ლიბერთი #გულით სოლიდარობის ფონდისთვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2020 19:15

დღეს,   ლიბერთი   ბანკსა   და   სოლიდარობის   ფონდს   შორის ურთიერთთანამშრომლობის   მემორანდუმი   გაფორმდა. ამ   მემორანდუმის ხელმოწერით კიდევ   ერთხელ   განმტკიცდა   6   წლიანი   პარტნიორობა   და   ლიბერთიმ   კიდევ   ერთხელ, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ‘ლიბერთი #გულით’ ფარგლებში, გამოხატა მზაობა   2021   წლის   განმავლობაში   საკუთარი   ფინანსური სახსრებით   ყოველთვიურად უზრუნველყოს ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.

ლიბერთი ბანკი და სოლიდარობის ფონდი 2014 წლიდან წარმატებით თანამშრომლობენ.

წლების   განმავლობაში,   ბანკის   საკუთარი   რესურსის   გარდა,   სპეციალურად   შექმნილი ტექნოლოგიური   ინფრასტრუქტურის   მეშვეობით,   ბანკის   თანამშრომლებისა   და   ასევე, მომხმარებლების   მიერ   გამოყენებული საბანკო   პროდუქტებიდან   მიღებული   შემოსავლის ნაწილი ყოველთვურად ირიცხებოდა ფონდის ანგარიშზე. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე ლიბერთი ბანკის მიერ სოლიდარობის ფონდში 900 ათას ლარამდე თანხაა ჩარიცხული. გასული წლების მანძილზე, ამ რესურსით   არაერთ   მოზარდს   გაეწია   აუცილებელი   სამედიცინო   დახმარება. სოლიდარობის ფონდმა დაარსებიდან დღემდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 782 ბავშვსა და 22 წლამდე ახალგაზრდას მკურნალობა და დიაგნოსტიკა დაუფინანსა. ფონდში მობილიზებული თანხის 100% სრულად ხმარდება ბენეფიციარებისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.

“პანდემიის გამო შექმნილმა ახალმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გყავდეს ერთგული მეგობრები. “ლიბერთი ბანკი” “სოლიდარობის ფონდის” ის მეგობარია, რომელიც ორგანიზაციის დაარსების დღიდან გვერდში უდგას ჩვენს ბენეფიციარებს. 2014 წლიდან დღემდე “ლიბერთი ბანკსა” და “საქართველოს სოლიდარობის ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებში ქველმოქმედებისთვის რამდენიმე ათეული ათასი ლარი გადმოირიცხა. ეს თანხები კი სრულად მოხმარდა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობისა და დიაგნოსტირების დაფინანსებას.

“ლიბერთი ბანკის” ახალი სლოგანი “დაეხმარე მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” ზუსტად ამართლებს და შეესაბამება ბანკის ღირებულებებს. “ლიბერთი” დღეს ნამდვილად იმ ბანეფიციარების გვერდით დგას, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება, მისაბაძი მაგალითია კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის.

თითოეული ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ლიბერთი ბანკს” უწყვეტი და  უანგარო სიკეთისთვის. “სოლიდარობის ფონდში” ჩარიცხული თითოეული ლარი კიდევ ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თქვენი მხარდაჭერა ჩვენ გვაძლიერებს!” - ია მაქაცარია, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

,, წელს მთელი ჩვენი რესურსი მიმართული იყო ქველმოქმედებაზე და სწორედ ისეთი  პროექტების განხორციელებაზე რომლითაც გვერდში დავუდექით სწორედ იმ ადამიანებს,  ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა უკვე მრავალი  წელია ლიბერთი ბანკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის  პროექტია. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, კიდევ უფრო აქტიურად  ჩავერთვებით საჭირო რესურსების მობილიზების კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს  მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ თითოეული მოზარდის სიცოცხლის შენარჩუნებაში.” –  ვასილ ხოდელი, ლიბერთის გენერალური დირექტორი. 

 

მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მლნ დოლარს გამოყოფს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 30 აპრილი 2020 11:20

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში. აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად.

პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

ამასთან ერთად, პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 15:06
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების  ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.
აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას.
ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა  შესაბამისი რეაგირება.
ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 
გამოძიებით დადგენილია, რომ  2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა,  ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.  2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ.

Visa და საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობენ ცნობიერების ამაღლებას ფინანსური განათლების მიმართულებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 16:38

Visa და საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობენ ფინანსური განათლების ხელშეწყობას ბავშვებისათვის განკუთვნილი სპეციალური საგანმანათლებლო-გასართობი ღონისძიების ორგანიზებით თბილისი მოლში. ღონისძიება გაიმართება Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების კამპანიის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2018 წლის მაისში კომპიუტერული ვიდეოთამაშის „ფინანსური ფეხბურთის“ წარდგენით და მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერით.

 Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის ღონისძიება ჩატარდება თბილისი მოლში,22 სექტემბერს, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ, უფრო მეტი შეიტყონ ფულის გონივრულად ხარჯვის შესახებ მარტივი და სახალისო გზით, ფინანსური ფეხბურთის ვიდეოთამაშის მეშვეობით, ისიამოვნონ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით და მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკისაგან.

„მოხარულები ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან საქართველოში ფინანსური განათლების პლატფორმების ხელშეწყობისა და ახალი სასწავლო წლის აღნიშვნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თამაშზე დაფუძნებული მიდგომის განვითარება ფინანსური განათლების თვალსაზრისით უფრო საინტერესო და სახალისოა, განსაკუთრებით მოზარდებისა და სტუდენტებისათვის. ონლაინ-ვიდეოთამაში „ფინანსური ფეხბურთი“ სწორედ ამაში გვეხმარება. ის ხელს უწყობს ადამიანებს, გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები და მიაღწიონ ფინანსურ სტაბილურობას. ეს გულისხმობს ადამიანის უნარს, დაზოგოს თანხა, განარჩიოს ერთმანეთისაგან სურვილები და საჭიროებები, მართოს ბიუჯეტი და მიიღოს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები“. - განაცხადა დიმიტრო კრეპაკმა, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში.

„ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  2016 წელს ჩვენ შევიმუშავეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია და ამჟამად ვართ სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე.  ამასთან,  2018 წელი „ფინანსური განათლების წლად“ გამოვაცხადეთ და მის ფარგლებში, მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, VISA-სთან ერთად ქართულენოვანი „ფინანსური  ფეხბურთი“ განგვევითარებინა. ეს ვიდეოთამაში სახალისო და ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ვასწავლოთ პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპები.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდები აქტიურად თამაშობენ „ფინანსურ ფეხბურთს“, 22 სექტემბრის ღონისძიება კი სწორედ იმას ემსახურება, რომ მოსახლეობას შევახსენოთ ამ პროექტის შესახებ და წავახალისოთ სკოლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომ ეს თამაში და მისი თანმდევი საგანმანათლებლო რესურსი, აქტიურად გამოიყენონ სასწავლო პროცესში. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ Visa-სთან თანამშრომლობას ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით.“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარი გადაიხადა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 26 აგვისტო 2018 15:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ადმინისტრაციამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარი გადაიხადა და თანხა დღეს ბიუჯეტში ჩარიცხა. ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ დღეს კანცელარიასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სადაო თანხა გადაიხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა გაგრძელდება. "თანხის გადახდა დღეს იმ მიზნით მოხდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების საშუალება მისცეს", - დასძინა ი. ჩილოღლუმ. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა. ამ ხნის განმავლობაში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები უწყვეტად მიმდინარეობდა. იმ შემთხვევაში თუკი ავტორიზაციის საბჭო არ გააუქმებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები არ აქვს, - აცხადებს ილიას ჩილოღლუ

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 16:24

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ფინანსური პრობლემები არ აქვს. ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს დავალიანება გვაქვს და შენობებს ყადაღა ადევს, ამიტომ სტუდენტების მიღების უფლება არ გვეძლევა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ეს ჯარიმა დაგვეკისრება, მზად ვართ, რომ გადავიხადოთ და ამისთვის შესაბამისი თანხა უკვე დეპოზიტზე გვიდევს“, - აღნიშნავს ი. ჩილოღლუ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა ავტორიზაციის საბჭოს ბრალდებას, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, უნივერსიტეტის რექტორმა უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს დღგ-ს გადახდა დაეკისრა, მათ უბრალოდ გამორჩათ. 

„ჩვენ ვაშენებთ IBSU-ს კამპუსს. 2013 წელს ჩვენთან შემოსავლების სამსახური შემოვიდა და შეამოწმა. იქ ასეთი რაღაც მოხდა - როგორც სასწავლო უნივერსიტეტი, დღგ-ს არ ვიხდით, მაგრამ როდესაც შენობას აშენებ, მისი გადახდა გეკისრება. ვიქირავეთ კომპანია, რომელიც კამპუსს აშენებდა და მან ყველა გადასახადი გადაიხადა, მაგრამ 2011 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი დღგ-ს გადამხდელად უნდა დარეგისტრირდეს, ჩვენ კი გამოგვრჩა, რომ დღგ-ს გადამხდელად არ დავრეგისტრირდით და გვითხრეს, რომ თქვენ კი გადახდილი გაქვთ 400 000 ლარი, მაგრამ ვერ ჩაგითვლით, რადგან დღგ-ს გადამხდელად არ ხართ დარეგისტიტრებული. ჩვენ ვეუბნებით, რომ 400 000 ლარი ხომ გადავიხადეთ და ადმინისტრაციული ჯარიმა დაგვიწერეთ, რომელიც 20 000 ლარია. მიუხადავად ამისა, გადახდილი თანხა არ ჩაგვითვალეს, საურავი დაადეს კიდევ და დაგვიწერეს მილიონ ნახევარი ჯარიმა. ჩვენ ვდავობთ წლების განმავლობაში და ვცდილობთ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე“, - დასძინა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პრესრელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 აპრილი 2018 12:57

თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გუშინ, 2 აპრილს, თბილისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ტრანსპორტის სფეროში ორ ქვეყანას შორის R&D-ის (კვლევა და განვითარება) ფორმატში კოორდინაციის მექანიზმის შემუშავებას.

აღნიშნულის ფარგლებში, გამოვლინდება მზარდი R&D-ის პოტენციალის მქონე პროექტები, რომელიც ითვალისწინებს: ტექნოლოგიების ურთიერთგაცვლას, ერთობლივი საწარმოო პოტენციალისა და თანამედროვე ფინანსური მოდელების განვითარებას ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. ასევე, R&D-ისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით, გარკვეულ სფეროებში მოხდება სახელმწიფოს-საგანმანათლებლო-სამრეწველო სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარება და განათლების პროგრამების დაგეგმვა.

ლიბერთი ბანკი "გლობალური ფულის კვირეულს" შეუერთდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 17 მარტი 2018 06:17
ლიბერთი ბანკმა  "გლობალური ფულის კვირეულის" (Global Money Week) ფარგლებში  საქართველოს  სამ ქალაქში,  ზუგდიდში, ქუთაისსა და ოზურგეთში  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეხვედრები გამართა.
ბანკის რეგიონალური ფილიალების მმართველებმა მოსწავლეებს  საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლის მიზანია მომავალ თაობებში ფინანსური განათლების ამაღლება.
,,ამ შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის შეგვექმნა ზოგადი წარმოდგენა ბანკზე, ფულზე და ფულის ხარჯვისა და დაგროვების თავისებურებებზე. ჩვენთვის სასიამოვნოა მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება საბანკო პროდუქტებისა და  მომსახურების შესახებ.  ძალიან საინტერესოდ წარიმართა მათთან დიალოგი, რომელიც იმედს ვიტოვებთ მათ სამომავლოდ დაეხმარებათ საკუთარი ფინანსები გონივრულად მართონ„ - განაცხადა გურიის რეგიონალური ფილიალის მმართველმა, გიორგი აბსარიძემ.
„გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება.
აღნიშნული კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინირებით ტარდება და  წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური