დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 10:50

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენის „China International Import Expo“-ს შესახებ, რომელიც 5-10 ნოემბერს გაიმართება. საქართველო გამოფენაზე მიწვეულია, როგორც სტუმარი ქვეყანა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. 

1.5 მილიონი კვ. მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მომსახურების 5 და საქონლის 6 საგამოფენო ლოკაცია მოეწყობა, სადაც ქართველი ექსპორტიორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქცია  და მომსახურება  გააცნონ.

"ეს არის ჩინეთში იმპორტირებული საქონლის უდიდესი გამოფენა და მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ამ საწყის ეტაპზე, რათა უკვე დაიწყონ მზადება გამოფენისთვის,“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თავის მხრივ, გეგმავს ამ ინფორმაციის გავრცელებას როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებში არსებული კომპანიებისთვის. „როგორც იცით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ძალაში შევიდა ამ წლის პირველი იანვრიდან ძალაში. ეს არის რეგიონში პირველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. ამდენად, ქართული კომპანიების ორგანიზებული მონაწილეობა ასეთ გამოფენებში ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ვფიქრობ, დაინტერესება გამოფენაში მონაწილეობის მხრივ იქნება საკმაოდ მაღალი. ჩვენ ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ უკვე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებისგან, რის საფუძველზეც მოვახდენთ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირებას და გამოფენაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული კომპანიების გამოვლენას,“ - აღნიშნა  საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა. 

საქართველოს საექსპორტო პროდუქციას შორის ჩინეთში ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ქართულ ღვინოს აქვს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, „ჩინეთის ბაზარი მევენახეობა-მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანია, წელსაც ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტის მიმართულებით და 2018 წელს, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა ძალაში, გაცილებით შთამბეჭდავ ზრდას ველოდებით. მისი თქმით, გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიები ძალიან აქტიურობენ, რომ რაც შეიძლება მეტ გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა და ზოგადად, უფრო კარგად წარმოაჩინონ ქართული ღვინო, მეღვინეობის დარგი და ქვეყანა.

„მსგავსი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია. იმ კომპანიებისთვის, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ექსპორტის განხორციელების სურვილი აქვთ, ეს არის უნიკალური შანსი. ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია პროდუქციის რეალიზების კუთხით და ვფიქრობ, ასეთი გამოფენები ხელს შეუწყობს სწორედ ბიზნესების განვითარებას, ასევე დამწყები ბიზნესისთვის იქნება მოტივაცია იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქტი გაიტანონ ქვეყნებს გარეთ და გააცნონ მსოფლიოს“ - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ. 

საქონლის 6 საგამოფენო სივრცე მოიცავს სპეციალურ დარბაზებს მაღალი წარმადობის ინტელექტუალური ტექნიკის, სამომხმარებლო ელექტრონიკისა  და მოწყობილობების, ავტომობილების, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სამომხმარებლო ნივთების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებისა და სამედიცინო მომსახურების პროდუქტების გამოფენისათვის. მომსახურების 5 სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში კი შესაძლებელია ტურიზმის, განვითარებადი ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების, შემოქმედებითი დიზაინისა და მომსახურების აუთსორსინგის წარმოდგენა. 

საგამოფენო სივრცის დაჯავშნის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისია. 

გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პეკინში გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 04 მაისი 2017 14:44

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტ - სი ძინფინის მიერ წამოყენებული თანამშრომლობის ინიციატივა - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, განვითარების სტრატეგიების გაერთიანებისა და ერთმანეთის უპირატესობების გამოყენებით, ყველა მხარისათვის სასარგებლო განვითარების მიღწევას. სამი წელია, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წარმატებით ხორციელდება. მიღწეულ იქნა საყოველთაო კონსენსუსი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხზე, სახეზეა ადრეული შედეგები, იგი უკვე იქცა საერთაშორისო და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მნიშვნელოვან პროდუქტად.
იმისათვის, რომ ქვეყნებმა კიდევ უფრო დააკავშირონ ერთმანეთის განვითარების სტრატეგიები და გააღრმავონ საქმიანი თანამშრომლობა, 2017 წლის 14-15 მაისს ქ. პეკინში ჩინური მხარის ორგანიზებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გაიმართება. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და თანამშრომლობის შედეგების ურთიერთგაზიარებისათვის. ფორუმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ფორუმი ღია, ინკლუზიურ და ურთიერთსარგებლობის კონცეფციაზე დაყრდნობით იმართება. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან მივესალმებით წარმომადგენლების დასწრებას. ამ დროისთვის, ასზე მეტ ქვეყანამ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა ფორუმის მიმართ მხარდაჭერა და მონაწილეობის სურვილი. მონაწილეთა რაოდენობა უკვე გაცდა ამ ინიციატივის ტრადიციულ საზღვრებს; დასავლეთით - დასავლეთ ევროპასა და აფრიკას მიაღწია, სამხრეთით - ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, აღმოსავლეთით კი - ოკეანეთსა და ლათინურ ამერიკას. სინამდვილეში, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც იზიარებს აბრეშუმის გზის სულისკვეთებას, კერძოდ, მშვიდობასა და თანამშრომლობას, გახსნილობასა და ინკლუზიურობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთსარგებლის მიღწევას, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში.
ჩინეთის მთავრობის მოწვევით, 28 ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა და 110 ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, საფინანსო ინსტიტუტების, მედიისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს მონაწილეობა. მათ შორის არიან 92 ქვეყნიდან ვიცე პრემიერი - 9, საგარეო საქმეთა მინისტრი - 7, სამინისტროების ოფიციალური პირი - 190. გარდა ამისა, ფორუმს დაესწრება 61 საერთაშორისო ორგანიზაციის 89 ხელმძღვანელი და წარმომადგენელი. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1200-ზე მეტია.
ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მიმართულებით კარგად დაიწყო. ამ მხრივ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. მას დიდი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების საქმეში. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებენ საეთაშორისო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებში. მაღალი დონის შეხვედრები ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი მიზანია ხელისუფლების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეებს შორის კავშირების გაღრმავება და შესაბამის სფეროში საქმინი თანამშრომლობის ხელშეწყობა. ჩინური მხარე დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ პირველი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და მინისტრი გახარია მხარეებთან განიხილავენ საერთო ინტერესის საკითხებსა და თანამშრომლობის გეგმებს, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს საქმიანი თანამშრომლობის მიმართულებით.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 13:23

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გახსნა. თბილისის შემდეგ ზუგდიდის ტექნოპარკი მეორეა, რომელიც საქართველოში ამოქმედდა. ის პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის შენობაში განთავსდა. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ტექნოპარკის გახსნის ღონისძიებაში ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე მონაწილეობდნენ.„ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკის პრეზენტაციისას. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობების სივრცე, პროგრესული წინსვლის საშუალება, მომავლის პროფესიების ფორმირების ადგილი და ინოვაციური ბაზრის გაფართოების პლატფორმა. 
„ეს არის მეორე ტექნოპარკი საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით, იმაზე უფრო უახლესით, ვიდრე თბილისის ტექნოპარკში გვაქვს. 700კვ.მ. ფართის შენობა ნაგებობები დღეს მთლიანად არის გახსნილი სივრცე, გახსნილი ცოდნისთვის, სიახლეებისთვის, ინოვაციებისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეიდან ზუგდიდელებს და ყველას დასავლეთ საქართველოში აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყველა ის სერვისი და მომსახურება, რომელიც თბილისის ტექნოპარკში გვაქვს. სივრცე არის გახსნილი, მომსახურებები არის აბსოლიტურად უფასო, შესაბამისად, მე მინდა, რომ მოვიდეს ყველა და ნახოს, თუ რამხელა სიკეთეა აქ დღეს და რა ცოდნის კარი გაიხსნა“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გუნდს ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩვენი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა - პროექტი „სტარტაპები“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და სწორედ მას ვუყრით საფუძველს დღეს ზუგდიდში“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი იქნება როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები, რომლებიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ერთიან ეკოსისტემას ქმნიან და ხელს უწყობენ რეგიონში ინოვაციური იდეების განვითარებას. 

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში. 
ზუგდიდის ტექნოპარკი მოიცავს ისეთ ინოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს, როგორებიცაა FabLab-სერვისები: მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, სტადი ტური, საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით და ა.შ. 

სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის ტექნოპარკისთვის სამუშაო კადრები ადგილობრივად, კონკურსის წესით შეირჩ. მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ და ტრენინგები თბილისის ტექნოპარკსა და
სხვადასხვა ლაბებში გაიარეს. 

„ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“, - განაცხადეს სამინისტროში.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული კიდევ ერთი საწარმო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 13:14
  აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული კიდევ ერთი საწარმო დაათვალიერა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ჯართისა და ალუმინის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო „ლეგომეტალი“ 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და ძირითად სამიზნე ბაზრებს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნები და იაპონია. კომპანია უკვე საკუთარი ნაწარმით მსოფლიოს ცნობილ ბრენდს, ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას “ტოიოტა“ ამარაგებს. 
პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაწეულ სამუშაოებს გაეცნო და კომპანიის ხელმძღვანელობისგან სამომავლო გეგმები მოისმინა. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ შექმნა ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც შეისყიდის ადგილობრივ ბაზარზე ფერადი ლითონის ჯართს, ალუმინის ჯართის სახით და საწარმოო პროცესის შედეგად, ბაზარს აწვდის მაღალხარისხიან პროდუქტს, ალუმინის ზოდების ან დე-ოქსიდანტის სახით. საწარმო, სადაც ამჟამად 40 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ სპილენძისა და ლატუნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნასაც გეგმავს.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, მიღებული იქნა სწორედ ის შედეგი, რისთვისაც იგი შეიქმნა. „ერთი წლის წინ ამ ადგილას იყო მდელო, ახლა კი 2000 კვ.მ.-ზე მდებარეობს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც ქმნის დამატებულ ღირებულებას და ადამიანებს ასაქმებს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, საწარმოს გეგმებშია ახალი საწარმოო ხაზის გახსნა და არა ნახევარფაბრიკატის, არამედ საბოლოო პროდუქციის გამოშვება. 
შპს „ლეგომეტალი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანია პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1,480,000 აშშ დოლარს შეადგენს.

ქუმსიშვილი ამერიკელ პროფესორ მუკულ რანჯანის შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 16:51

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკელ პროფესორ მუკულ რანჯანის შეხვდა, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მოწვევითა და აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით იმყოფება. მისი ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველოში სამეცნიერო ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესწავლა-შეფასება და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება. 
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 4 პუნქტიანი რეფორმის ფარგლებში უფრო აქტიურ ფაზაში განაგრძნობს სამეცნიერო ინოვაციების ხელშეწყობას, ვინაიდან საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიღწევები მეცნიერებაში და მისი კომერციალიზაციისთვის საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. 
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარება საქართველოს უნივერსიტეტებს, რათა დასავლური დონის ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრები შეიქმნას. მათი მთავარი ამოცანა მოწინავე ტექნოლოგიების აღმოჩენა და მათი ავტორებისთვის სრული სერვისი (დაწყებული დაპატენტებიდან დამთავრებული მის კომერციალიზაციამდე) შეთავაზება იქნება. ამ,ავე დროს, აღნიშნული ცენტრები დაეხმარება ეროვნულ დონეზე ყველა იმ უნივერსიტეტს, სადაც აღნიშნული ცენტრების შექმნის შესაძლებლობა არ არსებობს. 
აღინიშნა, რომ საქართველოს მხოლოდ ორ ინსტიტუტსა და ერთ უნივერსიტეტში არსებობს დღეს ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მალე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რათა პრაქტიკულად ყველა უნივერსიტეტსა და ინსტიტუტში შეიქმნას ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფიცრის თანამდებობა. მისი ძირითადი ამოცანა იქნება, მეცნიერებისთვის გამოგონებების კომერციალიზაციაში დახმარების აღმოჩენა. „ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაგვაჩნია, რათა დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას და გლობალურ ბაზარზე გაცილებით კონკურენტუნარიანები გავხდეთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მუკულ რანჯანი ეწვია საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს, კვლევით ცენტრებს, აგრეთვე გამართა შეხვედრები საქართველოს საპატენტო სამსახურსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ვიზიტის ფარგლებში, შემუშავდება სათანადო რეკომენდაციები საქართველოში სამეცნიერო ინოვაციების კომერციალიზაციის ეფექტურად განხორციელებისათვის.

"როგორც გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებლები, რომლებიც გვირაბში არ ეტევა? "

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2016 16:44

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ,,საქართველოს რკინიგზის” მიერ შეძენილი ორსართულიანი მატარებლები გვირაბში არ ეტევა. 
მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
„მატარებლების სხვა შემთხვევაში ყიდვის დროს ჩვენ 4-5 მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა, ჩვენ ეს თანხები დავზოგეთ. ეს არის შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია და ვიმედოვნებ ყველანი იმგზავრებთ. 
როგორც გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებლები, რომლებიც გვირაბში არ ეტევა? თქვენ წარმოგიდგენიათ რას ლაპარაკობთ?! ასეთი რამ შეიძლება იკითხოთ? “-განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეხვედრა ყაზახეთის პრემიერთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ივნისი 2016 11:07

ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერს შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო–ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს. საუბარი ასევე ე.წ. კასპიური სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხსაც შეეხო. შეხვედრაზე კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმის სექტორში თანამშრომლობა დასახელდა.

"წინასაარჩევნო კამპანიაში კანონმდებლობის ფარგლებში ჩავერთვები"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 15:37

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება.დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით ის გუნდის საკმაოდ აქტიური წევრია და შესაბამისად წინასაარჩევნო კამპანიაში კანდონმდებლობის ფარგლებში ჩაერთვება.„კანონმდებლობის ფარგლებში ჩავერთვები. კანონმდებლობა არის მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. როგორც გუნდის წევრი ვიქნები ძალიან აქტიური, ვარ ძალიან აქტიური. არ ვიყენებთ არანაიარ ადმინისტრაციულ რესურსს. ეს არის ძალიან მარტივი, საქართველოში არის შემუშავებული არაერთი მექანიზმი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული იყოს გადამოწმებული. აქედან გამომდინარე ტყუილ ბრალდებებს არ მივიღებ და ვერ მივიღებთ. თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტი ექნება, ამაზე რეაგირება გვექნება“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

სამტრედიაში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2016 12:17

სამტრედიაში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აწარმოე საქართველოში პროგრამის ხელშეწყობით გაიხსნა. საწარმო ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. ამხანაგობა ქართული თხილის დამფუძნებელი სამი ადგილობრივი ახალგაზრდაა, რომლებიც 2012 წლიდან ერთ-ერთ, მსგავსი პროფილის მქონე მინისაწარმოში მუშებად მუშაობდნენ. მათ მიერ წარდგენილმა ბიზნესპროექტმა 15 ათას ლარიანი გრანტი მოიპოვა.

კონომიკურმა ზრდამ 4,3 პროცენტი შეადგინა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 31 მაისი 2016 12:45

მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. 

ქუმსიშვილის განმარტებით, აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი შიდა  მოთხოვნის გაუმჯობესებამ შეიტანა. 

მიმდინარე  წლის აპრილში დაფიქსირდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შემდეგ სფეროებში: სამშენებლო მასალების წარმოება გაზრდილია 25%-ით სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 20-%იანი ზრდაა. მშენებლობაში კი 15% -იანი ზრდა.  

ასევე ზრდა არის ექსპორტის მიმართულებითაც მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, გაზრდილია 15 მილიონი დოლარით.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური