ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. ქვედანაყოფის ასეული, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
ნაკრები ასეული ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (RSM) ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდა. ასეული ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გაემგზავრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
ნაკრები ასეული მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში (RSM) მიიღებს. ქართველი სამხედროები, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ. I ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.
მისიაში გამგზავრებამდე ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გადასროლისწინა მომზადება საქართველოში გაიარეს.
ახალგაზრდა ქართველი მსახიობებით ჩინური მედია ჯგუფი დაინტერესდა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პეკინის ცენტრალური დრამის აკადემიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, 7 ქართველი სტუდენტი სწავლობს აღნიშნული აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" ჩინეთში საქართველოს საელჩოდან შეატყობინეს.
ახალგაზრდა ქართველი მსახიობებით ჩინური მედია ჯგუფი “Beijing Liuhe Times Culture Media Co., LTD“ დაინტერესდა და დაიწყო კომედიური ჟანრის სერიალის “არ მითხრა უარი“ გადაღებები, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ქართველი სტუდენტები - თემურ ძოწენიძე, მიხეილ იოსელიანი, მიმი გოგოხია, გიორგი ზვიადაძე, თათია გვასალია, გიორგი ჭუმბურიძე და ბარბარე სუჯაშვილი.
სცენარის მიხედვით, შეძლებული ოჯახიდან ქართველი სტუდენტი სასწავლებლად გაემგზავრება ჩინეთში, სადაც მას სამი და ჩააკითხავს. მოქმედებები მიმდინარეობს ჩინეთში, მაგრამ სერიალის მთელ რიგ ეპიზოდებში ხდება საქართველოს პოპულარიზაცია.
გლობალური პანდემიის გამო, ამ ეტაპზე გადაღებები დროებით შეჩერებულია.
იხილეთ ფილმის ტრეილერი.
დაჭრილი ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ
არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება
15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ 20:00 საათზე დაიწყება.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, სპორტული ფედერაციები, სპორტისა და კულტურის მოღვაწეები.
JAKO FM-ის შესახებ:
JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 13 წელია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციის ღირსეულ მისიას. მაუწყებლობს 2006 წლის 15 იანვრიდან, FM 96.3 სიხშირეზე.
რადიო არის მულტიმედია ჯგუფ 4U-ს წევრი, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი და პორტალს 4U.ge.
ნიკა რურუა - დიდი მაშტაბის ქართველი ჯონ მაკკეინი
საქართველომ დაკარგა დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი და პროგრესული სახელმწიფო მოღვაწე. საქართველომ დაკარგა უამრავი ღირსებით დახუნძლული პატრიოტი, თავმდაბალი, ჰუმანური, კეთილი და საოცარი პოზირტიური ადამიანი. ყველა გარემოების მიუხედავად, ერისთვის ყველა ურთულეს მომენტში, ნიკამ მტკიცედ იბრძოლა ყველგან სადაც ქვეყანას ჭირდებოდა. მისი განვლილი ცხოვრება სამაგალითო ისტორიაა მომავალი თაობებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე . ნიკა იყო საქართველოს რუსული იმპერიალიზმისგან განთავისუფლების ნათლად გამოკვეთილი ლიდერი. წარმოუდგენლად შეუპოვარი და არნახული სიმამაცით გამორჩეული მებრძოლი, რომელსაც უკვე დამახასიათებელი და შესაბამისი სახელიც აქვს: ნიკა რურუა - დიდი მაშტაბის ქართველი ჯონ მაკკეინი.
ჩემო ძვირფასო მეგობარო,
შენი გარდაცვალების ამბავი ყველასთვის მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. თითქოს ეს სამწუხარო ფაქტი სიზმარია, მაგრამ ის ყველაფერი რასაც ეხლა განვიცდი მწარე რეალობაა.
დღეს მე მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ საქართველოს ჰიმნი ბოლო ხმაზე დავაგუგუნო და უკანასკნელად მოგმართო; თუ ამ ქვეყნის მომავალი ოდნავ მაინც გვადარდებს, შეუძლებელია შენი იდეების დავიწყება თავისუფალ სამყაროზე. ღირებულებები რომელიც შენ გაგაჩნდა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას.
მშვიდობით საქართველოს თავისუფლების არწივო.
მშვიდობით რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის დაუმორჩილებელო რაინდო.
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი
ილია ზუკაკიშვილი
6 დეკემბერი, 2018 წელი
ქართველი ახალგაზრდა გაეროში სიტყვით გამოვიდა
გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე საკომიტეტო სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ლიკა ტორიკაშვილი, სიტყვით გამოვიდა. მან მსოფლიოს ახალგაზრდებს, გაერთიანებისკენ და მსოფლიოს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდა. ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელობაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.
ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.
საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.
„ჩემი სამშობლო თურქეთია, თუმცა ჩემი მეორე სამშობლო საქართველოა“ - აცხადებს „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტი
დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (MÜSİAD), რომელიც 1990 წლიდან ფუნქციონირებს თურქეთში, 2018 წლის 22 აპრილს თბილისში წარმომადგენლობა გახსნა.„მუსიად თბილისის“ პრეზიდენტიამუსტაფა ოზგურ იუჯელი, რომელიც დიდი ხანია უკვე საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. „მუსიად თბილისის“ მთავარ მიზანს საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს.
„მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი“. დუტუ მეგრელის ამ ლექსით დაიწყო „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტმა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ საუბარი. „რაღა თქმა უნდა ჩვენი დედა-სამშობლო თურქეთია, თუმცა ჩვენი მეორე დედა-სამშობლო საქართველოა. ზუსტად ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ როდესაც თურქეთში მივემგზავრებით, რამოდენიმე კვირის შემდეგ საქართველოში დაბრუნების სურვილი გვიჩნდება“-ამაყად აცხადებს მუსტაფა ოზგურ იუჯელი და ამბობს, რომ ზუსტად ასევე ემართება ყველა თურქს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.
რაც შეეხება „მუსიად თბილისისს“ და მის საქმიანობას, მუსტაფა ოზგურ იუჯელის თქმით, „მუსიად თბილისის“ მთავარ მისიას საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. „ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ასევე, ორგანიზაცია მზად არის ეს პროექტები წარუდგინოს „მუსიადის“ ასოციაციის წევრებს, რომლებიც 74 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მათ ინვესტირება განახორციელონ საქართველოში“, - აღნიშნა „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, „MÜSİAD“-ის საქართველოში შემოსვლის მიზეზიპირველ რიგში ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, ძმობის, ურთიერთპარტნიორობის და ბიზნესში თანამშრომლობის ამაღლება და გაღრმავებაა. „ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანია და საქართველოს ყველა კუთხეში ინვესტიციების მოსაზიდად ვიმუშავებთ, ამავდროულად ბიზნესმენებთან ვაპირებთ ვიყოთ მჭიდრო კავშირში, რათა მოხდეს პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სამთავრობო დაწესებულებებთან, რომ მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და საწარმოების ამუშავება. მსოფლიო მასშტაბით, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან ასოციაცია „MÜSİAD“-ის წევრები ხელს შევუწყობთ, რათა საქართველოში მოახდინონ ინვესტიციების ჩადება და ფულის დაბანდება“, - ხაზი გაუსვა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ.
„მუსიად თბილისის“ პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე და განაცხადა, რომ იქ ხაზგასმით ითქვა, რომ „მუსიადი“ უნდა გახდეს ერთგვარი „კარები“ საქართველოსთვის მსოფლიოში გასასვლელად. „ჩვენ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებთ, ამ იდეის განხორციელებისათვის“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბოლში დაგეგმილი „MÜSİAD“-ის დიდი საერთაშორისო გამოფენის თაობაზე, სადაც „მუსიად თბილისის“ სრული დაფინანსებით, რამოდენიმე ქართველი ბიზნესმენიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას. „აღნიშნულ ღონისძიებაში 7500 კაცს ველოდებით მსოფლიოს 124 ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა სექტორი და ეს არის ბიზნესმენებისათვის უნიკალური შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და გააცნონ იგი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს“, - დასძინა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ.
რაც შეეხება საქართველოსთან ერთობლივი პროექტების შემუსავების საკითხს, „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტი ძალიან ოპტიმალურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ქართულ მხარესთან ბევრი საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება. „უახლოესი პროექტი, რომლის ორგანიზებასაც ვაპირებთ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში თბილისში, ბიზნეს-ფორუმის გამართვას გულისხმობს. ბიზნეს-ფორუმში არა მარტო ქართველი და თურქი ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმატებული ბიზნესმენებიც იქნებიან“, - აღნიშნა „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტმა.
მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ „მუსიად თბილისი“ არა მარტო ეკონომიკური კუთხით ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან, არამედ ეს თანამშრომლობა კულტურის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებსაც მოიცავს. „ჩვენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები ვართ და გვსურს დავეხმაროთ მათ ცხოვრების დონის ამაღლებასა და პირობების გაუმჯობესებაში. თურქეთი დიდი ქვეყანაა და მეტი შესაძლებლობები გააჩნია, რათა დაეხმაროს პატარა საქართველოს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს თანამეგობრობის რიგებში“, - ამბობს „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტი და საქართველოს დიდი მეგობარი მუსტაფა ოზგურ იუჯელი.
აქვე შეგახსენებთ, რომ თურქეთი არის გლობალური მოთამაშე, რაზეც ზეგავლენას ახდენს მისი კარგი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით მსოფლიოსთვის სამაგალითო მეგობრული ურთიერთობა თურქეთს მის მოძმე ქვეყანასთან - საქართველოსთან აქვს. დღეისათვის თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა. 2007 წლიდან თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და იგი პირველ ადგილზეა ყველაზე დიდ ინვესტიციების მქონე ქვეყნებს შორის.
ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი
ქართველი სამხედროები „Saber Guardian”-ში მიიღებენ მონაწილეობას
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული ბულგარეთში გაემგზავრა. 18-20 ივლისს ასეულის პირადი შემადგენლობა „Saber Guardian”-ის ფარგლებში, ბულგარეთსა და რუმინეთში გამართულ სხვადასხვა საველე და საშტაბო სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Saber Guardian”-ის მიზანი ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთთავსებადობის გაზრდა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაა. წვრთნებში საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთისა და საბერძნეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
სწავლება „Saber Guardian”-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების 150-მდე სამხედრო მოსამსახურეა მივლინებული და პირადი შემადგენლობის რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზეა.
ასეულის დონის საველე სწავლებების დროს სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანების შესრულებაა დაგეგმილი. ასევე, განხორციელდება საჰაერო ოპერაციები, ბრძოლა დასახლებულ ადგილას, შეტევა, თავდაცვა, დაშავებულის ევაკუაცია და სხვა.
წვრთნების ერთ-ერთ მიზანს სწავლება “Noble Partner 2017”-სთვის ქვედანაყოფების მომზადება წარმოადგენს.
ნიცაში მყოფი 4 ქართველი ნაპოვნია
ნიცაში მყოფი 4 ქართველი, რომელთაც ახლობლები ეძებდნენ იპოვეს. ისინი ნიცაში სახლში იმყოფებოდნენ და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. საფრანგენთი საქართველოს საელჩონ ინფორმაციით, ოთხივე ქართველი თავს კარგად გრძნობს და უსაფრტხოდ არიან.
ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია. საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.