„არც ერთ მსხვილ მედია საშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 15:25

2014 წლის აპრილში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ წარმოადგინა ანგარიში, რომელიც დეტალურად სწავლობდა იმ მედიასაშუალებების მფლობელობის საკითხებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ, ან მოსახლეობის დიდ ნაწილს ფარავენ. ანგარიშში ასევე აღწერილი იყო მედიასაშუალებების მფლობელების წარსული საქმიანობა, მათი გავლენიანი კავშირები და კორპორატიული ინტერესები.  

მოგვიანებით, 2014 წლის ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ წარმოადგინა მეორე ანგარიში2, რომლის ყურადღების ცენტრში ადგილობრივი მედიასაშუალებების მფლობელობის, მათი როლისა და დაფინანსების საკითხები მოექცა. ადგილობრივი მედიასაშუალებები ქალაქებსა და სოფლად დისკუსიების წარმართვის კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფონზე, რომლის შედეგადაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 12 ქალაქში მერის პირდაპირი არჩევის წესი ამოქმედდა. 

წინამდებარე ანგარიშის მიზანია, ერთი მხრივ, განაახლოს ინფორმაცია მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაზე და წარმოაჩინოს ამ მედიასაშუალებებზე მიმდინარე ცვლილებები, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილოს ონლაინ მედიის მფლობელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ქართული ონლაინ მედიის სისტემური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, საინფორმაციო ვებგვერდების გავლენა კი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე სულ უფრო და უფრო მზარდია ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მზარდი ტენდენციის პარალელურად.  

კვლევას საფუძვლად საჯარო ჩანაწერებიდან და მედიიდან მიღებული მონაცემები უდევს. ონლაინ მედიასაშუალებების საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის შესაგროვებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საინფორმაციო ვებგვერდების წარმომადგენლებთან ათეულობით ინტერვიუ ჩაატარა.   
რადგან არ არსებობს ერთიანი სანდო სისტემა ონლაინ რესურსების რეიტინგის შესასწავლად, ვებგვერდები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც მოხვდა წინამდებარე ანგარიშში, სხვადასხვა კრიტერიუმით შეირჩა. ეს ვებრესურსები აშუქებენ პოლიტიკური ხასიათის ახალ ამბებს, აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს ინფორმაციის გასავრცელებლად ან საიტ top.ge-ს მიხედვით, 2015 წლის მაის-ივნისის პერიოდში სისტემატურად ჰყავდათ დღეში 500-მდე უნიკალური ვიზიტორი.  

ძირითადი მიგნებები

  • საქართველოში მედია საშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა. ბოლო ერთი წლის მანძილზე მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. არც ერთ მსხვილ მედია საშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა.
  • ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წამოწყებულ სასამართლო დავას, სავარაუდოდ, პოლიტიკური  კონტექსტი აქვს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლების ხარისხზე.
  • რამდენიმე მსხვილ მედიასაშუალებაში ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამ ფაქტებმა გავლენა მოახდინა მაუწყებლობის შინაარსზე. რიგ შემთვევებში გაჩნდა ეჭვი, რომ არხის მფლობელები ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში, რითაც ზიანს აყენებენ მედიის დამოუკიდებლობას.
  • რამდენიმე საკაბელო და ინტერნეტ მაუწყებლის მფლობელობა ანტიდასავლურ და რელიგიურ ორგანიზაციებს უკავშირდება. მათი დეკლარირებული შემოსავალი საკმაოდ მცირეა, რის გამოც, გაურკვეველია, რა სახსრებით მაუწყებლობენ ეს არხები.

ონლაინ მედიასაშუალებებს შორის გვხვდება პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გაერთიანებული ჯგუფები. ზოგიერთი ასეთი ვებგვერდი მუდმივი თანამშრომლებისა და შემოსავლის გარეშე ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას. 

„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ NDI-ის კვლევებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 ოქტომბერი 2015 13:49

„საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„17 ოქტომბერს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია. გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, ხოლო რესპოდენტთა 28 % მხარს უჭერს ქვეყნის ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციას.

გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნული კვლევის შედეგებს. „საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ მიიჩნევს, რომ ასეთი შედეგი არასახარბიელოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა ქვეყნის სრულფასოვანი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა და ქვეყანა სულ უფრო მეტად უახლოვდება ერთიან ევროპულ სივრცეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებასა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ევროინტეგრაციის პროცესში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და პროცესში ჩართულ მხარეებს, გააქტიურონ მუშაობა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ „საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალცია“ აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მოხდეს მათი ინფორმირება", - წერია განცხადებაში.

"პირველად 2012 წლის შემდეგ "NDI"-ს გამოკითხვებით, ჩემი პარტია იგებს არჩევნებს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 14:25

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "NDI"-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს საკუთარი ფეისბუქ გვერდით ეხმაურება.

"პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში "NDI"-ს გამოკითხვებით ჩემი პარტია ძირითადი ლიდერების დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად, იგებს არჩევნებს",-წერს მიხეილ სააკაშვილი.

"NDI"-ს გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 13% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 11% კი, "ქართულ ოცნებას.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა აღნიშნული კვლევა აგვისტო-სექტემბერში ჩაატარა, რომლის დროსაც  4 448 ადამიანი გამოიკითხა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% მიაჩნია,რომ მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 12:29

NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 42 პროცენტმა პასუხი გასცა, რომ „არც ერთი პარტია.“  

რაც შეეხება დანარჩენ პროცენტულ გადანაწილებას: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაასახელა 14%-მა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  13%-მა,  "არ ვიცი" - 8%, ხოლო გამოკითხულთა 7 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.

4-4% მოდის ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებსა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე", 3-3% ლეიბორისტულ პარტიასა და "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაზე", დანარჩენი 3% კი ნაწილდება კატეგორიაზე "სხვა“.

კვლევა 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდს მოიცავს, რომლის დროსაც, საქართველოს მასშტაბით 4,448 ინტერვიუერი წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხა

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 13% დაუჭერდა მხარს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 12:22

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 13% "ნაციონალურ მოძრაობას", 11% კი "ქართულ ოცნებას" ასახელებს. არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ დაუჭერდა გამოკითხულთა 35%, ხოლო გამოკითხულთა 13%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

NDI-მ დღს კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა, რომელიც აგვისტო-სექტემბრის პერიოდს მოიცავს. კვლევისას 4 448 ადამიანი გამიკითხა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 14:29

არასაპარლამენტო ოპოზიცია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია - დემოკრატიის ფუნდამენტური ორიენტირია, რომლის არსებობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 2012 წელს დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება, რომლის ერთ-ერთი დანაპირები, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ერთად, კონკურენტული არჩევნებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა იყო, არამცთუ დანაპირებს ასრულებს, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ამ ძირეულ დემოკრატიულ ფასეულობებს. სწორედ განსხვავებული აზრისა და კრიტიკის გამო, რომელიც ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში არასახარბიელო მგდომადეობაში აყენებს, ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების" მმართველმა კოალიციის უშუალო ჩარევით დაიხურა პოლიტიკური თოქ-შოუ საზოგადოებრივ არხზე, ტელეკომპანია "იმედზე" და საფრთხე შეექმნა ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის "რუსთავი 2"-ის ნორმალურ ფუნქციონირებასა და არსებობას. მიგვაჩნია, რომ პლურალისტური გარემოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესია მმართველი ძალის ლეგიტიმური სივრციდან გასვლის წინაპირობაა, რაც საბოლოო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების უზურპაციის საფუძველს იძლევა, რითაც კითხის ნიშნის ქვეშ დადგება 2012 წელს ქართველი ხალხის უდიდესი მონაპოვარი - არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრაქტიკის დამკვიდრება.

ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მიუხედავად არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება მოითხოვს, დავდგეთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ერთიანი ძალისხმევით დავიცვათ ის, რაც ყველას გვაერთიანებს - დემოკრატიული ფასეულობები და მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება - მედიის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნები საქართველოში; თითოეული ჩვენგანი მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხო, შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. ჩვენ არ განვიხილავთ "იმედს" და "რუსთავი-2"-ს, როგორც ჩვეულებრივ ბიზნეს-კომპანიებს და მით უფრო არ განვიხილავთ შექმნილ კრიზისს, როგორც კერძო სუბიექტებს შორის ან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამართლებრივ დავას.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ ხელისუფლებას და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს ავანტიურა, მიმართული დამოუკიდებელი მედიის და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ ყველა შესაძლებლობას და დაიცავს დემოკრატიის ფუნდამენტურ უფლებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვისა და დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება და გამტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს - გავხდებით განვითარებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი თუ ვიქცევით მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისგან გარიყულ, მომავლის არმქონე სახელმწიფოდ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "ახალი მემარჯვენეები", "ევროპელი დემოკრატები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი საქართველო", "თავისუფლება", "ლეიბორისტული პარტია", "რეფორმატორები" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".

 

 

პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 13:49

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. ცისკარიშვილის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის შექმნის პროცესი შეჩერდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ჩვენი სარჩელი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა და რამდენიმე კვირის წინ, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად შეიტანა. წარმოებაში მიღება ნიშნავს, რომ მოთხოვნა ამ ახალი სააგენტოს შენქნის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა. ანუ ამ სააგენტოს ჩამოყალიბება და ამავდორულად ეროვნული ბანკის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუციის რღვევა შეჩერებულია. საკონსტიტუციო სამსართლოს ამ გადაწყვეტილებით, საბანკო სისტემა არ მოექცევა ივანიშვილი-მეჭიაურის პოლტიკური ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ეს დროებითია. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიყენოს ეს პაუზა, გადახედოს ამ ერთი კაცის ახირებულ სურვილს და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სააგენტო არ ამოქმედდეს. ეს ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას კარგს არაფერს მოუტანს,“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას “ქართუ” დააფინანსებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 10:07

ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას “ქართუ” დააფინანსებს.ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი დაფუძნდეს, – აცხადებს ყოფილი პრემიერი . შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებაზე მსჯელობენ.ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის და გია დვალი ორი წელიწადზე მეტია, რაც აღნიშნული პროექტით არიან დაინტერესებულები.“ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიას. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული აზრი და იდეა მქონდა, თუმცა ძირითადაd გია დვალის დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ჩვენი გუნდიც და კიდევ სხვები აქტიურად მონაწილეობენ და გვეხმარებიან. მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. ისინი  დიდი სპეციალისტები არიან.იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მთავრობამ 2004-2012 წლებში ლობისტებზე 10 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა, 2013-2015 წლებში კი - 4 მლნ ლარი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 17:25
"ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ 2004-2012 წლებში ლობისტურ საქმიანობაზე 10 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, 2013-2015 წლებში კი _ 4 მილიონი ლარი. "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტ ლაშა ციბაძის განცხადებით, 2003-2012 წლები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ლობისტური კომპანიების საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხული თანხების დიდი მოცულობით გამოირჩევა. ამ მიმართულებით, საყოველთაოდ ცნობილია ამერიკული Podesta Group და Orion Strategy. "არასრული ინფორმაციით, 2004 წლიდან 2011 წლის მეორე ნახევრამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ლობისტურ მომსახურებაზე მინიმუმ 5,5 მლნ დოლარი დახარჯა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ 1.666 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერიკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად. აქვე აღსანიშნავია, საკმაოდ გახმაურებული, საქართველოს მთავრობის ლობისტი, შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი, რომელთანაც წინა ხელისუფლებას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ კარლ ბილდტის კომპანია Kრეაბ-მა განახორციელა საქართველოს ხელისუფლების არაერთი დაკვეთა, როგორც ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საერთაშორისო იმიჯის ლობირებისთვის, ასევე, პოლიტიკურ ინსტიტუტებთან საქართველოს ხელისუფლების შეხედულებების გატანის თვალსაზრისით", - განაცხადა ლაშა ციბაძემ. მისივე თქმით, "ლობისტური საქმიანობისთვის ყველაზე დიდი თანხები დახარჯულია 2003-2012 წლებში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულებებს; როდესაც მუდმივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან; როდესაც სისტემურად "გადასცემდნენ" მოქალაქეები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს უსასყიდლოდ; როდესაც მიმდინარეობდა "დაუმორჩილებელი" ბიზნესის ტერორი". "ამ ყველაფრის საფუძველზე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ლობისტურ კომპანიებზე მილიონობით გადარიცხული თანხა უკანონოდ მოპოვებული თანხების კანონონიერად წარმოჩენის საშუალებაა", - აღნიშნა "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტმა. "ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ ხელისუფლების ლობისტური საქმიანობის ანალიზიც მოახდინეს და აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის საფუძველზე, მთავრობის ლობისტური საქმიანობა არა პოლიტიკოსების პერსონალური იმიჯის საკთხს ეხება, არამედ მთლიანად მიმართულია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით. "საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მთავრობა ლობისტური საქმიანობისთვის ფინანსურ სახსრებს არა ქვეყნის ბიუჯეტიდან, არამედ სარეზერვო ფონდიდან მიმართავს. 2013, 2014 და 2015 წლებში მთავრობამ სამი კონტრაქტი სამ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან _ Pattion Boggs, Squire Pattion Boggs და Pillsbury Winthrop shaw pittman llp-თან გააფორმა. კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 4 705 076, 85 ლარი შეადგინა", - განაცხადა ლაშა ციბაძემ. ორგანიზაციის შეფასებით, ევროინტეგრაციის საკითხზე ლობისტური საქმიანობისთვის, ქვეყნის მიერ გაღებული თანხები მოკრძალებული და მცირეა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მთავრობის მხრიდან ეფექტური PR-კამპანიების ხარჯვითი ნაწილის მიმართ უარზე. ,,ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, მთავრობამ უნდა გაზარდოს ლობისტური საქმიანობისთვის დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების მოძიებაც და ხარჯვითი ნაწილი მიმართულ იქნას სახელმწიფოს წინაშე არსებული საკითხების წარმოჩენისთვის. ამასთან, ორგანიზაცია მოითხოვს, წინა ხელისუფლების დროს ლობისტური საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან გაღებული თანხების მიზნობრიობის საკითხიც შემოწმდეს და შეფასდეს.

გიორგი ახვლედიანი: სახალხო დამცველი არა საზოგადოების, არამედ ხელისუფლების ინტერესების დამცველი აღმოჩნდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 16:13
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მარტვილსა და საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ომბუდსმენმა უარი განაცხადა. „სახალხო დამცველმა ვერ შეძლო ბოლომდე მიეყვანა თავის მიერვე დაწყებული საქმე, და საბოლოო ჯამში არა საზოგადოების, არამედ ხელისუფლების ინტერესების დამცველი აღმოჩნდა“, - განაცხადა ახვლედიანმა. ახვლედიანის თქმით, სახალხო დამცველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და სამართლიანი ომბუდსმენის იმიჯი. „ხოლო როცა იგი ხელისუფლების ადვოკატი ხდება, მისი სახალხო დამცველობის უკვე აღარავის სჯერა, რაც ცუდია თავად ომბუდსმენისთვის და დიდი პრობლემაა ქვეყნისათვის“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური