"სახელმწიფო მზად არის, შესაბამისი ხარჯები გაიღოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის"-პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 14:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გამოკვეთილი პრიორიტეტებია ჯანდაცვა და სოციალური საკითხების მოგვარება მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფო მზად არის, შესაბამისი ხარჯები გაიღოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის და დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებისთვის.
“სახელმწიფო მზად არის, შესაბამისი ხარჯები გაიღოს ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის და დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულებისთვის. ისინი ძალიან ამბიციური პროექტებია და, ბუნებრივია, დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ჩვენ ეს კარგად გვესმის, მაგრამ მთავრობას აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტი და ეს არის ჯანდაცვა და სოციალური საკითხების მოგვარება ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სამი წლის წინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ექვსასი მილიონი ლარი იყო, გაისად კი 3 მილიარდ 200 მილიონი ლარი იქნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გლობალური კონფერენცია – “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერის შეხვედრა სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 13:25

საქართველოს პრემიერი  სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრ პასქუალე ვალენტინის შეხვდა. 

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები შეხვედრის მთავარი თემები იყო. 

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რაც პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვას შეუწყობს ხელს. 

პრემიერმინისტრმა სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

საუბარი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასაც შეეხო.

პრემიერ-მინისტრი სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 09:54

საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები, მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკური და სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრის მთავარი თემები.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას ასევე ყურადღება დაუთმეს კაპიტალური ხარჯების მოცულობას და საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, მარკ გრიფიტსი, ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გასულ კვირას ეწვია. ფონდის მისიასთან აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო უწყებები.
შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პრემიერის განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 14:13

არაადეკვატური შეფასებები - ასე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ლაშა თორდიამ დღეს კონკრეტული ფაქტები დაასახელა და ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციები მისცა.

"ჩვენი პრობლემა წარმოადგენს იმას, რომ დანამატები არ შეიძლება წინასწარ განსაზღვრული იყოს ყველა საჯარო მოხელისთვის იმ უწყებებში, სადაც ასე მკვეთრად იზრდება დანამატის ხარჯები. 31 მილიონი ლარით შემცირდა პრემიების რაოდენობა, ხოლო 45 მილიონით გაიზარდა დანამატების რაოდენობა. ეს ის ციფრებია, რომელიც ბიუჯეტში დევს,“ - განმარტავს ლაშა თორდია. 

როგორც ცნობილია, დანამატებისა და გაზრდილი პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა პრემიერმა.

დღესვე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, განცხადებები სახელფასო დანამტებსა და პრემიებზე გააკეთეს მინისტრებმა. 

ისინი გამოეხმაურნენ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 45 მილიონი ლარით არის გაზრდილი სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატები.

აუდიტის სამსახურის  მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდიოდა კულტურის სამინისტროზე. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმა. მიხეილ გიორგაძის შეფასებით, აუდიტის სამსახურის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 13:17

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. 
 სხდომაზე, მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების კონტექსტში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
საბჭოს წევრებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერებასა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებაზე ისაუბრეს. დაიგეგმა სასაზღვრო რეჟიმის და სტრატეგიული ობიექტების კონტროლის გამკაცრების ღონისძიებები.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაესწრნენ. 

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი euractiv.com-ზე გამოქვეყნებულ წერილში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 11:19

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითი, მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს , რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა და ადამიანის უფლებათა დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი euractiv.com-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერს.
წერილში სახელწოდებით - "უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნება" საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმოიხილავს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას, რომელიც მიმდინარე კვირაში ბრიუსელში გაიმართა და საუბრობს იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით აქვს. 
"ურთიერთობების განმტკიცების საუკეთესო გზა ადამიანების შორის კონტაქტია. ეს წესი ვრცელდება ურთიერთობების ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს პოლიტიკური, საქმიანი თუ ტურიზმის სფერო. პირადად მე ეს გამოვცადე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართა. ამ სხდომაზე დადასტურდა ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. დისკუსიებისას აღიარებულ იქნა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობა, რომელთა შედეგადაც საქართველო უახლოვდება ევროპულ ნორმებს. ეს პროგრესი აისახა ჩვენი რეიტინგების სტაბილურ ზრდაში დემოკრატიული სტანდარტების ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა არჩევნები, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, გამჭვირვალობა და კორუფციის აღმოფხვრა. 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ პრიორიტეტებად გამოაცხადა მზარდი გამჭვირვალობა, სანიმუშო მმართველობა, პოლიტიკური ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, როგორც დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულების გამოხატულება. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ზომები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს უკვე მოჰყვა პოზიტიური შედეგები, რაც ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში აისახება. 
  

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დანიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 09:55

საქართველოს პრემეირმინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დანიშნა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაზე განხილული იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები.

შეკრება 18 ნოემბერს დილის 10:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

საქართველოს პრემიერი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 15 ნოემბერი 2015 18:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას დაესწრება, სადაც ქართული მხარე ანგარიშს წარადგენს. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გამართავს შეხვედრებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანელ ხალხს უსამძიმრებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 15:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ბატონი ჰელმუტ შმიდტის ოჯახსა და გერმანელ ხალხს სამძიმრის წერილს უგზავნის.
"ჰელმუტ შმიდტი იყო ბრწყინვალე სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რომლის პინციპულობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა გერმანიის უახლეს ისტორიაში და უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ კანცლერი შმიდტი სამუდამოდ დარჩება მთელს მსოფლიოში პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოღვაწეებისა და მოაზროვნეების მოგონებებში. მისი ხედვა იქნება შთაგონების წყარო კიდევ არაერთი თაობისთვის, მათთვის, ვინც საქმით ემსახურება ევროპაში ჰუმანიზმის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის იდეებს."- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ღარიბაშვილის კომენტარი ფედერიკა მოგერინის ვიზიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 10:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი.
"ეს არის ფედერიკა მოგერინის პირველი ოფიციალური ვიზიტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ის ფაქტი, რომ დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში იმყოფება, ნათლად ადასტურებს ევროკაშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ევროპული არჩევანისადმი და ასახავს იმ უნიკალურ ურთიერთობას, რაც უკვე გვაქვს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სახით", - განაცხადა გუშინ ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და აღნიშნა, რომ საკმაოდ ღია, მეგობრული და ამავე დროს საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ.
"ვისაუბრეთ თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელიც არის დღის წესრიგში. ჩვენი ძირითადი გზავნილი არის შემდეგი - ევროკავშირის აქტიური ჩართულობა არის გადამწყვეტი საქაერთველოსთვის, როგორც ევროპული დემოკრატიული სტაბილური სახელმწიფოს წარმატებისთვის და მე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მოგერინისგან მივიღეთ დასტური მზაობაზე, რომ უფრო მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება მუშაობა საქართველო-ევროკავშირის შორის", - განაცხადა პრემიერმა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 16 ნოემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართება, სადაც უმაღლეს დონეზე შეჯამდება საქართველოს მიერ მიღებული პროგრესი.
"ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მართლაც წარმატების მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში. ამ კუთხით ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივის ფარგლებში დიფერენცირებული, უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობების განვითარებასს ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად. ამის დასტურად ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ 26 ნოემბერს თბილისში ვუმასპინძლოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ინიციატივის, როგორც საერთო პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას. ჩვენი მხრივ მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე ევროპული არჩევანი, ეს არის არჩევანი ჩვენი ხალხის, რომელაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქცევს ნამდვილ, ევროპულ, დემოკკრატიულ სახელმწიფოდ. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება არის ჩემი მთავრობის უმთავრესი ამოცანა და ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოს ევროპულ მომავალში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური