ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესტონეთს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 10:47

საქართველოს პრემიერმინისტრი ორდღიანი ვიზიტით ესტონეთს ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას, ტაავი რიივასს, შეხვდება.

პრემიერმინისტრები ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს  ხელს მოაწერენ.

დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან და პარლამენტის პრეზიდენტთან.

საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თბილისობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს.

ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციას მოაწყობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 13:04

ვინც ცდილობს ან გეგმავს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციას, მე მათ ვპირდები, რომ ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილნი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი საქართველოს მოქალაქეებს დაუპირისპირდეს.
“ასე, რომ ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ვინც ცდილობს ან გეგმავს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციას, მე მათ ვპირდები, რომ ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილნი, ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა,სადაც პოლიტიკური ლიდერები, ვერასოდეს ვერ დაუპირისპირდებიან საქართველოს მოქალაქეებს. და ვერც ერთი დღეს საქართველოში ვერ დაგეგმავს ვერანაირ პროვოკაცია. ასეთი განზრახვის შემთხვევაში ყველა იქნება გამოვლინილი და უმკაცრესად დასჯილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, არ აყვნენ პროვოკაციებს.
“და ბოლოს, მინდა, ყველას შევახსენო ჩვენი მოქალაქეობრვი მოვალეობა და პასუხისმგებლობა- ჩვენ ყველას გავქვს ერთი სამშობლო, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, მიუხერდავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკურ შეხედულებებისა. ამიტომ დავდგეთ ამ პროვოკაციებზე მაღლა და ერთად შევქმანთ მშვიდობიანი მომავალი”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის დაპირება საზოგადოებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 12:39

პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცავები ამ საქმეს გამოიძიებენ ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულებაზე ზეწოლისგან.
„მინდა მივმართო ყველას: შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამაზე მაღლა დავდგეთ. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ – ყველა ერთად უნდა დავდგეთ და არ უნდა დავუშვათ არანაირი არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცავები ამ საქმეს გამოიძიებენ ბოლომდე, ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რაც მიმართული იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამართალდამცავები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ხალხის დასაცავად, მათი უსაფრთხოებისა და მათი სიმშვიდის უზრუნველაყოფად.
მე მესმის ეს აღშფოთება. მეც მიჭირს ამ საშინელ ქმედებებზე ემოციების გარეშე განცხადების გაკეთება. დღეს ყველას გვმართებს თავშეკავება. მე მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, საქართველოშიც და საზღვარგარეთ: თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულებაზე ზეწოლისგან. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით სასამართლოს და მოსამართლეს, რომ მიიღოს ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სამსახური მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რათა დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება-ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 12:17

უსაფრთხოების სამსახურები და პოლიცია მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სიმშვიდე და სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინდელი აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამდენად ამორალურია იმ ადამიანების მიდგომები, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ებარათ.
“მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშორებით, რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში. გუშინ გავრცელდა ოდესის გუბერნატორის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანის გიგა ბოკერიასა და “რუსთავის 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის საუბრების ჩანაწერები. შეუძლებელია, არ შეგაწუხოს მართლაც იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც ეს პირები იჩენენ და რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად ამორალურია მათი მიდგომა, ზოგადად, პოლიტიკის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის მიმართ.
ეს ხალხი, რომელიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებს, არის ხალხი, ვინც არბევდა მშვიდობიან დემოსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს. ვინც არბევდა ტელევიზიებს, მათ შორის “იმედს” და სხვებს. ვინც ბიზნესმენებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული მთელი წლების განმავლობაში და რომელმაც ციხეში შექმნა სისტემა, რომელმაც ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახე.
მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვირდრდა დემოკრატია. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 3 წლის წინ და იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.
ყველა სამსახური მუშაობს 24 საათის განმვალობაში. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ გვქონდა გუშინ ოპერატიული თათბირი უსაფრთხოების სამსახურებთან და მე მინდა განვაცხადო ,რომ ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის საგანგებო ბრიფინგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 11:12

მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. საგანგებო განცხადებას 12:00 საათზე პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

სავარაუდოდ, განცხადება უკრაინულ საიტზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთდება.

2 თვეში საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი ამოქმედდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:44

2 თვეში საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი ამოქმედდება, რომლის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული ბრიტანელი გენერალი სერ გარი ჯონსონი –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის სფეროში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ, გენერალ სერ გარი ჯონსონის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე . 

გენერალი სერ გარი ჯონსონი 90-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში.

ბიზნესსექტორში დასაქმება 61 000-ით გაიზარდა - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 11:25

დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა და ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.

„2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, როგორც მოთხოვნის ზრდა, ისე ზოგადად ბიზნესაქტივობის გამოცოცხლება. თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში - ეს არის 12-პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას. მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძელით მეწარმეების ხელშეწყობა, ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის განვითარება, რამაც შედეგი გამოიღო და მეტი მოქალაქის დასაქმება შევძელით“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დღეს წარმატებით მუშაობს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორებიცაა ,,აწარმოე საქართველოში“, „იაფი აგროკრედიტი“, ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში მთავრობის მიერ დაწყებული პროგრამებით - მათ შორის ახალი საწარმოების შექმნის მიმართულებით, დამატებით 10 000 ადამიანი დასაქმდა.

პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, მარტივდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ხდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სამუშაო ადგილების შექმნა.

„ჩვენ ბიზნესს სამი წლის განმავლობაში მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმენით. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელშეუხებელია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნესდავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში, იქნება ეს სასამართლო თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფლად ოპერირებს საქართველოში, თავს გრძნობს სრულიად დაცულად და ინვესტორი აბსოლუტურად თავდაჯერებულია. შედეგად, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 87%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩვენ გვაქვს ძალიან მოქნილი პროგრამები, 10%-ით ვასუბსიდირებთ ბიზნესის სესხს და მათ უწევთ მხოლოდ 1-2%-ის გადახდა; უფასოდ ვაძლევთ მიწებს, ქონებას, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, რათა მეტად იყოს წახალისებული ბიზნესი და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, პირველად შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა განხორციელდა.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობები; გამოვლინდა თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების აუცილებლობა; მოხდა სამუშაო ადგილების შექმნაზე გავლენის მქონე ფაქტორების იდენტიფიცირება; გამოვლინდა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ განათლებას, რადგან კარგად გვესმის, რომ განათლების მიმართულებით მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების გარეშე, ვერ შევძლებთ ვერც სამუშაო ადგილების შექმნას, ვერც ეკონომიკის განვითარებას. ამავე დროს, ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ განათლების მიმართულებით. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, გვყავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრები, განათლებული თაობა, რომლებიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და იქნებიან კონკურენტუნარიანი თანამედროვე მსოფლიოში”, - განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე, მსჯელობის შედეგად, ჩამოყალიბდება საერთო მიდგომა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

დასაქმების რეგიონული ფორუმი თბილისში გაეროს, მსოფლიო ბანკის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობების ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაში სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის მთავრობების წევრები, კერძო სექტორისა და ბიზნესპალატების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღარიბაშვილი მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 13:22

მთავრობა აპირებს მთის მცხოვრებლებს მოხმარებული ელექტროენერგიის 50%-იც აუნაზღაუროს-ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მთის განვითარების ეროვნული საბჭო პირველ სხდომას მართავს. სხდომას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

"ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მივიღებდით მთის კანონს. ეს დაპირება შესრულებულია. რა არის ის ძირითადი შეღავათები, რომელიც შემოღებული იქნება მთაში? - ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, ასევე მეწარმე პირი თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან, პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20 %, ასევე გათვალისწინებულია სოციალური პაკეტის 20%-ით ზრდა. გარდა ამისა, ოჯახები პირველ და მეორე შვილზე ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ 100 ლარის, მესამე და ყოველ შემდგომ შვილზე კი ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას. ასევე საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება მთაში 35%-ით, სოციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლების შრომის ანაზრაურება კი არანაკლებ 50%-ით. დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის, ასევე ექთნებისთვის სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით. ჩვენ ასევე შემუშავების პროცესში გვაქვს სხვა შეღავათები, რომლებიც დაწესდება კანონის ამოქმედებისთანავე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:15

მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩემი მთავრობა მაინც არაორაზროვნად აცხადებს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში“, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, რუსეთთან ურთიერთობები ვერ დალაგდება.
“მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო რუსეთის საკითხს, რადგანაც დარწმუნებული ვარ, მის მიერ ბოლო დროს უკრაინასა და არა მხოლოდ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯები ამ კონფერენციაზე მსჯელობის უმნიშვნელოვანესი საკითხი გახდება. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. ინტეგრაციის შეთანხმებებს სოხუმსა და ცხინვალთან, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას.
მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ასევე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩემი მთავრობა მაინც არაორაზროვნად აცხადებს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ამ მიზნით ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ადამიანებს შორის კონტაქტებისა და ტურიზმის ხელშესაწყობად იქ და მაშინ, როცა ეს შესაძლებელია. ამ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ კეთილგონივრულ მიდგომას. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებ, რომ ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული-ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 16:29

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული მედიასაშუალებების მუშაობა გააკრიტიკა და ისინი „ჯალათების და სადისტების დღის წესრიგით“ მუშაობაში დაადანაშაულა. აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა მარტვილში სტუმრობისას გააკეთა.

"ასჯერ როცა გეტყვიან, რომ მთავრობა უუნაროა და არაფერს აკეთებს , გიჩნდება ეჭვი, ხომ არ არის მართლა ასე, მითუმეტეს, რომ არ არსებობს ალტერნატიული წყარო და ამის გადამოწმების საშუალება არ გაქვთ, რომელიც სიმართლეს გეტყვით. ამიტომ ვეუბნები მინისტრებს, რომ უნდა ვიაროთ რეგიონებში და უნდა გითხრათ სიმართლე, ღიად მივიღოთ თქვენგან კრიტიკაც, მოვისმინოთ პრობლემებიც. ყველგან ასეა - ევროპაში, ამერიკაში არსებობს დაბალანსებული, ინფორმაციის მიღების ორი ალტერნატიული წყარო – ერთი შეიძლება იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ მეორე დამაბალანსებელია. ჩვენთან აბსოლუტურად უკუღმაა ყველაფერი. ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მომავალში ქართული მედიასაშუალებების ხარისხი დაიხვეწება და აქცენტს არა ნეგატივზე არამედ პოზიტივზე გააკეთებს:

„თვითონ მედიასაშუალებებიც მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მჯერა, რომ მათი მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ყველა გაიგებს, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი, პროგრესი რომელიც ქვეყანაში ხვდება და არა ნეგატივი, ჩხუბი, ავტოავარია და ა.შ. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ჩავუსახეთ რწმენა, უკეთესი მომავლის იმედი, ასე ვერ გავუძლებთ – ვერც ერთი მთავრობა ვერ გაუძლებს, ვერც ერთი ხალხი ვერ გაუძლებს. ეს უნდა შეიცვალოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას დროთა განმავლობაში მივაღწევთ - მიუკერძოებელი გახდებიან მედიასაშუალებები. როცა ჩვენ რაღაცას ვაშავებთ, რა თქმა უნდა, უნდა გვითხრან, უნდა გააშუქონ პრობლემები, მაგრამ როცა მთავრობა მნიშვნელოვან რაღაც აკეთებს ხალხისთვის ბევრი მიმართულებით, კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და მიგვატანინონ სათქმელი ხალხამდე" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური