"თავისუფალი დემოკრატები" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და წევრების პარტიიდან წასვლას არ ადასტურებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 16:10

„გავრცელებული ინფორმაცია პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარის პარტიიდან წასვლის, ასევე, 300 წევრის მიერ ორგანიზაციის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება,“ - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ისპან ქარიმოვი, რომელიც სამი კვირის წინ მარნეულის ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, სხვა წევრებთან ერთად, საქმიანობას განაგრძობს, რაც შეეხება რამიზ გულმამედოვს - ის თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა გამგეობის მიერ, რისი მიზეზიც მისი არაეფექტური მუშაობა და კოალიცია ,,ქართულ ოცნებასთან" ფარული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გახდა.

დემოკრატების განცხადებით, ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის საკრებულოში დაისალა ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები", ვინაიდან აღნიშნული ფრაქცია ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დაიშალა. მას შემდეგ, რაც ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს, გულმამედოვის ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში პრაქტიკულად არანაირი სამუშაო არ ტარდებოდა. სწორედ ამიტომ გიულმამედოვმა გამგეობის სხდომაზე მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება, რასაც მოყვა მისი ულტიმატუმი და მუქარა - თუ მას თავმჯდომარეობიდან გადააყენებდნენ, ის ,,ქართულ ოცნებაში" გადავიდოდა. დღევანდელი მისი განცხადებით დადასტურდა მისი კავშირები კოალიციასთან", - ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ირაკლი ბათიაშვილი - ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 15:40

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება. ბათიაშვილის ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი ხელისუფლების გარკვეულ წრეში იგეგმება.

"სანდო წყაროდან, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც მე ვიყავი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე, მივიღე ეს ინფორმაცია. ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფ გარკვეულ წრეში მიდის მოსამზადებელი საკმაოდ სერიოზული სამუშაო ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის, ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. რაც ჩემთვის ყურადსაღები მომენტია, გარკვეული ჯგუფი უკვე ჩამოსულია აქ წინასწარი სადაზვერვო სამუშაოებისთვის", - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა ტელეკომპანია იმედთან საუბარში. 

მარნეულში "თავისუფალი დემოკრატები" საკრებულოს სამმა და პარტიის 300-მდე წევრმა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 15:24

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" სამმა წევრმა დატოვა. პარტია დატოვა ასევე ადგილობრივი ორგანიზაციის 300-მა წევრმა. ისინი "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ. განცხადება, მამედ მამედოვმა, რამიზ გულმამედოვმა და ნიზამ ვალიევმა მარნეულის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთეს.

მარნეულის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატების" აწ უკვე ყოფილი დეპუტატები ამბობენ, რომ პარტია პოლიტიკური მოსაზრებების შეუთავსებლობის გამო დატოვეს და მათთვის მიუღებელია თანაპარტიელი ლიდერების ქმედებები.

"ჩვენ მხარს ვუჭერდით კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ კურსს და სწორედ ამიტომ ვიყავით ამ კოალიციაში შემავალი "თავისუფალი დემოკრატების" რიგებში. ,,თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური კურსი დღეს სრულიად ეწინააღმდეგება ,,ქართული ოცნების" კურსს, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ,,ქართული ოცნების" რიგებს შევუერთდეთ და დავტოვოთ ,,თავისუფალი დემოკრატების" რიგები. ამასთან ერთად, ,,თავისუფალი დემოკრატების" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი იქნა არჩეული, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია," - განაცხადა რამიზ გულმამედოვმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ე.წ. „ნარუშილოვკების“ გამოყენებაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 13:20

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ ე.წ. „ნარუშილოვკების“ საკითხის მიმართ საზოგადოებრივ დისკუსიას ეხმაურება და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია იზიარებს ყოფილი პრემიერ–მინისტრის განცხადებაში გაჟღერებულ შეფასებებს ე.წ. ნარუშილოვკების ვიდეოკადრებთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება შესაძლებლად მოკლე დროში უნდა დამთავრდეს. ბუნებრივია, „ნარუშილოვკების“ გამოყენება შესაბამის უფლებამოსილ პირებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სათანადო ნორმატიულ დოკუმენტში მაქსიმალურად ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, თუ ვის და რა შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით. აღნიშნულთან დაკავშირებული აქტი ასევე უმოკლეს დროში უნდა მომზადდეს, რათა არ შეიქმნას ვაკუუმი, რითაც  დაზარალდება ოპერატიულ–სამძებრო მოქმედებების და სხვა საქმიანობაში მონაწილე სათანადო უფლებამოსილ პირთა ქმდებები. აბსოლუტურად სწორად მიუთითებს ყოფილი პრემიერი, რომ დაუმსახურებელი პრივილეგიით  სარგებლობა სამარცხვინოა, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებენ ამ დაუშვებელი ფაქტის აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის მკაფიოდ ჩამოყალიბების აუცილებლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი საკანონმდებლო თუ ნორმალტიული აქტების მომზადებაში.

„ჩვენ, სამოქალაქო სექტორი, უფრო ღრმად, საგნობრივად და მიზანმიმართულად უნდა ვაყენებდეთ მსგავსი გამოვლინებების მორალურ–ეთიკური და ზნეობრივი ასპექტების გამო საჯარო პირების პასუხისმგებლობის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხს. არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო შედეგიანად უნდა ჩავებათ თავისუფალი, დემოკრატიული, ევროატლანტიკური სივრცისთვის ორგანული და ჩვენი ტრადიციებისთვის შეუსაბამო მოვლენების უარყოფის და ჩვენი ცხოვრების სინამდვილეში დაუშვებლობის მიმართულებით წარმართულ კამპანიაში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაც სწორედ ამას გულისხმობს. დემოკრატია არ არის მმართველი კლასისა და ,,ძლიერთა ამა სოფლისათა“ განუკითხავი თვითნებობა, კანონის იგნორირება, ზნეობრივი დეკადანსი და უკანონო პრივილეგიებით სარგებლობა“- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივესალმებით ყოფილი პრემიერ–მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს: ,,კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის“. ჩვენი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მზად არის ითანამშრომლოს ორგანიზაცია ,,მოქალაქესთან“ და სათავეში ჩაუდგეს არასამთავრობოთა კოალიციას, რომელიც დემოკრატიული, ცივილიზებული, თავისუფალი საქართველოს სინამდვილიდან უღირს და მიუღებელ კანონდარღვევებსა და გადაცდომებს შეებრძოლება.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს შსს მინისტრის მოქმედება, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა 2009 წლის საიდუმლო ბრძანება ე.წ. „ნარუშილოვკების" შესახებ, დროული ნაბიჯი იყო. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ახალი რეგულაციების დროს, იქნება მაღალი დაკვირება და კონტროლი, თუ რამდენად კანონის დაცვით გამოიყენება გაცემული ე.წ. „ნარუშილოვკები“. მკაფიოდ უნდა იქნეს გაწერილი, დამრღვევთა მიმართ მისი ჩამორთმევის წესიც. მნიშვნელოვანია, ასეთი ე.წ. „ტალონი" არ მოხვდეს რიგითი მოქალაქის ხელში. ასეთი ფაქტი შეიძლება აღმოჩნდეს დანაშაულის ნიშნების შემცველი, რადგან საქმე შეეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას სხვისთვის უპირატესობის მინიჭების გზით.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ "ქართული ოცნების" შესწორებები არ გაითვალისწინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 10:31

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით რეზოლუცია 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. ევროსაბჭოს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.

რეზოლუციის ტექსტში წინასწარი დაკავების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასა და პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი. რეზოლუციის თანახმად საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება ხდება , მაგალითად საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეებია მოყვანილი.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, თუმცა პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება.

რეზოლუციის მიხედვით წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პროკურატურის "forum-shopping" შესაძლებლობაა, რაც სასიკეთო შედეგის მიღების მიზნით საქმის სასამართლოსთვის გადაცემას გულიხმობს. ეს ისეთი სტრატეგიების ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა, რაც არის მაგალითად კონკრეტულ საქმეებში წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა, ისეთი მოსმაართლის მიერ , რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო სხვებთან შედარებით დამთმობი იქნება.

წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად ასევე დასახელებულია პროკურატურის შესაძლებლობა , არ გაითვალისწინოს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადები, და არ მოახდინოს საბრალდებო აქტების შეცვლა ან რეგულირება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს , რაც გულისხმობს პროკურატურის მხრიდან forum-shopping-ის გამოყენების პრევენციას, წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან თავის შეკავებას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება. ასევე მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული

რიმა ბერაძე: აუდიტის დასკვნაში არსებული შენიშვნები წინა მოწვევის საკრებულოების მუშაობის პერიოდს მოიცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:27

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ბრიფინგი გამართა.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს  უმრავლესობის ლიდერი თბილისის საკრებულოს 2012-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნული დასკვნის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების მისამართით აგორებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია უწოდა.

,,მინდა  გამოვეხმაურო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს და მასში არსებულ შენიშვნებს, რომელიც აუდიტის  2012–2014 წლების დასკვნას მოიცავს. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელია, რომ წარმოდგენილი ანგარიში ჩვენი საქმიანობის მხოლოდ ექვსთვიან პერიოდს მოიცავს, რადგან ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ახალი მოწვევის საკრებულო საქმიანობას 2014 წლის ივლისიდან შეუდგა.

შესაბამისად, 2012, 2013, 2014 წლების პირველ ნახევარში გამოვლენილი  დარღვევები მხოლოდ წინა მოწვევის საკრებულოებს და მათ საქმიანობას ეხება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ  ჩვენ,  უმრავლესობის დეპუტატებმა, მოსვლისთანავე უარი ვთქვით პრემიებზე, შესაბამისად, საპრემიო ფონდი არანაირად არ გაზრდილა.

დღეის მდგომარეობით, პრემიები ურიგდებათ არა დეპუტატებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ აპარატის თანამშრომლებს, კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში და ისიც 60%-ით ნაკლებია 2013 წლის იმავე პერიოდში გაცემული პრემიების  თანხის ოდენობაზე და 77% -ით ნაკლებია 2014 წლის პირველ 6 თვეში, ჩვენს მოსვლამდე გაცემული პრემიების ოდენობაზე.

რაც შეეხება დანამატებს, ამ 6 თვის განმავლობაში ის მხოლოდ ერთხელ გაიცა საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის, ისიც თანამდებობრივი სარგოს 60 %-ი  და არა 100% და 300%-ის ოდენობით, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს მოსვლამდე. 

ასევე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ 2014 წელს 6 თვეში  არათუ გავზარდეთ საკრებულოს ხარჯები, პირიქით, შევამცირეთ და 800 000 ლარის ეკონომია გავწიეთ - საპრემიო ფონდის, ბენზინის,  სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების და სხვა ხარჯების შემცირებით.

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნაში არსებულ შენიშვნებს, მოგახსენებთ, რომ საუბარია ასევე  წინა მოწვევების საკრებულოს წევრებზე, მაგალითად, 2012 წელს მაშინდელი  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და ამჟამად  "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრის მამუკა ახვლედიანის სამივლინებო ხარჯებზე. იგი ერთი წლის განმავლობაში 12- ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, აქედან 6-ჯერ მისმა სამივლინებო ხარჯებმა არსებულ ზღვარს ბევრად გადააჭარბა, რაც აუდიტის დასკვნაში სრულადაა წარმოდგენილი.

ასევე კითხვები არსებობს 2012 წლის ნოემბერში და იმავე  წლის  ივნისში, მაშინდელი აპარატის უფროსის და ამჟამად ასევე "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრის მარიკა დათუკიშვილის მივლინებებთან დაკავშირებით.

მინდა ხაზი გავუსვა აუდიტის დასკვნაში არსებულ მიწის ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებულ დარღვევებს,  რომელსაც  8 გვერდი აქვს დათმობილი.

განხილული 11 შემთხვევიდან,  9 შემთხვევა ეხება სწორედ იმ დროს, როდესაც მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე გახლდათ მაშინდელი მერიის ჩინოსანი და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" გამოკვეთილი ლიდერი საკრებულოში, შესაბამისად კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ მათ.

მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს და მათთან უნისონში მყოფ ოპოზიციონერ კოლეგებს, თავი დაანებონ საკრებულოს უმრავლესობის მისამართით ბინძურ პიარ-კამპანიას და ნუ შეჰყავთ მოსახლეობა  შეცდომაში. მივმართავ მათ, აკეთონ  ის საქმე, რაც  კომპეტენციით მიენიჭათ, როგორც საკრებულოს წევრებს და ხელს მაინც ნუ გვიშლიან მუშაობაში“,- აღნიშნა რიმა ბერაძემ.

ნინო ბურჯანაძე: მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს და არა სხვა ქვეყნის ინტერსებს!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:15

„ქართულმა ოცნებამ“ არაფერი არ შეცვლა საარჩევნო სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი დაპირება სწორედ ეს გახლდათ. „ქართულ ოცნებას“ მოეწონა მისი წინამორბედის მიერ შექმნილი, ხელისუფლებისთვის მორგებული სისტემა და წარმატებით აგრძელებს ამ სისტემის სათავისოდ გამოყენებას განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, საზოგადოება გამოიტანს შესაბამის დასკვნას და ერთხელ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდება იმაში, რომ არ უნდა ველოდოთ ქვეყანაში მესიის გამოჩენას.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმაზე ჩამოკიდებული, რომ ერთი ადამიანი მოვა და ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს, არ უნდა მივცეთ ყველა ბერკეტი ხელში ერთ ადამიანს, იმიტომ რომ, ფაქტია, ამით ჩვენ გავანადგურეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტი, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. ეს ერთი ადამიანი წავიდა და კიდევ ჭკუას გვარიგებს და გვასწავლის, რომ თურმე მოსახლეობამ თავისი ხარჯების განკარგვისათვის პირადი ბანკირი უნდა დაიქირავოს.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ის და მისი თანაგუნდელები, დემოკრატიული მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით და ქვეყნის სათავეში მოვიდეს ის გუნდი, რომელსაც როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით აქვს არამარტო სწორი ხედვა, არამედ გამოცდილება, ცოდნა, უნარი და გამბედაობა. ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება ერთი საელჩოს მონა და იზრუნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და არა რომელიმე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში - „პრო“ პოლიტიკური ძალები.

„მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერსებს და რომელსაც არ ეშინია თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღების იმისათვის, რომ ქვეყანა დარჩეს სუვერენული,დამოუკიდებელი და მთლიანი სახელმწიფო“-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძე: „ქართულმა ოცნებამ“ არათუ დაპირებები, მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებებიც კი არ შეასრულა!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:05

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამი წლის მუშაობის შედეგები შეაფასა. ნინო ბურჯანაძის თქმით, „ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას მთელი საქართველო დიდი იმედებით ელოდა იმიტომ, რომ სჯეროდა, არამარტო დამნაშავე რეჟიმი მოშორდებოდა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანა წინ წავიდოდა.

„საქართველოს მოსახლეობას სჯეროდა იმ დაპირებებისა, რომელსაც უხვად იძლეოდა ბიძინა ივანიშვილი. მე ნამდვილად არ მქონდა იმის ილუზია, რომ ეს დაპირებები შესრულდებოდა, გნებავთ 5 მილიონი თითოეულ სოფელს, გნებავთ ყველა ადამიანის კეთილდღეობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ. მაგრამ ნამდვილად ველოდი, რომ „ქართული ოცნება“ იმას მაინც მოახერხებდა რომ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები შეესრულებინა ქართველი ხალხის წინაშე. სამართლიანობისათვის უნდა იქნას აღნიშნული, რომ ერთადერთი რაც ნამდვილად მოიტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამ, ეს არის ის, რომ ქვეყანაში აღარ არის ტერორი და შიში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის განცხადებით დღეს „ქართული ოცნება“ „წარმატებით“ აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას.

„„ქარტული ოცნება“ გვატყუებს, როდესაც ამბიობს რომ პირველი ოქტომბერი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, ეს ნამდვილად ვერ იქნება ასე, რადგან ოცნების სამწლიანი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო დაპატარავდა საქართველოს ტერიტორია, კიდევ უფრო გაუარესდა მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არ გადაწყვეტილა არც ერთი არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკური საკითხი“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება სამი წლის თავს შეხვდა ისე, რომ მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

„ერთი მაგალითიც კი საკმარისია იმისათვის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს მოსახლეობა! თუ სამი წლის წინ პენსიონერი დაახლოებით 90 დოლარის ექვივალენტს იღებდა პენსიას, დღეს ეს 60 დოლარის ექვივალენტია, მაშინ როდესაც ფასები არცერთ პროდუქციაზე არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ შემცირებულა,“ - დასძინა ბურჯანაძემ.

მისი  თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც სესხი ვალუტაში ქონდა აღებული არის პრაქტიკულად გაკოტრების და საკუთარი ბინებიდან გამოყრის საფრთხის წინაშე. 

კახა კალაძე - „პირველი ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 11:02

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლისთავს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველომ 3 წლის წინ შეძლო, წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმის არჩევნების გზით ჩამოშორება.

„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მე ვფიქრობ, პირველი ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან ეს დღე მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ დღედ, როცა ქართველმა ერმა გაიმარჯვა სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა. იმ ბოროტებაზე, რასაც ისინი ქართველი ხალხის მიმართ სჩადიოდნენ. რა მდგომარეობაშიც იყო მოსახლეობა, ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ქართველმა ხალხმა ერთად დგომით შევძელით ის, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ვიცე-პრემიერის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, თუმცა, არის დაპირებები, რომელიც ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია.

„ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე აისახება. შეიძლება არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც დაპირება ჯერ არ შესრულებულა, თუმცა, მიმდინარეობის პროცესშია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ახალ ველზე „ქართულმა ოცნებამ“ შეავსო - გია ცაგარეიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:00

“თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებით „ქართულ ოცნებას“ ადგილების დაკარგვის ეშინია.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას მაჟორიტარები ამყარებენ. „ხელისუფლებამ იცის, რომ პროპორციულ სისტემაში სრულად დამარცხდება. კვორუმის -- 76 რიცხვის შენარჩუნების საშუალება ამჟამინდელ და მომავლის პარლამენტშიც არის ის, რომ გაათრიო მდიდარი მაჟორიტარები რეგიონებში და შეავსო რიგები, შემდეგ ისევ იძალადო ქვეყანაზე. ეს სისტემა არ იცვლება. იმავეს აკეთებდა შევარდნაძე, იმავეს აკეთებდა მისი გაზრდილი სააკაშვილი, იმავეს აკეთებენ ეს ადამიანებიც , რომლებიც სააკაშვილის გაზრდილები აშკარად არ არიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მასზე უარესს აკეთებენ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს ამბობენ იმას, რასაც მთელი არსით ეწინააღმდეგებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობაახლა ეთანხმება იმას, რასაც ყოველთვის ეწინააღდმდეგებოდა. ოპოზიციიდან ისინი ფიქრობენ, რომ აქვთ შანსი, მეტი მანდატი მოიპოვონ და ამ მაჟორიტარულ სისტემაში, რა თქმა უნდა, ისინი ვერცერთ მაჟორიტარს საქართველოში ვერსად გაიყვანენ. მათ ხალხი ხმას არ მისცემს, ეს გამორიცხულია. ახლა კი ფიქრობენ, რომ პროპორციულით იქნებ რაღაცა აიღონ. ამიტომ ისინი იძულებულები არიან, ამას წინააღმდეგობა გაუწიონ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის ადგილი ახალ ველზე „ქართულმა ოცნებამ“ შეავსო. მისი თქმით, მათ ხელისუფლებაში ყოფნა გაუტკბათ და ახლა ამბობენ, რომ მაჟორიტარული სისტემა არ უნდა შეიცვალოს

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური