ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 18:02

დარწმუნებული ვარ, საქართველოს შეუძლია, ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალურ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და პროექტები, რომლებიც ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება, საუბრის მთავარი თემები იყო.

პრემიერ-მინისტრმა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის და ფორუმის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თბილისს 15-16 ოქტომბერს 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის მსოფლიო საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები ეწვევიან, რაც ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავებას და ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ მივულოცეთ პრემიერ-მინისტრს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოხარული ვართ, რომ ფორუმს ძალიან მაღალი დონის ოფიციალური პირები და მრავალი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველა მონაწილისთვის - საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის, გააღრმავონ თანამშრომლობა აბრეშუმის გზის ფარგლებში. საქართველო რეალურად არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და ამ ფორუმს დიდ წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ, ჩვენის მხრივ წვლილს შევიტანთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში“, - განაცხადა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა - გზები, წყალმომარაგება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

საინვესტიციო პროექტებთან ერთად, ხაზი გაესვა ADB-ის საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში საქართველო წელს 75 მილიონი დოლარის ოდენობის შეღავათიან სესხს მიიღებს.

ღარიბაშვილი მედიას ინფორმაციის გავრცელებისას აქცენტებს უწუნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 10:14

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას ინფორმაციის გავრცელებისას აქცენტებს უწუნებს. როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და აქცენტიც სწორედ ამ პროგრესზე უნდა გაკეთდეს. 
"ჩვენი ქვეყანა იძენს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი ჩამოდის საქართველოში. რამდენიმე დღის წინ შეხვედრა მქონდა ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან. ეს არის კომპანია, რომელიც 108 ქვეყანაში ოპერირებს და, რომლის საინვესტიციო პორტფელი რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა ანაკლიის პორტი, რიკოთის უღელტეხილზე გასაყვანი ახალი გზა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და მთავარი აქცენტები სწორედ ამ პროგრესზე უნდა გავაკეთოთ, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო და ძვირფასო ოპონენტებოც, რადგან ეს ქვეყანა მხოლოდ ჩვენს მთავრობას არ ეკუთვნის. ის ეკუთვნის ყველას - ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას და ყოველგვარი ზედმეტი ხმაური საბოლოო ჯამში სწორედ ქვეყანას, მის ინტერსებს აზიანებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
მისივე განმარტებით, მედიის თავისუფლების ფონზე მთავრობას მოსახლეობამდე ინფორმაციის მიწოდების პრობლემა აქვს. 
"კიდევ უფრო მეტად - ორმაგად და სამმაგად უსამართლობაა, მოისმინო კრიტიკა ისეთი ადამიანებისგან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს - ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას" - აღარ მინდოდა ამ სიტყვების გამოყენება, მაგრამ მაინც მომიწია - მთელი სტრატეგიული ობიექტები აღმოჩნდა რუსეთის ხელში. სწორედ წინა მთავრობა აპირებდა გაზსადენის გაყიდვასაც. ამ ყველაფრის ფონზე, კახა კალაძის ერთი შეხედვა "გაზპომის" წარმომადგენლებთან გახდა რაღაც საოცარი აჟიოტაჟის საფუძველი. მიზანი არის ერთი - მოხდეს აქცენტის გადატანა ნაკლებად საინტერესო საკითხებზე და არ მოხდეს მთავარზე კონცენტრირება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს ინფორმაციის მიღების პრობლემა. მე თუ მკითხავთ და გულწრფელად გეუბნებით, დღეს საქართველოში იმ სამთავრობო გეგმების, სამთავრობო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების პრობლემაა, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. პრობლემა არ აქვს მედიას ინფორმაციის გავრცელების, პრობლემა გვაქვს ჩვენ - მთავრობას, ინფორმაციის მოსახლეობამდე მიწოდების. ამას აკეთებენ არა მხოლოდ "რუსთავი 2", "იმედიც", "მაესტრო" და "პირველი არხიც" - ყველანი, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი მნიშვნელოვანი მოვლენების აქტიური გაშუქებით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად ტელეკომპანიების მიერ არასწორი აქცენტების გაკეთებისა, მთავრობა მათ საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს. 
"ჩვენ ავირჩიეთ ქვეყნის განვითარების სხვა გზა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. ასე რომ, თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვა "რუსთავი 2"-თან, იგივე სხვა მედიასაშუალებასთან დაკავშირებით, ეს კითხვები უნდა გადაამისამართოს სხვა სუბიექტებზე, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ჩარეულა არც ერთი ტელევიზიის საქმიანობაში. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და ჩვენ ვაგრძელებთ", - განმარტა მთავრობის მეთაურმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 18:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო შეძრწუნებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური განცხადებას ავრცელებს , რომელშიც დაღუპულთა ოჯახებს და თურქეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
"შეძრწუნებული ვარ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ შემზარავ ტრაგედიას ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაჭრილია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ უმძიმეს წუთებში", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ტერორიზმი კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტებაა და მას საზღვრები არა აქვს. 
"ვერც ერთი სახელმწიფო ტერორიზმს მარტო ვერ გაუმკლავდება. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და ებრძოლოს ამ უდიდეს დანაშაულს", - განმარტავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 15:44

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა.

შეხვედრა ილჰამ ალიევის სასახლეში 3 საათს გაგრძელდა.

მხარეებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ახლო მომავალში საქართველოს ეწვევა.

ღარიბაშვილის შეხვედრა-ალიევთან-პრემიერ-მინისტრი ბაქოში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 13:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში იმყოფება. საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. მხარეები სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ADB–ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 12:36

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ახალ დირექტორთან, იშიმ ელჰან-კაიალართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს შეეხო.
ხაზი გაესვა 2014-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის (CPS) მნიშვნელობას, რომლის მიხედვით, საქართველო ADB-სგან მხარდაჭერას მიიღებს შემდეგ სფეროებში - ენერგო სექტორის, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება; საჯარო სექტორის მართვა; კერძო სექტორის განვითარება; ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა; მმართველობა; გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება. 
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იეშიმ ელჰან-კაიალარს წარმატებები უსურვა. იეშიმ ელჰან-კაიალარი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას 2015 წლის 30 სექტემბერიდან შეუდგა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, იგი ADB-ს საჯარო მართვის პორტფელს ხელმძღვანელობდა ცენტრალური და დასავლეთ აზიის 10 ქვეყანაში. მას გააჩნია მსოფლიოს 25 ქვეყანაში განვითარების სააგენტოებში, კერძო სექტორსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მუშაობის 25 წლის გამოცდილება. ელჰან- კაიალარი არის კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და გააჩნია ჰარვარდისა და მიჩიგანის უნივერსიტეტების კვალიფიკაცია ფინანსებისა და მართვის სფეროში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა მივა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 12:30

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა მივა.
სხდომაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის იდეა მოიწონეს.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ენერგორესურსებზე მოთხოვნილების მართვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. 
ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები თბილისშიც განხორციელდება. 
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა.
ასევე, ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება, რეგიონებში კი შემნახველი მეურნეობები აშენდება. 
ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა წლების მანძილზე მიტოვებული პლანტაციების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის დასაქმებას და მეჩაიეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
რეგიონებში კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შემნახველი მეურნეობების აშენება იგეგმება, რაც ქვეყნის მასშტაბით სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის განვითარებას და პროდუქციის შენახვის ხანგრძლივობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ეკონომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში დაიწყება.

,,ვერ მოგვარდება ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე" - პრემიერი რუსეთზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 09:50

პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპაციის მიუხედავად რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა აუცილებელია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან კონფლიქტის გადაჭრის მიზნით აიღო.

პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან აფხაზ და ოს ხალხსაც მიმართა.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე გამოწვევები დგას. რუსეთმა სოხუმის და ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა. ჩვენი დამოკიდებულება ამ მხრივ უარყოფითია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხის უფლებები ირღვევა. იქ შეიზღუდა მშობლიური ენის სწავლების უფლებაც. ასობით ათასი ადამიანის სურვილს, დაბრუნდეს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ეს ყოველივე აფერხებს. კონფლიქტის საფრთხე ძალიან რეალურია. 2012 წლიდან დღემდე მთავრობამ 10 ათასი ოჯახი დააკმაყოფილა. მაშინ როდესაც რუსეთი ოკუპაციას განაგრძობს, მთავრობა მაინც პრაგმატული ურთიერთობების აუცილებლობაზე საუბრობს. ჩვენ გადავდგით სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურული თანამშრომლობის ნაბიჯები. თუმცა ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ვერ მოგვარდება ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.იმედი მაქვს, რუსეთი შეასრულებს ვალდებულებებს, რომელიც მან კონფლიქტის გადაჭრის მიზნით აიღო. მივმართავ აფხაზ და ოს თანამემამულეებს, მე მჯერა, რომ ისტორიის ხელახლა დაწერას და წარსულის წაშლას ვერავინ შეძლებს, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა ისარგებლოთ ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგით. ველი იმ დღეს, როდესაც თქვენთან ერთად გავიზიარებთ ქვეყნის ნათელ მომავალს“, - განაცხადა პრემიერა.

ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 15:38

  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. 
 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
"მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 17:45

 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. 

შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი იყო. 

მთავრობის მეთაურმა სამუშაო სადილზე დიპლომატებს უკვე წარმატებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზის ერთგულია, თუმცა ამავდროულად, პრაგმატულ, კონსტრუქციულ სამეზობლო პოლიტიკას დიდ ყურადღებას უთმობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური