მურმან დუმბაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 11:35

„ბატონო ნოდარ გადაეცით ირაკლი ღარიბაშვილს , რომ 1-0-ია. მე ისევ ვიცე-სპიკერი და პარლამენტის წევრი ვარ ის კი არა“- განაცხადა მურმან დუმბაძემ. ვიცე სპიკერმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარი გაიხსენა. მურმან დუმბაძის თქმით, როდესაც ის ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნებოდა, რომ საქმე არც ისე კარგად არის, მან გარიცხა პარტიიდან და დაპირდა , რომ ვიცესპიკერობიდანაც გარიცხავდა. დუმბაძის თქმით, ამ საუბარს ექპრემიერთან ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე. დეპუტატის განცხადებით, მაშინ ის დაპირდა პრემიერს , რომ მას შეცვლიდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 17:05

ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან ეს განცხადება 23 დეკემბერს საღამოს 8 საათზე გააკეთა. უკვე ყოფილი პრემიერ-მნისტრის განცხადებას ნიუსდეი უცვლელად გთავაზობთ. "ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ყველას მოგესალმებით. მოგეხსენებათ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა - როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ, - ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთი ჩემი ქვეყნისა და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა, ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი - თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებითა და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით, ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს: გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა . მივიღეთ თანხმობა ასევე უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე - საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, მე ვიტყოდი, უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით, დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით თანამდებობიდან. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ მინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა, არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო სწორედ ჩვენმა გუნდმა. ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებით, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ ძვირფას ხალხს! მე მადლობას ვუხდი ჩემს ერთგულ თანამებრძოლებს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა! მე მინდა ასევე განსაკუთრებულ მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს - ნუნუკას, ასევე ჩემს შვილებს- ნიკოლოზს, ანდრიას და გაბრიელს. ნუნუკას თანადგომის გარეშე მე ნამდვილად ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე - ჩემი ხალხისა და ქვეყნის სამსახური! ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო, ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხი.ამიტომ, მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ძლიერი, ამაყი ქართველი ერის მფარველი!"

რა პროცედურებია საჭირო ახალი მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 11:38

რა პროცედურებია საჭირო ახალი მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად და პრემიერმინისტრის დასამტკიცებლად - პროცედურებს კონსტიტუციონალისტები განმარტავენ. 

საპარლამენტო უმრავლესობას გადაწყვეტილების მისაღებად 7-დღიანი ვადა აქვს. პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელების შემდეგ, პრეზიდენტმა ის პარლამენტს დასამტკიცებლად იმავე ვადაში უნდა წარუდგინოს. 

იმ შემთხვევაში, თუ მას დეპუტატთა უმრავლესობა ანუ მინიმუმ 76 კანონმდებელი მხარს დაუჭერს, კანდიდატს დაამტკიცებენ. შემდეგ კი ახლად არჩეულმა მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უნდა წარუდგინოს. მას ამისათვის, ასევე, 7-დღიანი ვადა მიეცემა. 

თუ კანონმდებლები მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პირველი კენჭისყრის დროს მხარს არ დაუჭერენ, პრემიერმინისტრს 30 დღე ეძლევა. მთავრობის მეთაურმა ამ დროში პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა კიდევ ერთხელ უნდა წარუდგინოს. 

თუ აღმასრულებელი ხელისუფლების კანდიდატებმა ვერც რიგით მეორე კენჭისყრაზე მიიღეს დეპუტატების მხარდაჭერა, მაშინ პრემიერმინისტრის ხელმეორედ არჩევა მოხდება და კანდიდატის დასახელებაში, უმრავლესობასთან ერთად, უმცირესობაც ჩაერთვება.

ეკა ბესელია ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 11:01

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის რანგში საკუთარ მოვალეობას საუკეთესოდ ასრულებდა. „ძალიან გული მწყდება, იმიტომ, რომ ის საუკეთესოდ ხელმძღვანელობდა აღმასრულებელ რგოლს და მისი პიროვნული, გამორჩეული, მართლაც საუკეთესო თვისებები, და მისი, როგორც ლიდერის თვისებები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო და მე ვფიქრობ, ის კიდევ ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“, - აცხადებს ბესელია.

 

ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 10:48

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის შემცვევლად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. დეპუტატის თქმით საბოლოო ჯამში ყველაზე მისაღებ კანდიდატურაზე მოხდება შეჯერება. "რამდენიმე კანდიდატურა განიხილება ნამდვილად, მათ შორის, არიან გიორგი კვირიკაშვილი, სხვა კანდიდატურებიც - სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძეც. ასე რომ, ალბათ, გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ყველაზე მისაღებ, ყველაზე რელევანტურ კანდიდატურაზე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

სერგო რატიანი: ქვეყანას ივანიშვილი მართავდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 10:24

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი  პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს ასრულებდა მხოლოდ ფორმალურად.
მისი თქმით, ქვეყანას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მართავდა, ღარიბაშვილი კი მომსახურე პერსონალი იყო.ამის შესახებ რატიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას  ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.„ღარიბაშვილი არასოდეს ყოფილა რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირი, ის  პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს ასრულებდა მხოლოდ ფორმალურად. რეალურად, ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართავდა, ღარიბაშვილი კი მომსახურე პერსონალი იყო.  ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სხვა პრემიერიც იგივე მოვალეობებს შეასრულებს, ამიტომ თუ როგორ და ვინ შეასრულებს მომსახურე პერსონალის მოვალეობებს, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. პრობლემა იგივე რჩება - ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყნის წინაშეა“,-განაცხადა რატიანმა

მსოფლიო მედია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას აშუქებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 10:21

ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. "Associated Press"-ი წერს, რომ პრემიერი ორწლიანი მმართველობის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გადადგა, იმ დროს როდესაც მმართველი კოალიცია ცდილობს საკუთარი პოპულარობა გაზარდოს. სტატიის ავტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ შს მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე ირაკლი ღარიბაშვილს არავინ იცნობდა.სააგენტო REUTER- ი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას "მოულოდნელ ნაბიჯს" უწოდებს. სტატიაში ნათქვამია, რომ სატელევიზიო მიმართვაში ექს პრემიერს გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა ყველა ვინც ამ მოვლენებს აკვირდება, ასევე ოპოზიციაც, ამ ნაბიჯს ბოლო გამოკითხვების თანახმად, კოალიციის რეიტინგის ვარდნას უკავშირებს."რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო კი აღნიშნავს, რომ ეს იყო უეცარი გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ახალი პოლიტიკური გაურკვევლობა შექმნა. "ქართული ოცნების" რეიტინგის ვარდნაზეა გამახვილებული ყურადღება გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს სტატიაში.

ექსპერტები ირაკლი ღარიბაშვილის გადგომასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 10:00

პრემიერის გადადგომას და სამთვრობო პორტფელების ცვლას ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის უკავშირებენ. ანლიტრიკოსებს მიჩნიათ, რომ ყოფილმა პრემიერმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და წინასაარჩევნოდ პოზიციების გამყარებას ახალი პოლიტიკური გუნდით შეეცდება.ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობაც ჩამოყალიბდეს, კოალიციის მმართველის პოსტზე კი ივანიშვილმა ფსონი სხვა ლიდერზე დადო.ექსპერტთა ნაწილი ივანიშვილის გათვლებს მის პოლიტიკაში დაბრუნებას უკავშირებს.სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის პოსტზე უმრავლესობამ პრეზიდენტს სწორედ ივანიშვილის კანდიდატურა წარუდგინოს.ცვლილებებს სამთვრობო გუნდში წინასარჩევნო სამზადისს უკვშირებს ხათუნა ლაგაზიძეც. აპოლიტიკურ ესქპერტს მიაჩნია, რომ პრემიერის ცვლილება ღარიბაშვილის დაბალმა რეიტინგმა და არაეფექტურმა მმართველობამ განაპირობა.

ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 21:25

2016 წელს საქართველო შესაძლოა მოვალეობის შემსრულებელი მთავრობით შეხვდეს. საპარლამენტო უმრავლესობას ერთი კვირა რჩება ახალი მთავრობის დასამტკიცებლად, თუმცა ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ახალი ხელმძღვანელი ჯერ უცნობია. ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ახლა ჯერი უმრავლესობაზეა, რომელმაც მისი შემცვლელი უნდა დაასახელოს. სავარაუდო კანდიდატურებად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდებიან.

ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან ირაკლი ღარიბაშვილთან და სწორედ მისგან მოისმენენ მთავრობის წევრები ღარიბაშვილის გეგმებზე ინფორმაციას და გაიგებენ როგორ უნდა განაგრძონ მინისტრებმა მუშაობა.

პრემიერმინისტრი თანამდებობიდან ოფიციალურად ერთი საათის წინ გადადგა. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა საბოლოოდ ირაკლი ღარიბაშვილი კამერების წინ 20:00 საათზე გამოჩნდა .

"ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად. ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის გადადგომის შემდეგ მთავრობასაც ავტომატურად უფლებამისილება შეჩერებული აქვს და მინისტრებს მოვალეობის შესრულება პრეზიდენტმა უნდა დააკისროს.

პრემიერი გადადგა-პარლამენტარების შეფასებები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 20:22

პრემიერ მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკმა. ვოლსკის განცხადებით ,იგეგმება კონსულტაციები რის შედეგადაც გადაწყდება მომავალი პრემიერ მინისტრის ვინაობა, გია ვოლსკმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზეც  ისაუბრა, მისი თქმით მას შეეძლო ბევრად მეტი ეთქვა თავის გამოსვლაში, მისი მთავრობის მეთაურობის პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე და რეფორმებზე . 

ღარიბაშვილის გადადგომაზე განცხადება უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმაც გააკეთა, მისი თქმით ღარიბაშვილი იყო მომსახურე პერსონალი, თუ ვინ შეასრულებს მომავალში მომსახურე პერსონალის როლს უმნიშვნელოა, მთავარია ის რომ ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს იმ პრობლემებს რომელიც არის ქვეყნისწინაშე. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური