პერსონალის გაცვლის პროგრამა ქუთაისს საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ეხმარება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 17:41

ქუთაისი, საქართველო, 2019 წლის 21 აგვისტო- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ნიდერლანდების სამეფოს ქ. დელფტიდან კოლეგას უმასპინძლა. იგი საქართველოში ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში იმყოფება და მისი ვიზიტის მიზანი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ (LEDP) ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტის - ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებაში ქუთაისისთვის დახმარების აღმოჩენაა.

პერსონალის გაცვლის პროგრამის მონაწილე ნიდერლანდებიდან, ბატონი გიდო ტენ დოლე, რომელიც ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების პორტფოლიოს ხელმძღვანელობს, შეხვდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს, აგრეთვე, კერძო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. მათ განიხილეს ქუთაისის ურბანული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. ამასთან, ბატონმა ტენ დოლემ კოლეგებს გაუზიარა თავისი ცოდნა პოლიტიკის სტრატეგიებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროებში.

 „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის“ მიხედვით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიზანია ინვესტორების მოზიდვა, ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება. ამ მიზნების მისაღწევად, პერსონალის გაცვლის ხუთდღიანი პროგრამის გამოცდილების საფუძველზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საინვესტიციო პორტფელიოს კონცეფცია ახალი ხედვით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტურიზმის, ინდუსტრიული ზონებისა და უმაღლესი განათლების სფეროებზე. პორტფოლიოს საბოლოო ვერსიის შემუშავებას ქუთაისი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

ქუთაისის მერის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო თვალავაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისისთვის ძალიან შედეგიანი იყო ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში მონაწილეობა. ვმუშაობთ ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიული რჩევები ქუთაისის როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის წარმოჩენის შესახებ. ქ. დელფტმა შეძლო საუნივერსიტეტო სექტორის დახმარებით საკუთარი საინვესტიციო პორტფოლიოს წარმატებით შემუშავება და განხორციელება. ამ მხრივ ჩვენ მსგავსი შესაძლებლობები გვაქვს. აქედან გამომდინარე, ბატონი გიდო ტენ დოლეს ექსპერტიზა განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიული იყო“.

თავის მხრივ, ქ. დელფტის ურბანული და ეკონომიკური განვითარების დირექტორმა, ბატონმა გიდო ტენ დოლემ აღნიშნა: „შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ განვლილ ძალიან ინტენსიურ კვირას, რომლის განმავლობაშიც ვესტუმრეთ ბევრ ადგილს და წარმოებას; გვქონდა სიღრმისეული დისკუსია მერის მოადგილესთან, საკრებულოს რამდენიმე წევრთან, დამსაქმებლების ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; განვიხილეთ საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავების საუკეთესო მეთოდები. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა სამომავლო ნაბიჯების შესახებ. ქუთაისს აქვს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი. წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ამ მხრივ მეტი კონცენტრირება და პრიორიტეტების მკაფიოდ გამოკვეთა“.

აღნიშნული გაცვლითი ვიზიტის შეფასებისას, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ბატონმა ზვიად არჩუაძემ განაცხადა, რომ „ქუთაისი საქართველოდან უკვე მეორე ხელმომწერია, რომელმაც წელს ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და რომ ქუთაისში გამართული შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. პერსონალის გაცვლის პროგრამის შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების წყალობით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი მალე შეძლებს ახალი საინვესტიციო პორტფოლიოს მომზადებას და ამ გზით ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში დამატებითი წვლილის შეტანას.“

პერსონალის გაცვლის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში ფუნქციონირებს, ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს აგზავნის პროგრამის მონაწილეებთან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოსაჩენად. ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პერსონალის გაცვლის პროგრამაში ქუთაისამდე ივლისში, პოლონეთის ქ. კოსტრჟინის დელეგაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, წახალისების სფეროში თავიანთი ქართველი კოლეგების დახმარების მიზნით.

ინიციატივა  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) განხორციელება 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოში დაიწყო. მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის სტიმულირების და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივას უკვე შეუერთდა 300 ადგილობრივ ადმინისტრაციაზე მეტი. მათი უმრავლესობა „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა მას შემდეგ, რაც მათ შეიმუშავეს და დაიწყეს „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების“ განხორციელება. მოქმედი წევრების დასახმარებლად, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნომ დანერგა „პერსონალის გაცვლის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების გამოცდილი თანამშრომლები ერთკვირიანი მისიით სტუმრობენ შერჩეულ მოქმედ წევრებს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების ახალი კონცეფცია შეიქმნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019 15:52

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ტურისტული განვითარების ხელშეწყობის ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში,პოლონეთის ქალაქ კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. „თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრების საფინალო ეტაპზე, ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ახალი კონცეფცია წარადგინეს. შეხვედრებში, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, ბაღდათის და მეზობელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამა“ ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში შეიქმნა და ის ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტებიდან პროგრამის მოქმედი წევრი ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. „თანამშრომელთა გაცვლით პროგრამაში“ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი 6 ქვეყნიდან 50 მუნიციპალიტეტმა შეავსო განაცხადი, მათგან შეირჩა 9 მუნიციპალიტეტი, სადაც ჩატარდება თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამის პირველი ნაწილი 2019 წელს. მათ შორის, საქართველოდან ორი მუნიციპალიტეტი იქნა შერჩეული : ბაღდათი და ქუთაისი.

აღნიშნულ პროგრამაში ბაღდათი ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის ჩაერთო. მუნიციპალიტეტი მიზნად ისახავდა, ევროპულ სტანდარტებს გასცნობოდა და  პრაქტიკული რჩევები მიეღო ყოველწლიური ფესტივალებისა და ადგილობრივი პროდუქტების ბაზრობის მოწყობაში - საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად.

მას შემდეგ, რაც ბაღდათი პროგრამის მონაწილეებს შორის დასახელდა,ქალაქ კოსტრჟინის მერიის წარმომადგენლბმა მოხალისეობრივად გამოთქვეს ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების სურვილი. აღნიშნული მისიის ფინანსურ მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მიიღო. პროგრამის ფარგლებში ბაღდათს ეწვივნენ კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის მერი ანდრეი ლუდვიკ კუნტიდა კოსტრჟინისევროპული ინტეგრაციისა და სერთაშორისო კოოპერაციის ოფისის მენეჯერი, აგნიეჟკა ზურავსკა ტატალამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნიის, ადგილობივი მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონიდან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები. მისასალმებელი  სიტყვების  შემდეგ, პოლონელმა სტუმრებმა კოლეგებს კოსტრჟინის საერთაშორისო ტურისტული განვითარების მაგალითი წარუდგინეს, საერთაშორისო სტანდარტები და გლობალურ ტურისტულ ბაზარზე მოხვედრის გამოწვევები გააცნეს. აქტიური განხილვა და რეკომენდაციები მოჰყვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ პრეზენტაციას, სადაც ახალი კონცეფცია წარმოადგინეს: „ჩამოდი ბაღდათში: ქალაქის ხელშეწყობის ახლებური გზები“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე “პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა და სტუმრებთან ერთად სხვადასხვა მიმართულება განვიხილეთ. პოლონელმა  ექსპერტებმა  რჩევები ფესტივალების  ორგანიზებასთან  დაკავშირებით  მოგვცეს  და იმედი  გვაქვს, რომ ევროპულ სტანდარტებსა და ფასეულობებს ნელ-ნელა ჩვენს რეგიონშიც დავნერგავთ. ღვინის არტ-ფესტივალი ჩვენს ქალაქში იგეგმება ოქტომბრის პირველი კვირის ბოლო სამი დღე  და იმედი გვაქვს, ახალი მიდგომებით  უამრავი  ვიზიტორი ჩამოვა“. 

„მოხარულნი ვართ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვაქვს. კოსტრჟინში ჩვენ ყოველწლიურად სხვადასხვა ფესტივალს ვმასპინძლობთ, რომელთაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. 16-წლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ბაღდათის მუნიციპალიტეტს საუკეთესო ფესტივალის ორგანიზებაში კონსულტაცია გავუწიოთ. მოხიბლულები ვართ ბაღდათის ტურისტული პოტენციალით, რადგან მას აქვს ულამაზესი ბუნება, ჰყავს შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე მოსახლეობა, რომლებიც მზად არიან აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში“, - განაცხადა კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის მერმა ანდრეი კუნტმა.

“თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამით“, რომელიც „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს, ევროკავშირი პროგრამის წევრებს საშუალებას აძლევს საუკეთესო ევროპულ მაგალითებს გაეცნონ და მათთვის საინტერესო მიმართულებებზე რჩევები მოისმინონ. წელს პროექტში  საქართველოდან 9 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა, 2-მა გაიმარჯვა და მათ შორისაა ბაღდათი. „თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამა“ ამ ინიციატივის ფარგლებშიწელს პირველად განხორციელდა. ვაპირებთ, კვლავ გამოვაცხადოთ კონკურსი, რათა სხვა მუნიციპალიტეტესაც მიეცეს მონაწილეობის და ევროპული გამოცდილების გაზიარების საშუალება“, - აღნიშნა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“  კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ზვიად არჩუაძემ.

თანამშრომელთა გაცვლით მისიას წელს საქართველო კიდევ ერთხელ, აგვისტოში, უკვე ქუთაისში უმასპინძლებს.

ინიციატივა  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG)  ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც 2017 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა. ინიციატივის მისია ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში ხელის შეწყობაა. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან  უკვე 300-ზე მეტი ადგილობრივი თვითმმართველობაა მობილიზებული. მათი ნახევარზე მეტი „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა. მათ უკვეშეიმუშავესადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ინდივიდუალური გეგმებიდა მათი დანერგვაც დაიწყეს.პროექტის მოქმედი წევრების დასახმარებლად, პროექტმა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“„თანამშრმელთა გაცვლითი პროგრამა“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მისიის ფარგლებში არჩეულ მოქმედ წევრებს სტუმრობენ და მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 12 ახალი ევროპული მიმართულებით შესრულდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019 12:40

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ (Wizz Air) მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ვიზ ეარს“ (Wizz Air) შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან ოთხ თვეში, „ვიზ ეარი“ (Wizz Air) ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზ ეარს“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა – 587 643 მგზავრი.

 https://1tv.ge/news/qutaisis-saertashoriso-aeroportidan-regularuli-frenebi-12-akhali-evropuli-mimartulebit-shesruldeba/

16 სექტემბერს თ. შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების ქუთაისში აღებული სტარტი ზუგდიდში დასრულდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018 10:42

16 სექტემბერს თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების ქუთაისში აღებული სტარტი ზუგდიდში დასრულდება.
პრეზიდენტობის კანდიდატი და მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი 15 .00 დან 18 00 - მდე ზუგდიდელ მოქალაქეებს არაფორმალურ გარემოში, ჩვეულ ფორმატში შეხვდება. თემურ შაშიაშვილი უპასუხებს მოქალაქეებსა და რეგიონალურ მედიას მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
პარალელურად, ამ 3 საათის განმავლობაში(15 .00 დან 18 00 ამდე ) სწორედ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბულვარში (შადრევანთან), დასრულდება პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების პროცესი, რომელიც თემურ შაშიაშვილის წარდგენის დღიდან ხორცირელდება სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებში .
ჩვენო საამაყო მეგრელებო, გელოდებით !
ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის !

"ქუთათურებმა" შაშიაშვილი ხელმეორედ მოითხოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 17:21

1 სექტემბერს ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა სიების შეგროვების პროცესი. პრეზიდენტობის კანდიდატი თავად ესწრებოდა ამ პროცესს და პარალელურად, არაოფიციალურ ფორმატში, მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავდა. შეხვედრებმა ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მოქალაქეთა თხოვნით, თემურ შაშიაშვილი აპირებს 6 სექტემბერს ისევ დაბრუნდეს ქუთაისში და კვლავ ჩაერთოს პროცესში, რომელიც მის გარეშე უნდა გაგრძელებულიყო. 6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი 32-ე , მე-17,  38-ე სკოლების და  საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე გამართავს შეხვედრებს.

შეგახსენებთ, რომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.  შესაბამისად, მათ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მიმართეს და რეგისტრაციაც გაიარეს.

წინსაარჩევნო პერიოდში თემურ შაშიაშვილი საქართველოს ყველა ქალაქისა და რეგიონის მონახულებას აპირებს. „შევხვდები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა გავიგო რა უჭირთ მათ და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება. მე ქართველი ხალხის პრეზიდენტი ვიქნები“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 01 სექტემბერი 2018 11:19

ქართული საზოგაადოების ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. შესაბამისად, მათ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცეესკო) მიმართეს და რეგისტრაციაც გაიარეს. როგორც თვითონ პრეზიდენტობის კანდიდატი თ. შაშიაშვილი აცხადებს, მისი საარჩევნო კამპანია სრულიად განსხვავებული იქნება.

”ვერთვები უაღრესად საპასუხისმგებლო ბრძოლაში, და ყოველგვარი ეჭვის და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვაცხადებ - იამაყებს ყველა, ვინც მხარს დამიჭერს და
– გულდაწყვეტილი დარჩება ის, ვინც თავს შეიკავებს. დადგა დრო, როცა მე და თქვენ, როგორც არასდროს, ვჭირდებით ერთმანეთს და ყველა ერთად კი – ჩვენს სამშობლოს!
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!” - ამბობს თემურ შაშიაშვილი.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, 1 სექტემბერს, 12.00 საათიდან 19.00 საათამდე, ქუთაისის გულში – თეთრ ხიდთან, ცისფერყანწელთა ბაღში, სამეფო სახლთან, პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი იწყებს ხელმოწერების შეგროვების პროცესს. მისივე განმარტებით, ის სრულიად ახალი სახის კამპანიას ჩაატარებს და მას არ ეყოლება შუამავალი საკუთარ ამომრჩეველთან. „დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ. ეს იქნება უშუალო შეხვედრა-საუბრები ყოველგვარი ოფიციალობისა და პომპეზურობის გარეშე. მწამს და მჯერა, ქვეყანაში უნდა გაიმარჯვოს არა პარტიის, ოლიგარქის, არა ქვეყნის გარედან მართულმა პირმა, არამედ ხალხის ინტერესების გამომხატველმა – სახალხო კანდიდატმა“, - დასძინა თ. შაშიაშვილმა.

რა თქმა უნდა საარჩევნო მარათონი არ იქნება ადვილი, მითუმეტეს როდესაც,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის სახელით უკვე განაცხადა, რომ გაიმარჯვებს მხოლოდ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი და მეტიც, მეორე ტურის შესაძლებლობაც კი კატეგორიულად გამორიცხა. „ვთქვი და ვადასტურებ, მე მარტომ უნდა ვიბრძოლო და რაც მეტი ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ამასვე, მით უკეთესი, ჩვენ გამარჯვებაში შევერთდებით. ვიცი, ძალიან კარგად ვიცი, რომ არ იქნება ეს ადვილი, მაგრამ, სხვა გამოსავალიც არ არსებობს და დღეს ეს გაცნობიერებული აქვს ყველა მოაზროვნე ადამიანს. ყველამ უკვე კარგად იცის, რომ ვიდრე ეს არ მოხდება, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა“, - ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა თ. შაშიაშვილმა.

როგორც იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, იგი ანალოგიურ უშუალო შეხვედრებს გამართავს ქალაქის სხვადასხვა უბნებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მომდევნო კვირიდან კი ამომრჩევლებს შეხვდება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, მცხეთაში, მესტიაში, ამბროლაურში. „წინსაარჩევნო პერიოდში საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონს მოვივლი. შევხვდები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა გავიგო რა უჭირთ მათ და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება. მე ქართველი ხალხის პრეზიდენტი ვიქნები“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

წყალდიდობა ქუთაისში - ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 13:09

უხვმა ნალექმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმების გამო მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ასახულია, რა რაოდენობის წყალი მიედინება "ზასტავას" უბანში, ბუხაიძის ქუჩაზე.

Wizz air ქუთაისიდან ოთხი ახალი მიმართულებით ფრენებს იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017 16:53

"ქუთაისის აეროპორტი, როგორც პროექტი და ასევე კომპანია Wizz air-თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან  ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“- ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა  მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრისა და  და Wizz air-ის კომერციული დირექტორის, ჯორჯ მიხალოპულოსის შეხვედრაზე Wizz air-ის ახალი რეისების, ქუთაისის აეროპორტში კომპანიის მეორე ბაზის დამატებისა და ტერმინალის გაფართოების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძეც ესწრებოდა.

როგორც დღეს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, Wizz air-ი ქუთაისიდან 16 მიმართულებით, 11 ევროპულ ქვეყანაში იფრენს. პირდაპირი ავიარესები რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით 2018 წლის მაისიდან დაიწყება. 

Wizz air-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი. 

გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება. პირველი - ეს არის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა უკვე იწყება.  გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება რკინიგზა, რაც გიორგი გახარიას შეფასებით, ძალიან კომფორტულს გახდის მგზავრობას  აეროპორტიდან. 

"მესამე სიახლე გახლავთ ის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია Wizz air გახსნის ახალ მიმართულებებს, როგორიცაა რომი, პრაღა, ბარსელონა, პარიზი, ხოლო იმ  მიმართულებების სიხშირე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი იყო, გაიზრდება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გამვითარების მინისტრმა. 

გიორგი გახარიას შეფასებით, ქუთაისი აეროპორტში ბაზირებული Wizz air-ის კიდევ ერთი თვითმფრინავი მომავალ ტურისტულ სეზონს შეუწყობს ხელს, "ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა უფრო კომფორტული უნდა იყოს და ჩვენს მოქალაქეებსაც ხელი უნდა შევუწყოთ, რაც შეიძლება  ხშირად იმოგზაურონ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
ქუთაისი აეროპორტის გააქტიურებაზე და 82%-იან ზრდაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმაც. ქეთი ალექსიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განსაკუთრებული ზრდა სხვადასხვა პოზიტიურმა ფაქტორებმა განაპირობა.

"აღსანიშნავია, რომ ახალი ბაზის დამატება გულისხმობს დაახლოებით 100 მილიონიან ინვესტიციას კომპანიის მხრიდან. უშუალოდ მათ მიერ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაორმაგდება და დაახლოებით 72 კაცი იქნება. ასევე გაიზრდება ჩვენი აეროპორტის შემადგენლობაც“ - განაცხადა ქეთი ალექსიძემ. მისივე თქმით, დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება აეროპორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები  რომ გაზრდილ მოთხოვნას მოემსახურონ. 

პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 17:39

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა. 

გზის გახსნის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესა და იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრ მოტომე ტაკისავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. 

მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი გახდება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს დააკავშირებს. 

"იმერეთი არის გული საქართველოსი. პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - ჩქაროსნული მაგისტრალები; ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს მესტიისა და თეთნულდის კურორტთან; მაგისტრალი, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს აბასთუმანსა და სამხრეთ საქართველოსთან; ქუთაისის აეროპორტის გაფართოების პროექტი,რომელიც ახლა იწყება; აღმოსავლეთ-დასავლეთის რკინიგზის სამგზავრო განშტოება, რომელიც პირდაპირ ქუთაისის აეროპორტის ჭიშკართან მივა; ქუთაისის ძალიან მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას - ეს ყველაფერი ერთად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქუთაისს ბუნებრივად გააჩნია, გადააქცევს ამ ადგილს ჭეშმარიტ ცენტრად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, ლოგისტიკური ცენტრი განვავითაროთ ქუთაისის აეროპორტთან და სულ ერთი საათის სავალზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს არა მხოლოდ ამ ადგილს, არამედ მთლიანად საქართველოს. ჩვენ მომსწრე ვართ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განვითარების მონაკვეთისა", - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხორციელდება უამრავი პროექტი, რაც არასოდეს ყოფილა და მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება;საინვესტიციო და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით, კაპიტალური დანახარჯები გაორმაგდება, რაც პარტნიორების მონაწილეობით არის შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოს განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 
"გზის ეს მონაკვეთი არის შემადგენელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გარდაქმნის პროცესისა, რომლის მონაწილეც ყველა ჩვენგანია. მხოლოდ საერთო ჩართულობით არის ეს წარმატება შესაძლებელი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა. მოტომე ტაკისავამ აღნიშნა, რომ საქართველოს, როგო0რც სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ავტომაგისტრალი პოზიტიურ წვლილს შეიტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის განვითარებაში.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები. პროექტის ღირებულება 71 მილიონი ლარი და 22 მილიონი ევროა და ის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

საქართველო-გერმანიის ახალი საგანმანათლებლო პროექტი

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 10:48

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM International) სპეციალისტები, ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ. შესაბამის დოკუმენტს დღეს, ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის  მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის  სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე მართვისა, სამეცნიერო თუ, ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება TUM International- ის  ხარისხის მართვის სტანდარტები. ერთობლივი საორგანიზაციო ჯგუფი  ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარების ყველა ეტაპზე ითანამშრომლებს, მათ შორის  გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს.

ხელშეკრულების თანახმად, ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში.

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM), რომელიც მე-19 საუკუნეში დაფუძნდა, 12 ფაკულტეტი აქვს, მათ შორის - საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, კვების ტექნოლოგიის და სამედიცინო. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს. ყოველწლიურად, 1000-ზე მეტი ხელშეკრულება ფორმდება წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. უნივერსიტეტის სტუდენტებმა 800–ზე მეტი "სტარტაპ კომპანია" დააფუძნეს. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს 40 000 სტუდენტი და 10 000 თანამშრომელი ჰყავს. უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს მიღებული აქვთ 13 ნობელის პრემია ფიზიკაში, ქიმიასა და მედიცინაში.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური