კორონა ვირუსის ვაქცინას 40 დღეში დაამზადებენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 01 თებერვალი 2020 11:48

კორონა ვირუსის ვაქცინის დამზადებას 40 დღეც არ დასჭირდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო ,,სინხუა” ავრცელებს.

ჩინეთი კორონა ვირუსს ყველა ეფექტური საშუალებითა და გზით ებრძვის და მას ამ პროცესში არა მხოლოდ ადგილობრივი ექიმები და მკვლევარ-მეცნიერები, არამედ საზღვარგარეთიდან მოწვეული კომპეტენტური სპეციალისტები და კოლაბორატები ჰყავს ჩართული. მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქალაქ შანხაიში კომპანიის ,,სტერმირნა თერაპია” მკვლევარმა კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობის პროცესი აჩვენა. შანხაის თუნგძის უნივერისტეტის საავადმყოფო აღნიშნულ კომპანიასთან ერთად ვირუსთან ბრძოლის პროგრამას ახორციელებს და კორონასთან გამკლავების პროცესს დინამიკაში აჩვენებს. ,,ვაქცინის ნიმუშების დამზადების პროცესს 40 დღეზე ნაკლები დრო დასჭირდება” – აცხადებენ სპეციალისტები.

30 იანვარს, ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა პირადად მოინახულა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ვირუსზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი პროცესი. ჩინეთის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონა ვირუსი 10 დღის განმავლობაში პიკს მიაღწევს და მარტივად მოხდება მისი იზოლაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018 15:54

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იენჩისთან (Ji Yanchi).
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ა.წ. 3-5 დეკემბერს ქ. პეკინში დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-7 რაუნდის მნიშვნელობას.  საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივებს. 
აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ა.წ. 4-6 ნოემბრის ქ. შანხაიში ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც მან გამართა ხანმოკლე შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან ბატონ სი ძინპინთან და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (China International Import Expo). ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მომავალში მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის შემდეგომ განვითარებას.  
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი (one-China Principle).
ძი იენჩიმ ალექსანდრე ხვთისიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018 10:18
ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Prowine China-2018“ მონაწილეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ ღვინის კომპანიებს უკვე მესამედ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ „Prowein China“-ზე, რომელსაც ტრადიციულად 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.
გამოფენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად აზიის რეგიონში. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 700-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. 
საერთაშორისო გამოფენის მიზანია ჩინეთის ბაზარზე საერთაშორისო მწარმოებლების წარდგენა, რათა ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ თანამედროვე ღვინის ინდუსტრიას. 
ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,4 მლნ ბოთლი ღვინო.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 20:51

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (China International Import Expo – CIIE) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთი ქართული პავილიონი გახსნა. პავილიონი ქართულ მხარეს სამი წლით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციასა (GFTA)  და უმსხვილეს ჩინურ კომპანიას (Greenland Holding Group) შორის თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.

პავილიონში წარმოდგენილია ქართული აგრო-სასურსათო პროდუქცია, რაც ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდას და, შესაბამისად, ექსპორტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს. 

„შანხაიში, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ჩინეთის ხელისუფლებამ აბსოლუტურად ახალი ეკონომიკური ურთიერთობის დასაწყისი გამოაცხადა. ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ქვეყანაში იმპორტი, რაც  ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველომ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინოს. ამ რეალობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კომპანიის Greenland Holding Group მიერ ინიცირებული პლატფორმა, რომელიც ათეულობით ქვეყანას საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია გააცნოს დამთვალიერებელს. ჩვენს მიერ გახსნილი ქართული პავილიონი ჩვენი პროდუქციის ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ქართული პავილიონის გახსნის ღონისძიებაზე.

დუგლაძეების ღვინის კომპანიის გენერალური დირექტორის, ზაალ დუგლაძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია და უკვე არსებობს ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდისთვის ძალიან დიდი გეგმების საფუძველი.

შანხაიში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენის  გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა. ქართულ მხარეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის  შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს ჩინეთთან და რომ ჩინური კომპანიების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით სტაბილურად მზარდია.

საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 10 ნოემბერს დასრულდება, 50-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის ღვინისა და სხვა აგრო-სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი მონაწილეობს, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საექსპორტო პოტენციალს აცნობენ. 

მამუკა ბახტაძე - შანხაის ფორუმში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ვმონაწილეობდით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 14:31

ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის კარგი საშუალებაა. 

"ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჩინეთი აპირებს, მნიშვნელოვანწილად გაზარდოს  იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მოწვეული იყვნენ სპეციალურად ამ ფორუმისთვის და საქართველო მათ რიგშია, რისთვისაც მინდა, პირადად პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინეთის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვაქვს უნიკალური უპირატესობა - საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ისტორიული შანსი ჩვენთვის, რომ გავზარდოთ ექსპორტი  ჩინეთში. ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოში მთავარი ეკონომიკური სიძნელის - სიღარიბის დამარცხებასთან. აქედან გამომდინარე, მივდივართ ძალიან კონკრეტული გეგმით და ვფიქრობთ, შემდეგი 2 წლის განმავლობაში შევძლებთ, მნიშველოვნად გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი. გვექნება ამოცანა, მინიმუმ ორჯერ გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 14:22

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. 
გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. პრემიერმა, ჩინეთის პრეზიდენტსა და გამოფენაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა საერთაშორისო გამოფენის ქართულ პავილიონში, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. ისინი დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად შანხაიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

საქართველო მონაწილეობას მიიღებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 აპრილი 2018 16:53

ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

„შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 10:50

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენის „China International Import Expo“-ს შესახებ, რომელიც 5-10 ნოემბერს გაიმართება. საქართველო გამოფენაზე მიწვეულია, როგორც სტუმარი ქვეყანა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. 

1.5 მილიონი კვ. მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მომსახურების 5 და საქონლის 6 საგამოფენო ლოკაცია მოეწყობა, სადაც ქართველი ექსპორტიორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქცია  და მომსახურება  გააცნონ.

"ეს არის ჩინეთში იმპორტირებული საქონლის უდიდესი გამოფენა და მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ამ საწყის ეტაპზე, რათა უკვე დაიწყონ მზადება გამოფენისთვის,“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თავის მხრივ, გეგმავს ამ ინფორმაციის გავრცელებას როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებში არსებული კომპანიებისთვის. „როგორც იცით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ძალაში შევიდა ამ წლის პირველი იანვრიდან ძალაში. ეს არის რეგიონში პირველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. ამდენად, ქართული კომპანიების ორგანიზებული მონაწილეობა ასეთ გამოფენებში ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ვფიქრობ, დაინტერესება გამოფენაში მონაწილეობის მხრივ იქნება საკმაოდ მაღალი. ჩვენ ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ უკვე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებისგან, რის საფუძველზეც მოვახდენთ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირებას და გამოფენაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული კომპანიების გამოვლენას,“ - აღნიშნა  საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა. 

საქართველოს საექსპორტო პროდუქციას შორის ჩინეთში ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ქართულ ღვინოს აქვს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, „ჩინეთის ბაზარი მევენახეობა-მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანია, წელსაც ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტის მიმართულებით და 2018 წელს, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა ძალაში, გაცილებით შთამბეჭდავ ზრდას ველოდებით. მისი თქმით, გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიები ძალიან აქტიურობენ, რომ რაც შეიძლება მეტ გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა და ზოგადად, უფრო კარგად წარმოაჩინონ ქართული ღვინო, მეღვინეობის დარგი და ქვეყანა.

„მსგავსი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია. იმ კომპანიებისთვის, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ექსპორტის განხორციელების სურვილი აქვთ, ეს არის უნიკალური შანსი. ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია პროდუქციის რეალიზების კუთხით და ვფიქრობ, ასეთი გამოფენები ხელს შეუწყობს სწორედ ბიზნესების განვითარებას, ასევე დამწყები ბიზნესისთვის იქნება მოტივაცია იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქტი გაიტანონ ქვეყნებს გარეთ და გააცნონ მსოფლიოს“ - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ. 

საქონლის 6 საგამოფენო სივრცე მოიცავს სპეციალურ დარბაზებს მაღალი წარმადობის ინტელექტუალური ტექნიკის, სამომხმარებლო ელექტრონიკისა  და მოწყობილობების, ავტომობილების, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სამომხმარებლო ნივთების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებისა და სამედიცინო მომსახურების პროდუქტების გამოფენისათვის. მომსახურების 5 სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში კი შესაძლებელია ტურიზმის, განვითარებადი ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების, შემოქმედებითი დიზაინისა და მომსახურების აუთსორსინგის წარმოდგენა. 

საგამოფენო სივრცის დაჯავშნის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისია. 

გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.

ყველა გზა ჩინეთში მიდის!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 27 აგვისტო 2016 00:28

29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაცია. მათ შორის: სააგენტო „ნისუდეი საქართველოს“ დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი, ტელეკომპანია „სტარვიზია“ - გენერალური პროდიუსერი ეგორ კუროპტევი, მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, „ჯიბი თაიმსის“ დირექტორი - მიხეილ ტარახჩოვი, „ბიზნესთაიმ ჯორჯიას“ დირექტორი - ლევან ჭითანავა , ,„რუსთავი 2“ -პროდიუსერი მაკა ფანქველაშვილი, „იმედის“ პროდიუსერი - შორენა ცხოვრებაშვილი, „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი და ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი - აკაკი გვიმრაძე, ტელეკომპანია„მაესტროს“ წამყვანი და ჟურნალისტი - ნანუკა იროდანიშვილი.
აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ და ჩვენთან ერთად იმყოფებოდა საელჩოს მდივანი თამუნა მუჯირი, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია დელეგაციის წევრებს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩინეთის საელჩოს, ბატონ ელჩს ძი იანჩის ასეთი შთამბეჭდავი მედიატურის ორგანიზებისათვის.

დელეგაციის წევრები პეკინში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორმა გუეი ცონგიუომ (Gui Congyou) მიიღო, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრამ (დალიანის ეკონომიკური ფორუმი), განამტკიცა და ასევე დასაბამი მისცა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.“ ჩინეთს საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მომავალ წელს გახდება 25 წელი, რაც ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ“, - დასძინა მან. 
როგორც ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება ურთიერთობები ეკონომიკის და განათლების სფეროებში. „მიმდინარე წელს გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელთანაც ასეთი სახის ხელშეკრულება გაფორმდება“, - ამბობს გუეი ცონგიუო.
მისივე თქმით, ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით და ამის ნათელი მაგალითია საერთაშორისო კორპორაცია „ხუალინგ ჯგუფი“, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობს. მხარეებს შორის თავისუალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებისთანავე საქართველოსთვის უფრო ფართოდ გაიღება ჩინეთის უზარ-მაზარი ეკონომიკური ბაზრის კარები“, - განაცხადა გუეი ცონგიუომ. ასევე საინტერესო იქნებოდა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებაც, რაც ჩინელი დიპლომატის აზრით, ხელს შეუწყობს ჩინთისა და საქართველოს მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების პროცესს. „ჩინელ ტურისტებს უყვართ მოგზაურობა და სავიზო პროცესის გამარტივების შემთხვევაში, ისინი სიამოვნებით ჩამოვლენ საქართველოშიც, მიაჩნია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს.
რაც შეეხება განათლებას, ჩინელი დიპლომატის აზრით, ორ ქვეყანას შორის ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს ამ სფეროს შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ყოველ წელს ჩინეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფს სტიპენდიას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მათთვის სასურველ სპეციალობაზე ისწავლონ ჩინეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. „ამჟამად ჩინეთში 100-მდე ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას, საქართველოში კი 5 ჩინელი სტუდენტი სწავლობს. მომავალში ჩვენ შევეცდებით გავზარდოთ ქართველი სტუდენტების რიცხვი ჩინეთში, რათა უფრო მეტ ქართველ წარმატებულ სტუდენტს მივცეთ საშუალება ჩინეთში გააგრძელოს სწავლა“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თავის მხრივ დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ჩინელ დიპლომატს მიღებისა და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. ამის შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის ფარგლებშიც საუბარი წარიმართა ისეთ საინტერესო თემების გარშემო, როგორიც არის ჩინეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობები. მედიის წარმომადგენლები ასევე შეეხნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას.
პეკინში მედიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ჩინეთის საერთაშორისო სამოგზაურო სააგენტო „დიაოიუთაი“-ს გენერალურ დირექტორს მა თიენშუს, (Ma Tianshu), შანხაიში - შანხაის ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილეს ფუ ძიხონგს (Fu Jihong) და პროვინცია შან სი-ს (ქალაქი სი’ანი, ჩინეთის უძველესი დედაქალაქი) ხელისუფლების საგარეო საქმეთა ოფისის ხელმძღვანელს ჭანგ ბაოვენს. (Zhang Baowen) შეხვდნენ.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციისთვის მომზადებული იყო კულტურული ტურები, ხოლო ჩინური უაღრესად გემრიელი სამზარეულოს გაცნობის მიზნით, შერჩეული იყო თითქმის ყველა მხარის სამზარეულო, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართველ ჟურნალისტებზე.
კულტურული პროგრამის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა პეკინში დაათვალიერეს ეროვნული მუზეუმი, მოინახულეს ზაფხულის სასახლე, გაისეირნეს ნავებით, ასევე მოინახულეს „აკრძალული ქალაქი“(ჩინელი იმპერატორების მთავარი სასახლე კომპლექსი, დაწყებული მინის და დამთავრებული ცინის დინასტიით), ჩინეთის დიდი კედელი, ესტუმრნენ გამომცემლობა „People’s Daily“-ს რედაქციას და შანხაიში ჩქაროსნული მატარებლით გაემგზავრნენ, სადაც შანხაის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა, დღის მეორე ნახევარში კი შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერეს.
ასევე, მოინახულეს კომპანია "ხუავეის" ოფისი, სადაც "ხუავეის" წარმომადგენელმა ქართველ ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რომლის განხორციელებასაც კომპანია ახლო მომავალში გეგმავს. ამის შემდეგ დაათვალიერეს შანხაის სანაპირო, „იუ იუენის“ პარკი, შოპინგისა და გართობის უბანი (Xintaindi), შემდეგ კი ქალაქ სი’ანში გაემგზავრნენ, სადაც ქართველი ჟურნალისტები ასევე შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. სი’ანი რადიკალურად განსხვავდება შანხაისაგან, აქ ყველაფერს სიძველის, გარკვეულწილად ხელუხლებლობის და ნამდვილი ჩინურის იერსახე აქვს. აქ ნაკლებად შეხვდებით ინგლისურ წარწერებს, ისევე, როგორც ინგლისურად მოსაუბრე მოსახლეობას. ამის მიუხედავად სი’ანი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული მიმართულებაა, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ეს არის ლეგენდებით მოსილი მხარე, რომელიც აბრეშუმის გზაზე მიმავალი ქარავნებისათვის მთავარი დანიშნულების წერტილი იყო. სწორედ სი’ანშია აღმართული ნულოვანი კილომეტრის აღმნიშვნელი მონუმენტი, როგორც საწყისი წერტილი დიდი აბრეშუმის გზისა. ამის შესახებ ინფორმაციის მიღება აბრეშუმის გზის მუზეუმში შეიძლება, რომელიც სწორედ ამ მონაკვეთშია განლაგებული.
გარდა ამისა დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სი’ანის მუზეუმი. მოინახულეს იმპერატორ ცინ ში ხუანგის ე.წ. „ტერაკოტების არმია“ და აბრეშუმის გზის საწყისი, ქალაქის ისტორიული გალავანი და ზარების კოშკი. ბოლოს კი ქალაქ ლანჭოუდან ურუმჩუში გადავიდნენ, საიდანაც თბილისში ჩამოფრინდნენ. 

დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა, ჩინეთი საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად მიიჩნევს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

  ავთანდილ ოთინაშვილი,

თბილისი-პეკინი-თბილისი

ქართული ღვინის ფესტივალი შანხაისა და ჰონგ-კონგში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 11:41

ქართული ღვინის ფესტივალი შანხაისა და ჰონგკონგში ჩატარდა, სადაც ქართული ღვინისმწარმოებელი 9 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ფესტივალს ორი დღის განმავლობაში შანხაის „რუზველტის სახლი“ და ჰონგ-კონგის სასტუმრო„კორდისი“ მასპინძლობდა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულისააგენტოს მხარდაჭერითა და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ისორგანიზებით ჩატარდა.

ქართული ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს კომპანია „Meiburg Wine Media”-ისხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ფესტივალს ღვინის ეროვნულისააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინისმოხმარება და ცნობადობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

 „ჩინეთში ზრდის ტენდენცია შარშაწინ დაიწყო და შენარჩუნებულია დღემდე. იზრდება ქართულიღვინის ცნობადობა, რაც განაპირობა ჩატარებულმა მნიშვნელოვანმა სამუშაოებმა. მეღვინეობისდარგი მთლიანად არის ჩართული ქართული ღვინის პრომოციაში ჩინეთის ბაზარზე - იქნება ესღვინის ეროვნული სააგენტო, თუ ღვინის კომპანიები. ჩინეთთან ურთიერთობები სამთავრობოდონეზე ძალიან უმჯობესდება, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ღვინის გაყიდვებზე“ - აღნიშნაგიორგი სამანიშვილმა.

ღვინის მაგისტრმა, დებრა მეიბურგა ქართული ღვინის გამორჩეულობაზე ისაუბრა.

„ქართულ ღვინოს დიდი ნაირსახეობის შემოთავაზება შეუძლია. მაგალითად, ახალი ტიპისღვინოები, შედარებით დაბალალკოჰოლური ღვინოები, რომელსაც ახასიათებს ცოცხალი ხილისარომატი, შემფასებლების  მოწონებას იმსახურებს საფერავი, ის განსხვავებულია. სხვადასხვაგემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შეუძლია ამ ნაირსახეობებიდან შეარჩიოს ღვინო თავისიმოთხოვნების შესაბამისად” - აღნიშნა მეიბურგმა.

 

ქართული ღვინის ფესტივალს მრავალი ვიზიტორი ესტუმრა: ადგილობრივი მედიის, ღვინისინდუსტრიის, სასტუმროებისა და რესტორნების, იმპორტიორი კომპანიების, ღვინისსაგანმანათლებლო, ღვინის მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლები, რაც ძალიანმნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩინეთის ბაზარზე.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრები ეცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას,აგემოვნებდნენ ქართულ ღვინოებს ადგილობრივ პოპულარულ კერძებთან ერთად.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების სხვადასხვა სტილისღვინოები: „ბაგრატიონი“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, “GWS”, “კახურიტრადიციული მეღვინეობა“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „მილდიანი’ „უსახელაურის ვენახები“.

ჰონგკონგში ვიზიტის დროს გიორგი სამანიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოსწარმომადგენელმა ჩინეთში მაია ცქიტიშვილმა  შეხვედრები გამართეს ჰონგ-კონგის ღვინისაკადემიის წარმომადგენელთან ქრის ლაისთან (Chris Lai)  და ტერსინა შეისთან (Tersina Shieh),რომელიც არის ღვინის კონსულტანტი, მარკეტოლოგი, კულინარიისა და ღვინის შეხამებისმრჩეველი და ბლოგერი. შეხვედრებზე განხილული იყო ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზეგავრცელებისა და პოპულარიზაციის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო, რაც148%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელი განსაკუთრებითმნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით -ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ)შეადგინა.

 
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური