მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 10:44

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით. პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან – ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას!!! ვერ შეძლებ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა, რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!! შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები, რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე, როგორც ყოველთვის მჯერა, რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება, რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე...სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს. ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს: შინაარსში ასახსნელი არაფერია, რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში, იქ, სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!! ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი, მან შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად. ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა. სწორედ იმიტომ, რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო, გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი, ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე, მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!! ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც, როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწამვლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე, ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად – არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წლებში ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს. არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული. და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე, ვერასოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას, როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა. მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი. ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო – რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამ ქვეყანაში! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც! დანარჩენი ის იყო, რაც ყველამ ნახეთ. დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა –ნაწამები და ნაგვემი ციხე – თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ. "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა. ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება, რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები. არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები, როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს. მართალია დღეს ჩვენს "გუნდში" აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩრდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა. სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება –ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა. მახსოვს ლევან გოგიჩაიშვილის ემოციური კითხვა, როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს, "რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო". ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად, ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი....და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება! გამოგვივიდა? და ახლა ბოლოს "ქართულ ოცნებას" მივმართავ: გამოგვივიდა? შევძელით ეს? დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში". შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი. არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში. ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი "გუნდით“. ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე. მე-7 წლისთავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა! სახელი დავარქვათ ყველაფერს! მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით. ამ დროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს. აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში. მე ამას ვერ შევეგუებოდი! მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში. ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადგმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია! ჩემი პასუხი? არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით! ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ, რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა – გალაკტიონის ენით რომ გადმოვცე – მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია! ამიტომაც, ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ!!!", - წერს ეკა ბესელია "ფეისბუქში".

ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 13:27

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მსოფლიოს 164-ე ჩოგანია, ავსტრალიის ღიაზე გამოსვლა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. მან საათსა და 36 წუთში, კლასიფიკაციის 532-ე ნომერთან, ჩეხ ლუსი ჰრადეცკასთან წააგო – 3:6, 3:6.

პირველ სეტში გორგოძის წაგება, ძალიან დასანანი იყო. პარტიის პირველ ნახევარში ქართველმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ერთი ბრეიკიც ვერ შეასრულა, ჰრადეცკამ კი ორი ასეთი შანსი მიიღო, ორივე გამოიყენა და 3:3-დან ზედიზედ სამი გეიმის მოგებით, პირველ პარტიაში გაიმარჯვა.
მეორე სეტის მესამე გეიმში, გორგოძემ, როგორც იქნა, შეძლო პირველი ბრეიკის აღება, მაგრამ ჩეხმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის გეიმი და გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო – 4:2. ჩეხს მოგება აღარ გასჭირვებია.

ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკ-პოინტების დაბალმა რეალიზაციამ (1/13) და მეორე მოწოდებამ დააღალატა, რომელზეც ქულების 25 პროცენტი აიღო. ჰრადეცკამ ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტიგამოიყენა. ის უფრო აგრესიულად თამაშობდა – „ვინერსების“ შეფარდება 39 13-ი წინააღმდეგ იყო. გორგოძეს 13 „ვინერსთან“ ერთად 19 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ეს იყო ეკატერინე გორგოძის მეორე გამოსვლა „დიდი სლემის“ ტურნირებზე და ისევე როგორც შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე, ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც ახლა დაძლია.

მდგრადი მედია: დამოუკიდებლობის მთავარი პირობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მაისი 2018 09:29

3 მაისს მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს . ეს დღე იმ ფაქტს გვახსენებს, რომ თავისუფალი მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია, გვახსენებს მედია პლურალიზმის მნიშვნელობას, ობიექტური, ხარისხიანი, ეთიკური ჟურნალისტიკის როლს მოქალაქეთა ინფორმირების, მათი ინტერესების დაცვის და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხში.

ჩვენ ბევრი რამ გვსმენია დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა დამოუკიდებლობის რეალური არსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ვიცით, რას ნიშნავს დამოუკიდებელი აზრი, ვიცით იმ ჟურნალისტების შესახებ, რომლებიც პრობლემებს იკვლევენ და ხშირად უშუალო საფრთხის პირისპირ დგანან; მაგრამ გაცილებით ნაკლებად ვიცნობთ მედია-მენეჯერების საქმიანობას, რომლებიც ოფისებში მუშაობენ და უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის ინფორმაციის ეთერში გასვლას ან გამოქვეყნებას ასევე, არაფერი ვიცით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელფასების და მომწოდებელთა ანაზღაურების გაცემა.

ეს ის საკითხია, რომლის შესახებ ევროკავშირი კარგად არის ინფორმირებული. „საფრთხეები, რომლებიც თავისუფალ ჟურნალისტიკას ემუქრება, კომპლექსურია“, აღნიშნა ევროპული სამეზობლოს კომისარმა იოჰანეს ჰანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია კონფერენციაზე გასული წლის სექტემბერში: „პირადი ინტერესები და კონცენტრირებული მედია-მფლობელობა ხშირად ართულებს დამოუკიდებელი მედიის არსებობას“, აღნიშნა ასევე ევროკომისარმა და ხაზი გაუსვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია „გზების ძიება მედიის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად“.

„კონტენტსა და ჟურნალისტიკას უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ადგილობრივ მედიას მდგრადობის მისაღწევად მეტი დახმარება სჭირდება“, ამტკიცებს ვესელინ ვაჩკოვი, ჩეხეთის უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ყოველდღიური გაზეთის, Lidové noviny, დირექტორი. ვაჩკოვი მუშაობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ღია მედია ჰაბის პროექტში და უძღვებოდა მედია მენეჯმენტის სემინარების და მასტერ-კლასების სერიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად საორგანიზაციო და ფინანსური მენეჯმენტის უნარების გაუმჯობესებაზე და ბეჭდვითი და ონლაინ მედიიდან შემოსავლების მაქსიმალურ ზრდაზე იყო ორიენტირებული.

ვაჩკოვი ამბობს, რომ მედია საშუალებები, რომლებთანაც ის საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მუშაობდა, იცნობენ ჟურნალისტურ ეთიკას და ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ იყვნენ დაბალანსებული და შექმნან მაღალი ხარისხის მასალა, რომელიც „ევროპულ სტანდარტებსაც კი“ დააკმაყოფილებს.

„მაგრამ თუ სახელმწიფოს, ადგილობრივი მეწარმის ან ოლიგარქის ან თუნდაც ევროკავშირის დაფინანსებაზე ხართ დამოკიდებული, მალე მიხვდებით, რომ არ ხართ ბოლომდე თავისუფალი“.

დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის თვალსაზრისით ფინანსური ზეწოლა შეიძლება გაცილებით ეფექტური იყოს, ვიდრე პოლიტიკური ზეწოლა, ამბობს არტურ კორგენჩა, კიშინიოვში მდებარე წამყვანი მოლდოვური ტელეარხის PRO TV ახალი ამბების დირექტორი. „ფინანსური დამოუკიდებლობა სარედაქციო დამოუკიდებლობის სინონიმია - მოლდოვის ხელისუფლებას ეს გააზრებული აქვს და ცდილობს დამოუკიდებელი მედიის არსებობას სირთულეები შეუქმნას“, აღნიშნა მან.

გასულ წელს ხელისუფლებამ შემოიღო ახალი წესები, რომლებიც ავალდებულებს სატელევიზიო არხებს ლოკალურ პროგრამირებას დღეში მინიმუმ რვა საათი დაუთმონ, მათგან ექვსი - პრაიმ-თაიმის დროს. „გარდა იმისა, რომ ეს უმძიმესი ფინანსური ტვირთია არხების უმრავლესობისთვის, კიშინიოვის PRO TV-ს ჩათვლით“, ეს ნიშნავდა, რომ სატელევიზიო არხებს არ შეეძლოთ პრაიმ-თაიმის დროს გადაეცათ მაღალრეიტინგული უცხოური პროგრამები, მაგალითად, ფეხბურთი ან ჰოლივუდის ფილმები - „სწორედ ის პროგრამები, რომლებიც იზიდავს რეკლამასდა აქედან გამომდინარე - ფულს“, აღნიშნა კორგენჩამ.

PRO TV-მ მოახერხა თავის გადარჩენა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) დახმარებით, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ ორგანიზაციებზე გასცემს გრანტებს. ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსება დაეხმარა სატელევიზიო არხს PRO TV 4 ახალი შოუს მომზადებაში, გასართობი შოუების და ყოველკვირეული პოლიტიკური თოქ-შოუს ‘In PROfunzime’ ჩათვლით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამა გახდა მოლდოვაში.

„ევროპის დემოკრატიის ფონდის საშუალებით შევძელით ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის კვოტის დაკმაყოფილება“ და ამასთანავე უფრო მდგრადი საფუძვლის შექმნა მომავლისათვის, ამბობს კორგენჩა. „ეს შოუები პოპულარულია და მათ მაღალი რეიტინგი აქვს, ამიტომ გვჯერა, რომ ამ პროგრამების საშუალებით მომავალში რეკლამებს მოვიზიდავთ, რთული გარემოებების არსებობის მიუხედავად“.

გარდა ამისა, ევროპის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერა დაეხმარა PRO TV-ს აღნიშნული პროგრამებისთვის გადამღები ჯგუფების ჩამოყალიბებასა და საკუთარი რესურსების შექმნაში. „ამ ჯგუფებს ახლა უკვე აქვთ გამოცდილება იმისათვის, რომ განაგრძონ შოუების წარმოება და მომავალში ახალი სატელევიზიო პროექტები განახორციელონ“, ამბობს კორგენჩა.

მაგრამ ფინანსური ზეწოლა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის არ არის. ფაქტობრივად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიის წინაშე მდგარი პრობლემების უმეტესობა იმ პრობლემების მსგავსია, რომლებმაც უკანასკნელ წლებში მთლიანად მოიცვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების მედია სივრცე, ამბობს ვესელინ ვაჩკოვი. აღნიშნულ პრობლემებს შორის ვაჩკოვი ასახელებს ბეჭდური მედიის ტირაჟის შემცირებას, რაც კომპლექსურად გამოიწვია ეკონომიკურმა კრიზისმა, ბეჭდურიდან ციფრულ მედიაზე გადასვლამ და ონლაინ შემოსავლების მიღების სირთულეებმა, ასევე ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების საჭიროებამ და სარეკლამო შემოსავლების შეზღუდვამ.

ვაჩკოვის ტრენინგი მედია მენეჯმენტში, რომელიც ონლაინ კურსის სახითაც არსებობს, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულ პრობლემებსაც მოიცავს. „ჩვენ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, ამბობს ვაჩკოვი. „მონაწილეები ნამდვილად კმაყოფილები არიან მხარდაჭერით, რომელიც მათ უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარება“.

წარმატებული მედია ბიზნესის წარმართვა პატარა ბაზარზე თავისთავად გამოწვევაა, ამბობს ლიუდმილა ჩეკინა, ბელარუსის წამყვანი ონლაინ ახალი ამბების პორტალის TUT.BYაღმასრულებელი დირექტორი. პორტალს 50-ზე მეტი სარედაქციო თანამშრომელი ჰყავს, ხოლო მისი მკითხველების რიცხვი ბელარუსის ინტერნეტ-მომხმარებლების საერთო რაოდენობის 42.9%-ს შეადგენს.

„წარმატებული ფინანსური მოდელის დახმარებით დამოუკიდებელ მედია-საშუალებას თავის გადარჩენა შეუძლია“, ამბობს ლიუდმილა ჩეკინა. „გარდა ამისა, გაზრდილი შემოსავალი რეკლამის მსხვილი კორპორატიული დამკვეთებისგან დამოუკიდებლობის საშუალებასაც იძლევა“.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2000 წლის სტარტაპიდან მთავარ ციფრულ მედია-მოთამაშედ იქცა, მისი დამოუკიდებლობა ბრენდის რეკლამის ბაზარზე ბელარუსში და ონლაინ კონკურენციის ზრდა, მათ შორის საერთაშორისო კონკურენციის, იმას ნიშნავდა, რომ ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად TUT.BY საჭიროებდა საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურის შემქნას და საოპერაციო პროცესის გაუმჯობესებას.

ამისათვის, მან მიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განხორციელებულ მცირე ბიზნესის სარეკომენდაციო პროგრამას, რომელმაც TUT.BY საერთაშორისო ბიზნეს-კონსულტანტების ჯგუფთან დააკავშირა. „პროექტი დაეხმარა კომპანიას ეფექტიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, გაუწია რეკომენდაციები ვიდეო სექტორის განვითარებისა და ბიუჯეტის ფორმირებისთვის, ასევე მისცა რამდენიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რამაც კომპანიის სტრუქტურა შეცვალა“, აღნიშნა ჩეკინამ.

ამის შედეგად შემოსავლები 20%-ით გაიზარდა. „რენტაბელობის ზრდამ, რა თქმა უნდა, თანდათან გაზარდა სარედაქციო ბიუჯეტი და დასაქმებული ჟურნალისტების რაოდენობა. ჩვენი რენტაბელობა საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში გვეხმარება“.

ლუდმილა ჩეკინას სჯერა მომავლის, თუმცა აცნობიერებს დივერსიფიკაციის აუცილებლობას ზრდისათვის: "პატარა ქვეყნებში სარეკლამო მოდელის საფუძველზე მომუშავე მედიისთვის მთავარ პრობლემას შეზღუდული ბაზარი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომშინაარსობრივი პროექტების განვითარება, რომლებიც იძლევა ფართო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას და სხვა ბაზრების წამყვან მომსახურების კომპანიებთან თანამშრომლობას, წარმოადგენს ყველაზე პერსპექტიულ და ეფექტურ სტრატეგიას. "

მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე არის იმის შეხსენება, რომ ინფორმაციის უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელ მედიას ბიზნესის მდგრადი მოდელი სჭირდება.

„მედიის წარმართვა მხოლოდ სტატიების წერა არ არის“, ახსენებს ვესელინ ვაჩკოვი მონაწილეებს მედია მენეჯმენტის სემინარებზე. „მდგრადობა გამოწვევა უფროა, ვიდრე ხარისხი. და რაც უფრო წარმატებულია მედია ეკონომიკურად, მით უფრო მეტია ჩვენი, როგორც ჟურნალისტების, თავისუფლების ხარისხი“.

***

ავტორი: კოსტა ს. პავლოვიჩი (ბი-ბი-სის ყოფილი ჟურნალისტი, თანამშრომლობს Radio France Internationale-თან, გაზეთის Cyprus Mail მთავარი რედაქტორი)

ღია მედია ჰაბი

ღია მედია ჰაბი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მხარს უჭერს მედია პროფესიონალებს ევროკავშირის სამეზობლოს მთელ სივრცეში. პროექტის მედია მენეჯმენტის საქმიანობიდან სამეზობლოს რეგიონში სულ 753 ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის არის 244 ინდივიდუალური მედია მენეჯერი; შერჩეული დამოუკიდებელი მედია-საშუალებებისთვის სამუშაო ადგილებზე მენეჯმენტის განმეორებითი კონსულტაციები ტარდება. მედია ჰაბის ოთხი ონლაინ კურსი, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და არსებობს ასევე რუსულ ენაზე, 350 მომხმარებელმა გაიარა, მათგან 148 მომხმარებელმა - მედია მენეჯმენტის კურსი. www.openmediahub.comwww.openmediahub.com/e-learning

ევროპის დემოკრატიის ფონდი

ევროპის დემოკრატიის ფონდი წარმოადგენს გრანტების გამცემ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიული ცვლილებების განმახორციელებლებს ევროპულ სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ. ის არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ინსტიტუტების ერთობლივი ინიციატივა და იღებს ევროკავშირის დაფინანსებას საკუთარი საოპერაციო ხარჯების დასაფარად. ევროპის დემოკრატიის ფონდი ეხმარება დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო- საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოძრაობებს და ცალკეულ აქტივისტებს პლურალისტური მრავალპარტიული სისტემის ხელშემწყობ საქმიანობაში, ამ ორგანიზაციების ზომის და ოფიციალური სტატუსის მიუხედავად; ფონდი ასევე ეხმარება დამოუკიდებელ მედიას და ჟურნალისტებს. დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ევროპის დემოკრატიის ფონდის მუშაობის ძირითადი სფეროა ევროკავშირის სამეზობლოში. www.democracyendowment.eu

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე ღია წერილს ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 29 დეკემბერი 2017 09:44

უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით და მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება, - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის ღია წერილშია აღნიშნული, რომლითაც ის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, საქართველოს პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტრის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მიმართავს. 
თუბა ჩაბუქი აღნიშნულ პირებთან შეხვედრას ითხოვს და წერს, რომ მისი მეუღლე ამჟამად ბრალდებულია დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია. „სამწუხაროდ, ამჟამად ის ბრალდებულია იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია. ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია, რადგან ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია სიყვარულს, მშვიდობასა და ტოლერანტობას ეფუძნება. უზომოდ განვიცდით ყველანი, მაგრამ ამ მდგომარეობამ ყველაზე მეტად ბავშვებზე იმოქმედა. როგორც დედა, ვწუხვარ შვილების გამო. მათ ყოველდღე ვასწავლი, რომ ჭეშმარიტება და სამართალი ყოველთვის იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვებისათვის საკმაოდ მძიმე თემაა, ისინი ცდილობენ გამიგონ და ყოველ საღამოს, დაძინებამდე გეგმავენ, თუ როგორ დახვდებიან მამას დაბრუნების შემდეგ და ამ ოცნებებით იძინებენ. ჩვენი უმცროსი ვაჟი, რომელსაც აქამდე სიზმარებს არასდროს ყვებოდა, ცნობილი ფაქტების შემდეგ ყოველ ღამე მამასა და სათამაშოებს ხედავს სიზმრად.
ახლა კი ახალი წელი დგება... სრულიად საქართველო ზეიმობს, ყველგან სინათლე და მხიარულებაა... მე და ჩემს შვილებს კი (პირველად ჩვენი ოჯახის არსებობის მანძილზე) მარტო მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა. ჩვენთვის ეს დღე დღესასწაული არ იქნება, რადგან ჩვენი ოჯახის მამა, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით და მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება. 
მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ საქართველოს დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ ჩემი რწმენა და მსოფლმხედველობა დავიცვა ისევე, როგორც ვიცავდი თავიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირის გზაზე მყარი ნაბიჯებით მიმავალი კავკასიის ულამაზესი ქვეყანა არასოდეს დაიხევს უკან, არ შეცვლის არჩეულ კურსს და არ მიაყენებს ჩრდილს ჭეშმარიტ და სამართლებლივ შეხედულებებს. მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ამ რთული პროცესების ქარცეცხლში სიყვარულითა და სითბოთი ჩვენს გვერდით მდგომი ქართველი ხალხისა და ჩვენი მფარველი საქართველოს მთავრობის მიმართ. მაგრამ წინ ჯერ კიდევ რთული გზაა... ჩვენთვის ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს... ამიტომ მოგმართავთ როგორც ქალი ქალს, დედა დედას, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად თქვენთან შეხვედრის საშუალება მოგვცეთ. ამქვეყნად ადამიანების შექმნილი კანონების გარდა, არსებობს მორალური და ზნეობრივი კანონებიც... მინდა თვალებში ჩაგვხედოთ, დარწმუნდეთ ჩვენს სიმართლეში, გაგვამხნევოთ, გვითხრათ, რომ სიმართლე ძლიერია ტყუილზე, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ჩვენც შევძლებთ მის დამარცხებას. არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს, არ მინდა ჩემმა შვილებმა რწმენა დაკარგონ... მათ დღეს ძალიან უჭირთ და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ... მჯერა, რომ როდესაც ჩემი შვილები მამასთან შეხვედრას იდღესასწაულებენ, საქართველო დემოკრატიისა და სამართლიანობის გამარჯვებას იზეიმებს.
გისურვებთ, რომ ახალ წელს ჩვენი დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნისათვის სიყვარული, მშვიდობა და წარმატებები მოეტანოს“, - აღნიშნულია თუბა ჩაბუქის წერილში. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური