ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი განიხილავს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 აპრილი 2021 11:34

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ევროპული საბჭოს ადმინისტრაცია აქვეყნებს. 

ევროპელი კანონმდებლების თქმით, ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური და საბიუჯეტო დახმარებათა პროგრამებზე პირობითობის პრინციპის გაზრდას.

განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტარების შეხვედრა ქრისტიან დანიელსონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან საქართველოს მედიაციის საკითხში. დანიელსონმა ევროპარლამენტარებს მედიაციის დეტალები გააცნო.

ევროპარლამენტარების თანახმად, „ამ შედეგზე ბრალი ეკისრებათ როგორც მმართველ პარტიას, ისე მოლაპარაკებების მონაწილე მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას აკისრია“.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის უარყოფის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ევროკავშირთან საქმე ძველებურად გაგრძელდება“, განაცხადეს პარლამენტარებმა.

„მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს სწრაფად იმოქმედონ. სასწორზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები დევს“, დასძინეს მათ.

ევროპელმა კანონმდებლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიელსონის მუშაობას და აღნიშნეს, რომ მედიატორის მხრიდან ქართული პარტიებისათვის შეთავაზებული დოკუმენტი სწორ მიმართულებას იძლევა საქართველოსთვის, რადგანაც იგი მოიცავს „ამბიციურ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის არსებით დანაწილებას და, რაც მთავარია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის გადაწყვეტის გზას“.

„გამოსავლის აღნიშული [დოკუმენტი] პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას“.

ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად დამკვიდრებას.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აირიდოს მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისათვის ძირის გამოთხრა“, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის მიხურვა, განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

განცხადებას ხელს აწერენ დავიდ მაკალისტერი (EPP, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (EPP, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (S&D, ესტონეთი), მიჰაელ გალერი (EPP, გერმანია), პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა).

მივმართავთ „ქართულ ოცნებას" დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას-აცხადებს ოპოზიცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 13:38

მივმართავთ „ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა,- ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მუქარა, ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა, არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ "ოცნების" მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.

მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. „ქართული ოცნების" არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა.

ჩვენ დღესაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული.

ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ლელო", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ევროპული საქართველო", „სტრატეგია აღმაშენებელი", „საქართველოს ლეიბორისტული პარტია", ბლოკი "ძალა ერთობაშია - "პროგრესი და თავისუფლება", ნაციონალური მოძრაობა", „სახელმწიფო ხალხისთვის", "რესპუბლიკური პარტია" ავრცელებენ.

საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:39

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე და მისი განხილვის პროცესში მაქსიმალური კონსენსუსის აუცილებლობაზე გამახვილდა.
„ჩვენ ვიმეორებთ ერთი და იგივეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რომ ამოსავალი საკონსტიტუციო პროცესისთვის კონსენსუსი და დიალოგია.
რეალურად, ექვსი თვე დასჭირდა მმართველ გუნდს იმისთვის, რომ დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ და მოატყუებ და დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე.
იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, უნდა შევხედოთ ვითრებას,  „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის დემოკრატიულ იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი, ისე როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე.
გავიგე, რომ დასჭირდა ექვსი თვე იმისთვის, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება ჩვენთვის მაინცადამაინც ევროპიდან ეთქვათ, მაგრამ ახლა ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ნუ შევიყვანთ კრიზისში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში დიალოგის გზით კონსენსუსის მიღწევაა.
„ჩემი მესიჯი დღეს და შემდეგაც იქნება ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყონ დიალოგი, ერთმანეთთან საუბარი, იმისათვის, რომ შედგეს კონსენსუსი.
პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია და თავად პრეზიდენტი მოუწოდებს დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიას“,- აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი; პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სამი ახალი წევრი ეყოლება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 14:52

პარლამენტში 3 ახალი წევრი შევა. მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,  კახა კალაძისა და გიორგი გახარიას მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა მოუწევთ.  საკანონმდებლო ორგანოში ვერც გიორგი კვირიკაშვილი ვერ იმუშავებს, შესაბამისად „ქართულ ოცნებას“  პარლამენტში სამი ახალი წევრი ეყოლება. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შეიძლება მოხვდნენ: გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სწორ მომავალს მისცა ხმა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:22

"დაკნინებულად ვაფასებდი ნაციონალურ მოძრაობას,“- ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" იტყობინება.

ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ზუსტად იცოდნენ ქართველი ხალხის აზრი.

„ჩვენ ვატარებდით კვლევებს და ვიცოდით ხალხის აზრი, ნახეთ როგორი სიზუსტით მართლაც "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით, თითქმის, ძალიან დიდი სიზუსტით გავაკეთე სტატისტიკა, რამეთუ კვლევებს ვატარებდი სტაბილურად. ერთი შეიძლება გადაჭარბებულად, ამაღლებულად, დაკნინებულად ვაფასებდი "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა აქაც, დაახლეობით, ვიცოდით, რომ მეორე ადგილი უნდა აეღო "ნაციონალურ მოძრაობას",“- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ყოფილი პრემიერის თქმით, მან საქართველოს სწორ მომავალს მისცა ხმა.

„ქართულ ოცნებაში" კაკო ბობოხიძის ინიციატივას ეხმაურებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 12:29

პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი, ამ ეტაპზე არ განიხილება. ასე ეხმაურებიან „ქართულ ოცნებაში" კაკო ბობოხიძის ინიციატივას. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დადგომის შემთხვევაში, ისინი საკანონმდებლო ორგანოს ადგილის შეცვლას მხარს არ დაუჭერენ. კაკო ბობოხიძემ იმერეთში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტაორბის კანდიდატებს განუცხადა, რომ თუ ისინი პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას მხარს არ დაუჭერენ, ის და მისი თანაგუნდელები მზად არიან ქუთაისის მაჟორიტარობისათვის აღარ იბრძოლონ და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.

მარტვილში „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“ ოთარ დანელია წარმოადგენს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 17:46

მარტვილში „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მარტვილის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია წარუდგინა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ბატონი ოთარი მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. ბოლო წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით უამრავი პროგრამა განხორციელდა. ეს არის მცირე მიწიანი ფერმერების დახმარება, გრძელვადიანი საშეღავათო კრედიტები, პროექტი „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ამ ყველაფერს შედეგები უკვე მოაქვს, მაგრამ უფრო მეტი შედეგი მომავალში იქნება. ოთარი არის ჩვენი გუნდის ერთ- ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი. სხვათაშორის, ძალიან ძნელად გავიმეტე იგი- ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი ოთარ დანელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პროფესიული განათლების პრესტიჟის აწევას გეგმავს.

„ამასთან, ჩვენ მასწავლებლის პრესტიჟი უნდა ავამაღლოთ. არ შეიძლება ყველა ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ მასწავლებლების კორპუსს გადაუაროს“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დასახული მიზნების მიღწევის პროცესში გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თქვენ ხედავთ ჩვენი გუნდის ძველ თანამოაზრეებს, ახალ წევრებს. გვიერთდებიან ყოველდღე ახალი ადამიანები, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიდანაც მათშორის. ისინი გრძნობენ, რომ საქართველოში დღეს სამთავრობო, სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს“,-აღნიშნა პრემიერი.

მარტვილის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკადრება ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც არიან დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი. ეს არ არის ჩემი გამოწვევა მხოლოდ. ეს არის ჩვენი გამოწვევა მეგობრებო. აქ ვერ იქნება ორი და სამი მხარე. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნამდვილად არის დაინტერესება ამ ერთი მიზნის მისაღწევად გავერთიანდეთ. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ ურთიერთპატივისცემაში, ღირსეულ დამოკიდებულებაში, სწორ არჩევანში, იმიტომ, რომ არ შეიძლება იყოს ორი სწორი არჩევანი. არის მხოლოდ ერთი სწორი არჩევანი და მას ყველანი უნდა გავყვეთ“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიას წარდგენას პარტიის წევრები-ეკა ბესელია, რომან კაკულია, სოსო დანელია და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

სამტრედიაში ,,ქართულ ოცნებას“ გია მიქელაძე წარადგენს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 10:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

"სამტრედიაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გია მიქელაძე. ბატონი გია პოლიტიკაში ბიზნესიდან მოდის. ის წარმატებული ბიზნესმენია. მას სამტრედიაში არაერთი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული - დაგებული გზები, სკოლების რეაბილიტაცია, დაფინანსებული აქვს ახალგაზრდების სწავლა უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, იგი ასევე ნაყოფიერად იმუშავებს, როგორც პარლამენტარი. ბატონი გია სამტრედიელი გახლავთ და ყურადღებას არ მოაკლებს სამტრედიელებს,"- განაცხადა პრემიერმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

 

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური