თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 12 ოქტომბერი 2019 10:18

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ემზადებიან.

ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკელ გენერლებთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში დაგეგმილ „ამოცანის რეპეტიციის წვრთნის“ საჩვენებელ დღეს დაესწრო. სწავლების ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.
ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სწავლების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო შენაერთის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნების დეტალები გააცნეს.

გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ბატალიონი ავღანეთში გადასროლამდე საბოლოო მომზადების სავარჯიშოებს ასრულებს. გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა 4-თვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. საბოლოო შეფასების შემდეგ კი, ქვედანაყოფი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 05 აპრილი 2019 15:58

ავღანეთში საქართელოს თავდაცვის ძლების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. 

უმცროსმა სერჟნტმა მერაბ ირემაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქვეითად გადაადგილებისას იპოვა საფულე დიდი ოდენობის თანხით და დოკუმენტაციით, რომელიც წარადგინა ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც ნაპოვნი ნივთი დაუბრუნდა მესაკუთრეს. ასევე, რამდენიმე დღის შემდეგ კაპრალმა ბადრი ფუტკარაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე იპოვა საფულე 1200 დოლარის ოდენობის თანხით, კაპრალ სპეციალისტმა ზვიად ქადარიამ და სერჟანტმა ირაკლი ტაბატაძემ კი ამოცანის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას დიდი ოდენობის ფულადი თანხა და სხვა პირადი ნივთები იპოვეს. სამხედრო მოსამსახურეებმა დაუყოვნებლივ აცნობეს სამხედრო პოლიციას და დაკარგული ფული, ასევე, პირადი ნივთები მფლობელებს დაუბრუნდათ.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 22-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა გამოეცხადათ.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბშიც მოხდა, როდესაც ქართველმა სამხედროებმა დიდი რაოდენობის თანხა იპოვეს და მესაკუთრეს დაუბრუნეს.

ლევან იზორია გიორგობას ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:06

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გიორგობის დღესასწაულის მისალოცად ჩავიდნენ. 

წმინდა დიდმოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქართველი სამხედროების მიერ აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ეწვივნენ და ტაძარს წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირეს. 

მოგვიანებით ლევან იზორია ბაგრამის ბაზაზე დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ნაკურთხი ხატები, 90-ე ფსალმუნი და წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ ფილმი - "წინამბრძოლი" ჩაუტანა. 

ღონისძიების ბოლოს ლევან იზორიამ 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. გამოჩენილ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის სახელით ასევე გადაეცათ მაჯის საათები. 

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბაგრამის შემდეგ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინის ბაზაზე ჩაფრინდება და რელიგიურ დღესასწაულს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს მიულოცავს. იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან, აშშ-ის არმიის გენერალთან ოსტინ სკოტ მილერთან. 

ავღანეთში ვიზიტს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულ II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულებს.

"ძლიერთა თამაშებში" მონაწილე ქართველი სამხედროები დღეს ავსტრალიაში გაემგზავრნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018 12:24
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games 2018) ქართველი მონაწილეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს „ძლიერთა თამაშებში“ წარმატება უსურვა. ლევან იზორიას განცხადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მომავალშიც მაქსიმალურად შეუყწობს ხელს და წარმატების მიღწევაში მხარს დაუჭერს.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოს სახელს ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს.
 
გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ დროს მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.
 
„ძლიერთა თამაშები“ ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

Invictus Games-ში მონაწილე ქართველი სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 12:13

კანადაში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაში „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) მონაწილე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დახვდა, წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის კიდევ ერთხელ გატანისთვის მადლობა გადაუხადა. ჯარისკაცებთან დასახვედრად აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე მივიდნენ.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა კანადაში მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი, მათ გამარჯვება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა და დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშემ, ვიცე–პოლკოვნიკმა დევიდ ეთელმაც მიულოცეს.

საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა გუნდმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის 6 სახეობაში იასპარეზა: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობდნენ. მათ პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში იმყოფებოდნენ.

ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე, წელს დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია გაემგზავრნენ.

დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების პრიორიტეტს წარმოადგენს. 

„საქართველოს გაუმარჯოს“ - პრინც ჰარის გამამხნევებელი შეძახილი ქართველ სამხედროებთან ერთად [ვიდეო]

გამოქვეყნებულია ვიდეო
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 12:07

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი კანადაში, „ძლიერთა თამაშებში“ გამარჯვებული ქართველი სამხედროების გამამხნევებელ შეძახილს შეუერთდა. ვიდეოს პრინცი ჰარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. 

შეგახსენებთ, კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშების Invictus Games-შიდაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. 

 

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს 10 აგვისტოს დაკრძალავენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 07 აგვისტო 2017 13:12

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს 10 აგვისტოს საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მდინარი ბებიაშვილი საკუთარ სახლში, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში უკვე გადაასვენეს.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა.

შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

გარბენი ქართველი სამხედროების მონაწილეობით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 14:37

საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს (CISM - INTERNATIONAL MILITARY SPORTS COUNCIL) დაარსების დღესთან დაკავშირებით, ფონიჭალაში 3-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო.

სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცრები და სხვადასხვა ქვედანაყოფების 50-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭო 1948 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციაში 135 ქვეყნის შეიარაღებული ძალებია  გაწევრიანებული. საბჭოს საქმიანობაში საქართველო 2012 წლიდან აქტიურად მონაწილეობს.  

 

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 29 აპრილი 2016 14:32

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ქართველი სამხედროების მორიგი ნაკადი დაბრუნდა. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დახვდნენ.

„ჩვენს საქმიანობაში ყველაზე ბედნიერი დღეებია, როდესაც ჩვენი შენაერთები ავღანეთიდან დანაკლისის გარეშე ბრუნდებიან. მათ მოიხადეს ვალი სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ მათ მადლობას ვუხდით გაღებული წვლილისა და გაწეული სამსახურისთვის. ვხვდებით ხელგაშლილები, უდიდესი სიხარულით. ისინი ბრუნდებიან სახლში, საკუთარ ოჯახებთან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღვნიშნავთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

ქართველი სამხედროები ავთანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 11:11

ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე დასავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დახვდა.

„ვახორციელებთ გეგმურ როტაციას. ამ როტაციის ფარგლებში ჩვენ დღეს დავხვდით 22-ე ბატალიონის ერთ ასეულს, როტაცია აპრილის ბოლომდე დასრულდება. მათ ღირსეულად შეასრულეს ამოცანები ბაგრამის ავიაბაზაზე, ეს ამოცანა იყო ბაზის უსაფრთხოების დაცვა. უკვე ახალი ქვედანაყოფი შეუდგა ამოცანების შესრულებას. ჩვენ დღეს ვამაყობთ, რომ ასეთი საუკეთესო ქვედანაყოფის ბიჭები ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური