ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი განიხილავს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 აპრილი 2021 11:34

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ევროპული საბჭოს ადმინისტრაცია აქვეყნებს. 

ევროპელი კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას.

განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტარების შეხვედრა ქრისტიან დანიელსონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან საქართველოს მედიაციის საკითხში. დანიელსონმა ევროპარლამენტარებს მედიაციის დეტალები გააცნო.

ევროპარლამენტარების თანახმად, „ამ შედეგზე ბრალი ეკისრებათ როგორც მმართველ პარტიას, ისე მოლაპარაკებების მონაწილე მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას აკისრია“.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის უარყოფის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ევროკავშირთან საქმე ძველებურად გაგრძელდება“, განაცხადეს პარლამენტარებმა.

„მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს სწრაფად იმოქმედონ. სასწორზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები დევს“, დასძინეს მათ.

ევროპელმა კანონმდებლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიელსონის მუშაობას და აღნიშნეს, რომ მედიატორის მხრიდან ქართული პარტიებისათვის შეთავაზებული დოკუმენტი სწორ მიმართულებას იძლევა საქართველოსთვის, რადგანაც იგი მოიცავს „ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის არსებით დანაწილებას და, რაც მთავარია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის გადაწყვეტის გზას“.

„გამოსავლის აღნიშული [დოკუმენტი] პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას“.

ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად დამკვიდრებას.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისათვის ძირის გამოთხრა“, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის მიხურვა, განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

განცხადებას ხელს აწერენ დავიდ მაკალისტერი (EPP, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (EPP, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (S&D, ესტონეთი), მიჰაელ გალერი (EPP, გერმანია), პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა).

შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება, - ქრისტიან დანიელსონი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 18:04

„მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში. საქართველო გამორჩეულად დინამიური პარტნიორია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში. სამაგალითო და შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება დაუახლოვდეს ევროპის შიდა ბაზარს“- განაცხადა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები. დანიელსონის თანახმად, ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას დასაქმების, კერძო სექტორის ხელშეწყობის და განათლების სფეროებს ანიჭებს, რადგან ეს მიმართულებები ევროკავშირთან თანამშრომლობის დადებით შედეგებს ქართული მოსახლეობისათვის თვალსაჩინოს გახდის. საქართველოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხებზე ფოკუსირებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეკონომიკური მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა და პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია.

ევროკავშირის წარმომადგენლის თანახმად ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტის ფარგლებში, სადაც ის დარწმუნებულია, რომ „საქართველო კვლავ წამყვანი როლის შესრულებას შეძლებს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორის ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორის თომას მაირ-ჰარტინგის საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური