ვერ მიიღებდა ამაში მონაწილეობას. ამის მორალური უფლებაც კი არა გვაქვს რომ სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე გავუშვათ ქვეყნის გარეთ სამხედრო მოქმედებებში. ასევე რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ არსებულ ბიუჯეტზე უნდა ვიყოთ  მორგებული...აქ საუბარია უფრო ეფექტური და თავსებადი შეიარაღებული ძალების შექმნაზე“ - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძე პასუხობს. 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 00:02

აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უკანასკნელ ხანს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან  რეგულარულად შეიმჩნეოდა პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის მოსახლეობის წინააღმდეგ. შედეგად იყო მსხვერპლი მოსახლეობას შორის.

მიუხედავად აზერბაიჯანული მხარის გაფრთხილებისა, აღნიშნული ქმედებები არ წყდებოდა, რის გამოც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობის დაცვის მიზნით, საპასუხო სამხედრო ქმედება განახორციელეს.

სამხედრო დაპირისპირების დროს სომხეთის მხრიდან დაიღუპა 120 სამხედრო მოსამსახურე და განადგურებულია 10-მდე სამხედრო ტექნიკა.

აზერბაიჯანის მხრიდან დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე და განადგურდა რამოდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი დაპირისპირება 1988 წელს დაიწყო.შედეგად მთიანი ყარაბაღი და მის მახლობლად მდებარე 7 რაიონი სომხეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. 1994 წელს მხარეებს შორის ზავი დაიდო, თუმცა ამ პერიოდში კონფლიქტის ზონაში სიმშვიდე მაინც არ იგრძნობოდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 მარტი 2016 16:39

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. თინათინ ხიდაშელმა გამოწვევებიდან  და საფრთხეებიდან გამომდინარე საქართველოში რეზერვის არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა იყოს მაქსიმალურად მობილური, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისი, მაღალი საბრძოლო მზადყოფნით, რათა თავდაცვითი ოპერაციები წარმატებულად აწარმოოს. „საქართველოს ბევრნაირი გამოცდილება აქვს. ჩვენი ამოცანა იყო თავი მოგვეყარა რაც შეიძლება მაქსიმალურად ყველა გამოცდილებისთვის, ერთ მაგიდასთან დაგვესვა ყველა ის ადამიანი, რომელსაც რაიმე ეტაპზე შეიარაღებული ძალების განვითარებაში მონაწილეობა მიუღია. თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კონცეპტუალური წინადადებების პაკეტი, თუ როგორი შეიძლება იყოს რეზერვი. ჩამოვყალიბდით, რომ რაიმე ერთი ტიპის რეზერვი საქართველოსთვის არ იქნება სწორი. ვითარების, საფრთხეებისა და გამოწვევების მიხედვით, მიდგომა უნდა იყოს დივერსიფიცირებული. ამჟამად, ჩვენ ვსაუბრობთ სამ ძირითად მიმართულებაზე, რათა ქვეყანაში განვითარდეს, ერთის მხრივ, არმიის რეზერვი ანუ დიდი, სამობილიზაციო, რომელიც საომარი მოქმედებების დროსაა საჭირო, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალური რეზერვი,“ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად პროექტის განხილვაში სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან ერთად კონცეფციის პირველადი პროექტი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში რამდენიმე კვირის წინ განიხილეს. ამ ხნის განმავლობაში კი მათ საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის საშუალება ჰქონდათ.  

კონცეფციის პროექტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მთავარი ამოცანა ომის, კრიზისებისა და მშვიდობიანობის დროს ძირითადი ძალების მხარდაჭერაა. სამუშაო ვერსიაში ასევე გაწერილია რეზერვის სამი კატეგორია - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი.

კონცეფციის სამუშაო ვერსია მოიცავს დაგეგმვისა და მართვის მოქნილ, სპეციფიკურ მექანიზმებს, რომელიც რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებითაა შემუშავებული. პროექტი სრულიად აუთენტურია, თუმცა, მოიცავს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას.

„ჩვენი ამოცანაა ზაფხულის ბოლოს - სექტემბრისთვის საქართველოს აბსოლუტურად დასრულებული ვარიანტი შევთავაზოთ, მათ შორის ჩატარებული პირველი ფაზის ჩათვლით. ჩვენი გეგმაა, კონცეფცია მაისის ბოლოს დავასრულოთ. მაისის ბოლოს გვექნება დიდი ღონისძიება, სადაც ნატოს რეზერვის ოფიცრებიც ჩამოვლენ. მათთან და ქართველ ექსპერტებთან ერთად დოკუმენტს საბოლოო სახეს მივცემთ, რომელსაც ივნისში გამოვაქვეყნებთ. ზაფხულში ვგეგმავთ პირველი ექსპერიმენტული ფაზის გაკეთებას. სექტემბრიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ეს თემა დახურულია, დისკუსიები დამთავრებულია და რეალურ მოქმედებაზე გადავდივართ,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავს  კონცეფციის პროექტის პრეზენტაციასა და შეხვედრებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან, ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საერთაშორისო კურსს გადიან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 12:41

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები „სწავლების დაგეგმვის პროცესის“ საერთაშორისო კურსს გადიან. საერთაშორისო სემინარები, ოფიციალურად, დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართება.

სწავლების განმავლობაში მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ, დახვეწონ სხვადასხვა ღონისძიებების მეთოდოლოგიური დაგეგმვა. ტრენინგები ინტერაქტიული ლექციებისგან შედგება, რომლის დროსაც მონაწილეები მცირე სინდიკატ ჯგუფებად იქნებიან დაყოფილნი. სასწავლო კურსს ქართველ სამხედროებთან ერთად მონტენეგროს, უკრაინის, მაკედონიის, სერბეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების 34 სამხედრო მოსამსახურე ესწრება. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური