ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 09:25

გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური