ფოთის საგუშაგოებზე თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 10 აპრილი 2020 11:28

ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ. მხოლოდ მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი, სამხედრო ექიმები მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ამუშავებენ, მის კონტაქტებს არკვევენ და ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუყოვნებლივ აწვდიან.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი შსს წარმომადგენლებთან ერთად მდინარე რიონთან და მალთაყვასთან გადაადგილების კონტროლის ორ პუნქტზეა მობილიზებული. სამხედროებსა და სამართალდამცავებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კონტროლი და სპეციალური ხსნარებით დეზინფექციის ჩატარება, ასევე მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება.

ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი იმართება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020 13:36

2020 წლის 7 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით ქ. ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი იმართება. აღნიშნული შენაერთის შემადგენლობაში შედის 5 ნატო-ს წევრი ქვეყნის - ბულგარეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის და რუმინეთის საზღვაო ხომალდი.
 
ვიზიტის ფარგლებში SNMG2-ის წარმომადგენლები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში. მსგავსი ტიპის სწავლებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას.
 
მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე,  ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ნატო-ს ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია და ნათლად ადასტურებს ალიანსის ერთგულებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის   განმტკიცებას.
 
მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.

ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი „პეის ტერმინალის“ პროექტს ფოთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 20 ოქტომბერი 2019 16:22

ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი „პეის ტერმინალის“ პროექტს ფოთში, რომელიც თანადაფინანსებულია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ.

10 ოქტომბერი, 2019. ფოთი. ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ (Prime Concrete) ფოთის პორტში ახალ „პეის ტერმინალს“ (Pace Terminal) აშენებს, რომლის სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 20 მლნ აშშ დოლარს. პროექტის თანადამფინანსებელია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC). სამშენებლო სამუშაოების დაწყების საზეიმო ცერემონია 2019 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა ქალაქ ფოთში, რომელსაც ესწრებოდნენ შემდეგი ოფიციალური პირები: საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, OPIC-ის მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, შპს „პეის ტერმინალის“ დირექტორი დავით ნადირაშვილი და „პრაიმ ბეტონის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე სოკოლოვსკი. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის სხვა წარმომადგენლებიც, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და უცხოელი სტუმრები.

ქართული კომპანიის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ტერმინალის აშენება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას. „პრაიმ ბეტონმა“ შეძლო და წარმატებით გაიარა სატენდერო შერჩევის პროცესი მაღალი კონკურენციის პირობებში, რომელშიც ათობით საერთაშორისო კონტრაქტორი მონაწილეობდა. „პრაიმ ბეტონის“ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მისი გამორჩეული შესაძლებლობები და კომპეტენცია, ექსპერტული ცოდნა და „ნოუ-ჰაუ“, და მისი ადგილობრივი გამოცდილება. „პრაიმ ბეტონს“ ასევე პარტნიორობას უწევენ ჰოლანდიური კომპანიები Royal HaskoningDHV და Vanthek, რომელთაგან პირველმა შექმნა ყველაზე ეფექტური დიზაინი ნავმისადგომისა და პირსის მშენებლობისათვის, ხოლო მეორე წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო კომპანიას ბურღვისა და ლითონის ნარანდის (შპუნტი) მოწყობის სფეროში.

„პრაიმ ბეტონი“ მყარი რეპუტაციის მქონე ქართული სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მრავალი ფართომასშტაბიანი პროექტი, რამაც თავის მხრივ კომპანიას შესძინა განსაკუთრებული კომპეტენცია და ფასდაუდებელი გამოცდილება პორტის, წყალგაყვანილობის, გზებისა და სხვა საზოგადოებრივი თუ ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მოწყობის სფეროებში. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ისეთ საზღვაო პროექტებს, როგორიცაა მეშვიდე ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ფოთის სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა; ასევე, საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოებს, როგორიცაა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ანაკლიაში, ურეკში, ზუგდიდსა და გარდაბანში; თბილისის მეტროს ახალი და მეორე ხაზის გაგრძელება (უნივერსიტეტის სადგურამდე); და დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, სამეგრელოში რამოდენიმე გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

ტერმინალის პროექტზე საუბრისას ”პრაიმ ბეტონის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ ხაზი გაუსვა ქართული კომპანიის მიერ ტენდერის მოგების მნიშვნელობას: „ჩვენ ძალზე მოხარულები ვართ, რომ ვერთვებით ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მშენებლობაში. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია, EPC-ის კონტრაქტის ფარგლებში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას ასეთი კომპლექსური და ფართომასშტაბიანი პროექტის მშენებლობისა. ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივ შესაძლებლობებს, პროექტში ვდებთ ჩვენს მიერ ათეული წლობით დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას, ვქირაობთ მუშახელს და ვიყენებთ არსებულ სამშენებლო მასალას, რაც წარმოადგენს სარგებელს, როგორც ადგილობრივი საზოგადოებისათვის, ისე მთელი ქვეყნისათვის. ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორების Royal HaskoningDHV-ისა and Vanthek-ის დახმარებით „პეის ჯგუფიდან“, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ახალი ტერმინალი აშენდეს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და გარემოს დამზოგავი მასალითა და ტექნოლოგიით და რომ საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობები გადავიდეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე.“

ახალი ტერმინალი განთავსდება ფოთის ახალი პორტის ზონაში გამოყოფილ 25 ჰექტარზე, რომელიც წარმოადგენს ყოფილ გემთსაშენს. ნავმისადგომის ინფრასტრუქტურის სრული სიგრძე შეადგენს 650 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 12 მეტრს. ეს იქნება პირველი პორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს ღრმაწყლოვანი გემების მიღებას 2020 წლისათვის. ტერმინალის ტვირთბრუნვის საერთო მოცულობა განისაზღვრება 5 მილიონი ტონით. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს OPIC, ხოლო დარჩენილ 43 მლნ დოლარს „პეის ჯგუფი“, წილობრივი მონაწილეობის სახით. ეს პროექტი წარმოადგენს OPIC-ის ყველაზე მსხვილ ჩართულობას საქართველოში. ტერმინალი გაზრდის ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჰაბისა და როგორც Belt and Road ინიციატივის განუყოფელი ნაწილისა. OPIC-ის გადაწყვეტილება დააფინანსოს ეს პროექტი ასევე წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების, მიერ ამ ტერმინალის მნიშვნელობის მხარდაჭერის გამოხატვას, როგორც საქართველოსათვის, ისე მთელი რეგიონისათვის.

"სიმწრისგან კივილი დაიწყო..." - ფოთში, 6 წლის ბავშვმა შეცდომით ქიმიური ნივთიერება მიიღო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 16:08

ფოთში არასრულწლოვანმა მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური საწმენდი ნივთიერება შეჭამა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება მიჰყიდა.

ბავშვი ოჯახის გადაწყვეტილებით, იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის წინააღმდეგ, მიზანმიმართული ხელისშემშლელი ძალები ამოქმედდნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 30 იანვარი 2018 16:59

გავრცელებული, თუმცა, საეჭვო ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება და მას "ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი" ააშენებს. კონსორციუმის ხელმძღვანელის, - თამაზ ჩხიკვიშვილი,  bm.ge-სთან საორჭოფო ბიზნეს პროექტზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, პირველ გემს პორტი 2020 წელს მიიღებს, ხოლო ინვესტიციის მოცულობა ამ ეტაპზე დაახლოებით 100 000 000 აშშ დოლარია.  ეს ყველაფერი ცნობილ ქართულ ანდაზას მოგვაგონებს, - ,,კუმ ფეხი გამოჰყო,მეც ნახირ-ნახირო“.

აღნიშნული პირი და მისი ჯგუფი, ღიად უპირისპირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების საკითხს უფრო მეტიც, ფოთის პორტის გენერალური დირექტორი, -  კლაუს ჰოლმ ლოურსენი,  "ანალიტიკასთან" საუბარში აცხადებს, რომ ის საქართველოში ანაკლიისღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს: 

დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღებისსაჭიროება“, აცხადებს 1 დეკემბერს გასულ ინტერვიუში კლასუს ჰოლმ ლოურსენი.

რომ არ ყოფილიყო ეს საკითხი ასე მიზანმიმართულად და მწვავედ დასმული, ალბათ ჩვენს ყურადღებას ვერც მიიპყრობდა, მაგრამ საქმე ეხება საუკუნის პროექტის, - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა-განვითარების ეჭვქვეშ დაყენების საკითხს, რომლის უკანაც დგას საქართველოს მთავრობა. ,,ჯორჯიან თაიმსი“ დაინტერესდა, -  ვინ არის თავად თამაზ ჩხიკვიშვილი და რამდენად რეალურია მისი დაპირება, 100 000 000 აშშ დოლარის მოძიების შესახებ, ფოთის პორტის მშენებლობისთვის?!

აღსანიშნავია, რომ  წლების განმავლობაში, თამაზ ჩხიკვიშვილი გახლდათ  ერთ-ერთი რიგითი მეჯართე, - ანუ მას საქართველოდან-საზღვარგარეთ ჯართი გაჰქონდა.  თუმცა, შემდეგ მას  ეს ბიზნესიც ჩაეშალა. სარკასტულია, - როგორ და რა გზით შეძლებს პიროვნება, რომელმაც ჯართის ბიზნესიც კი ვერ ააწყო და მის გვერდით არსებული გაურკვევლი ჯგუფი 100 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის მოძიებას, მაშინ, როცა ეს ვერ შეძლო მსოფლიოში ერთ-ერთმაუმსხვილესმა კომპანიამ - Maersk -მა, რომელიც APM Terminals-ის მფლობელია?!

რაც შეეხება თავად ფოთის პორტის წარმომადგენელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ, საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა: თუ ეს ასეა, მაშინ, რაში აპირებენ 100 000 000 აშშ დოლარის დაბანდებას, თუკი პორტის სიღრმეს არ დააღრმავებენ?! ამ შემთხვევაში მაღალი მოცულობის გემები ვერ შემოვლენ და შესაბამისად, ფოთის პორტი დახურული იქნება იმდენივე 40%-ით, როგორც ამჟამადა არის.  აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იუმორისტულ ქმედებას უფრო წააგავს, ვიდრე რეალურ, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს.

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს მთავრობას, რომელციც, აქტიურად მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით.

ზემოთ აღნიშნული ვითარების უკეთ გასარკვევად, ,,ჯორჯიან თამისი“ „სატრანსპორტო დერეფნისკვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს, - პაატა ცაგარეიშვილ ესაუბრა:

,,მინდა დაზუსტებით გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით, ფოთის პორტთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით მუშაობა, ადგილიდან დაძრულიც კი არ არის. არ არსებობს არც წინასწარი მოლაპარაკება, არც მემორანდუმი გაფორმებულა, არც კონკრეტულად ყოფილა საუბარი, - თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება ეს თანხა. ანუ, ეს ინფორმაცია არის ზოგადი და რაიმე კონკრეტულის თქმა ამაზე, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. როგორი ქმედება ექნება ამ ყველაფერზე ანაკლიის ნავსადგურს, ცოტა ბუნდოვანია და პირადად მეც, მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. მით უმეტეს, არ არის ზუსტად წარმოდგენილი, ფოთის პორტში ამ 100 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის  მიზანმიმართულობა.“- განაცხადა მან.

პაატა ცაგარეიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უკვე კარგად ჩამოყალიბებული და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მომგებიანი პროექტია:

,,სულ სხვაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი. დღევანდელი გადმოსახედიდან, უკვე ნათლად ჩანს მისი პერსპექტივის კონტურები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს პროცესი უკვე განხორციელების ფაზაშია. გარდა ამისა, ნათელია ის ფაქტი, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, უკვე თითქმის ყველა სახელმწიფო დადებით ტენდენციებზეა და მათი მხრიდან შეინიშნება თვითნაკადების ზრდა.  ციფრებით რომ მოგახსენოთ, მაგალითად, თურქეთში, + 6%-ით გაიზარდა ტვირთნაკადი, ბულგარეთში 12%-ით, ასევე გაიზარდა რუმინეთში და რუსეთში. მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურებს  აქვთ ამ მიმართულებით დაღმავალი სვლა. სწორედ ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ფოთის და ბათუმის ნავსადგურებმა, დღესვე უნდა დაიწყონ ფიქრი, რაღაც ახალი ტვირთბრუნვის ნიშის პოვნის შესახებ. მათ ისეთი ტვირთბრუნვის მიმართულება უნდა შეარჩიონ, რომელიც ანაკლიის ნავსადგურში არ იქნება. მაგალითად, თუ ანაკლიის ნავსადგური იქნება საკონტეინერო გადაზიდვებზე ორიენტირებული, ფოთის ნავსადგურმა უფრო აქტიურად, საბორნე გადაზიდვები უნდა განავითაროს, მით უმეტეს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების შედეგად, საბორნე ტვირთები თითქმის თავისით გადმოერთო ფოთის და ბათუმის მიმართულებით. ანუ, ახლა ისინი ახალი ინფრასტრუქტურის ძიებაში უნდა იყვნენ. ამაში შედის დამატებით ხორბლის ტერმინალის განვითარება, რომელიც, თუნდაც, ყაზახეთიდან - ეგვიპტის მიმართულებით წავა, ამაში შედის ასევე, (რაც მე ძალიან მიმზიდველად მიმაჩნია) მაგალითად, შაქრის გადაზიდვა უზბეკეთიდან - ცენტრალურ აზიაში და სხვა. მოკლედ, ვფიქრობ, დღესვე უნდა დაიწყოს როგორც ფოთის, ასევე, ბათუმის ნავსადგურმა საკუთარი ახალი ნიშის პოვნა, რომელიც არცერთ შემთხვევაში წინააღმდეგობაში არ მოვა ანაკლიის ნავსადგურის განვითარებაში. ამ მიდგომას კი სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ სწორედ მათი თვალთახედვით ჩამოყალიბდეს ეს სახეცვლილება.“ - განაცხადა მან.

,,დავამატებდი კიდევ ერთ ასპექტს: ძალიან ინტენსიურად ვითარდება თუქრეთში არსებული ხოფის, რიზეს და სამსუნის ნავსადგურები და არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში, (მინიმუმ 10 წელიწადში) მათ კონკურენცია შეუქმნიან ფოთის და ბათუმის ნავსადგურს.“ - დასძინა ცაგარეიშვილმა.

საუბრის დასარულს, პაატა ცაგარეიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის საკითხს, სხვა პორტებთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ დაუბრუნდა:

,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, სხვა მეზობელ ნავსადგურებთან მიმართებაში, საკუთარმა გეოსტრატეგიულმა მდებარეობამ, ძალიან კარგ, კონკურენტულ მდგომარეობაში დააყენა. მაგალითისთვის, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ, თითქმის მინიმუმამდე დაიყვანა ანალოგიური ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, - ოდესის ნავსადგურის გამართული, სრულფასოვანი ფუნქციონირება. ანუ, ამ პოლიტიკურმა დაძაბულობამ, თითქოს მწვანე შუქი აუნთო ანაკლიის ნავსადგურს.  ანალოგიურად, ბენდერ - აბასის ნავსადგური, რომელიც ირანში მდებარეობს, პოლიტიკურმა დაძაბულობამ, თითქოს შეზღუდა ეს ნავსადგური სტრატეგიულად საკონტეინერო გადაზიდვებისათვის. ასევე, ბალტიისპირეთის ნავსადგურები. რუსეთ-ბალტიისპირეთის დაძაბულმა ურთიერთობამ, განვითარების მიმართულება შეუზღუდა მათ.  არსებობს კონსტანცის ნავსადგური -რუმინეთში, მაგრამ მას სულ სხვა განვითარების ვექტორი აქვს, ის უფრო აღმოსავლეთის მიმართულებით მოემსახურება ტვირთებს და არც ითველება კონკურენტად. ასევე, არსებობს პროექტი, - ყარსი-ახალქალაქის, რომელიც, ჯერ ახალია და არ ჩამოყალიბებულა მისი სატარიფო პოლიტიკა, რადგან ძალიან დიდი გაუგებრობაა მოთამაშეებს შორის.“

პაატა ცაგარეიშვილმა ფოთის პორტის ხელმძღვანელის განაცხადი, - ანაკლის პორტის საჭიროებასთან მიმართებაში, სამი უმთავრესი ასპექტით ახსნა. მან იმ პრიორიტეტბზე ისაუბრა, რაც აღნიშნულ პორტს, სხვებისგან განსხვავებით, პრივილეგიას ანიჭებს:

 ,,ფოთის პორტის“  ხელმღძვანელობის განაცხადი არასწორად მიმაჩნია, რადგან:

 

  1. 1.    ანაკლიის ნავსადგურს აქვს უნიკალური გეოსტრატეგიული მდგომარეობა, რამაც იგი სკმაოდ წინ წაწია და  მაღალ ნიშნულზე გადაიყვანა.

 

  1. 2.   მას აქვს განვითარების კარგად ჩამოყალიბებული ვექტორი და  შესაძლებელია, რომ ცენტრალური აზიის ნაკადი ჩაერთოს მასში და ეს მიმართულება მოიზიდოს.

 

 მის უკან არსებული თავისუფალი ქალაქის, - ,,ანაკლია სითის“ განვითარების შესაძლებლობა.“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ფოთში 45 წლის მამაკაცი მეგობარმა ქალმა მოკლა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 18:17

ფოთში, 45 წლის მამაკაცი მისმა მეგობარმა ქალმა ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


"შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ვ.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი მამაკაცი - 1967 წელს დაბადებულ ზ.შ. დანით გულმკერდის არეში დაჭრა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ირაკლი ხახუბია ფოთის ამომრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 14:04

,,ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარმატებული ბიზნესმენია, ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტშიც და დარწმუნებული ვარ რომ იზრუნებს ფოთის მოსახლეობაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - ასე მიმართა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ფოთში შეკრებილ ამომრჩეველს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები მანანა კობახიძე,  ზვიად ძიძიგური და რომან გაბუნია  ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად ფოთში ჩავიდნენ.  სოზარ სუბარმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას, ასევე ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აუხსნა, რომ მთავრობა ზრუნავს პენსიების გაზრდასა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარებაზე და ამისათვის ქმედითი ნაბიჯები იდგმება, მუშაობს სახელმწიფო პროგრამები. სოზარ სუბარის განცხადებით, ოთხ წელიწადში არცერთი დევნილი ოჯახი ცუდ პირობებში აღარ იცხოვრებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად მისულ ფოთელებს მიმართა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმაც - “ჩვენ აქ ჩამოვედით ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად. რატომ უნდა დაუჭიროთ ირაკლი ხახუბიას მხარი? იმიტომ რომ  მას ეყოლება მინიმუმ 100 მეგობარი და თანამოაზრე პარლამენტში, უმრავლესობა, და მას ექნება იმის შესაძლებლობა რომ რასაც დაგპირდებათ, გააკეთოს ყველაფერი”. დევნილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემაც. „ჩვენ დღეს ენგურის ხიდზე ვიდექით და ვიყურებოდით გაღმა. ძალიან გვინდოდა გადასვლა, მაგრამ ვერ გადავედით და დამერწმუნეთ, მოვა დრო, რომ ეს ბავშვები იქ მშვიდობიანად გადავლენ. თქვენს მშვიდობიან დაბრუნებას გაუმარჯოს“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ საუბრისას. შეგახსენებთ, შეხვედრა ფოთში „ახალი რაიონში“ გაიამართა, ეს დასახლება ევროკავშირის დახმარებით აშენებული 1168 ბინიანი 32 კორპუსია, რომელიც 3 111 იძულებით გადაადგილებული პირისთვის ევროკავშირისა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აშენდა.

ფოთის მაჟორიტარი პედაგოგებს საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 16:47

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდა. პედაგოგების დაინტერესება მმართველი გუნდის პროგრამამ გამოიწვია. რა იგეგმება ქალაქში საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმირების თვალსაზრისით? სკოლამდელი აღზრდა განათლების ახალი სახელმწიფო პროგრამის დეტალები - სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს პედაგოგებთან შეხვედრის დროს ფოლკლორის ცენტრში. ირაკლი ხახუბია პედაგოგებს საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საუბრისას მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის განვითარების სხვა კონკრეტულ საკითხებსაც შეეხო. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა რომ ახალგაზრდებისათვის სკოლამდელი და სასკოლო განათლების სისტემის გარდა - უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნების საჭიროებაც დღის წესრიგში დგას.

საქართველოს პრემიერი მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 24 ივლისი 2016 18:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დღეს ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარუდგინა. „ირაკლი არის ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რომელსაც ბიზნესში, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვართ, რომ იგი იქნება ისეთივე წარმატებული საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, როგორც ის იყო დღემდე კერძო სექტორში“,-განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ფოთის უდიდეს პოტენციალზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მთავრობა ფოთის კიდევ უფრო განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ფოთში ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები, თუნდაც მალთაყვის ზონის რეკრეაციულ ამოქმედებაზე. უნდა დავასრულოთ ისეთი ძირითადი პრობლემების მოგვარება, რომლის გარეშეც შუძლებელია ტურისტული პოტენციალის ამოქმედება. ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ წყალკანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ფოთში. ფოთელებს აუცილებლად ექნებათ მაღალი ხარისხით, ადგილზევე მიწოდებული, ძირეული საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები. უნდა დასრულდეს ისეთი ძირითადი პრობლემების მოგვარება, რომლის გარეშეც შუძლებელია ტურისტული პოტენციალის ამოქმედება.“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია და განათლების სისტემის ძირეულად რეფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ფოთის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. „ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნება თანაბრად დაცული. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უნდა იყოს განსხვავებული აზრი, უნდა იყოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო ერთნაირად იაზროვნებს, მერწმუნეთ, რომ წარმოუდგენელი იქნება ქვეყნის განვითარება, წინსვლა“,-განაცხადა კახა კალაძემ. ირაკლი ხახუბიამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ვიცი ამ ქალაქის ტკივილი, ვიცი რა სჭირდება ფოთს და მზად ვარ, თავდაუზოგავად ვემსახურო, როგორც ჩემს ქალაქს, ასევე ჩემს სამშობლოს“,-აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ სიტყვით გამოსვლისას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები-რომან კაკულია, ეკა ბესელია და სოსო დანელია.

 

მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 11:14

ფოთში სატვირთო ავტომანქანების მძღოლების ერთკვირიანი გაფიცვა დასრულდა. საპროტესტო აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მძღოლების მოთხოვნები მოისმინეს და მათ პრობლემების ორი კვირის განმავლობაში განხილვას დაჰპირდნენ. მძღოლები ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ისინი უცხოელ მძღოლებთან არათანაბარ პირობებზე საუბრდნენ და აცხადებდნენ, რომ ხშირად ტვირთის გარეშეც რჩებოდნენ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური