ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა, ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს.
დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით; ასევე, ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:00

პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განმარტებას აკეთებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ნიუსდეი” უცვლელად გთავაზობთ: "ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. 
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ღარიბაშვილმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემსხანუქას – მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის – დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 20:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემსხანუქას – მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის – დღესასწაული მიულოცა და პირველი სანთელი აანთო.
მთავრობის მეთაურმა დამსწრეთ სიტყვით მიმართა. მან ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ საერთო ღირებულებებზე ისაუბრა, რაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საფუძველი გახდა. პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
“მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს და ებრალებს შორის არსებობდეს მუდმივი ძმობა და სიყვარული. დღევანდელი დღე არის სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე. მინდა გისურვოთ მშვიდობა; ჩვენ საკმაოდ რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ გვმართებს დიდი მოთმინება და გონიერება. ვუსურვებ ებრაელ ხალხს გაძლიერებას და მშვიდობას ქართველ ხალხთან ერთად. დაე, დღეს აქ დანთებული სანთელი იყოს სიმბოლო უკეთესი ხვალინდელი დღის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, თბილისის მერი დავით ნარმანია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრნენ.

უსუფაშვილის და ღარიბაშვილის კომენტარი-პატრიარქის ინიციატივაზე შეიწყალოს პატიმრები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 06 დეკემბერი 2015 11:43

არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმე სხვას აქვს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას. 
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მცირედ გაუგებრობას აქვს ადგილი. "ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, გასაგებია, თუ ვისი ექსკლუზიური უფლებაა. მეორეა სასჯელისგან გათავისუფლება და ამ თვალსაზრისით - შეწყალება. არ მახსენდება, შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონდეს ეს მძიმე ტვირთი. შეწყალება ეს სასიამოვნო უფლება არ არის. შესაძლოა, აქ უფრო ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთის გადაცემაზე ან გაყოფაზე. არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრემიერს უწმინდესმა თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. 
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ღარიბაშვილმა ბატაკლანის თეატრთან 13 ნოემბერს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 09:55

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი 
ბატაკლანის თეატრთან მივიდა და საქართველოს ელჩთან ერთად 13 ნოემბერს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო ტერორიზმი. მისი განცხადებით, პარიზში მომხდარი ტერაქტი თითოული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მე კიდევ ერთხელ ვგმობ ამ საშინელ, ბარბაროსულ აქტს და ზალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთელი მსოფლიო არის ერთ მუშტად შეკრული, დარაზმული იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ისეთ ბოროტებას, როგორიც არის ტერორიზმი," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ მინისტრი ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში მიიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 29 ნოემბერი 2015 11:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთს დღეს ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაური პატივს მიაგებს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 
30 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა, ასევე დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. 
კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე უმასპინძლებს, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, COP21-ის თავმჯდომარემ, ლორან ფაბიუსმა ერთობლივად მიიწვიეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანს სამუშაო ვახშამზე მცხეთაში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 12:35

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს მცხეთაში სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. მხარეებმა ევროკავშირ–საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის მთავარი საკითხები არაფორმალურ გარემოში კიდევ ერთხელ განიხილეს.სამუშაო ვახშამს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში კი იოჰანეს ჰანი ქვეყნის პირველ პირს, პრემიერ მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

"ევროკომისარი ჰანი აქტიურად გვეხმარება ჩვენ, საქართველოს მთავრობას"-ირაკლი ღარიბაშილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 13:28

ჩვენ მზად ვართ, სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები გვაძლევს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის იოჰანეს ჰანს მადლობა გადაუხადა.
"მინდა, მივესალმო ევროკომისარ ჰანს, რომელიც წელს უკვე მეორედ ეწვია საქართველოს. მას მადლობას ვუხდი მთავრობის და ქვეყნის სახელით. ეს საქართველოსა და ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბატონი ჰანის წვლილს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ, სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები გვაძლევს. ამ პროცესში ევროკომისარი ჰანი აქტიურად გვეხმარება ჩვენ, საქართველოს მთავრობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ევროკომისარს დაუდასტურა ისიც, რომ საქართველოსთვის "აღმოსავლეთ პარტნიორობა" მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
"დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ბატონ ჰანს დავუდასტურეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს პრიორიტეტს და ვართ მზად, წვლილი შევიტანოთ ამ საერთო პოლიტიკური ჩარჩოს წარმატებაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პედაგოგთა საბაზო ხელფასი 405 ლარი იქნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 10:20

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდის თაობაზე გააკეთა კომენტარი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მასწავლებლებისთვის საბაზო ხელფასი იქნება 405 ლარი.

"2015 წლის 1 აპრილიდან დაიწყო პედაგოგების ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და მასწავლებელთა საბაზო ხელფასი გახდება 405 ლარი, პრინციპში უკვე გახდა,“ - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

განათლების მინისტრის განმარტებით, პედაგოგის საშუალო ხელფასი 2016 წლის აპრილიდან საშუალოდ 600-700 ლარი იქნება.

დღესვე პრემიერმა ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტი კი 2016 წელს იქნება 3 მილიარდ 100 მილიონზე მეტი. ძირითადი თანხა საყოველთაო ჯანდაცვას მოხმარდება

2016 წლის ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრებთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები შეთანხმდებიან, რის შემდეგაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი  გადაიგზავნება საკანონმდებლო ორგანოში. 

პენსია 30 ლარით გაიზრდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 09:56

პენსია 30 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ სულ რამენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ამ საკითხზე პრემიერმა ისაუბრა მთავრობის სხდომაზე. პენსია 180 ლარამდე ივლისიდან გაიზრდება. მისი განცხადებით მთავრობამ თავიდანვე განაცხადა, რომ ბიუჯეტი იქნებოდა სოციალურად ორიენტირებული .
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასებისთვის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის. 

 პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე. 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური